"ჯაბამ ფეხი აიდგა, მაგრამ საბოლოო მიზნამდე ჯერ შორია" - კვირის პალიტრა

"ჯაბამ ფეხი აიდგა, მაგრამ საბოლოო მიზნამდე ჯერ შორია"

"როცა ჯაბა ეკლესიაში შეგვყავს, მისი მოძრაობა, სახე სულ სხვანაირი ხდება. მის შემხედვარეს მიმყარდება რწმენა, რომ გამოჯანმრთელებისკენ მივდივართ"

ჯაბა მურცხვალაძეს კერძო კლინიკაში მკურნალობისა და რეაბილიტაციისთვის 10.000 ლარი სჭირდება. გავერთიანდეთ და დავეხმაროთ ჯაბას.

გოგიტა მურცხვალაძე, ჯაბას მამა:

- ჯაბა დაიბადა 1992 წლის 3 სექტემბერს. დაბადებიდან მესამე დღეს ბათუმის სამშობიაროში ბავშვი ხელიდან გაუვარდათ და თავის ტვინის არე დაუზიანდა, ხერხემლიდან წამოსული ტვინის სითხე ცირკულირებას ვეღარ ახერხებდა და თავში გროვდებოდა. რამდენიმე ოპერაცია დასჭირდა. მესამე ოპერაციის შემდეგ დაეწყო ეპილეფსიური მოვლენები, თუმცა გვაიმედებდნენ, შეძენილი ეპილეფსია განკურნებადიაო. ადრე დღეში 20-25-ჯერ ჰქონდა სალმის ტიპის გულყრა, ახლა, ღვთის წყალობით და ხალხური მედიცინის ჩარევით, ეპილეფსიური შეტევა კვირაში შეიძლება 3-4-ჯერ დაემართოს. ეს მაძლევს იმედს, რომ ჯაბას მდგომარეობა უმჯობესდება. ჩემი ოჯახის პილიგრიმობაც მიმყარებს ამ რწმენას და მოთმინებით მავსებს.

- გვიამბეთ, როდის შეუდექით პილიგრიმობას ოჯახთან ერთად...

- ცოტა შორიდან დავიწყებ... ალბათ, ღვთის ნება იყო, რომ ჯერ კიდევ 1995 წელს პირველად აღმოვჩნდი "პალიტრაში", გავიცანი პალიტრელები და გაზეთის სულის ჩამდგმელი ლალი გუნთაიშვილი, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული. მას შემდეგ ეს დიდი ოჯახი ჩვენი ისეთი გულშემატკივარი გახდა, რომ ქალბატონმა ლალიმ ჯაბას""კვირის პალიტრის""შვილობილი შეარქვა. ბევრი სიკეთე მახსოვს მათგან. ვამბობდი ხოლმე, საშუალება რომ მქონდეს, ბავშვს იერუსალიმში წავიყვანდი მოსალოცად-მეთქი. მაშინ მითხრა ქალბატონმა ლალიმ, სანამ იერუსალიმში წახვალ, მანამდე მცხეთაში ჩაიყვანე, ბერი გაბრიელის საფლავზეო, მაგრამ 2000 წლის გაზაფხულამდე ვერ მოვახერხე. ერთ დღესაც ვიქირავეთ მანქანა და წავედით მცხეთაში.

დედა პარასკევას დღესაც ახსოვს, როგორ იყო ბავშვი გართხმული საფლავზე და შუბლი ცივ მიწაზე ედო. მისი აყენება რომ ვცადე, ვერ შევძელი, თითქოს მიჯაჭვული იყო საფლავს. დედა პარასკევამ მითხრა, დააცადე, თვითონ წამოდგებაო. დაახლოებით 10 წუთში ჯაბა წელში გასწორდა. იქიდან წამოვიყვანეთ და მესამე დღეს პირველი ნაბიჯები გადადგა...

მაშინ ჯაბა 8 წლის იყო, ახლა 28 წლისაა... დღეს უკვე 300-400 მეტრის გავლას ახერხებს. 2006 წელს ჯაბა ეტლით იყო, მე - ფეხით და თბილისიდან ბათუმამდე 400 კმ ისე გავიარეთ, არ დავღლილვართ.

- რამდენი ხანი დაგჭირდათ? - 12 დღე. შარშან პატრიაქრისა და მეუფე დიმიტრის ლოცვა-კურთხევით დავიწყეთ პილიგრიმობა. საქართველოს 200 ეკლესია შევარჩიეთ. შარშან აჭარა, გურია, სამეგრელო და რაჭა მოვიარეთ. იუსტიციის სამინისტროში ჯაბასთვის დავაარსე საქველმოქმედო ფონდი "ხომლი". გავაკეთეთ ვებგვერდი - საქველმოქმედო ფონდი "ხომლი", სადაც აღწერილია როგორც ჩვენი პილიგრიმობის დეტალები, ასევე ჯაბას ყოველი ნაბიჯი, ფოტო და ვიდეომასალა. მინდა ყველასთვის ნათელი იყოს, რას ხმარდება მათ მიერ გაღებული თუნდაც ერთი ლარი.

ამჯერად იმერეთისა და სვანეთის ტაძრების მოლოცვას ვაპირებთ. როცა ჯაბა ეკლესიაში შეგვყავს, მისი მოძრაობა, სახე სულ სხვანაირი ხდება. მის შემხედვარეს მიმყარდება რწმენა, რომ გამოჯანმრთელებისკენ მივდივართ. ვლოცულობთ, რომ უფალმა ამრავლოს ქართველი ერი, ამრავლოს ქველმოქმედი ხალხი, რომ ყველა გაჭირვეულს დაეხმარონ. ჯაბამ, მართალია, ფეხი აიდგა, მაგრამ საბოლოო მიზნამდე ჯერ შორია. მას კვლავ სჭირდება ხალხის თანადგომა. წინ მკურნალობისა და რეაბილიტაციის არაერთი კურსი გვაქვს. მინდა ჩემმა ლოცვამ ყველა იმ ადამიანის ოჯახამდე მიაღწიოს, რომელიც დაგვეხმარა ან მომავალში დაგვეხმარება.

- ახლა რა სამკურნალო პროცედურები სჭირდება? - ჯაბას ფიზიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად არსებობს სპეციალური სარეაბილიტაციო სავარჯიშოები და მასაჟები, რასაც ყველა ვერ შესწვდება. ასევე საჭიროა მკურნალობა, რომ თანდათან შეუმცირდეს ეპილეფსიური შეტევები. თბილისში, ნაქირავებ ბინაში დაბინავებაც ხარჯთანაა დაკავშირებული. ყველანაირად ვცდილობ, როგორმე თანხას თავი მოვუყარო, რომ შვილს დავეხმარო და ყველა საჭირო პროცედურა სრულყოფილად ჩავუტარო, თუმცა ეს ძალიან მიჭირს. მიჭირს დახმარებისათვის თხოვნა, მაგრამ მიწევს...

"კვირისპალიტრელებო", ყველას მადლიერებით მოგმართავთ - ჯაბა ხომ თქვენი გადარჩენილია, ისევ ამომიდექით მხარში, რომ კეთილ ადამიანებს, ბიზნესმენებს მივაწვდინო ჩემი ხმა და ყველას ერთად გთხოვოთ, შვილი გადამირჩინოთ.

თიბისი ბანკი, მიმღები საქველმოქმედო ფონდი "ხომლი", ჯაბა მურცხვალაძის დასახმარებლად . ანგარიშის ნომერი - GE45TB7420136080100007. "საქართველოს ბანკი", მიმღები საქველმოქმედო ფონდი "ხომლი", ჯაბა მურცხვალაძის დასახმარებლად. ანგარიშის ნომერი - GE42BG0000000162421607