"გადარეულ ქვეყანაში წყნარად როგორ უნდა იყო? რაც ოჯახს მოვეკიდე, ქვეყნის ბედით უფრო მეტად დავინტერესდი" - კვირის პალიტრა

"გადარეულ ქვეყანაში წყნარად როგორ უნდა იყო? რაც ოჯახს მოვეკიდე, ქვეყნის ბედით უფრო მეტად დავინტერესდი"

"ვცდილობ ჩემს შვილებს, როგორც თანასწორებს ავუხსნა და გავაგებინო, რა არის სწორი და რა არასწორი"

ბევრს ახსოვს ანიმაციური ფილმი "კატოს ზღაპარი ნიტაზე", რომელმაც ერთი ქართული ოჯახის ჩვეულებრივი მამიკო არაჩვეულებრივ ამპლუაში წარმოგვიდგინა. გავიდა წლები და კატომ და მისმა მამიკომ ახალი ანიმაცია შემოგვთავაზეს - "ნინძა ბუ", ოღონდ ამჯერად დედიკო და პატარა ძამიკო ანდრიაც აიყოლიეს. ოჯახურმა ანიმაციურმა პროდუქტმა ინტერნეტსამყარო დაიპყრო, მულტფილმში კატოს ნამღერმა კი დიდი სიყვარული დაიმსახურა.

ცოტნე რუსიშვილი, რუსიშვილების ოჯახის უფროსი:

-კატო 3 წლის იყო.ერთხელ ზღაპარს ვუყვებოდი და მერე ვუთხარი, თვითონაც მოეყოლა რამე. ასე შეიქმნა ანიმაცია "კატოს ზღაპარი ნიტაზე". დღეს უკვე ჩემი საქმიანობის სფერო მულტიპლიკაციაა. იურისტი ვარ, თუმცა მულტიპლიკაციაში გადმოვინაცვლე.

დაახლოებით 5 წლის წინ, როცა მამა გავხდი, დავიწყე ვიდეოგაკვეთილების ყურება. მამობა ერთ-ერთი ინსპირაცია იყო. პირველად ჩემი ანიმაციები "ჟოზეში"გამოჩნდა, 3 სერიაზე ვიმუშავე.

- თქვენს პირველ წამოწყებას, "ნიტას ზღაპარს" ბევრი მოწონების გარდა რა მოჰყვა? - ის, რომ ქართველმა მულტიპლიკატორებმა თავიანთ წრეში მიმიღეს. ახლა სტუდია ,,ანიმატორის" თანასწორუფლებიანი წევრი ვარ. ჩემი მოკლემეტრაჟიანი მულტფილმის პროექტზე საკონკურსო განაცხადი პროდიუსერ ვლადიმერ კაჭარავასთან ერთად შევიტანე და უკვე მულტფილმის წარმოება მიდის. პროექტი ეროვნულმა კინოცენტრმა დამიფინანსა. დაახლოებით 10-წუთიანი იქნება, ჩემი და კატოს დიალოგზე აგებული, 3 წლის რომ იყო, მაშინ ჩავწერე და საგულდაგულოდ ვინახავდი, რომ რამე გამეკეთებინა.

- "ნინძა ბუ" როგორ შეიქმნა? - ისევე როგორც კატოს ზღაპარი. ერთხელ ბავშვებთან ვთამაშობდი. გიტარაზე აკორდებს ვიღებდი, უცებ კატომ მელოდია ამაყოლა. მისამღერზე კატოს იმიტირებული სიტყვები 3 წლის ანდრიამ გაიგო როგორც "ნინძა ბუ". ვუთხარი, კარგი მელოდია გამოვიდა და მოდი, ქართული სიტყვები შევურჩიოთ-მეთქი, ანდრიამ დაიწყო ნინძა ბუს ძახილი და მივხვდით, რომ სიმღერაც და მულტფილმიც ნინძა ბუზე იქნებოდა. ნინძა ბუ ისეთი გმირი უნდა ყოფილიყო, რომელიც კეთილ საქმეებს ჩაიდენდა და ამ სიმღერას დაიმსახურებდა. სცენარი მოვხაზეთ და 5 დღეში გავაკეთეთ ანიმაცია. "ნინძა ბუ"ფეისბუკზე" რომ დავდე, იმ დღესვე ძალიან ბევრი გაზიარება და დადებითი კომენტარები მოჰყვა. კატოს კლასელებს სიმღერა მოეწონათ. კომენტარებში "ნინძა ბუს" გაგრძელებას ითხოვენ. გვეუბნებიან, სიმღერის სრული ვერსია ჩაწერეთო. სად ჩავწეროთ, რომელ სტუდიაში, არც სტუდია მაქვს, არც მე ვარ გიტარისტი და არც კატოა მომღერალი.

- რამხელა გოგოა ახლა კატო? როგორც მახსოვს, 3 წლის იყო, როდესაც კატოს ზღაპარი გადაიღეთ... - არა, 4-ის, თუმცა ტექსტი 3 წლის ასაკშია ჩაწერილი. ახლა 6 წლისაა, სკოლაში დადის.

- თქვენს ფოტოებს რომ თვალს ვავლებ, ეტყობათ თქვენს შვილებს, თამაშის განსაკუთრებული ფორმები რომ აქვთ... - მაიმუნობა არ უჭირთ. თამაშის განსაკუთრებული ფორმისა რა გითხრათ, მაგრამ მინდა კარგი მამა ვიყო, კარგი მაგალითი მივცე. ვცდილობ ვეკონტაქტო როგორც თანასწორებს, რაღაცას რომ მკითხავენ, თავიდან არ მოვიშორო, ან ბავშვურ ენაზე არ ავუხსნა. ვცდილობ გავაგებინო, რა არის სწორი და რა არასწორი, ვაჩვევ დამოუკიდებლობას, შრომას, რომ წარმატება შრომას მოაქვს და არა ჯადოსნურ ჯოხს.

- მულტიპლიკაციის გარდა, რით ხართ გატაცებული. - კალათბურთი მიყვარს, პანდემიამ შემიშალა ხელი, თორემ კვირაში ერთხელ მაინც ვთამაშობდი.

- ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებასაც ადევნებთ თვალს, მე ასეთი განცდა დამრჩა... - რაც ოჯახს მოვეკიდე, ქვეყნის ბედით უფრო მეტად დავინტერესდი, მნიშვნელოვანია, თუ როგორ ქვეყანაში იცხოვრებენ ჩემი შვილები. გადარეულ ქვეყანაში წყნარად როგორ უნდა იყო. მე ევროატლანტიკურ კურსს ვგულშემატკივრობ. ვინც მაგ მიმართულებას ცოტა მაინც ხელს წააშველებს, ყველას მხარს დავუჭერ, ვინც ეწინააღმდეგება, არავინ არ მომწონს. რუსეთი მტერია, ცალსახად, ეს წითელი ხაზია. იმედია, ჩემს შვილებს ჩემს ასაკში აღარ დასჭირდებათ რუსთაველზე დადგომა ტრანსპარანტებით, რომ არ გვინდა რუსეთი.