"ქუდის დახურვას და ქვეყნიდან გასვლას არ განვიხილავთ!"
"ქუდის დახურვას და ქვეყნიდან გასვლას არ განვიხილავთ!"
თითქმის 6 თვეა, "რიონის ხეობის მცველები" ნამოხვანჰესის შესაძლო აშენების გამო აქციებს მართავენ. ვითარება უკიდურესად გამწვავდა მას შემდეგ, რაც პოლიციამ აქციის მონაწილეთა­ კარვები აიღო. ამის შემდეგ პროტესტის ადგილად გუმათი იქცა. თუმცა 14 აპრილს, გამთენიისას, გუმათში პოლიციამ რკინის კედელი აღმართა, რასაც პროტესტი მოჰყვა და პოლიციამ რამდენიმე აქტივისტი დააკავა. შემდეგ მასშტაბური აქცია ქუთაისში გაიმართა. მონაწილეები ხელისუფლებისგან ისევ უკან, აქციის ადგილას დაბრუნებას ითხოვდნენ.

საპატრიარქომ მხარეებს­ დიალოგისკენ მოუწოდა. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია
ჯაღმაიძის თქმით, არის კითხვები კონტრაქტის პირობების შესახებ: "100 წლით მიწის გადაცემა­ კომპანიისთვის ძალიან ბევრ შეკითხვას ბადებს. ვფიქრობ, გაცილებით უფრო დიდი მსჯელობა უნდა გამართულიყო კონტრაქტში ასეთი პირობების ჩადებამდე, რათა მოსახლეობას ეს სცოდნოდა და არ ყოფილიყო სიურპრიზი". ხელისუფლება საპატრიარქოს განცხადებას გამოეხმაურა: "იმედია, საპატრიარქოს მოწოდების ფონზე, ყველა ამბიციას
გვერდზე გადავდებთ, შეწყდება რადიკალური მოწოდებები და დაუბრუნდება პროცესი დიალოგის მაგიდას", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ, რომლის გადადგომა რიონის ხეობის მცველების ერთ-ერთი მოთხოვნაა. რიონის ხეობის მკვიდრი, აქტივისტი ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ ისინი­ არა მარტო რიონის ხეობას იცავენ, არამედ ქვეყნის ინტერესს: "ჩვენ ვიცავთ საერთო ინტერესს. ჩვენ არა ვართ ჰესების საწინააღმდეგო მოძრაობა, უბრალოდ, საკითხი დგას ასე, რას ვთმობთ რის ფასად, რა დევს სასწორის მეორე მხარეს".

გასულ კვირას შეხვედრა გაიმართა აქციის აქტივისტებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის. ვარლამ გოლეთიანის თქმით, აქციის მონაწილეებმა სამი ძირითადი მოთხოვნა წამოაყენეს: "შეწყდეს რეპრესიული პოლიტიკა ხეობაში და იქიდან გამოვიდნენ პოლიციელები, შეწყდეს ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები, ნამოხვანში აუცილებლად უნდა დავაბრუნოთ კარვები და ამის შემდეგ ვესაუბროთ ხელისუფლებას ენერგოპოლიტიკის შესახებ".

17 აპრილის გამთენიისას სოფელ გუმათში პოლიციამ რკინის კედელი აიღო, რომელიც აქტივისტებს ნამოხვანისკენ სვლას უზღუდავდა. ამასთან, ხელისუფლებამ გადაწყვიტა შექმნას ექსპერტთა საბჭო, რათა სპეციალისტებმა ჰესთან დაკავშირებული დოკუმენტები დეტალურად შეისწავლონ.

ელენე ღუბიანური, კომპანია "ენკას" მთავრობასთან ურთიერთობის დირექტორი:

- შეხვედრა ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივით გაიმართა და მას დარგის ექსპერტებიც ესწრებოდნენ. ხალხის პროტესტის გათვალისწინებით მთავრობის შემოთავაზებას დავთანხმდით, რომ შეიქმნას ექსპერტთა სპეციალური კომისია, რომელსაც შესასწავლად გადავცემთ ჩვენს ყველა კვლევას. შეხვედრები გაგრძელდება, რათა თითოეულ კითხვას პასუხი გაეცეს. ახლა მოსამზადებელ ეტაპზე ვართ, ჯერ დიდი სამშენებლო სამუშაო არ დაწყებულა. რაც შეეხება კაშხლის მშენებლობას, სანამ ექსპერტთა კომისია არ წარმოადგენს დასკვნას, რომ ჩვენი კვლევები ვალიდურია, მშენებლობას არ დავიწყებთ.

- ბევრს საუბრობენ კაბალურ ხელშეკრულებაზე.
- ეს საერთაშორისო სტანდარტის დონეზე დამუშავებული საინვესტიციო ხელშეკრულებაა, რომლის შედგენაში მონაწილეობდნენ ავტორიტეტული იურიდიული­ ფირმები - როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო. ჩვენ ჩვენი გვყავდა, სახელმწიფოს - თავისი და დაიდო უმაღლესი ხარისხის ხელშეკრულება.

- ბევრი ქართველ ექსპერტებს არ ენდობა­ და უცხოელების ჩართვას ითხოვს.
- ქართველი ცნობილი ექსპერტებისა და კომპანიების, ასევე უცხოური ავტორიტეტული მეცნიერებისა და კომპანიების მომზადებული დოკუმენტი აბსოლუტურად აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნასა და სტანდარტს. ადგილობრივი ექსპერტების ჩართვაზე პატრონაჟი ახლა სახელმწიფომ აიღო, ის გადაწყვეტს, ვინ შევა კომისიაში.

- იმასაც ამბობენ, რომ თქვენი კომპანიის ხარჯზე სხვა კომპანიების ინტერესები ილახება.
- არ ვიცი, ვის რა პრეტენზია აქვს. ერთადერთი ვიცი, რომ "ენერგოპროს" არ სურს ნამოხვანჰესის აშენება. არ ვიცი, ამის უკან რა ინტერესები დგას, მით უფრო თავად "ენერგოპროა" კაშხლების მფლობელი საქართველოში და მხოლოდ ნამოხვანჰესი დააზიანებს გარემოს?

მას შემდეგ, რაც ხელი მოვაწერეთ მთავრობასთან ხელშეკრულებას, თითოეულ სოფელში სათემო საბჭოები შევქმენით, ხალხთან ერთად განვიხილავდით ჰესის ყველანაირ სარგებელს თუ მათ პრობლემებს. კომპენსაციაც გადავუხადეთ. ქვედა ნამოხვანის ზონაში იდენტიფიცი­რებულ 274 ოჯახთან ინდივიდუალურად მოლაპარაკება გვქონდა. 261 ოჯახისთვის კომპენსაცია სრულად გადახდილი გვაქვს, დარჩენილია 13 ოჯახი, რომლებთანაც ხელშეკრულებას უკვე ვაფორმებთ. წინააღმდეგი მხოლოდ ერთი ოჯახია.

ვისაც კომპენსაცია გადავუხადეთ, აქციაზე არ დგას. მთავარი მხარე, რომელიც დაინტერესებულია პროექტი უსაფრთხო იყოს, არის ინვესტორი, ზუსტად იმ ინვესტიციიდან გამომდინარე, რომელიც მან ამ უზარმაზარ პროექტში უნდა ჩადოს. იმას, რომ ქუდი დავიხუროთ და ქვეყნიდან გავიდეთ, არ განვიხილავთ.

"მერწმუნეთ, იმდენი რესურსი გვაქვს, არც ერთი მეზობლისგან არ დაგვჭირდება ელექტროენერგიის ყიდვა"

არ მინდა იმის წარმოდგენა, რომ ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო გარემოს დიდი საფრთხე ემუქრება. როდესაც ხალხი უნდობლობას უცხადებს სახელმწიფოსა და ინვესტორს, რას ვეუბნებით სხვა ინვესტორებს, რომლებსაც ქვეყანაში შემოსვლა სურთ, ვაფრთხობთ მათ?

ეს პროექტი საბჭოთა პერიოდიდან მუშავდება. მასზე მუშაობდნენ მეცნიერები და ექსპერტები. ჩვენი კომპანია მსოფლიოს 65 ქვეყანაში ოპერირებს და მისი კაპიტალი 5 მილიარდს შეადგენს, დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების პატრონია და ამდენწლიან რეპუტაციას პრობლემა შეუქმნას, გამორიცხულია. ჩვენს ინტერესში არ შედის ხელშეკრულების შეცვლა, იმედია, საქმე აქამდე არ მივა.


- გამოითქვა მოსაზრება, რომ კომპანიას გაწეული ხარჯი აუნაზღაურდეს და გაუშვან.
- ეს მეც გავიგე და სრულიად არ შეესაბამება ჰესის აშენების მოწინააღმდეგეების­ ნათქვამს, ჰესების აშენებას არ ვეწინააღმდეგებითო. ამ დროს კი ფულს აგროვებენ, კომპანია წავიდესო.

- უსაფრთხოების შესახებ კითხვებიც ხომ სამართლიანია?
- თუ მიწისძვრა მოხდა და ჰესს დაარტყა, ქუთაისს წალეკავსო, ეს მითია. ჩვენს ქვეყანას აქვს ჰიდრორესურსი, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. მერწმუნეთ, იმდენი რესურსი გვაქვს, არც ერთი მეზობლისგან არ დაგვჭირდება ელექტროენერგიის ყიდვა.

- სადავოა ტარიფიც, ამბობენ, რომ ძვირია.
- ამაზე სპეკულაციები მეც მსმენია. ამბობენ, რომ შემოტანილი დენი უფრო იაფია, 4 ცენტად შემოაქვთო. 6,2 ცენტი, რაც არის ფურცელზე, შეწონილი­ ტარიფით რომ გამოვიანგარიშოთ, გამოვა­ 4,9. იმპორტირებული რომ გაატარო პიკურ დროს, 8 ცენტამდე მაინც ადის. ენერგეტიკოსებს რომ ჰკითხოთ, გეტყვიან, რომ ძალიან კარგი ტარიფია. რეპუტაციასთან ერთად, ფასიც იყო მთავარი, რომ საერთა­შორისო ტენდერში ამ კომპანიას გაემარჯვა.

- სეისმურ კვლევებზეც კეთდება აქცენტ­ი.
- როდესაც ჩვენ ტენდერი მოვიგეთ, უკვე გარემოს დაცვის და მშენებლობის ნებართვაც არსებობდა, მაგრამ პროექტში პარამეტრების ცვლილებები შევიტანეთ და საჭირო შეიქნა ახალი გდს-ს გაკეთება.­ სეისმოლოგიურადაც კიდევ ერთხელ შევისწავლით.A არაერთი კვლევაა ჩატარებული და ამის დამადასტურებელ დოკუმენტებს ექსპერტები გაეცნობიან.

- სადავოა ამდენი წლით მიწების გადაცემის საკითხიც.
- მიწა საკმაოდ დიდია, ზოგი სახელმწიფო საკუთრებაა, ზოგი რეგისტრირებულიც არ იყო და მოსახლეობა ისე იყენებდა. არის ასევე კერძო საკუთრებაში არსებული მიწები. ყველა კატეგორიის მიწა სახელმწიფოს გავლით გადმოვა ჩვენთან სიმბოლურ ფასად. ოღონდ უნდა იცოდეთ, ხელშეკრულებაში კარგად და ნათლად არის პროცესი აღწერილი: ნებისმიერი დაურეგისტრირებელი მიწა, რომელსაც სახელმწიფოს ვთხოვ, ლარად კი არ არის გადმოცემული, სინამდვილეში სახელმწიფო­ მთხოვს - შენ მიდი ჩემს ტერიტორიაზე,­ დაურეგისტრირებელზე,­ ვინც მოიხმარს ჩემს მიწას და სარგებლობს, მას გადაუხადე თანხა, გააფორმე ხელშეკრულება, მერე მოდი ჩემთან და ამას დაგირეგისტრირებ, როგორც სახელმწიფო საკუთრებას, შევუცვლი კატეგორიას, როგორც არა სასოფლო­-სამეურნეოს და გადმოგცემ სიმბოლურ ფასადო. მიწა თითქოს სიმბოლურ ფასად მაქვს სახელმწიფოსგან გადმოცემული, მაგრამ ამის უკან არის 34 მილიონის გადახდა.

- სახელმწიფოს გავლით რატომ მოდის?
- იმიტომ, რომ სასოფლო-სამეურნეოა, არადა, არასასოფლო-სამეურნეო უნდა იყოს. ამის შეცვლის უფლება მხოლოდ სახელმწიფოს აქვს. ასევე არის სახელმწიფოს რეგისტრირებული მიწებიც, რომლებიც მართლაც სიმბოლურ ფასად გადმოგვეცა 99 წლით. იქ რეზერვუარი უნდა დავაგუბოთ. კაშხალი მინიმუმ 100 წელი ოპერირებს და რეზერვუარების ქვეშ მოქცეული მიწა პროექტის არ უნდა იყოს? ჩვენ ამ მიწაზე ძალიან დიდი ქონების გადასახადი წლები უნდა ვიხადოთ. სამართლებრივი პროცედურაა, ჯერ უნდა იყიდო მიწა, სხვანაირად ნებართვებს­ ვერ აიღებ და სახელმწიფო არ აგაშენებინებს არაფერს.

ხალხმა უნდა გაიგოს, მიწა თურქებს კი არ გადაეცათ, გადაეცა პროექტს. ვიყიდეთ ეს მიწა პროექტის მიზნებისთვის იმ მონაკვეთში სახელმწიფომ რაც მართლა სიმბოლურ ფასად გადმოგვცა, მაგრამ იმასაც მოჰყვება დიდი საინვესტიციო ვალდებულება, რომელიც რომ დათვალოთ, ცოტა არ გამოდის. თან არც გასხვისების უფლება გვაქვს, არც სხვა მიზნებისთვის მისი გამოყენების, მით უმეტეს, თურქების ჩამოსახლების, როგორც ბევრი ამბობს. ხალხს რომ არასწორად აწვდიან ინფორმაციას, ეს იწვევს ემოციურ ფონს.


"ამ ხელშეკრულებაში სახელმწიფოს ყველა ინტერესი დათმობილია"

დავით ჭიპაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია "მწვანე­ ალტერნატივის" წევრი:

- ამ პროექტს ხალხი არ ენდობა, მიზეზი ხელშეკრულების შინაარსია, რომელშიც აშკარად იკვეთება სახელმწიფო ინტერესის დათმობა. გაუგებარია, რა კვლევებს ეყრდნობოდა ეკონომიკის მინისტრი, როდესაც ამ კაბალურ ხელშეკრულებას ხელს აწერდა. მასში ჩანს კორუფციული გარიგებების ნიშნები. პროცესი ჩვეულ რეჟიმში რომ დაბრუნდეს, აუცილებელია მშვიდობიანი აქციებისთვის შეზღუდვების მოხსნა. ძალზე მნიშვნელოვანია მესამე, დამოუკიდებელი მხარის ჩართულობაც - ვგულისხმობ უცხოელი ექსპერტებისგან შექმნილ კომისიას, რომელიც არა მარტო გარემოზე ჰესის ზემოქმედებას შეაფასებს, არამედ კონკრეტულ და ობიექტურ დასკვნას მოგვცემს.

- სახელმწიფო თანახმაა ექსპერტთა საბჭოს შექმნაზე. წევრების სიაც გამოქვეყნდა.
- ისეთი კომისია უნდა შეიქმნას, რომელიც არც სახელმწიფოს და არც იმ კომპანიის დაფინანსებული არ იქნება. ეს უნდა იყოს ნეიტრალური აქტორი და ყველა დაინტერესებულ მხარეს როგორც ტექნიკური დავალების შემუშავების, ისე კომისიის საქმიანობაში მონაწილეობის უფლება უნდა ჰქონდეს. ჩვენ არაერთხელ შევთავაზეთ ხელისუფლებას ჰოლანდიის გარემოზე ზემოქმედების კომისიის ჩართვა, მაგრამ გასაოცარი­ პასუხი მივიღეთ, თურმე ეს კომისია "მწვანე ალტერნატივის" პარტნიორი ორგანიზაცია­ ყოფილა. მათი დაკავშირება ჩვენთან დიდი პატივია, მაგრამ ის არ არის ჩვენი პარტნიორი, ის ჰოლანდიის სახელმწიფოს ოფიციალური კომისიაა. ხელისუფლების შემოთავაზებულ ქართველ ექსპერტებს საზოგადოება არ ენდობა. ეს არ იქნება დამოუკიდებელი პროცესი, რადგან სახელმწიფო აფინანსებს ასეთ კომისიას. ამ დასახელებული წევრების სახელ-გვარებს თუ გადახედავთ, დარწმუნდებით, რატომ არ ენდობა საზოგადოება.

- თავად ხელშეკრულებას თუ გაეცანით და რა შენიშვნები გაქვთ?
- მეტსაც გეტყვით - ხელშეკრულება და პროექტი სრულიად ეწინააღმდეგება საქართველოს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს, თუნდაც ევროპის ენერგოთანამეგობრობის საკითხში. შესაძლებელია სწორედ ევროკავშირის ენერგოგაერთიანებას მივმართოთ, რათა დაგვახმარონ თავიანთი ექსპერტები და როგორც ხელშეკრულება, ისე მთლიანად პროცესი შეაფასონ. შინაარსის შეფასებასა და ანალიზს ჩვენ მალე გამოვაქვეყნებთ. მასში სახელმწიფოს ყველა ინტერესი დათმობილია, მათ შორის დისკრიმინაციული მიდგომაა სხვა კომპანიების მიმართ. ამ კომპანიას აქვს მიცემული ისეთი ტიპის­ უფლებები, რომელიც სხვას არა აქვს. მაგალითად, ექსკლუზიური დაშვება გადამცემ ხაზებზე, გადამცემი ხაზებით სარგებლობა უფასოდ, თან გადამცემი ხაზი უნდა გაიყვანოს ჩვენმა ქვეყანამ ევროპის რეკონსტრუქციის ბანკისა და სხვა ბანკების სესხებით. გადასახედია გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებაც, ე.წ. გაყოფილი შემოსავალი, რომ ტარიფი მაღალი არ გამოჩენილიყო. ერთი მხრივ, ჩვენ ვალდებული ვართ გადავიხადოთ თავდაპირველად 6,2 ცენტი, რომელიც ყოველწლიურად 3%-ით გაიზრდება, მეორე მხრივ, ჩვენ ამ კომპანიას დამატებით ვუხდით ე.წ. რეზერვის მომსახურების თანხას. მთლიანად ელექტროენერგიის ფასი 6,2 ცენტზე გაცილებით მაღალი გამოდის.

ვისმენთ იმ ტყუილსაც, რომ ამ ობიექტმა იმპორტი უნდა ჩაანაცვლოს და ქვეყნიდან შეწყდება ვალუტის გადინება. ხელშეკრულებაში კი წერია, რომ კომპანიას შეუძლია გახსნას ანგარიში უცხო ქვეყნის ბანკში, ხოლო სახელმწიფო ვალდებულია ელექტროენერგიის გაყიდვით მიღებული შემოსავლის აკუმულირება სწორედ ამ უცხოური ბანკის ანგარიშზე მოახდინოს, რაც ნიშნავს, რომ იმპორტთან არანაირი განსხვავება არ არის - როგორც იმპორტის შემთხვევაში გავიდოდა თანხა გარეთ, ასევე გავა "ნამოხვანჰესიდან" კიდევ მეტი. საოცარ ციფრებს ასახელებენ ჰესის მხარდამჭერები. საინტერესოა იმპორტის ფასების თაობაზე ოფიციალური ინფორმაცია, რომელიც ხელმისაწვდომი არ არის, არ ვიცით, რა ფასად ვყიდულობთ ელექტროენერგიას. ბევრი რამ არის დაფარული. წყლის რესურსები ავიღოთ. მაგალითად შვეიცარია მოჰყავთ. მაშინ ისიც ვიკითხოთ, შვეიცარიაში წყლის მოსაკრებელი რა თანხას შეადგენს, რამდენს იხდის ჰიდროელექტროსადგურის დეველოპერი ერთ კილოვატზე? შვეიცარიაში რომ აშენებულიყო "ნამოხვანჰესი", მარტო წყლის გადასახადის სახით კომპანიას ადგილობრივი­ თემებისთვის წელიწადში 46 მილიონის გადახდა მოუწევდა.

მიწაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, რიონის ხეობაში არსებული ყველა ჰესის მუშაობა ჩამოკიდებული იქნება "ნამოხვანის" მუშაობაზე, მაგალითად, ლაჯანურჰესი, რიონჰესი და გუმათჰესი - ისინი იაფ ელექტროენერგიას გამოიმუშავებენ, რადგან საბჭოთა კავშირის დროს აშენდა, ისინიც სრულად დამოკიდებული გახდებიან "ნამოხვანის" მუშაობაზე.

- თავად ჰესის აშენებას არ ეწინააღმდეგებით?
- ჰესის აშენება და ხარისხი ცალკე საუბრის თემაა. არც აქტივისტები არიან ჰესის აშენების წინააღმდეგი. ლაპარაკია საფრთხეებზე, ამ პროექტის დასაბუთების აუცილებლობაზე. ერთი ჰესი დაგვისახელეთ საქართველოში, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება. თუ ვაშენებთ, ავაშენოთ ისე, როგორც აშენებენ შვეიცარიაში, ავსტრიაში. 400 მილიონს რომ ისვრი შუახევჰესის მშენებლობაში, ორ თვეში რომ ჩამოგენგრევა გვირაბები და ამდენ მილიონ დოლარს იზარალებ, გამოდის გეოლოგიის სამსახურის უფროსი და უსირცხვილოდ ამბობს, რომ თურმე მშენებლებმა ცემენტი ვერ შეარჩიეს ხარისხიანი. ნამოხვანშიც რომ ვერ შეარჩიონ, რას ვეუბნებით მოსახლეობას?

- მაინც რა არის ამ ჩიხიდან გამოსავალი?
- უპირველესად რიონის ხეობის მცველებს მისცენ პროტესტის გამოხატვის საშუალება. უნდა მოიწვიონ ორი ტიპის უცხოური კომისია. ევროპის ენერგეტიკული თანამეგობრობის კომისიამ და ასევე მათი სამართლის სპეციალისტებმა შეაფასონ ხელშეკრულების შინაარსი და გააკეთონ დასკვნა, თუ რამდენად შეესაბამება ქვეყნის ინტერესებს და ჩანს თუ არა მასში კორუფციული გარიგების ნიშნები. თუ კაბალური ხელშეკრულება გავაფორმეთ, კომპანიას თავისი თანხა უნდა დავუბრუნოთ. შემდეგ ამ ზარალზე პასუხი უნდა მოვთხოვოთ იმათ, ვინც სახელმწიფოს სახელით ამას ხელს აწერენ.
ე.შ.
23 აპრილი 2021 00:38
''ხალხმა უნდა გაიგოს, მიწა თურქებს კი არ გადავეცით, გადაეცა პროექტს'' --- ნათქვამია სტატიაში. მსგავსი უაზრო, უსინდისო და უპასუხისმგებლო წინადადება ჯერ არ წამიკითხავს!!! უვიცს სხვაც უვიცი ჰგონია. კი მაგრამ ვინ არის ხალხი? ეს ის ხალხი ხომ არ არის, არჩევნებზე ხმებს რომ მათხოვრობთ მათგან? ეხლა გახდა ბრბო და ხალხი? ხალხი რომელსაც თურმე არ ესმის და ''უნდა გაიგოს?''. სასწრაფოდ დატოვოს თანამდებობა ყველა მოღალატემ და პირველ რიგში თურნავამ!!!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები