ჰერცოგის მანქანები - კვირის პალიტრა

ჰერცოგის მანქანები

რამდენიმე დღის წინ 99 წლის ასაკში გარდაიცვალა პრინცი ფილიპი, ედინბურგის ჰერცოგი, დედოფალ ელისაბედ II-ის მეუღლე. სამხედრო-საზღვაო კოლეჯის დასრულების შემდგომ საბერძნეთის მეფის შვილიშვილი ფილიპი მეორე მსოფლიო ომის დროს სამხედრო ფლოტში მსახურობდა. კარგი იუმორის მქონე მეზღვაურმა იოლად მოხიბლა ახალგაზრდა პრინცესა ელისაბედი და იმის მიუხედავად, რომ მეფე გეორგ VI-ს დიდად არ ეხატებოდა გულზე, საბოლოოდ დედოფალს კარგი ქმრობა გაუწია. ედინბურგის ჰერცოგი პროფესიულ დონეზე თამაშობდა პოლოს, ხოლო 1950-იან წლებში თვითმფრინავის მართვა შეისწავლა. სერიოზულად იყო გატაცებული ავტომანქანებითაც: საჭეს დამოუკიდებლად მართავდა 97 წლის ასაკამდე, ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში კი არაერთი ავტომობილი გამოიცვალა. დღეს სწორედ პრინცის ავტომანქანების არასრულ კოლექციას გაგაცნობთ:

Standard Nine - 1935 წელი. მივიწყებული ინგლისური მარკის ამ მოკრძალებულ მოდელს პრინც ფილიპის პირველ ავტომანქანად ასახელებენ. ყოველ შემთხვევაში, სწორედ ამ მანქანით გადაადგილდებოდა ის ცეილონზე ხანმოკლე სტუმრობის დროს, 1940 წელს. ამჟამად, ავტომანქანა გამოფენილია შრი-ლანკის სასტუმრო Galle Face-ში.

Triplex GTS - 1965 წელი. 1960-იანი წლების შუახანებში პრინცი ფილიპი მართავდა უნიკალურ სპორტულ უნივერსალს Triplex GTS, რომელიც ერთადერთ ეგზემპლარად აიწყო. "ტრიპლექსი" შემთხვევით არ არის ნახსენები: ეს იყო შუშის მწარმოებელი ბრიტანული კომპანიის ექსპერიმენტული მოდელი, რომელშიც იმ დროისათვის ინოვაციური ტექნოლოგიები გამოიყენეს - რამდენიმეფენიანი მინა, შუშის ტონირება და საქარე მინის ელექტროგათბობა.

Land Rover - 1953 წელი. ბუნებაში გასეირნებისას სამეფო ოჯახის წევრები ხშირად იყენებდნენ Land Rover-ის უგზოობის მანქანებს. მაგალითად, შოტლანდიის რეზიდენცია ბალმორალში ან უინძორის დიდ პარკში საცხენოსნო შეჯიბრებისას. ფოტოზე გამოსახულია ფილიპი ერთ-ერთი პირველი სამეფო Land Rover-ის საჭესთან. რესტავრაციის შემდგომ ამ მოდელმა ბალმორალის სასახლეში დაიდო ბინა.

Lagonda 3-Litre Drophead Coupe - 1954 წელი. შვილების - პრინც ჩარლზისა და პრინცესა ანას დაბადების შემდეგ, სამეფო ოჯახს ოთხადგილიანი ავტომანქანა დასჭირდა. ედინბურგის ჰერცოგმა არჩევანი სპორტულ მოდელზე შეაჩერა, ცხადია, ბრიტანულზე! Lagonda-ს ეს მოდელი საკმაოდ სწრაფია (160 კმ/სთ იმ დროისთვის ცოტა ნამდვილად არ იყო) და სისწრაფის მოყვარული პრინცი სიამოვნებით იყენებდა მის შესაძლებლობებს.

Alvis TD21 - 1961 წელი. ფილიპს ეს მოდელი ისე მოსწონდა, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში იყენებდა და მოდერნიზებაც ჩაუტარა. ეს მოდელი საკმაოდ იშვიათია - 1959-1962 წლებში მხოლოდ 1067 ეგზემპლარი აიწყო. Alvis TD21 დღემდე სამეფო ოჯახის საკუთრებაა და დროდადრო ჩნდება ხოლმე ელეგანტურობის კონკურსებში.

Land Rover Series II "109". 1960-იანი წლების საცხენოსნო შეჯიბრებების ამსახველ ფოტოებზე ხშირად ნახავთ დედოფალ ელისაბედს მეუღლის, შვილებისა და "მეორე სერიის" ხუთკარიანი "ლენდ როვერის" კამპანიაში. საინტერესოა, რომ არსებობდა ერთი და იმავე სანომრე ნიშნის მქონე (JYV 1D) ორი ერთნაირი მოდელი და მათი გარჩევა მხოლოდ სხვადასხვაგვარად განლაგებული მაშუქებით შეიძლებოდა.

Land Rover Discovery da Freelander. ბოლო წლებში ფილიპს ყველაზე ხშირად ხედავდნენ ორი ავტომანქანის საჭესთან. ეს იყო Land Rover Discovery სანომრე ნიშნით OXR 2 და მოკრძალებული, მუქი მწვანე Freelander (ფოტოზე) ნომრით OXR. 1.. ამ ავტომობილით სამი წლის წინ ედინბურგის ჰერცოგი "კიას" მინივენს შეეჯახა და მას შემდეგ გადაწყვიტა საჭესთან აღარ დამჯდარიყო.