"წინ წყალია და უკან მეწყერი... უარესი და უარესი... ეს გვჭირს რუსის გადამკიდე, რომელსაც ჩვენი ხელიდან გაშვება არ უნდა" - კვირის პალიტრა

"წინ წყალია და უკან მეწყერი... უარესი და უარესი... ეს გვჭირს რუსის გადამკიდე, რომელსაც ჩვენი ხელიდან გაშვება არ უნდა"

"შაჰნამეს" 50 წიგნისგან შემდგარი საგმირო-სარაინდო ეპოსის ქართულ ენაზე გაცოცხლებას პოეტმა 32 წელი და 2000-მდე უძილო ღამე შეალია

"დღეს "შაჰნამეს" დასრულებული ცხრატომეულის, 8 პოეტური კრებულის, 1 შვილისა და 5 შვილიშვილის პატრონი ვარ და ძალიან ბედნიერიც. ერთადერთი იმას ვნატრობ, საქართველო ვნახო როგორც აღზევებული, წელში გამართული, სამართლიანი და ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა. სხვა ნატვრა არა მაქვს, ესაა უმთავრესი, თორემ "შაჰნამე" როცა იქნება გამოვა, მთავარია დავასრულე", - ამბობს ქართველი პოეტი და მთარგმნელი, ირანისტი ბელა შალვაშვილი, რომელმაც მსოფლიოში ყველაზე დიდი პოემა ქართულად აამეტყველა. დიდი ირანელი პოეტის ფირდოუსის 10 საუკუნის წინანდელი "შაჰნამეს" (ანუ "მეფეთა წიგნის") 50 წიგნისგან შემდგარი საგმირო-სარაინდო ეპოსის ქართულ ენაზე გაცოცხლებას პოეტმა 32 წელი და 2000-მდე უძილო ღამე შეალია და როგორც ამბობს, შუა გზაზე არ მიუტოვებია. მისი ცხრატომეულიდან ჯერ მხოლოდ ერთი ტომია გამოსული, დანარჩენები დღის სინათლეს ელიან.

არანაკლებ ლამაზი, თბილი და მუსიკალურია მისი პოეზიაც. "ფირდოუსიმ ჩემში პოეტი ჩაკლა. გაორება არ შემიძლია და რაც ძალი და ღონე მქონდა, ერთგულად ვცდილობდი დროზე გამესრულებინა "შაჰნამე" და მერე ლექსები მეწერა, მაგრამ ამასობაში დავბერდი. არა უშავს, ისიც ხომ პოეზიაა, უბრალოდ, ორმაგი შრომაა და თარგმნის დროს ჩარჩოში ხარ მოქცეული", - გვეუბნება პოეტი.

"პანდემიის მერე სამყარო გადასხვაფერდა"

- თითქოს ეს პანდემიაღა აკლდა ამ ქვეყანას. ჯერ უვაქცინობა, ახლა ხალხს აცრის ეშინია. ამ პანდემიის მერე გადასხვაფერდა სამყარო - არა სწავლა, არა განათლება, არა ურთიერთობა... ერთი სიტყვით, ძალიან ცუდ დღეში ვართ და ახლა ამბობენ, მესამე ტალღააო. ამ ტალღებმა მომსპო, აღარ შემიძლია. როგორც იტყვიან, წინ წყალია და უკან მეწყერი. ისიც არ ვიცით, ავიცრათ თუ არა, დავიბენით...

80 წელს გადავცდი და ასეთი საშინელი ვითარება საქართველოში არ მახსოვს. ქვეყანა ორადაა გახლეჩილი, იქით "ოცნება" და მისი მომხრეები, აქეთ - ოპოზიცია და მისი მომხრეები. არის დაკა-დაკა და ვიღაც ერთი ხელი რას ბრძანებს და დაჰკრავს, როგორც მოსამართლე ჩაქუჩს, ამაზეა ყველაფერი დამოკიდებული. თუმცა ეს უჩინარი, ყოვლად უკუღმართი, უმეცარი ხელი, საკმაოდ საჩინოა და ის ჩვენს ქვეყანას რუსის კალთაში უპირებს მოქცევას.

6 ათეული წელია ვნატრობ, ნორმალური ქვეყანა გვქონდეს. არა და არა, უარესი და უარესი. ეს გვჭირს რუსის გადამკიდე, რომელსაც ჩვენი ხელიდან გაშვება არ უნდა. ჯერ გავრილოვი ჩამობრძანდა და ზვიად გამსახურდიას სავარძელში ჩაჯდა, შემდეგ ამ პოზნერმა, ჩემს დაბადების დღეს რომ ყოფილა დაბადებული, აქ მოინდომა დროს ტარება. თუ ჯიბრზე არ არიან ეს რუსები, ასეთ დროს აქ რატომ უნდა გადაიხადო დაბადების დღე? თუ პროვოკატორი არა ხარ, შენს ქვეყანაში იზეიმე.

არ ვიცი, რა მოხდება. დასავლელი პარტნიორებისა და ახალგაზრდობის, ჩვენი ხვალინდელი დღის იმედიღა დამრჩა.

"რას ვერჩით ჩვენს ლამაზ ენას?"

- 14 აპრილი ქართული ენის დღეა. ქართველობამ გაიტანა და აქამდე მოიტანა ჩვენი სახელმწიფო ენა, თორემ ვინ იცის, დღეს ჩვენი სახელმწიფო ენა რუსულიც ყოფილიყო... სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ქართული სიტყვა დაიკარგა და მიზანმიმართულად მკვიდრდება ინგლისური სიტყვები. დიდ პატივს ვცემ ინგლისურენოვან ქვეყნებს, მაგრამ მე ჩემი მინდა. მაინც რას ვერჩით, რატომ ვბილწავთ ჩვენს ლამაზ ენას? რა არის ეს "პოსტები", თუ არა აზრები? "რეგულაციები", თუ არა ღონისძიებები (როგორი ტევადი სიტყვაა)... რად მინდა "ლოკაცია", როცა სიტყვა "ადგილი" გვაქვს? ანუ ადგილის დედა ლოკაციის დედა უნდა იყოს? რა არის "ნასვამ მდგომარეობაში"? ნასვამი ხომ იგივე მდგომარეობაა? ან რა გამოთქმაა "2 ტრილიონის მოცულობის პროექტი", "ცნობადი", ან "ამ სივრცეში", როცა გვაქვს ვითარება? ჩემი ცოდვა მას, ვინც ეს "გაპრავება" მოიგონა. რა საშინელებაა "გაჟღერება"? გაჟღერება მხოლოდ მუსიკალური ნაწარმოების შეიძლება. კიდევ: "მკვლელობა განახორციელა", "საჩუქარი გაუკეთა", "გაყიდვაში იქნება"... საიდან მოდის ესენი? ან "ნარატივი", "ტრენინგი", "კრეატივი"... რა უბედურებაა? ხომ შეიძლება ქართულად ილაპარაკო? "პოლიტიზირებული" და "პროფესიონალური" კი არა, პროფესიული და პოლიტიზებული. ეს "ლოკდაუნი" საერთოდ არ მესმის, რა არის. ჟურნალისტი რომ ხარ, აუცილებელია რაღაცები დაამახინჯო და შემოგვაჩეჩო? ვინმე კარნახობთ თუ კეკლუცობენ? ეს კეკლუცობა არ არის, ეს უცოდინრობაა.

"ქართულში 3000-მდე სპარსული სიტყვაა დამკვიდრებული"

- აღმოსავლეთმცოდნე, ირანისტი ვარ და გეტყვით, რომ ჩვენს ენაში შემოსული და დამკვიდრებულია 3000-ზე მეტი სპარსული სიტყვა, ეს დიდი გავლენის ბრალია.

"შაჰნამეს" თარგმნა რომ დავიწყე და 10 ბეითის შემდეგ სიტყვა "ლაჟვარდი" შემხვდა, კინაღამ გავგიჟდი. რას ვიფიქრებდი, რომ ჩემი საყვარელი სიტყვა ქართული არ იყო. ფანჯარა, ოთახი, ხასიათი, სურათი, ბაასი, დარბაზი, ნაზი - ესენიც სპარსულია და იმდენია ასეთი, გაოცდებით. რუსთაველთან შემხვდა: "ესე სიტყვა გაასრულა, მან სევდისა მუფარახმან". მივხვდი, ეს ბოლო სიტყვა სპარსული იყო, ვეძებე ლექსიკონში და ბოლოს "მოფარეხ" ვიპოვე, რომელიც ნიშნავს განმაშორებელს. ყვავილების სახელები: იასამანი, ნარგიზიც სპარსულია. სპარსულიდან მამაკაცის ბევრი სახელიც შემოვიდა და დამკვიდრდა: როსტომი, გოდერძი, მერაბი, ბეჟანი, ჯუმბერი, ჯიმშერი, ზაალი, გივი... რომლებიც უკვე აღარ არის ირანში, იქ დღეს არაბიზებული სახელებია. დღეს ადამიანმა არ იცის, როგორ იქნებოდა სიტყვა "ფანჯარა", არ გვაქვს მისი შესატყვისი ქართული სიტყვა. ერთხელ პოეტ ერეკლე საღლიანთან ვთქვი, ნეტავ ქართულად ფანჯარა როგორ იქნებოდა-მეთქი და მითხრა, სვანურში ფანჯარა "ლედეცაა", რომელიც ნიშნავს "გზა ცისკენო". მართლაც ასე არაა?

"შაჰნამეს" თარგმნა ვახუშტიმ მაიძულა"

- ფირდოუსის ჩემი ნებითა და სურვილით არ შევჭიდებივარ. თავდაპირველად, ფილოლოგიურ ფაკულტეტზე შევედი და კათედრის გამგემ დავით კობიძემ ყველაფერი გააკეთა, რომ სპარსულზე გადავეყვანე. ევგენი ხარაძეს ეუბნებოდა, ბელა ძალიან კარგი პოეტია, რამდენი რამაა სპარსულიდან სათარგმნელი და გამოგვადგებაო. მაშინ ძნელი იყო ფაკულტეტიდან ფაკულტეტზე გადაყვანა, ხუთჯერ შევიდა ბატონ დავით ევგენისთან და ბოლოს მანაც ხელი ჩაიქნია, ჯანდაბას, კარგი, წაიყვანე შენთანო. მეხუთე კურსიდან უკვე ლექტორებმა მთხოვეს თარგმნა დამეწყო, მაგრამ ცუდად ვიყავი, ასთმა მქონდა, რომელიც ვიდრე ქრონიკულში გადავა, სასტიკად აწამებს ადამიანს. სულ სასწრაფო დახმარება მედგა კარზე. 5 წლის დამთავრებული მქონდა უნივერსიტეტი, როცა ვახუშტი კოტეტიშვილმა დამიბარა და მითხრა, "შავლეგო" (ასე მეძახდა, ფაქტობრივად, მამაკაცს შემადარა. შავლეგი ხომ შალვა თორელი იყო, დიდებული ქართველი, და საამაყოც კია, ახლა მომწონს მისი შერქმეული მეტსახელი), მსოფლიო ლიტერატურის 80-ტომეული გამოდის, ერთი ტომი სპარსული პოეზია იქნება და ღირსეულად უნდა წარმოვადგინოთ ფირდოუსი, შენ, როგორც ქალს, რომანტიკული "ბეჟანი და მანიჟეს" ამბავის თარგმნას გავალებო.

ვიუარე. მითხრა, მე არ გეკითხები, გიბრძანებ, თარგმნას რომ დაიწყებ, ასთმაც გაგივლის და სპარსულიც გაგახსენდებაო. დამანამუსა, სირცხვილია, ქართველებს "შაჰნამე" არ გვქონდეს თარგმნილიო. ჩემზე კარგი ქართული და სპარსული იცით, თქვენ თვითონ თარგმნეთ-მეთქი და მიპასუხა, არა, "შაჰნამეს" მამაკაცი კარგად ვერ თარგმნის, იქით ღვინოს, აქეთ ქალებს მოუნდებაო. მაშინ კი გამიკვირდა, ეს რომ მითხრა, მაგრამ ახლა მივხვდი - რა შრომაც გავწიე, მამაკაცი ნამდვილად გულს ვერ დაუდებდა. ერთი სიტყვით, სხვა გზა არ დამიტოვა და დავიწყე... "ბეჟანი და მანიჟე" ვახუშტის რომ მივუტანე, მითხრა, არ გაჩერდე, შავლეგ, იმაზე კარგი გამოგივიდა, ვიდრე მეგონა, დღეს დაისვენე და ხვალიდან "მანუჩარის წიგნი" დაიწყეო. თურმე მსოფლიოში არ არსებობს, ერთ ადამიანს ერთ ენაზე მარტოს ეთარგმნოს ეს ნაწარმოები, ყველგან რამდენიმე თარგმნიდა.

"გასრულდა ესე ამბავი..."

- დავიწყე თარგმნა, მაგრამ მქონდა 13-14-წლიანი წყვეტა. 90-იან წლებში, როცა უკიდურესად გვიჭირდა ქართველებს, იძულებული გავხდი ჟურნალისტიკაში გადავსულიყავი. მერე ისევ მივუბრუნდი ფირდოუსის. 2000-ზე მეტი ღამე მაქვს გათეული, რათა თითოეულ ბეითში რა აზრიც იყო, ის გადმომეტანა და მხატვრულობაც შემენარჩუნებინა. "შაჰნამეში" სულ 52 ათასი ბეითია. 2011 წელს ირანის საელჩომ გამოსცა რჩეული თარგმანების ჩემი კრებული, რომელიც 2012 წელს ირანში წლის წიგნად აღიარეს, სიგელიც მივიღე და ირანის პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმად ნეჟადის პრემიაც. 2015 წელს ინსულტი დამემართა, იმის თავი კი მქონდა, დავითვალე და 400-მდე სტრიქონიღა მქონდა სათარგმნელი. ირანისტ ნომადი ბართაიას ვთხოვე, ეგებ დაასრულო-მეთქი. მე ვერ დაგეხმარები, "შაჰნამეს" ვერ ვთარგმნი, ტყუილია, ჩემს იმედზე ნუ მოკვდებიო. გადავრჩი და მეუბნება, კიდევ კარგი, ასე გითხარი, თორემ მე რომ მეთარგმნა, არ მოგეწონებოდა და მოკვდებოდიო.

თარგმნა 2016 წლის 16 ივნისს დავასრულე და ვფიქრობდი, აწი რაღა უნდა ვაკეთო-მეთქი. თითქოს გავთავისუფლდი, მაგრამ რა? უარესი სირთულე აღმოჩნდა მისი გამოცემა. 9 ტომიდან 4 უკვე დამუშავებულია, მაგრამ ჯერ 1 ტომია გამოცემული. მეორე აგვისტოში უნდა გამოსულიყო და დღემდე არ გამოსულა. წელიწადში თუ ერთი ტომი გამოიცა, ბოლომდე გამოცემას ვერ მოვესწრები. ვის არ მივმართე თხოვნით - ირანის ატაშეს, კულტურის სამინისტროს, პრეზიდენტ მარგველაშვილს, კერძო პირებსაც, მაგრამ არაფერი გამოვიდა, მისი გამოცემით არავინ დაინტერესდა.

ბოლოს გვანჯი მანიამ მიმიყვანა "მერიდიანში" და არ ვიცი, რა იქნება. ფული რომ მქონდეს, შეიძლება წელიწადში 3 ტომიც გამოსულიყო. ამის მეტი სხვა არაფერი მითარგმნია, ან რაღა უნდა მეთარგმნა, ლამის 35 წელი შევალიე "შაჰნამეს"...

"მე ვაჟამ დამლოცა, მე შენ გლოცავო"

- პირველი ლექსი 6 წლისა არ ვიყავი, რომ დავწერე. ადრე ვისწავლე წერა-კითხვა. ფირდოუსიმ ჩემში პოეტი ჩაკლა. გაორება არ შემიძლია და რაც ძალი და ღონე მქონდა, ვცდილობდი დროზე გამესრულებინა "შაჰნამე" და მერე ლექსები მეწერა, მაგრამ ამასობაში დავბერდი. არა უშავს, ისიც ხომ პოეზიაა. ბოლო დროს ზვიადზე დავწერე ერთი ლექსი და ეგ არის...

19 წლისა ვიყავი, როცა ჩემმა მეგობრებმა, და-ძმა სიხარულიძეებმა, გოგლასთან წამიყვანეს ჩემი ლექსებიანად, ვაჩვენოთ, მისი აზრია მნიშვნელოვანიო. 1959 წელია, გოგლა წყნეთში ისვენებდა. ერთ საცოდავ რვეულში ათამდე ლექსი მეწერა, მივაწოდე და კითხულობს ბატონი გიორგი. ჟამიდან ჟამზე სათვალის ზემოდან გადმომხედავს, ვერ ვგრძნობ, მოსწონს თუ არა და გული ამოვარდნაზე მაქვს. ამასობაში ჩაიკითხა, მოეწონა და მითხრა: ყოჩაღ, ქალო, ქალიც შენ ყოფილხარ და პოეტიც, მე ვაჟამ დამლოცა, მე შენ გლოცავო და შუბლზე მაკოცა. წარმოგიდგენიათ, მას მერე ვცდილობდი შუბლის ის ადგილი არ დამებანა. ბოლოს მითხრა, ქალო, ეს ლექსები კარგია, ყველა მომეწონა, მაგრამ "ქეთევან წამებული" 50 წლის მერეც მოგეწონებაო. მას მერე 62 წელია გასული და იმ ლექსებიდან მარტო "ქეთევან წამებული" შემომრჩა. ალბათ, ათასობით ლექსი მაქვს დახეული. ვფიქრობ ხოლმე, მე თუ არ მომეწონა, სხვას ვის მოეწონება-მეთქი?...

"საქართველოს კეთილდღეობაა ჩემთვის უმთავრესი"

დღეს "შაჰნამეს" დასრულებული ცხრატომეულის, 8 პოეტური კრებულის, ერთი შვილისა და 5 შვილიშვილის პატრონი ვარ და ძალიან ბედნიერიც. ერთადერთი, იმას ვნატრობ, საქართველო ვნახო აღზევებული, წელში გამართული და დაწყობილი. სამართლიანი და ეკონომიკურად ძლიერი მინდა ჩემი სამშობლო. ადამიანები რომ შიმშილობენ, ამაზე დიდი უბედურება რაღა უნდა იყოს? ანას, ჩემს შვილს, ვეუბნებოდი, თუ ისე მოვკვდი, საქართველოს აღზევებას ვერ მოვესწარი (ისევე, როგორც ალექსანდრე ორბელიანმა თავის შვილიშვილს დაუბარა, მარიამ, თუ მოვკვდი და რუსების საქართველოდან გასვლას ვერ მოვესწარი, თუ წავლენ, მოდი და საფლავში ჩამომძახეო), როგორც მარიამმა ჩასძახა ალექსანდრე ორბელიანს, პაპა, რუსები გავიდნენ საქართველოდანო, მეც ასე ჩამომძახე, დედა, საქართველო გაბრწყინებულია, არ იდარდოო. სხვა ნატვრა არა მაქვს, საქართველო აღზევდეს და გაძლიერდეს, ესაა უმთავრესი, თორემ "შაჰნამე", როცა იქნება, გამოვა, ვიღაცა გამოჩნდება და უპატრონებს ჩემი სიკვდილის მერე. მთავარია დავასრულე.