რუფინგი - სიკვდილთან თამაში - კვირის პალიტრა

რუფინგი - სიკვდილთან თამაში

ექსტრემალთა ერთ-ერთი საყვარელი საქმიანობა რუფინგია - ინდუსტრიული ტურიზმის სახეობა, როცა ადამიანები ადიან მაღალი ნაგებობების, ამწეების, ციცაბო კლდოვანი მწვერვალების უმაღლეს წერტილზე და სელფისაც იღებს.

რუფინგის მოყვარულები (როოფ - სახურავი), ცხადია, კანონს არღვევენ, სწორედ მათ გამო მრავალ ქვეყანაში სასტიკად არის აკრძალული მიახლოება მაღლივ ნაგებობებთან, მშენებლობებსა და ანძებთან, ხოლო ეროვნულ პარკებში - ცოცვა სახიფათო ციცაბო მწვერვალებსა თუ კლდოვან მასივებზე.

ექსტრემალების აცოცებისგან თავდასაცავად კარგა ხანია მსოფლიოს ყველაზე ცნობილ და ნაკლებად ცნობილ ასობით ცათამბჯენს სპეციალური დაცვა მიუჩინეს, მაგრამ ეს ვერ აკავებს "ინსტაგრამში" ლაიქებზე მონადირეებს, რომლებიც სოციალური კეთილგანწყობის მოსაპოვებლად ხშირად უცნაურად და გიჟურად იქცევიან. სხვათა შორის, ბოლო 10 წელიწადში 250-ზე მეტ დაღუპულ ექსტრემალს შორის რუფინგის მოყვარული არც ისე ბევრია. გაცილებით მეტია სხვა სახის ექსტრემალური სელფის მოსაპოვებლად დაღუპულთა რაოდენობა - მაგალითად, ინდოეთში, სადაც ბევრი ექსტრემალია, უბედური შემთხვევების უმეტესობა სწრაფად მოძრავ მატარებლებთან სელფის გაკეთების მსურველებზე მოდის.

ნორვეგიელი ექსტრემალი მაგნუს მიდტი იელოსტოუნის დაცვას გაეპარა

რაც შეეხება "სახურავზე მცოცავებს", ბრიტანულმა გამოცემა "ინდეპენტენდტმა" "მსოფლიოში ყველაზე სახიფათო სელფების ავტორი" უწოდა 1993 წელს დაბადებულ მოსკოველ ანგელინა ნიკოლაუს. ანგელინას "ინსტაგრამზე" ასიათასობით ხელმომწერი ჰყავს. რუმინული წარმოშობის მოსკოველი გოგონა რუფინგს 10 წელიწადია მისდევს.

ანგელინა ცირკის პროფესიონალი მსახიობების ოჯახში დაიბადა და მამა ბავშვობიდან ცირკის აკრობატად ზრდიდა, ამიტომ არ გააჩნია ადამიანისთვის თანდაყოლილი სიმაღლის შიში. მაღლივ შენობებზე ცოცვა მან მშობლიური მოსკოვის მაღალი შენობებითა და ნაგებობებით დაიწყო. როგორც ამბობს, სახურავებზე ცოცვის სურვილი მანამდე დაებადა, სანამ სელფების საყოველთაო მანია დაიწყებოდა. დაცვისთვის გვერდის ასავლელად გოგონა შენობებზე თავდაპირველად ღამღამობით დაცოცავდა! მოსკოვის შემდეგ ანგელინა ნიკოლაუმ სანქტ-პეტერბურგის მაღლივ შენობებზე გადაინაცვლა, მათ შორის ისააკის ტაძრის გუმბათზე.

თანდათან ნიკოლაუმ არეალი გააფართოვა და დაიპყრო ჯერ ჩინეთისა და ჰონკონგის ცათამბჯენები, შემდეგ სხვა ქვეყნებსაც ეწვია. ცხადია, გოგონა შენობების უმრავლესობაზე უკანონოდ ადის, დაცვის გვერდის ავლით. ეს ძალიან სახიფათოა, თუმცა ის ამტკიცებს, რომ ხშირად იყენებს დაზღვევას, მაგრამ მის მრავალ სელფში ჩანს, რომ ის "უმაღლეს წერტილზე" ხშირად დაზღვევის გარეშეა.

ამის გამო ექსპერტთა ნაწილი ამტკიცებს, რომ ნიკოლაუს სელფები ფოტოშოპით არის დამუშავებული. მათ მოიყვანეს გამოცდილი მაღლივი მემონტაჟეების დასკვნები, რომელთა თქმით, ასეთ სიმაღლეზე დაზღვევის გარეშე დგომა ქარის გამო ფიზიკურად შეუძლებელია. ანგელინას მსგავს, ზუსტად ანალოგიურ ვითარებაში გამოცდილი ამერიკელ ექტრემალ ჯეიმზ კინგსტონის სელფიზე ამ უკანასკნელის დაზღვევა შესანიშნავად ჩანს.

რამაზ გურგენიძე