"სახლი უცებ გაივსო ხალხით. გონზე რომ მოვედი, კარგა ხანს ვერ ვიჯერებდი მომხდარს"
25-04-2021
"სახლი უცებ გაივსო ხალხით. გონზე რომ მოვედი, კარგა ხანს ვერ ვიჯერებდი მომხდარს"
ფოტო:13 წლის გვანცა გვაძლევდა ძალას, რომ ყველაფერი დაგვეძლია. 22 წლის ვიყავი, როდესაც სიყვარულით გავთხოვდი და ეს სიყვარული განსაცდელმა უფრო გააძლიერა
მარი მირუაშვილი მაშინ 24 წლის იყო, იმედითა და ოცნებით სავსე მეუღლესთან ერთად გეგმავდა მომავალს, თუმცა ერთ დღეს ყველაფერი შეიცვალა - 2007 წლის ოქტომბერში მშობიარობის­ შემდეგ იშვიათი დაავადება დაუდგინდა - ოპტიკური ნეირომიელიტი და მშობიარობიდან ორ თვეში ეტლი დასჭირდა. მიუხედავად ტკივილისა, რასაც დღემდე განიცდის, მისგან უდიდესი ძალა და ნებისყოფა იგრძნობა და უნებურად ფიქრობ, რომ არაფერია შეუძლებელი, თუკი მოინდომებ.

- მშობიარობიდან ორი თვე კარგად ვიყავი, ერთ დღეს კი გავიღვიძე და ვეღარ ავდექი. როგორც
მითხრეს, ეს იშვიათი­ დაავადება არასტერილურმა ინსტრუმენტმა გამოიწვია, რომელიც ზურგის ტვინში მოხვდა და აქედან გავრცელდა ინფექცია. მახსოვს, ხმას ვერ ვიღებდი, საავადმყოფოში არ მივყვებოდი სასწრაფოს, ბავშვი ბუნებრივ კვებაზეა და რომ მოშივდება, იტირებს-მეთქი. ვერ გავიაზრე, რა ხდებოდა. სახლი უცებ გაივსო ხალხით. გონზე რომ მოვედი, კარგა ხანს ვერ ვიჯერებდი
მომხდარს, მეგონა, რამდენიმე დღეში თუ არა, რამდენიმე კვირაში მაინც გავივლიდი...


სახლი გავყიდეთ და თანხა ჩემს მკურნალობას მოვახმარეთ, მაგრამ ფეხზე მაინც ვერ დავდექი. დღემდე ქირით ვცხოვრობთ. ბინის ყიდვაზე აღარც ვოცნებობთ. რეაბილიტაციას დიდი თანხა სჭირდება, მუდმივად საჭიროა მასაჟი, გამგეობა კი 3-4 თვეში ერთხელ ღირებულების ნახევარს მიფინანსებს - 10 მასაჟი თუ ღირს 600 ლარი, მხოლოდ 300 ლარს მიხდიან, არადა, ჩემს მდგომარეობაში 10 მასაჟი ზღვაში წვეთია.

13 წლის გოგონა გვყავს, გვანცა. სწორედ ის გვაძლევდა ძალას, რომ ყველაფერი დაგვეძლია. 22 წლის ვიყავი, როდესაც სიყვარულით გავთხოვდი და ეს სიყვარული ამხელა განსაცდელმა უფრო გააძლიერა. როდესაც იტყვიან ხოლმე, ფული რომ თავდება, სიყვარულიც ქრებაო, ძალიან ვბრაზდები. მე ვარ მაგალითი, რომ ასე არ არის! გააქრო კი არა, ამ პრობლემებმა უფრო გააძლიერა ჩვენი გრძნობა, ოღონდ ეს იყო სიყვარული და არა - სიბრალული.

გულში ხინჯად მაქვს ერთი ამბავი - ერთ-ერთ გადაცემაში მაია ასათიანს კახი კავსაძე ჰყავდა სტუმრად და უთხრა, ისეთი სიყვარული, როგორიც თქვენ გქონდათ ბელას მიმართ, არ არსებობსო. მაშინ ვთქვი, მიმიწვიეთ და ნახავთ, თუ არ არსებობს-მეთქი. რამდენი ასეთი წყვილია ჩემ გარშემო, მაგრამ მათ საზოგადოება არ იცნობს.


ამ ყველაფერს დაემატა ის, რომ რამდენიმე წელში, გვანცა ჯერ კიდევ ბაღში დადიოდა, მეუღლეს ტუბერკულოზის მძიმე ფორმა დაუდგინდა. ორწლიანი მკურნალობის შემდეგ,­ რომ გვეგონა ყველაფერი დასრულდა, ძვალსახსროვანი სისტემის ტუბერკულოზი აღმოაჩნდა, რაც თურმე ამ დაავადების თანმხლები იყო. ხელახლა გავიარეთ ორწლიანი მკურნალობის კურსი. მადლობა ღმერთს, აჯობა ამ დაავადებას. ამჟამად მუშაობს, თუმცა სრული ფიზიკური დატვირთვით ვერ ახერხებს. ყველაფრის მიუხედავად, არ ჩავკეტილვარ, სამყარო არ შემძულებია და არ გავბოროტებულვარ.

არასდროს დამცდენია წუთისოფლისა და უფლის მიმართ სამდურავი. უფალს მხოლოდ ერთს ვთხოვ, ტკივილების გაძლებაში დამეხმაროს. მუდმივი ჯდომის გამო ძვლოვანი წანაზარდებიც გამიჩნდა, რამაც მენჯ-ბარძაყის სახსარი დამიზიანა.

alt

- ყველაზე მეტ პრობლემას რა გიქმნით, როგორც შშმ პირს?
- პანდუსები. ახალა­შენებულ კლინიკებშიც ბევრგან ტრამპლინია პანდ­უსის ნაცვლად - არასწორად არის გაკეთებული­ და ორი დამხმარე მაინც გჭირდება,­ რომ უსაფრთხოდ შეძლო იქ ასვლა-ჩამო­სვლა. მაწუხებს საზოგადოებაში გავრცელებული სტიგმაც. ექიმები ხშირად შენ კი არ გელაპარაკებიან მდგომარეობის შესახებ, არამედ - პატრონს, ვითომ იქ არც ხარ. რატომღაც ჰგონიათ, რომ ვერ გაიგებ, რასაც გეუბნებიან. ამის შემდეგ აღარ გიკვირს, ქუჩაში გამვლელი სიბრალულით რომ შემოგხედავს. ზოგი მეკითხება, რა მჭირს, რატომ დამემართა. როცა დრო მაქვს, ვპასუხობ...

- როგორია იყო დედა შეზღუდული შესაძლებლობებით?
- მტკივნეულად განვიცდიდი, რომ გვანცა ვერც ბაღში დამყავდა და ვერც - სკოლაში. ჯერ იმიტომ, რომ ეტლში ვერ ვჯდებოდი და მერე - არაადაპტირებული გარემოს გამო. ჩემ შვილსაც უნდოდა, სხვისი დედებივით მეც მივსულიყავი სკოლაში. მეოთხე-მეხუთე კლასში იქნებოდა, როდესაც პირველად შევძელი და ტანსაცმლის საყიდლად წავიყვანე. სკოლაში მისასვლელად რომ გავამზადე, სიხარულისგან დაფრინავდა. არ უნდა ხდებოდეს ისე, რომ დედას შვილი უვლიდეს. ამ ამბავმა ნაადრევად დაასერიოზულა. გარდა დედაშვილობისა, ჩვენ ვმეგობრობთ. არქიტექტურა აინტერესებს, ცხოველები უყვარს. ორი თვეა, ლეკვი ჰყავს და ვეტერინარობაზეც ფიქრობს.


- რამდენიმე წლის წინ თქვენი ხელნაკეთი სამკაულების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.
- 2015 წელს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში მოეწყო სანდრო დარსაველიძის ფოტოსურათებთან­ ერთად ჩემი გამოფენა-გაყიდვაც სახელწოდებით "შენც შეძლებ". ამის მოტივაციაც გვანცა იყო. პატარაობიდან ვასწავლე, თუ მოინდო­მებს, ყველაფერს შეძლებს. მერე თვითონაც მეუბნებოდა, შენ ყველაფერი შეგიძლიაო. ჰოდა, მეც დავინტერესდი სამკაულების კეთებით. ეს ერთგვარი თერაპიაც აღმოჩნდა. მასალად ვიყენებდი თექას, ბისერებს, შუშას, ნატურალურ ქვებს, ვამზადებდი ყელსაბამებს, საყურეებს, სამაჯურებს; კაშნეებსა და ქუდებსაც ვქსოვდი, მერე სკვნილების კეთებითაც დავინტერესდი. რეალიზაცია ჭირს, რადგან ხელნაკეთი ნივთები ძვირია...

- მომხდარმა, ალბათ, ბევრი რამ სხვა თვალით დაგანახათ და გადაგაფასებინათ.
- გამოჩნდა რამდენიმე ადამიანი, ვინც გვერდით დამიდგა. მათ დამიბრუნეს მეგობრობისა და სიკეთის რწმენა, ამიტომ იმ შშმ პირებს, რომლებიც საზოგადოებაში არ ჩნდებიან, ვურჩევ, ნუ ჩაიკეტებით, ადრე თუ გვიან გარეთ გამოხვალთ და მერე ძალიან ინანებთ, რომ წლები დაკარგეთ. რომ დავინახე, რა დღეში იყვნენ ჩემი მეუღლე, დედა, ძმა, მივხვდი, რომ ძლიერი უნდა ვყოფილიყავი, თორემ ისინი მომხდარს ვერ გადაიტანდნენ. ამან არ მომცა სხვანაირად მოქცევის უფლება, თორემ დეპრესია და ტირილი ყველაზე ადვილია...

ნინო ჯავახიშვილი
გიორგი
28 აპრილი 2021 14:01
მაგარი ადამიანი ბრძანდებით! Მალე გამოჯანმრთელებას გისურვებთ და ბევრ სიხარულს!
27 აპრილი 2021 04:15
25 წელი ვუვლიდი ინვალიდ მეუღლეს, ვერავინ მიხვდება ეს რას ნიშნავს, სიყვარულმა გამაძლებინა, ცოცხაკი რომ მყავდეს ისევ მოვუვლიდი
მზია
26 აპრილი 2021 21:29
საოცარი ადამანი ხარ მარი❤

რედაქტორის რჩევით
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ ვაქცინაციის პროცესს საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ ვაქცინაციის პროცესს საქართველოში?