"არავის ეგონა, ეს სერიალი თუ 10 წელიწადს გაგრძელდებოდა" - კვირის პალიტრა

"არავის ეგონა, ეს სერიალი თუ 10 წელიწადს გაგრძელდებოდა"

"დათო ქეიფისთვის სულ მზად არის, მაგრამ მასაც აღარ აქვს ქეიფის დრო და ხასიათი, იმხელა უღელი ადგას"

დიდი პაუზის შემდგომ სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" ახალი სეზონი დაიწყო. მთავარი გმირის, დათო გოცირიძის როლის შემსრულებელი ლევან ყოჩიაშვილი "კვირის პალიტრასთან" ეკრანულ და ეკრანს მიღმა ცხოვრებაზე გვესაუბრება.

- მე-16 და მე-17 სეზონებს შორის დიდი პაუზა გამოგვივიდა, არადა, სერიალი ყველას მოენატრა.

- ამასობაში ეკრანული შვილებიც წამოგეზარდათ. - კი, გაიზარდნენ პატარებიც, აღარ არიან პატარები. დიდებიდან კი ჯეკო, უფრო სწორად გიორგი, უკვე სტუდენტია. ბიზნესის მიმართულებით გააგრძელა სწავლა ჩემმა ეკრანულმა შვილმა. ქეთა, ანუ ტასუნა, მალე აბიტურიენტი გახდება.

- ჰგავხართ დათოს? ის უფრო აქტიური მამაა თუ ლევან ყოჩიაშვილი? - დათოსგან განსხვავებით, მე ორი შვილი მყავს. დათო ზეაქტიურია, აქტიურიც არ ჰქვია.

- ჰო, თითქოს გადარჩენისთვის იბრძვისო... - ცუდ დღეშია ნამდვილად. ნებისმიერი ადამიანისთვის ძნელია 6 შვილზე ზრუნვა. მე და ჩემს შვილებს ახლო ურთიერთობა გვაქვს, ვხუმრობ ხოლმე, მე და ჩემი კესო ერთად გავიზარდეთ-მეთქი. პატარა ვიყავი, რომ გაჩნდა. ბიჭთანაც მეგობრული ურთიერთობა მაქვს. კესუნა 23 წლისაა, ვასიკო - 13-ის. ვასიკომ "ჩემი ცოლის დაქალების" სამ სერიაში მიიღო მონაწილეობა, ტასუნას კლასელს თამაშობდა.

- რატომ გადაწყვიტეთ, რომ მსახიობი გამოსულიყავით? - დედაჩემი ექიმია და ბაბუაც ექიმი იყო. დიდი სურვილი მქონდა, მეც ერთ-ერთი იმათგანი ვყოფილიყავი, მაგრამ ბოლო მომენტში რეჟისორობა მოვინდომე. თუმცა იმ წელს არ იყო მიღება, ამიტომ ჩავაბარე სამსახიობოზე, ვფიქრობდი, რომ იქიდან გადავიდოდი სარეჟისოროზე. ასე დავრჩი მსახიობად... არაჩვეულებრივი ჯგუფი მყავდა: კოტე თოლორდავა, ნატო გაგნიძე...

- ვიცი, რომ თქვენ და კოტე თოლორდავას განსაკუთრებული მეგობრობა გაკავშირებდათ... - ჩვენ ერთ ჯგუფში მოვხვდით, მეტეხის თეატრშიც ერთად გაგვანაწილეს. მერე სერიალშიც ერთად მოვხვდით. ნათქვამი გვქონდა, ვისაც პირველად ეყოლებოდა შვილი, მეორე ჩვენგანი მოუნათლავდა. პირველი კესო გაჩნდა და კოტემ მონათლა. კარგი ნათლია იყო, კარგი ადამიანი, კარგი მსახიობი, კარგი ოჯახის შვილი, კარგი მეგობარი, კარგი მამა, ქმარი და შვილი. ძალიან გვაკლია ყველას.

- რამდენი წლის იყავით, კესო რომ გაჩნდა? - 20 წლის ვიყავი, კესო რომ გაჩნდა. ჩემი მეუღლე მარინა ყაჭაშვილი უცხო ენების სპეციალისტია. ჩვენ ერთი რაიონიდან ვართ, დედოფლისწყაროდან. მე აბიტურიენტობისას ჩემს მომავალ სიდედრთან ვემზადებოდი ინგლისურში და იქიდან დაიწყო ჩვენი ამბავი.

- ტრადიციული ქორწილი გქონდათ? - არ გავპარულვართ, მივედი და ხელი ვთხოვე მის მშობლებს...

- რას ამბობს მეუღლე, როცა დათოსა და ლევანს ადარებს? - ლევანი ჯობიაო.

- სერიალში გამოჩენამ რამდენად შეცვალა თქვენი ცხოვრება? - სრულიად შეცვალა, კარგისკენ. არავის ეგონა, ეს სერიალი თუ 10 წელიწადს გაგრძელდებოდა. 2011 წლის 24 ნოემბერს გავედით ეთერში და მიხარია, რომ ისევ ელოდებიან ახალი სეზონის დაწყებას. მსახიობისთვის დიდი გამართლებაა, რომ ამდენ ხანს ასეთ რეიტინგულ პროექტში ხარ და თან გდევს ხალხის სიყვარული.

- ცოტა დამღლელი ხომ არ არის 17 სეზონის განმავლობაში ყურადღების ცენტრში ყოფნა? - ეს ამ პროფესიის შემადგენელი ნაწილია. არ არის დამღლელი, მე მსიამოვნებს. მგონი, იტყუებიან ხოლმე, რომ ამბობენ, ყურადღებით დავიღალეო.

- შვილებს ურჩევთ, რომ თქვენი პროფესია აირჩიონ? - ერთხანს თითქოს უნდოდათ, მაგრამ რომ მიყურებენ, როგორ ვწვალობ, გადაუარათ. პატარა ქვეყანაში მსახიობობა ცოტა უმადური საქმეა. ძალიან უნდა გაგიმართლოს. მსახიობი ვერაფერს ირჩევ და წყვეტ, არაფრის ავტორი არა ხარ, - აქეთ გირჩევენ.

- ახლა რომ ირჩევდეთ პროფესიას, როგორ არჩევანს გააკეთებდით? - ალბათ, ისევ მსახიობობას ავირჩევდი.

- ახლახან 43 წლის გახდით, მოგვიანებით გილოცავთ... - გმადლობ. დაბადების დღე, პანდემიურად აღვნიშნე, საერთოდ არ მიყვარს დიდი აღნიშვნები.

- დათო რომ ყოფილიყო, მინიმუმ სამდღიან ქეიფს გამოიწერდა... - დათო ქეიფისთვის სულ მზად არის, მაგრამ მასაც აღარ აქვს ქეიფის დრო და ხასიათი, იმხელა უღელი ადგას.

- იცით, მომავალში რა ბედი ელის დათო გოცირიძეს? - არ ვიცით, რა ბედს დაგვიწერს ქეთი დევდარიანი. ივლისის ბოლოს მთავრდება სეზონი და მანამდე რა მოხდება, ჩემთვისაც საინტერესოა. მშვიდ ცხოვრებას ვუსურვებ დათო გოცირიძეს. მარტო დათოს კი არა, ყველას გისურვებთ.

- რა არის საჭირო ბედნიერი და დალაგებული ცხოვრებისთვის? - ცხოვრებაში ყველაფერი ერთმანეთზეა მიბმული, მარტო ვერ იქნები ბედნიერი ადამიანი, შენი ქვეყანა უნდა იყოს კარგად, ახლობლები. ვერც იმ საქმეს გააკეთებ კარგად, რომელსაც ემსახურები.