"აქ შეიძლება დიდმა დარდმაც გაგიხეთქოს გული და დიდმა სიხარულმაც, ისეთი ემოციური ხდები. ბევრი ვერ უძლებს და უკან ბრუნდება"
"აქ შეიძლება დიდმა დარდმაც გაგიხეთქოს გული და დიდმა სიხარულმაც, ისეთი ემოციური ხდები. ბევრი ვერ უძლებს და უკან ბრუნდება"
"არასდროს დავადანაშაულებ საქართველოს რამეში, მე ჩემი წილი პასუხისმგებლობა მაქვს. როგორ შეიძლება არ მიყვარდეს ის ადგილი, სადაც გავიზარდე და სადაც ჩემი შვილები არიან?"

ლალი მოცრაძე პროფესიით ისტორიკოსია. 2 წლის წინ მეუღლე და სამი შვილი დატოვა საქართველოში და იტალიაში წავიდა სამუშაოდ. ეს მხოლოდ სათქმელად არის ადვილი, სინამდვილეში დიდი ტკივილი, ბევრი უძილო ღამე, დარდი და მონატრება იმალება ამ ნაბიჯის მიღმა. როდესაც შვილებთან განშორებასა და მათ მონატრებაზე მესაუბრებოდა, თვალები ცრემლებით ევსებოდა, მაგრამ ცდილობდა, დაემალა.
გამიჭირდა მასთან ემოციების გარეშე საუბარი.

- ხშირად საყვედურობენ ემიგრანტებს, რატომ არ ბრუნდებიანო? მარტო ჩემს ოჯახს არ ვჭირდები - იქ არიან ჩემი დისშვილები, მეგობრები, ახლობლები და ვცდილობ, ყველას შეძლებისდაგვარად დავეხმარო. ვერ ვისვენებ, როცა სხვისი გაჭირვების, ავადმყოფობის ამბავი მესმის. აქ ვარ, მაგრამ ვფიქრობ, რომ შვილებს ვუქმნი მომავალს.
ჩემი აქ ყოფნით 3 შვილი დავიცავი მომავალი ემიგრაციისგან, რადგან მგონია, მათ თუ ძლიერი ოჯახები ექნებათ, აღარ წამოვლენ საქართველოდან. დიახ, მე მინდა საქართველოს შევუნარჩუნო შვილები!.. წყალტუბოს რაიონის სოფელ გეგუთში ვარ გათხოვილი. მეუღლე მშენებელია, მუშაობდა კიდეც, ოქროს ხელები აქვს, მაგრამ ყოველთვის ხომ არ იყო სამუშაო?! თან, რასაც იღებდა, ბანკის ვალის გადასახდელად გვყოფნიდა მხოლოდ. მართლა სულსა და გულს დებდა ოჯახში, ახლაც ასეა. ვიცი, ბევრი ემიგრანტი ქალის ქმარი ანიავებს ცოლის გაგზავნილ ფულს და ძალიან განვიცდი ამ ყველაფერს. იტალიაში წამოსვლის გადაწყვეტილება მე მივიღე, დამოუკიდებლად. უბრალოდ, სხვანაირად ვერ გავუმკლავდებოდით იმ რეალობას, რომელშიც ცხოვრება გვიწევდა. ის ბოლო წუთამდე არ მეთანხმებოდა, არ უნდოდა წამოვსულიყავი. მისი ცრემლიანი თვალები არასდროს დამავიწყდება. ეს იყო გამოუვალი მდგომარეობით ნაკარნახევი ნაბიჯი, შვილები რომ დამეცვა და გადამერჩინა.

- ძალიან რთულია 3 პატარა ბავშვის დატოვება...
- შვილები სკოლასა და ბაღში მივიყვანე და დავტოვე, თითქოს არაფერი ხდებოდა. ჩემი ქმრის დეიდაშვილი იყო მასწავლებელი, მას ჩავაბარე ჩემი გოგონა ბაღში. მისი დიდი მადლობელი ვარ, რომ კარგი შვილი გამიზარდა. ბავშვებმა იცოდნენ, საზღვარგარეთ რომ მივდიოდი. უკვე წამოსული სახლისკენ, სამჯერ მივბრუნდი უკან, ბაღში. რომ შევსულიყავი, ვეღარ შეველეოდი და დავრჩებოდი. გიჟი დედა ვარ - დედა, რომელსაც უნდა ყველაფერი იდეალურად იყოს. მეუღლემ და მისმა ბიძაშვილმა გამომაცილეს, სხვა არავინ წამომიყვანია. ვიცოდი, გამიჭირდებოდა ახლობლების ცრემლების დანახვა. ვუყურებდი ქუთაისს, რომელსაც ვტოვებდი და მასთან ერთად, იქ ვტოვებდი მთელ ჩემს ცხოვრებას. იტალიაში, აეროპორტში დამხვდა ქმრის ბიძაშვილი და გამაცილა ბინაში, სადაც უნდა მეცხოვრა სამსახურის შოვნამდე. დეიდაჩემმა მომიძებნა ეს ბინა. ამ ადამიანების მადლიერი ვარ, რომ მაქსიმალურად გვერდით დამიდგნენ. 2 თვეზე მეტი უმუშევრად ვიყავი. არ არის ადვილი სამსახურის შოვნა, მით უფრო, როცა ენა არ იცი. ერთხანს ბავშვის მომვლელად დავიწყე მუშაობა, 650 ევროდ, მაგრამ ისეთი საშინელი ხალხი იყო, ვერ გავუძელი და ერთ ღამეს გამოვიპარე. დეკემბერი იყო, გათიშული ვიყავი სიცივისგან, ოსტუნში ჩამოვედი, სადაც ცხოვრობდა 2 ქართველი ქალი, დები, მამაჩემთან ერთად იყვნენ გაზრდილები. ჩუმად მაპარებდნენ სახლში, სადაც მუშაობდნენ, მაჭმევდნენ და მაძინებდნენ. ამხელა სირთულის მიუხედავად, უკან წამოსვლა მაინც არ მიფიქრია. დამარცხებულად დაბრუნებას სიკვდილი მერჩივნა. უმუშევარი რომ ვიყავი, ვფიქრობდი, საიდანმე გადავხტები და თავს მოვიკლავ-მეთქი, მაგრამ ჩემში ცხოვრობს ძლიერი ქალი, შვილების დამცველი, რომელსაც შეუძლია მათ გამო ყველაფერზე წავიდეს, რაც მორალსა და კანონს არ ეწინააღმდეგება, მხოლოდ პატიოსანი გზით. ადამიანები, ვინც პატიოსნად შრომობენ, ადვილად ვერ აღწევენ ვერაფერს და იმიტომ უწევთ ემიგრაციაში წლობით დარჩენა. ამ პერიოდში მხოლოდ ფანჯრები გამოვცვალე ჩემს სახლში, ისიც კრედიტით. არ ყრია აქ ფული, როგორც ბევრს ჰგონია, აუტანელი შრომის ფასად გიწევს გამომუშავება. არიან ისეთებიც, ფულის გამო ყველაფერს რომ ხელს აწერენ...

მერე დავიწყე მუშაობა ერთ ძალიან კარგ ოჯახში, ბაბუას მომვლელად. წელიწადი და 4 თვე ვიმუშავე. შეიძლება ითქვას, მან შემაყვარა იტალია. დიახ, მე მიყვარს ქვეყანა, რომელმაც გულში ჩამიკრა და მომცა შესაძლებლობა, მერჩინა შვილები. იმდენად შევუყვარდი ამ ბაბუას და მისი ოჯახის წევრებს, ნება დამრთეს, მეუღლე 20 დღით ჩამომეყვანა იტალიაში, ძალიან გამახარეს ამით. რა თქმა უნდა, ყველა ასეთი არ არის. იტალიელებმა თუ შეგიყვარეს, ვეღარ გელევიან, პატივს გცემენ. ის მოხუცი რომ გარდაიცვალა, ისევ მათ მიშოვეს ახალი ოჯახიც, სადაც დღეს ვარ. ესენიც კარგი ხალხია, თუმცა მძიმე სამუშაო მაქვს. 10 თვეში ერთი დღეც არ დამისვენია. რთულად მოსავლელი ქალია. საბედნიეროდ, მისი და-ძმა ძალიან მეხმარება, ამ ქალს შვილები არ ჰყავს. ამ ოჯახმა საბუთიც გამიკეთა, მადლობის მეტი რა მეთქმის. ძალიან გადავიღალე, ცალკე ოჯახის მონატრება, ცალკე ასეთი მძიმე სამსახური. ფიქრობ, რომ ყველანაირად დასჯილი ხარ უცხო ქვეყანაში. იმის უფლებაც არ გაქვს, რომ თავი გტკიოდეს, არადა, რამდენი რამ გვტკივა. აქ შეიძლება დიდმა დარდმაც გაგიხეთქოს გული და დიდმა სიხარულმაც, ისეთი ემოციური ხდები. ბევრი ვერ უძლებს და უკან ბრუნდება. ბევრჯერ შემიკავებია ტირილი, რადგან აქ არ მინდა ვინმემ ჩემი ცრემლები ნახოს. თუ დაინახეს, რომ სუსტი ხარ, გადაგივლიან. ზოგჯერ რაღაცას რომ ვიტყვი და ცოდნას გამოვამჟღავნებ, უკვირთ, საიდან იციო? რუმინელი, ალბანელი, მოლდაველი - ბევრია აქ სამუშაოდ ჩამოსული. რუმინელებს ძალიან ცუდი სახელი აქვთ, ხშირად ქურდავენ აქაურებს და ჰგონიათ, ყველა მათნაირია. უკვირთ ისიც, რომ ასეთი ყურადღებიანი დედა ვარ და აქედან ვაკონტროლებ, როგორ სწავლობენ ბავშვები. ახლა საბუთის წყალობით შევძლებ ჩასვლას, ოჯახისა და შვილების ნახვას. ფულს დახარბებული ნამდვილად არ ვარ, არ მინდა ამის გამო ყველა და ყველაფერი გავწირო. რაკი დედა ემიგრანტი ჰყავთ, არც იმას ვცდილობ, რომ ჩემს შვილებს ძვირად ღირებული ტანსაცმელი ეცვათ ან ძვირად ღირებული ტელეფონები ჰქონდეთ. ზედმეტ ფუფუნებას არ ვაჩვევ. მინდა შრომის ფასი იცოდნენ. არ მინდა ბაღში ან სკოლაში ზედმეტად გამორჩეულები იყვნენ. ბევრი ემიგრანტი ასე ზრდის, ვითომ უდედობის კომპენსაციას ახდენენ ამით... მინდა ჩემმა შვილებმა ისწავლონ, იმუშაონ და იცხოვრონ საქართველოში. თუ ყველა ემიგრანტი ასე იფიქრებს, მაშინ შევძლებთ შევუნარჩუნოთ ოჯახები საქართველოს.

- ბავშვებიც გაგვაცანით, როგორი გოგონები არიან?
- უფროსი არ მეუბნება ჩამოდიო, რადგან აცნობიერებს ოჯახის მდგომარეობას. პატარა სულ იმას მეკითხება, როდის ჩამოხვალო? საბუთს ავიღებ და ჩამოვალ-მეთქი, - ვეუბნები. ლიკა 14 წლისაა, დედაჩემთან ცხოვრობს, ჭიათურაში. გარდატეხის პერიოდი აქვს, დასავით ვუდგავარ გვერდით. დილაობით მირეკავს და მეკითხება, - აბა, დედა დამეხმარე ჩაცმაში, რა მიხდება, ეს თუ ის? ეს მე მაბედნიერებს. ვცდილობ, ყოველთვის აქტიურად ჩავერთო მათი სწავლის პროცესშიც... ელენე შარშან მივიდა სკოლაში და მე მის გვერდით არ ვიყავი. მინდოდა, ჩამოვსულიყავი სექტემბერში, მაგრამ ამ პანდემიის გამო შეჩერებული იყო ფრენა და ვერ ჩამოვედი. ჩემთვის იცით, რა იყო ყველაზე დიდი ბედნიერება? - დილით რომ ავდგებოდი და შვილებს ვაცმევდი, ვპრანჭავდი სკოლასა თუ ბაღში წასასვლელად. საქართველოში მყოფი ვერ მიხვდება, ეს როგორი ტკბილია. წუწუნებენ ხოლმე დედები, რა დღეში ვართ, სკოლაში დაგვყავს ბავშვები, მერე - წრეებზე და ძალიან ვიღლებითო. სწორედ ეს არის ყველაზე დიდი ბედნიერება... ნაბოლარა - ბარბარე 5 წლისაა, პრანჭიკელა გოგოა. უმცროსებს ქმარი და დედამთილი ზრდიან. აქ რომ ვარ, დედამთილის დიდი დამსახურებაა, მან აიღო პასუხისმგებლობა ბავშვების გაზრდაზე.

- პანდემიაზეც გკითხავთ, ამ ეტაპზე რა ხდება იტალიაში?
- კვლავაც ბევრია ინფიცირებული, მაგალითად, 20 000-ზე მეტი იყო გუშინ. 103 ათასზე მეტი გარდაცვლილი ჰყავს იტალიას. 2 ქართველიც გარდაიცვალა "კოვიდით". დაკეტილია სალონები, ესთეტიკური ცენტრები, ბარები პირველ საათამდე მუშაობენ…და დასვენების საათებს, ფაქტობრივად, ვერავინ იყენებს.

- დაკარგულები ვართ საქართველოსთვისო, - ამბობთ. ხშირად ემიგრანტები ამის გამო სამშობლოს, ქვეყანას ადანაშაულებენ ხოლმე.
- არასდროს დავადანაშაულებ საქართველოს რამეში, მე ჩემი წილი პასუხისმგებლობა მაქვს. როგორ შეიძლება არ მიყვარდეს ის ადგილი, სადაც გავიზარდე და სადაც ჩემი შვილები არიან? ვერავინ გაიგებს ჩემგან, რომ საქართველო არ მიყვარს. მიყვარს კი არა, ვაღმერთებ! ხშირად მესმის, ჩემი შვილიც უნდა წამოვიყვანო აუცილებლადო, ემიგრანტები რომ ამბობენ. მე კი მინდა, ჩემმა შვილებმა საქართველოში იცხოვრონ. სულ მესიზმრება ჩემი ქვეყანა. საქართველოს გაზაფხული მიყვარს, აქ ვერ ვგრძნობ ვერაფერს. სულ ვცდილობ, იტალიაში ხაზი გავუსვა ჩვენს გამორჩეულობას, წარსულს, ტრადიციებს. ამ ოჯახმა მითხრა, - ჩამოვალთ თქვენს ქვეყანაში, გვაინტერესებს ის ადგილი, სადაც დაიბადე და გაიზარდეო. ახლა ყველაზე და ყველაფერზე მეტად, გეფიცებით, ქართული ჰაერი მენატრება, მაგრამ ჯერ ვერ ჩამოვალ. მინდა შევქმნა შემოსავლის წყარო და მერე დავბრუნდე. სოფლის მეურნეობაში ვცდი ბედს, კრედიტით ვაპირებ სათბურების გაკეთებას და რომ დავბრუნდები, ჩემი შემოსავალი მექნება. დაბოლოს, ყველას, ვინც საზღვარგარეთ წამოსვლაზე ოცნებობს, მინდა ვურჩიო, დარჩნენ საქართველოში, თუ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში არ არიან. აქ გაიგებენ საკუთარი სამშობლოს ფასს...

ნინო ჯავახიშვილი
ჟურნალი "გზა"

ანდრო
18 აპრილი 2021 09:24
,,არასდროს დავადანაშაულებ საქართველოს”-მომეწონა ქალბატონის ეს სიტყვები. აქ რატომღაც ჰგონიათ, რომ მხოლოდ საქართველოდან მიდიან უცხოეთში სამუშაოდ. არადა ასეა უამრავი ადამიანი წასული ბალტიისპირეთიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან. ხალხი არაინფორმირებულია, არ იციან სხვა ქვეყნების სტატისტიკა და მხოლოდ უკმაყოფილებას გამოთქვამს. კი, ცუდია ამ მდგომარეობაში ყოფნა, მაგრამ სხვა ქვეყნებშიც ეს მთავრობა ხომ არაა? ესაა ეკონომიკურად სუსტი ქვეყნების პრობლემა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები