"ხაშურის ფიროსმანი" - კვირის პალიტრა

"ხაშურის ფიროსმანი"

"ვეფხისტყაოსნის" რამდენიმე კარგი რუსული თარგმანი ჰქონდა, მათ კითხულობდა და მერე სახლის კედლებზე ილუსტრაციებს ხატავდა. არ მახსოვს მამას სუფრაზე ავთანდილის, ტარიელის და ფრიდონის სადღეგრძელო არ ეთქვა, განსაკუთრებით ტარიელს აღმერთებდა..."

ნამდვილ ფასეულობებს დრო ვერ ჩრდილავს, პირიქით, ნათელს ჰფენს და უფრო საჩინოს ხდის. ვინ იცის, ამაზე მერამდენედ დავფიქრდი, როდესაც ხაშურელი მწერლის, მურად მთვარელიძისაგან ერთი უკრაინელი კაცის, პეტრე ტარანის შესახებ შევიტყვე. პეტრე ტარანი ამ ქალაქს 33 წლის განმავლობაში "ვეფხისტყაოსნის" სცენებით ხატავდა. როდესაც "ხაშურის ფიროსმანი" ქუჩებში საღებავებით სავსე ჩანთით ჩაივლიდა, ყველამ იცოდა, რომ მას იმ დღეს რომელიმე ხაშურელის სახლი უნდა მოეხატა და ამ სახლის კედლებზე სულ მალე გაჩნდებოდნენ ავთანდილი ან ტარიელი, თინათინი ან ნესტან-დარეჯანი, ან სულაც ქაჯეთის ციხე. დღეს მურად მთვარელიძე მთელ ხაშურში დაეძებს პეტრე ტარანის მოხატულ სახლებს. "ხაშურის ფიროსმანის" ერთადერთი ქალიშვილის, ელენე ტარანის სახლიც მანვე მიგვასწავლა. ელენე ამ ქალაქში დაიბადა და ამ პატარა ქალაქს ელენეც ისევე უყვარს, როგორც მისი მშობლები უყვარდა.

- მამაჩემის გარდაცვალებიდან თითქმის 40 წელია გასული და იგი თითქოს აღარავის უნდა ახსოვდეს, მაგრამ მისი სახელი დღესაც სულ თან დამდევს, დღესაც პეტრე ტარანის ქალიშვილი უფრო ვარ, ვიდრე ელენე ტარანი, ახლაც მამაჩემის ჩრდილს ვაფარებ თავს და როდესაც მას ჩემს ქალაქში სიყვარულით იხსენებენ, სიხარულისაგან ხან მეცინება, ხან მეტირება, ის ტრაგედიები მახსენდება, ჩემმა მშობლებმა რომ გამოიარეს. ისინი სწორედ ამ ტრაგედიების გამო ჩამოვიდნენ საქართველოში. დედაჩემს ნათესავები მაინც დარჩა უკრაინაში, მამას კი აღარავინ ჰყავდა - თუ ვინმე ან რამე ებადა უკრაინაში, ყველაფერი ომმა გაუნადგურა.

მამაც და დედაც სასწაულით გადაურჩნენ სიკვდილს. დედაჩემი უკრაინის ოკუპაციისას ტყვედ წაიყვანეს გერმანიაში, მამაჩემი კი სამხედრო ქირურგი იყო. ხომ ძალიან დიდი დრო გავიდა, მაგრამ დღესაც ნათლად წარმომიდგება ხოლმე ხაშურში, ჩვენს ბარაკში მყოფი მამა, რომელიც ტკივილით ამბობდა, ჩემი ოჯახიდან მარტო მე დავრჩი, ხესავითო. მაგრამ დედას და მამას ერთმანეთი უკრაინაში არ გაუცნიათ. ომის შემდეგ ორივე ცალ-ცალკე ჩამოვიდა საქართველოში, როგორც ბევრი უკრაინელი, რომლებიც საქართველომ გადაარჩინა. ისინი ერთმანეთს ბათუმში შეხვდნენ და დაქორწინდნენ.

- ალბათ, ერთმანეთისთვის იყვნენ დაბადებული, ამხელა გზის გამოვლის შემდეგ რომ შეხვდნენ ერთმანეთს.

- სანამ მე დავიბადებოდი, ჩემს დედ-მამას 3-4 წლამდე მიღწეული შვილები ეხოცებოდათ, ჩემამდე ოთხი შვილი მოუკვდათ.… მამაჩემი საუკეთესო ექიმი იყო, მაგრამ ვერ გაიგო, ეს რატომ ხდებოდა. მამა თავის პროფესიაზე არასდროს ლაპარაკობდა, ბავშვობიდან მახსოვს, როგორ დადიოდა ჩვენს ბარაკში ხაშურის საავადმყოფოს დირექტორი და მამაჩემს ეხვეწებოდა, შენისთანა კარგი ექიმი როგორ უნდა გაცდეს, გთხოვ, საავადმყოფოში მოხვიდე და მუშაობა დაიწყოო, მაგრამ მამა ცოცხალი თავით არ სთანხმდებოდა. ხაშურში მაშინ გადმოვიდნენ საცხოვრებლად, როდესაც დედას მძიმე პლევრიტი დაემართა და ექიმმა უთხრა, თუ სურამში არ წახვალ საცხოვრებლად, მოკვდებიო. მაშინ უკვე ხაშურში ცხოვრობდა უკრაინიდან ჩამოსული დეიდაჩემი. დედა და დეიდა ხაშურის რკინიგზაში მუშაობდნენ და ეკლესიაში გალობდნენ. ორივე ისეთი მორწმუნე იყო, უფალს მადლობას წარსულის ტკივილების გამოც სწირავდნენ. დეიდაჩემი რომ არა, ალბათ, ჩემი ბავშვობა ძალიან მძიმე იქნებოდა - ჩვენს ბარაკში პურის უკანასკნელი ნამცეციც რომ გაქრებოდა, დეიდა შემოგვაწვდიდა ხოლმე საჭმელს.

- ამ დროს მამათქვენი არ მუშაობდა? - ექიმად არა, თორემ როგორც მხატვარი, შეუსვენებლივ მუშაობდა.

- ექიმად რატომ არ მუშაობდა? - იმიტომ, რომ ხშირად სვამდა. დედა სულ ნერვიულობდა. ყველა როდი უმკლავდება ასეთ ტრაგედიებს და ვერც მამა გაუმკლავდა. ამიტომ დაიწყო სხვა საქმე - ხატვა. ძალიან კარგად მახსოვს, დღე არ გავიდოდა, ჩვენთან ვინმე არ მოსულიყო და მამა რამის დასახატავად არ წაეყვანა, მაგრამ ეს არ იყო გარანტია, რომ შემოსავალი გვექნებოდა - მამა ხომ ჩალის ფასად ან სულაც უფასოდ ხატავდა. რაზეც დედა მწარდებოდა - ამდენს მუშაობ და ასე ღარიბულად როდემდე უნდა ვიცხოვროთ, შინ რამე მოიტანეო, მაგრამ მამას რა უნდა მოეტანა, როცა თითქმის არაფერს იღებდა და რასაც იღებდა, ან მეგობრებთან ხარჯავდა, ან - საღებავებში. არ მახსოვს, იაფფასიანი საღებავი ეყიდა.

მთელ ხაშურში დაატარებდნენ, მთელი ქალაქი მისი მოხატული იყო. სადაც კი გაიხედავდი, კორპუსებზე, საბავშვო ბაღებში, აფთიაქებში - ყველგან მისი ნახატები იყო და არა მხოლოდ "ვეფხისტყაოსნიდან".

"მამაც და დედაც სასწაულით გადაურჩნენ სიკვდილს. დედაჩემი უკრაინის ოკუპაციისას ტყვედ წაიყვანეს გერმანიაში, მამაჩემი კი სამხედრო ქირურგი იყო. ხომ ძალიან დიდი დრო გავიდა, მაგრამ დღესაც ნათლად წარმომიდგება ხოლმე ხაშურში, ჩვენს ბარაკში მყოფი მამა, რომელიც ტკივილით ამბობდა, ჩემი ოჯახიდან მარტო მე დავრჩი, ხესავითო. მაგრამ დედას და მამას ერთმანეთი უკრაინაში არ გაუცნიათ. ომის შემდეგ ორივე ცალ-ცალკე ჩამოვიდა საქართველოში, როგორც ბევრი უკრაინელი, რომლებიც საქართველომ გადაარჩინა. ისინი ერთმანეთს ბათუმში შეხვდნენ და დაქორწინდნენ"

- ლამის მთელი ხაშური "ვეფხისტყაოსნით" არის მოხატული. - არა მხოლოდ ქალაქი, ხაშურის სოფლებშიც უამრავია მამაჩემის მოხატული სახლი. ღამით თუ მის ოთახში შეიხედავდი, ხელში მუდამ წიგნი ეჭირა, განსაკუთრებით პოეზია უყვარდა. ხაშურში დღესაც მეუბნებიან, როგორ უყვარდა მამაშენს მაიაკოვსკი, რა კარგად კითხულობდაო. მაიაკოვსკის ყველა ლექსი ზეპირად იცოდა. სხვათა შორის, თითქოს გარეგნობითაც ჰგავდა - ლამაზი კაცი იყო, მაღალი. "ვეფხისტყაოსნის" რამდენიმე კარგი რუსული თარგმანი ჰქონდა, ამ თარგმანებს კითხულობდა და მერე სახლის კედლებზე ილუსტრაციებს ხატავდა. არ მახსოვს მამას სუფრაზე ავთანდილის, ტარიელის და ფრიდონის სადღეგრძელო არ ეთქვა, განსაკუთრებით ტარიელს აღმერთებდა. მამა ამბობდა, ტარიელი ნამდვილი ქართველია, ლამაზი და ვაჟკაციო. სხვათა შორის, უკრაინიდანაც რამდენჯერმე შემოუთვალეს, ჩამოდი, ექიმები გვჭირდებაო, მაგრამ არ წავიდა - ვინც საქართველოს წყალს დალევს, ამ ქვეყნიდან ვეღარსად წავაო.

ჩვენმა ქალაქმაც შეიყვარა მამა. როდესაც ინსულტი დაემართა და ლოგინად ჩავარდა, ოთხი წლის განმავლობაში მასთან უამრავი ხაშურელი დადიოდა. ეს როგორ დამავიწყდება?! 18 წლისა დავინიშნე, ოჯახის შექმნას ვაპირებდი და მამა სწორედ ამ ნერვიულობის გამო გახდა ავად. არ ვიცი, ის განიცადა, ნაადრევად რომ ვთხოვდებოდი, თუ ის, რომ ერთადერთი შვილი მისი სახლიდან მიდიოდა. მე ქორწილი გადავდე და ოთხი წელი ლოგინად ჩავარდნილ მამას ვუვლიდი - დედა ამხელა ტვირთით მარტო ვერ დავტოვე, მერე კი ამ ქორწინებაზე საერთოდ უარი ვთქვი. მხოლოდ წლების მერე ვიქორწინე. მეც ბევრი რამ გადავიტანე - შვილი მომიკლეს, 20 წლის ბიჭი, მაგრამ ჩემი ქალაქის სიყვარული მაცოცხლებს. მაცოცხლებს ის, რომ ამ ქალაქში ჩემი მშობლები უყვარდათ. როდესაც მამაჩემს ახსენებენ, ამბობენ, ეგ "ხაშურის ფიროსმანი" იყოო.

შეიძლება მამაჩემის მოხატული სახლები ხელიდან ხელში გადავიდეს, სხვამ იყიდოს, მაგრამ ახალი პატრონიც ხომ იკითხავს, ვინ დახატა ეს, ვინ არის ავტორიო. ეტყვიან, რომ პეტრე ტარანი, "ხაშურის ფიროსმანი" ხატავდა ამ სახლებს და მისი ნიჭის შესახებ მეტი ადამიანი გაიგებს. ასე რომ, მე ამ ქალაქიდან ვერასოდეს წავალ, ვერ დავტოვებ ჩემი მშობლებისა და შვილის საფლავებს. ეს იცის ჩემმა მეორე შვილმაც, იცის, რომ მიწა, რომელზეც ვცხოვრობთ, ჩვენთვის ერთადერთია, ძვირფასია და მაცოცხლებელი და აქ უნდა ვიყოთ. ვფიქრობ, ეს ცხოვრებაში ყველაზე დიდი ცოდნაა.