"იქ მოხვედრით, მთელი ჩემი ცხოვრების ოცნება ახდა! ეს ყველაზე ბედნიერი წლები იყო"
"იქ მოხვედრით, მთელი ჩემი ცხოვრების ოცნება ახდა! ეს ყველაზე ბედნიერი წლები იყო"
"გულწრფელად ვამბობ, რომ არასდროს მიფიქრია, განსაკუთრებული ან მომხიბვლელი ვარ-მეთქი"

პუსკა გამსახურდია ანსამბლ "სუხიშვილებში" გატარებულ 20 წელიწადს საოცრებად მიიჩნევს. ფიქრობს, რომ გაუმართლა, რადგან ანსამბლში მოცეკვავედ მაშინ შედგა, როცა ილიკო სუხიშვილი ქორეოგრაფიულ შემოქმედებას იწყებდა... დიდ სცენაზე ბოლოს 2019 წლის მიწურულს იცეკვა... ამჟამადაც ცხოვრების აქტიური რეჟიმი აქვს, კვლავ ცეკვის სფეროში მუშაობს, თუმცა - სხვა მიმართულებით...

"ეტაპობრივად, ამ მხრივაც დავიხვეწე"
- ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე, გულწრფელად ვამბობ, რომ არასდროს მიფიქრია, განსაკუთრებული ან მომხიბვლელი ვარ-მეთქი. ალბათ,
როგორც ყველა მოზარდი, ცოტათი მეც "ვითხიპნებოდი", შემდეგ კი მაკიაჟი უფრო დავხვეწე, გავასადავე... თან, მთელი ცხოვრება ვცეკვავ. რასაკვირველია, განსაკუთრებული გრიმის გაკეთება უნდა მცოდნოდა, ნელ-ნელა, ეტაპობრივად, ამ მხრივაც დავიხვეწე... დღეს ვცდილობ, მსუბუქი მაკიაჟი სულ მქონდეს გაკეთებული, როცა მოსწავლეებთან რეპეტიციები მაქვს. ძალიან მოსწონთ. პირბადე ხელს გვიშლის, მაგრამ პირველ
რიგში, თავად დგები კარგ ხასიათზე, როცა კარგად გამოიყურები. მაკიაჟი ამაში გვეხმარება... სახის კანს განსაკუთრებულად არ ვუვლი: როგორც ყველა ნორმალური ქალი, მეც დილა-საღამოს ვიწმენდ და დღის, ღამის დამატენიანებელ კრემს ვისვამ.

"ჩემი ძირითადი ვარცხნილობა ნაწნავი იყო"

- ყოველთვის გრძელი თმა მქონდა, განსაკუთრებით - ბავშვობაში. ჩემი თმის ბუნებრივი ფერი ღია ჩალისფერია. ბავშვობაში ჩემი ძირითადი ვარცხნილობა ნაწნავი იყო. როცა გავიზარდე, თმის ფერი შევიცვალე და დღემდე მუქი შავი თმა მაქვს. ჩალისფერი მომწონს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ჩემს სახეს შავი უფრო უხდება. საკუთარი თავი სხვა ფერის თმაში ვერც წარმომიდგენია. ვარცხნილობას რაც შეეხება, უფრო კონსერვატორი ვარ და ნაკლებად ვიცვლი... თმის სიჯანსაღისთვის განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ - ალბათ გენეტიკამ იმოქმედა: დედაჩემსაც სქელი, დავარდნილი თმა ჰქონდა...

"წონაში დაკლება თუ გადავწყვიტე, ძალიან კატეგორიული ვხდები"
- ჩემი პროფესიის მიუხედავად, წონის კონტროლი მაინც მიწევს. ისე არ ვარ, რომ რაც მინდა, მივირთვა და არ ვსუქდებოდე. ასეთი ტიპის ადამიანებიც არსებობენ - მათი გულწრფელად მშურს. თუ წონაში 3-4 კილო მოვიმატე, ვცდილობ დავიკლო, ჯანსაღად ვიკვებო... ჩემი სამუშაო რეჟიმის გამო, ჯანსაღად კვება ხან გამომდის, ხან - არა. წონაში დაკლება თუ გადავწყვიტე, ძალიან კატეგორიული ვხდები, თორემ ისე, გემრიელად ჭამა ნამდვილად მიყვარს.

"ჩემს მოსწავლეებს ძალიან ვუყვარვარ, როგორც მეგობარი"
- მოგეხსენებათ, "სუხიშვილების" ყოფილი მოცეკვავე არ არსებობს. ახლაც მიმაჩნია, რომ "სუხიშვილების" მოცეკვავე ვარ, მაგრამ წელიწადზე მეტია, დიდ სცენას შევეშვი. იმავე სფეროში დავრჩი, ოღონდ - ბავშვების აღზრდის მიმართულებით გადავინაცვლე - ცეკვას ვასწავლი. ცეკვა მთელი ჩემი ცხოვრებაა. ამის გარეშე ვერც ერთი დღე, წუთი, წამი ვერ წარმომიდგენია. ყოველდღიურად ახლა უკვე ბავშვებთან ერთად ვვარჯიშობ. "სუხიშვილების" აკადემიაშიც ვმუშაობ და ასევე, კერძო, მულტიფუნქციური სივრცეც - "დარბა" მაქვს, რომელსაც მე და დათო ჭანიშვილი ვუძღვებით. ქართული ცეკვისა და ფიტნესცეკვის კლასები გვაქვს სხვადასხვა ასაკის მოსწავლეებისთვის (მოყვარულებისთვისაც და პროფესიონალი მოცეკვავეებისთვისაც). თავს მოვიწონებ და ვიტყვი, რომ ჩემს ყველა მოსწავლეს ვუყვარვარ, თუმცა ეს იმით არ არის განპირობებული, რომ ძალიან გულთბილი ვარ... საერთოდ, გულთბილი კი ვარ, მაგრამ ზოგჯერ სიმკაცრესაც ვიჩენ, რადგან ამის გარეშე საქმე არ გამოდის. ყოველ შემთხვევაში, ძალიან ვცდილობ, რომ ობიექტური მასწავლებელი ვიყო. ტრაბახით ვიტყვი, ჩემს მოსწავლეებს ძალიან ვუყვარვარ, როგორც მეგობარი.

"თუ შენი საქმე ფანატიკურად არ გიყვარს, გამორიცხულია, "სუხიშვილებში" გაძლო"

- მოცეკვავეობა ადრეულ ბავშვობაში გადავწყვიტე. სხვა ანსამბლების მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად, ჩემთვის "სუხიშვილების" გარდა, არც ერთი სხვა არ განიხილებოდა. იქ მოხვედრით, მთელი ჩემი ცხოვრების ოცნება ახდა! ეს ყველაზე ბედნიერი წლები იყო, რასაკვირველია - თავისი პატარ-პატარა სირთულეებით. ამ ანსამბლში ადვილი არ არის მოხვედრა, მოხვედრის შემდეგ კი - იქ გაჩერება. საკმაოდ დიდი დასია. საოცრებაა მათთან ურთიერთობა, ცეკვა, გასტროლი, კონცერტი... ჩემს ცხოვრებაში საოცრება მოხდა, 20 წელი "სუხიშვილებში" ვცეკვავდი... რთული პერიოდებიც იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემს შემთხვევაში, ყველაფერთან ერთად, იღბალმაც დიდი როლი ითამაშა: რაღაცნაირად გამიმართლა, რომ ანსამბლში "კარგ ტალღაზე" მივედი. ილიკო სუხიშვილთან მუშაობა საოცარი იყო. თან, როცა ანსამბლში მივედი, ილიკოს ქორეოგრაფიული შემოქმედება ზუსტად მაშინ დაიწყო, ახალი ცეკვები დაიდგა (რაც ახლაც გრძელდება). მაგალითად, იმ პერიოდში განხორციელდა პირველი პროექტი - "ასსა", რამაც ილიკოს დამსახურებით, ქართულ ქორეოგრაფიაში გარდატეხა შეიტანა. ამ ამბის ერთ-ერთი მონაწილე მეც გახლდით, რაც ძალიან მეამაყება და მაბედნიერებს...

"სუხიშვილების" მიმართ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა ბუნებრივი და ნორმალურია. ეს ანსამბლის დაარსების დღიდან არსებობდა, როცა დიდი ილიკო სუხიშვილი და ნინო რამიშვილი დგამდნენ ცეკვებს, ჩემი მოცეკვავეობის პერიოდშიც იყო, როცა ილიკო სუხიშვილი-უმცროსი განსხვავებულ ცეკვებს დგამდა. ახლაც ასეა. ამიტომ არასდროს შემპარვია ეჭვი იმაში, რასაც ვაკეთებდით. ერთია, რომ შეიძლება, 1 ცეკვა ნაკლებად მოგეწონოს, მეორე კი - მეტად, მაგრამ ილიკოს გემოვნებასა და ნიჭიერებაში ეჭვი არასოდეს შემპარვია, პირიქით - ყოველთვის მეამაყებოდა და ახლაც მეამაყება. მისი ნიჭიერება და გენიოსობა რომ "გვერდზე გადავდოთ", ილიკოს ეს საოცარი უნარი, თვისება აქვს: როცა ახალ კომპოზიციას ქმნის, უბრალოდ გამზადებული მასალით არ მოდის - მოცეკვავეს ამა თუ იმ ილეთის, მოძრაობის შესახებ აზრს ყოველთვის გეკითხება. ეს ძალიან სპეციფიკური საკითხია: ყოველ ილეთს მორგება სჭირდება - როცა მოცეკვავეს ილეთს აჩვენებ, მნიშვნელოვანია, ის ამას როგორ მოირგებს... ვერ ვიტყვი, რომ ილიკო ძალიან ლოიალურია - ზომიერად მკაცრი გახლავან ილიკოც, ნინოც... "სიმკაცრესაც" ვერ დავარქმევ, რადგან ამ საქმეში ისინი თავიანთი ცხოვრების 100%-ს "დებენ" და მოცეკვავეც იმავეს აკეთებს. ეს მათი ცხოვრების წესია: ყველა სხვა საქმეს გადადებენ, ბოლომდე იხარჯებიან, სულსა და გულს დებენ... თუ შენი საქმე ფანატიკურად არ გიყვარს, გამორიცხულია, "სუხიშვილებში" გაძლო...

"გულისწყვეტის განცდა ნებისმიერ ასაკში მექნებოდა"
- ძალიან ასაკოვანი არა ვარ, მაგრამ მიმაჩნია, რომ სცენას მაინც ახალგაზრდები, ახალი სისხლი, ახალი ძალა სჭირდება. თან, მესამე შვილი გავაჩინე. ვიფიქრე, უკვე დრო იყო, დიდი სცენა დამეტოვებინა... გული ძალიან დამწყდა, მაგრამ გულისწყვეტის განცდა ნებისმიერ ასაკში მექნებოდა. როცა ანსამბლს თავს ანებებ, ეს ნამდვილად ურთულესია, მაგრამ ასე გადავწყვიტე. ვფიქრობ, სწორად მოვიქეცი. ასეთი გადაწყვეტილება მე და ანსამბლის ჩემი თაობის რამდენიმე წევრმა მივიღეთ. 2019 წლის 22 დეკემბერს, სოლიკო ვირსალაძისადმი მიძღვნილ საიუბილეო კონცერტზე სრული დატვირთვით ვიცეკვეთ, მერე კი ანსამბლმა, ნინომ და ილიკომ გაგვაცილეს...

"მშობლების დახმარების გარეშე, კარიერასა და ოჯახში ასეთი ჰარმონია არ მექნებოდა"
- მყავს მეუღლე - ზურა შარმაზანაშვილი და 3 შვილი - 22 წლის ნატალია, 14 წლის ლიზა და 5 წლის ნიკოლოზი. ჩემი მეუღლეც ყოფილი მოცეკვავეა - "სუხიშვილების" ანსამბლში ცეკვავდა. მისთვის ჩემი საქმე და სამუშაო გარემო უცხო არ ყოფილა. მეუღლის ხელშეწყობის გარდა, ჩემი და ჩემი მეუღლის მშობლებიც ყოველთვის მხარში გვედგნენ. მათ გარეშე, წარმატებული კარიერა და ოჯახი არ მექნებოდა, რადგან მოცეკვავეობა ურთულესი პროფესიაა: თვეობით გასტროლებზე ხარ წასული. ჯარისკაცის მსგავსად, საკუთარ თავს არ ეკუთვნი... მაყურებელს ვერ ეტყვი - ახლა ბავშვი მყავს სკოლაში ან ექიმთან მისაყვანიო. რეპეტიციის გაცდენის ან დაგვიანების არანაირი მიზეზი არ არსებობს. თან, ოჯახსაც არ უნდა მოაკლო ყურადღება... ჩემი უფროსი გოგონა ცეკვაზე დადიოდა, ოღონდ, პროფესიულ დონეზე - არა. შუათანა ახლაც ცეკვავს, მაგრამ პროფესიის ასარჩევად ჯერ პატარა ასაკი აქვს. რასაკვირველია, არც ვაძალებ, რომ მოცეკვავე გახდეს, - თუ ეს საქმე ძალიან არ გიყვარს, არაფერი გამოგივა... კარგად მახსოვს, როცა ანსამბლიდან წამოსვლა გადავწყვიტე და ამის შესახებ სახლში ვთქვი, გოგონებმა გაიოცეს - ვაიმე, რატომო?!. ძალიან ეამაყებოდათ, რომ "სუხიშვილების" მოცეკვავე გახლდით. საერთოდ, მგონია, რომ ეს ყველას ეამაყება - არ მინახავს ადამიანი, ვისაც არ უყვარს... ჩემი შვილებიც თითქმის ანსამბლში გაზრდილები არიან. როცა კონცერტზე მოდიოდნენ, პარტერში ყოფნა არ სურდათ - უნდოდათ, კულისებში ყოფილიყვნენ, რომ იქაური სიტუაცია ენახათ (იღიმის)... ჩემი უმცროსი შვილი ჯერ პატარაა. ყველგან ცეკვავს. ვნახოთ, მომავალში რას იზამს...

"შაბათ-კვირას ქალაქგარეთ გასვლა უპირობო ამბავია"
- არაჩვეულებრივი მეგობრები მყავს, რომლებიც ხშირად ეჭვიანობენ - რა არის ამდენი ცეკვაო?! მათ ხშირად ვერ ვნახულობ, მაგრამ ჩემთვის ყველაზე დიდი განტვირთვა მეგობრებთან ერთად ყოფნაა. ასევე ვცდილობ, ოჯახთან ერთად ქალაქგარეთ ხშირად გავიდე. პანდემიის გამო ხელი შეგვეშალა, მაგრამ შაბათ-კვირას ქალაქგარეთ გასვლა უპირობო ამბავია: კვირის დღეებში ისეთი დაკავებული ვარ, რომ მინდა დახარჯული ენერგია შაბათ-კვირას ავინაზღაურო... მიყვარს მეგობრებთან ერთად ლაპარაკი, ჭორაობა, ყავის დალევა... მეგობრებთან ურთიერთობა ენერგიით მავსებს...

ეთო ყორღანაშვილი
ჟურნალი "გზა"

ზურა
16 აპრილი 2021 21:05
ამ მშვენიერ ქალს, პუსკას ნამდვილი სახელი არ აქვს ? მახსენდება ნოდარ დუმბაძის "გლადიატორის" მიხედვით გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმი. იქ ცირკის ლომს ჰქვია პუსკა. "პუსკა, ალე!", ეძახის მომთვინიერებელი. რატომ "ეპაზორებათ" ქართველ ქალებს ნამდვილი სახელები დამოუკიდებლობის ჟამს, ძალიან მაინტერესებს
უბრალო
16 აპრილი 2021 20:42
გაფიცბთ..... ვინც იცით დაწერეთ, მართლა პუსკა ქვიაააა???? ნათლიაც გამაცანით.
კახა
16 აპრილი 2021 17:44
წარმატებები ლამაზო ქალბატონო!!

რუბრიკის სხვა სიახლეები