"ძალიან მტკივნეული იქნება, თუ სწორედ აღდგომაზე დაწესდა შეზღუდვები" - გამოცხადდება თუ არა მესამე ლოკდაუნი?! - კვირის პალიტრა

"ძალიან მტკივნეული იქნება, თუ სწორედ აღდგომაზე დაწესდა შეზღუდვები" - გამოცხადდება თუ არა მესამე ლოკდაუნი?!

"დღესდღეობით ჩვენ გვაქვს ორი საუკეთესო ვაქცინა - "ფაიზერი" და "ასტრაზენეკა". ამ ორ ვაქცინაზე უკეთესი მსოფლიოში არ არსებობს. ამ ვაქცინებს აქვთ ყველაზე მაღალი ეფექტიანობა და ყველაზე იშვიათი გვერდითი მოვლენები, მათ შორის სასიკვდილო გართულებები. თავიდან არაოფიციალურად გავრცელდა ვერსია, რომ "ფაიზერი" უფრო კარგია და რამდენიმე დღეში დაიჯავშნა აცრის ყველა ადგილი, "ასტრაზენეკაზე" კი არ ჩქარობდნენ ადგილების დაჯავშნას. საბედნიეროდ, ეს ტენდენცია შეიცვალა და ახლა "ასტრაზენეკა" უსწრებს "ფაიზერს"..."

მესამე ტალღა, ვაქცინაციის ტემპი, ჩინური ვაქცინა, ბრიტანული შტამი, - ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ვისაუბრეთ ქვეყნის მთავარ ინფექციონისტ თენგიზ ცერცვაძესთან.

- რამდენიმე დღეა ინფიცირებულთა ყოველდღიური მაჩვენებელი ათასის ფარგლებშია. ეს ნიშნავს, რომ მესამე ტალღა დაიწყო?

- არავის დაუდგენია, რამდენ ახალ შემთხვევაზე უნდა ვთქვათ, რომ მესამე ტალღა უკვე არის ან არ არის, ასე მკაცრად განსაზღვრული რიცხვი არ არსებობს. მაგრამ მსოფლიო გამოცდილებით თუ ვიტყვით, მესამე ტალღა საქართველოში ჯერ არ არის, უფრო მესამე ტალღის მისადგომებთან ვართ.

მისადგომებთან ყოფნაში იმას ვგულისხმობ, რომ ჯერ კიდევ შეგვიძლია ავიცილოთ თავიდან მესამე ტალღა, თუ დაუყოვნებლივ მივმართავთ რადიკალურ, პრევენციულ ზომებს. ეს არის ორი მიმართულება: ერთი - მასობრივი ვაქცინაცია, მაგრამ ეს დღეს და უახლოეს ერთ კვირაში ნაყოფს ვერ გამოიღებს, შედეგი იქნება მინიმუმ 1 თვეში ან ცოტა უფრო გვიანაც, მაგრამ აუცილებელია. ამიტომ ერთი და მთავარი მიმართულება რჩება - ვაქცინაციის მასშტაბის გაზრდა და მეორე, რომელმაც მესამე ტალღა უშუალოდ ახლა უნდა აგვაცილოს თავიდან, ეს არის რეგულაციების უპირობო აღსრულება - პირბადის სავალდებულო ტარება დახურულ და ღია სივრცეში, სოციალური დისტანცირება და ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის არიდება.

ჩვენთან შეზღუდვებიც მოიხსნა და რეგულაციების შესრულებაც შესუსტდა. ამან გამოიწვია ახალი შემთხვევების თანდათანობით მატება. თავიდან ეს არ ჩანდა საგანგაშოდ. თუ ადრე 100-200 შემთხვევა იყო, შემდეგ - 300, 400, შემდეგ - 500, 600, 700 გახდა და ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ათასს გადასცდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გაიზარდა მესამე ტალღის დაწყების რისკი. განსაკუთრებით კრიტიკული ერთი დღე იყო, როდესაც 1400-მდე შემთხვევა დაფიქსირდა და არსებობდა ნახტომისებური ზრდის გაგრძელების საფრთხე.

ხომ გახსოვთ, რა ხდებოდა ნოემბერ-დეკემბერში? ერთ დღეს ფიქსირდებოდა განსაზღვრული რაოდენობა, მეორე დღეს გაორმაგებული, მესამე დღეს გასამმაგებული და დღეში 4-5 ათას შემთხვევამდე ავედით. ახლა ათასის ფარგლებში შეჩერდა. თუ დროზე მოვეგებით გონს და შევასრულებთ რეგულაციებს, ვფიქრობ, ავიცილებთ მესამე ტალღას.

- არადა, წინ აღდგომის დღესასწაულია. - მით უმეტეს მეტი მონდომებით უნდა შესრულდეს ყველა რეგულაცია. აღდგომის დღესასწაულები წმიდათაწმიდაა ქართველებისთვის და ძალიან მტკივნეული იქნება, თუ სწორედ აღდგომაზე დაწესდა შეზღუდვები. ეს რომ არ მოხდეს, აღდგომისწინა პერიოდში ზედმიწევნით შევასრულოთ რეგულაციები.

- საზოგადოებაში მაინც არის ლოკდაუნის მოლოდინი. ჯერ ითქვა, 15 მაისს ჩაიკეტება ქვეყანაო, ახლა - 25-შიო. - როგორც ვიცი, არანაირი გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ქვეყნის ხელმძღვანელობა და საკოორდინაციო საბჭო იმოქმედებენ ვითარების მიხედვით. მსოფლიოში უკვე სარეკორდო ნიშნულზე ავიდა ახალი შემთხვევების რაოდენობა. ჩვენთან მდგომარეობა უარესდება, მაგრამ ბევრად უკეთესია როგორც ახალი შემთხვევების, ისე განსაკუთრებით გარდაცვალების მხრივ ევროპასა და ამერიკასთან შედარებით.

პირველი ლოკდაუნი მტკივნეული იყო, მეორე - უფრო მტკივნეული. ევროპის ქვეყნებსა და ამერიკაში უკვე მესამე ლოკდაუნია და ზოგ ადგილას - მეოთხე.

მესამე ლოკდაუნი ჩვენთვის ძალიან მტკივნეული იქნება. ისედაც სერიოზული სოციალური და ეკონომიკური პრობლემები შეექმნა მოსახლეობას. ბევრმა შემოსავალი დაკარგა ან შეუმცირდა. ეკონომიკის რეცესია მოხდა. მძიმე იყო ნოემბერ-დეკემბერი, როდესაც კლინიკური სექტორი უკიდურესად გადაიტვირთა, როდესაც უკვე ჭირდა პაციენტთა ნაკადების მართვა, იგვიანებდნენ სასწრაფოები, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ძალიან კარგად იყო მომზადებული და მაქსიმუმს აკეთებდა, მაგრამ დღეში 5 ათასი ახალი შემთხვევა რომ გექნება, რაც უნდა კარგად მომზადებული იყოს ჯანდაცვა, რესურსსაც ზღვარი აქვს, მით უმეტეს, ჩვენისთანა ეკონომიკურად არცთუ ძლიერ ქვეყანაში. ამის გამეორება ძალიან მტკივნეული იქნება და ეს არ უნდა დავუშვათ.

- ვისაუბროთ ვაქცინაციაზეც, რომელიც "ფაიზერითა" და "ასტრაზენეკათი" მიმდინარეობს, შემოტანილია "სინოფარმიც". როგორ დაახასიათებთ ამ ვაქცინებს? - დღესდღეობით ჩვენ გვაქვს 2 საუკეთესო ვაქცინა - "ფაიზერი" და "ასტრაზენეკა". ამ 2 ვაქცინაზე უკეთესი მსოფლიოში არ არსებობს. ამ ვაქცინებსაც აქვთ გვერდითი მოვლენები, ერთეული სასიკვდილო შემთხვევები მსოფლიოში და სამწუხაროდ, ერთი შემთხვევა საქართველოშიც იყო, მაგრამ არ არსებობს ვაქცინა გვერდითი მოვლენებისა და ერთეული ფატალური შედეგების გარეშე. ჩვენ გვაქვს ვაქცინები, რომელთაც აქვთ ყველაზე მაღალი ეფექტიანობა და ყველაზე იშვიათი გვერდითი მოვლენები, მათ შორის სასიკვდილო გართულებები - ვგულისხმობ "ფაიზერსა" და "ასტრაზენეკას". თავიდან არაოფიციალურად გავრცელდა ვერსია, რომ "ფაიზერი" უფრო კარგია და რამდენიმე დღეში დაიჯავშნა აცრის ყველა ადგილი, "ასტრაზენეკაზე" კი არ ჩქარობდნენ ადგილების დაჯავშნას. საბედნიეროდ, ეს ტენდენცია შეიცვალა და ახლა "ასტრაზენეკა" უსწრებს "ფაიზერს".

დღეისთვის უკვე 26 000 კაცია აცრილი, აქედან ჩემი ინფორმაციით, 11 000 "ფაიზერით", ხოლო 15 000 "ასტრაზენეკათი".

მსოფლიოში ყველაზე მაღალრეიტინგული, ლიდერი ქვეყნების ხელმძღვანელების პირველი პირების უმეტესობა აიცრა და დღესაც იცრებიან "ასტრაზენეკათი". მაგალითად, ინგლისის პრემიერი ბორის ჯონსონი, რომელსაც ნებისმიერ ვაქცინაზე მიუწვდებოდა ხელი, ასევე საფრანგეთისა და სერბეთის პრემიერები, ტაილანდის პრემიერი, იტალიის და სხვა. ახალი ცნობით, გერმანიის კანცლერიც "ასტრაზენეკათი" აიცრა. გერმანია იყო ის ქვეყანა, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა შეაჩერა "ასტრაზენეკას" გამოყენება, რადგან ეჭვი შეიტანა, ხომ არ იყო თრომბოზისა და სხვა სასიკვდილო გართულებების გამომწვევი. ეს გახდა შემდგომ მიზეზი ჩვენს ქვეყანაში "ასტრაზენეკას" ნაკლები პოპულარობისა, მაგრამ უკვე ყველა ქვეყანამ აღადგინა მისი გამოყენება.

კიდევ ერთი საინტერესო მომენტი - საქართველოში პრაქტიკულად ყველა ცნობილი პირი, იმისთვის, რომ ხალხისთვის მაგალითი მიეცათ, "ასტრაზენეკათი" აიცრა, მათ შორის იყვნენ პრეზიდენტი, ჯანდაცვის მინისტრი, თსუ-სა და ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორები...

- ვაქცინაციის ტემპი ამ ეტაპისთვის მისაღებია? - ვაქცინაციის ტემპმა მოიმატა, მაგრამ არასაკმარისად. ახლა დღეში 1500 კაცს ვცრით, ეს ბევრად მეტია, ვიდრე თავიდან - პირველი 10 დღის განმავლობაში სულ 1000-მა კაცმა გაიკეთა ვაქცინა. დღეში 6 ათასი ვაქცინაცია უნდა გვქონდეს, რომ წლის ბოლომდე გავასრულოთ მოსახლეობის 65%-ის ვაქცინაცია, რაც პანდემიის დაძლევის წინა პირობად ითვლება.

თუ 65% იქნება ვაქცინირებული, ამას დაემატება ის 20-30%, ვისაც გადატანილი აქვს "კოვიდი", გამოვა, რომ მთელ მოსახლეობას ექნება იმუნური ფენა. ამას რომ მივაღწიოთ, 3-4-ჯერ უნდა გაიზარდოს დღევანდელი მომართვიანობა.

თუ თავიდან იყო 24 ვაქცინაციის ცენტრი, ახლა ასამდე სამედიცინო დაწესებულება აწვდის ამ სერვისს. კიდევ ერთი რამ - უსაფრთხოება. ხანდახან გვსაყვედურობენ, თქვენ არ იყავით საკმარისად მომზადებულებიო. არ დაიჯეროთ! საქართველოს ვაქცინაციის მიმწოდებელი სერვისები მსოფლიოში საუკეთესოა. არა იმიტომ, რომ ჩვენ სხვებზე უკეთესი მედიცინა გვაქვს. არა, ჩვენ ევროპის და ამერიკის ქვეყნებზე ბევრად სუსტი მედიცინა გვაქვს, მაგრამ საქმისადმი მიდგომა იყო ასეთი - უცხოეთში ვაქცინაცია ხდება სუპერმარკეტებში, აფთიაქებში, სპორტულ მოედნებზე... ჩვენთან ვაქცინაცია მიმდინარეობს მხოლოდ და მხოლოდ სათანადოდ აღჭურვილ კლინიკებში გადამზადებული მედპერსონალის მეშვეობით. ამიტომ უსაფრთხოება გარანტირებულია. სპეციალური სამსახურის ცნობით, ვინც ვაქცინების ეფექტს აკვირდება, ყოველი 300-დან 500-მდე (სხვადასხვა მონაცემით) ვაქცინაცია ნიშნავს 1 გადარჩენილ სიცოცხლეს. ჩვენთან 26 ათასი აიცრა ნიშნავს 52 გადარჩენილ სიცოცხლეს.

- ჩინურ ვაქცინას აქვს თუ არა ავტორიზაცია და რამდენად უსაფრთხოა? - ჩინელებს ვაქცინის მწარმოებელი 2 ძირითადი ფირმა აქვთ: "სინოვაკი" და "სინოფარმი". ჩვენთან შემოტანილია "სინოფარმის" ვაქცინა. უამრავი ქვეყანა ამ კომპანიის ვაქცინით იცრება. ჯანდაცვის სამინისტრომ 100 ათასი დოზა შემოიტანა. რაც შეეხება აღიარებას, ამ ვაქცინას ჯერჯერობით არა აქვს ჯანმოს აღიარება, აქვს ცალკეული ქვეყნების, სადაც ის გამოიყენება, მაგალითად, ჩინეთის, თურქეთის, ბრაზილიის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, სერბეთის და ა.შ. მნიშვნელოვანია, რომ ჯანმო იძლევა უფლებას გამოიყენო ვაქცინა, თუ მას 1 მკაცრი მარეგულირებლის აღიარება მაინც აქვს. მკაცრი მარეგულირებლების ჩამონათვალში შედიან მხოლოდ ის ქვეყნები, რომელთა მარეგულირებლის ავტორიტეტი აღიარებულია. ამ ჩინურ ვაქცინას უნგრეთის აღიარება აქვს - უნგრეთში სწორედ ეს ვაქცინა იხმარება. ეს საკმარისია იურიდიულად, რომ საქართველომაც გამოიყენოს.

როგორც ვიცი, იმუნიზაციის საბჭოს სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ჩინურ ვაქცინაზე მსურველებისთვის რეგისტრაცია დაიწყოს 27 აპრილს, ვაქცინაცია - 4 მაისს, მას შემდეგ, რაც საერთაშორისო აღიარებას მიიღებს.

- "სინოფარმს" რა გვერდითი მოვლენები აქვს? - ვაქცინებს დაახლოებით ერთი და იგივე გვერდითი მოვლენები აქვთ, მაგრამ "სინოფარმს" ნაკლები აქვს, ვიდრე "ფაიზერსა" და "ასტრაზენეკას", ვინაიდან ტრადიციული ტექნოლოგიით არის დამზადებული. მაგალითად, თრომბოზის შემთხვევები ამ ვაქცინას საერთოდ არა აქვს, არც სიკვდილობის შემთხვევა დაფიქსირებულა. ასე რომ, უსაფრთხოება ჩინურ ვაქცინას მეტი აქვს, ვიდრე "ფაიზერსა" და "ასტრაზენეკას", მხოლოდ ეფექტიანობით შესაძლებელია ცოტათი ჩამორჩება.

- ხშირად სვამენ ასეთ შეკითხვას: "რომ ავიცრები, ესე იგი, აღარ დამემართება კოვიდი? თუ მაინც უნდა დამემართოს, რატომ ავიცრა?" - დღევანდელი გამოცდილებით ვაქცინების უმეტესობა გარანტირებულად იცავს ადამიანს ვირუსის მძიმე ფორმებისა და სიკვდილისგან, მაგრამ მსუბუქი ფორმისგან ყოველთვის ვერ იცავს. ვაქცინის დანიშნულებაა, რომ სიკვდილობა დაიყვანოს ნულამდე, ასევე იცავს დაავადებისგან, მაგრამ არა მაღალი პროცენტით.

- "ფაიზერის" სრულად ვაქცინაციიდან 6-12 თვის განმავლობაში ვაქცინის მესამე დოზის მიღება, შემდეგ კი ყოველწლიური რევაქცინაცია იქნება საჭიროო, აცხადებს "ფაიზერის" დირექტორი. რას ამბობენ ამით? - "ფაიზერის" ვაქცინით გამომუშავებული იმუნიტეტი 6-12 თვეს ძლებს. "კოვიდის" ვაქცინები მთელი სიცოცხლე არ იძლევა იმუნიტეტს.

- თუ რომელიმე აცრა გაქვს გაკეთებული, კოვიდზე აცრა რამდენ ხანში შეიძლება? - 2 კვირაში.

- ახლა ჩვენთან ძირითადად ბრიტანული შტამია გავრცელებული. განსხვავებული სიმპტომები აქვს? - ზოგიერთმა დაწერა, რომ თითქოს უფრო მძიმედ მიმდინარეობს, მაგრამ ჩვენ ჯერ ეს არ შეგვიმჩნევია. განსხვავება ის არის, რომ ის უფრო ადვილად გადადის, სწრაფადაც ვრცელდება და უფრო ახალგაზრდებს აინფიცირებს.