"ეს ოფიცრები სააკაშვილის დროს ჩაანაცვლეს ისეთი კადრებით, რომელთათვისაც სამშობლოს ერთგულებაზე მაღლა, მინისტრისა და მთავარსარდლის ერთგულება იყო"
18-04-2021
"ეს ოფიცრები სააკაშვილის დროს ჩაანაცვლეს ისეთი კადრებით, რომელთათვისაც სამშობლოს ერთგულებაზე მაღლა, მინისტრისა და მთავარსარდლის ერთგულება იყო"
9 აპრილი ის თარიღია საქართველოსთვის, რომელიც თავის მნიშვნელობას არასდროს დაკარგავს. არაერთხელ გვსმენია, რომ საქართველოს ისტორია მეფეთა მატიანეაო, მერე - ლიდერების... სინამდვილეში, სახელმწიფოს არსებობის აღმნუსხველ ყველა ფურცელს ის ადამიანები ქმნიან, რომლებიც ჩრდილში რჩებიან. დავით მარტიაშვილის მონათხრობი ისეთ ადამიანებს გაგვახსენებს, რომლებიც უდიდესი რისკის ფასად სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ...

დავით მარტიაშვილი:

"მინდა ერთი დავიწყებული ისტორია გავიხსენო. ნორმალურ ქვეყანაში რომ ვცხოვრობდეთ, ამ ისტორიაზე დიდი ხნის წინ გადაიღებდნენ ფილმს და მე არ მომიწევდა იმის მოყოლა, რაზეც
დიდი ხანი ვდუმდი. 1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა საქართველოს კადეტი ვიყავი (ვსწავლობდი გენერალი ლესელიძის სამხედრო სკოლა-ინტერნატში), რომელიც დამოუკიდებელი საქართველოსთვის ოფიცერთა სამჭედლო აღმოჩნდა. ეს ოფიცრები სააკაშვილის დროს ჩაანაცვლეს ისეთი კადრებით, რომელთათვისაც სამშობლოს ერთგულებაზე მაღლა, მინისტრისა და მთავარსარდლის ერთგულება იყო, მაგრამ ეს სულ სხვა თემაა...

1
989 წლის 9 აპრილს სულ რაღაც, 16 წლის ვიყავი, მაგრამ ჩემში უკვე ღრმად იყო გამჯდარი საქართველოს დამოუკიდებლობის იდეა და როგორი გასაკვირიც უნდა იყოს, ჩემში ეს იდეა გააღვიძა საბჭოთა პოდპოლკოვნიკმა და კომუნისტმა გიორგი მეტრეველმა. იმ თაობის ოფიცრებს ახსოვთ ეს ლეგენდარული კაცი, რომელიც დაუფასებელი წავიდა ამ ქვეყნიდან ისევე, როგორც დანარჩენი ათასობით ქართველი გმირი. ის მარწმუნებდა, რომ საქართველოს აუცილებლად ეყოლებოდა არმია, სადაც ორივე ვიმსახურებდით და თან გაიხსენებდა ხოლმე ქართულ დივიზიაში მსახურობის დღეებს, რომელიც სტალინის სიკვდილის შემდეგ დაშალეს. ჩემთვის ეს უკვე სხვა ცხოვრება იყო, ანუ სხვა საქართველოთი ვცხოვრობდი, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ თითქმის ბავშვი ვიყავი.
რასაც ახლა გეუბნებით, ამ ამბავს მინიმუმ, 450 ცოცხალი მოწმე მაინც ეყოლება, ოფიცრები გაიხსენებენ ამ დღეებს. რამის გადაჭარბებაზე ლაპარაკიც ზედმეტია. დამოუკიდებელ საქართველოში ცხოვრებაზე ოცნებამ, ფიქრებმა რამდენიმე თვე წაიღო და ერთ დღესაც გადავწყვიტე, გეგმა, რომელიც თავში უკვე მომწიფებული იყო, გამენდო ოფიცრისთვის - ირაკლი (მამუკა) ჯორჯაძისათვის, მწერალი აკაკი ჯორჯაძის შვილისათვის, რომელმაც არათუ მხარი დამიჭირა, არამედ ჩემთან ერთად სათავეში ჩაუდგა ამ მცირე "ამბოხებას". არადა, ჩვენ თუ მსუბუქად დავისჯებოდით, მოსალოდნელი იყო, რომ ის სასტიკად დაესაჯა სისტემას... მაგრამ ის მენდო.

ნაამბობი გრძელი რომ არ გამომივიდეს, არ გავამახვილებ ყურადღებას მომზადების მომენტებზე, თუმცა, ძალიან საინტერესოდ მიდიოდა პროცესები. 20 კაცამდე ვიცოდით, რაც ხდებოდა და ისე მოხდა, ერთი თვის მანძილზე ინფორმაციას არ გაუჟონია! წარმოგიდგენიათ, ეს რას ნიშნავს? საბჭოთა სასწავლებელი იყო, მაგრამ მეგობრის ღალატი საშინელი სირცხვილი და უღირსობა გახლდათ. ჩვენს მერე, ჯარში პრემიებს აძლევდნენ მეგობრის დასმენაზე. მაშინ, საბჭოეთის დროს გვასწავლიდნენ, თუნდაც სიცოცხლის დათმობის ფასად, მეგობარი გადაარჩინეო.
ირაკლი ჯორჯაძის ერთ-ერთი მორიგეობის დროს, ღამის 3 საათზე სასწავლებლის კურსანტები ფეხზე წამოვდექით. პოლიტბიუროს წევრებისა და ბელადების პორტრეტებით დიდი კოცონი დავანთეთ, დილით გადავკეტეთ შემოსასვლელი პუნქტი, არავინ შემოვუშვით და დილის მოწყობა ჩვენ ჩავატარეთ. ოფიცერი, ვინც მოწყობა მიიღო, რა თქმა უნდა, ირაკლი იყო.

მოწყობაზე გამოვიყვანეთ ორკესტრი და "ჩემო კარგო ქვეყანას" ფონზე საზეიმოდ აღვმართეთ დამოუკიდებელი საქართველოს (1918-1921 წლების) სამფეროვანი ალამი!
გინდათ გითხრათ, რა განცდა იყო? ეს უნდა გამოცადო, სიტყვით ამის ახსნა ძნელია! რა თქმა უნდა, ქვეყანა შეიძრა. იმ დროისათვის არნახული ამბავი მოხდა, მაგრამ სისტემა ცდილობდა, არ გახმაურებულიყო ეს ამბავი, თუმცა მეორე დღეს უკვე გაზეთ "იზვესტიის" კორესპონდენტები ჩამოფრინდნენ.

3 დღე იფრიალა ამ ალამმა და სამი დღე გავდიოდით ქართული ტერმინოლოგიითა და მუსიკის თანხლებით მოწყობაზე. მუქარა, შანტაჟი და "პრიანიკები" უხვად იყო. ჯორჯაძეს ხან გატყავებით ემუქრებოდნენ, ხან დაწინაურებას სთავაზობდნენ. საბჭოთა "კაგებემ" მეორე დღეს შიდა განხეთქილება მოაწყო იმით, რომ ეთნიკურად ოსები აღარ გამოვიდნენ მოწყობაზე და არ მისცეს სალამი ალამს, მიზეზით, 1918 წელს, ამ ალმით ჩაგვიხოცეს ნათესავებიო! ეს პროვოკაცია გათვლილი იყო შიდა არეულობაზე, მაგრამ მივუხვდით და უბრალოდ, გავუხსენით გზა, გავუშვით ის ოსები, ვისაც წასვლა უნდოდა, თუმცა ყველა არ წავიდა. მოსაყოლად ადვილია, მაგრამ იმ დროს თითოეული დღე და მოქმედება განსაკუთრებული იყო, რომლითაც უნდა დაწყებულიყო საქართველოს უახლესი ისტორია!
ვიმეორებ, სამი დღე იფრიალა იმ ალამმა. სამი დღე გავუძელით ყველა წნეხს და როდესაც ყველაფერი დამთავრდა, 16 წლის მოზარდებს უკვე გვქონდა იმის განცდა, რომ ვიცოდით, რისთვის ვცხოვრობდით ამ ქვეყანაზე! ეს იყო ჩვენი პატარა ბრძოლა სისტემასთან და გავიმარჯვეთ!
ჩვენ დავანახვეთ, რომ ქართველს ტანკით ვერ დააჩოქებდნენ და ამით მხოლოდ მძინარე ლომი გააღვიძეს.

ის დღეები დაუვიწყარია თითოეული მონაწილისათვის და სამწუხაროდ, ამაზე არავინ ლაპარაკობს. დღეს სხვა საქართველოა. საქართველო თითქოს გარეწრებს დარჩათ... ჩემთვის იმ დღიდან დაიწყო ბრძოლა საქართველოსთვის და ეს ბრძოლა დღემდე არ დამთავრებულა. იმ დროიდან მოყოლებული, სამი პოლიტიკური პატიმრობა მოვიარე, ე.წ. კონსტიტუციური ხელისუფლების დამხობის მცდელობების გამო.

ორიოდ ათეულ წელზე მეტი, მე და ჩემი სამეგობრო ვცდილობდით, რაღაც შეგვეცვალა, მაგრამ არც ჩვენი სიტყვის, არც ჩვენი ქმედების ხალხს არ სჯეროდა. ვხვდებოდი, რომ მცირეთა ხვედრი იყო საქართველოში მზარდი ურჩხულის შეჩერება ან უბრალოდ, წინააღმდეგობა, თუნდაც განწირული და არასოდეს დაგვიხევია უკან.

ახლა 2021 წელია და ისევ იმაზე მიწევს საუბარი, რაზეც 28 წლის წინ. ოღონდ ახლა საქართველოს ხრამში გადაჩეხას აღარაფერი აკლია და თუ ვინმეს ვაკრიტიკებ დღეს ან რამეზე ვლაპარაკობ, ამ სიტყვების უკან ის 33-წლიანი გამოცდილება და ბრძოლა დგას, რითაც დღემდე მოვედი! მართალია, პოლიტიკური დევნილი, მაგრამ მაინც ცოცხალი და ბრძოლისუნარიანი!
მე დუმილი დავარღვიე!

გადავხედოთ საქართველოს უახლოეს ისტორიას. რა დამართეს საქართველოს პატრიოტებს? ისინი უბრალოდ მოკლეს! დიახ, მოკლეს და ცოცხლები მხოლოდ მე და კობა ოთანაძე ვართ! ის - 8 ტყვიადაჭედებული და მე - 12 წლის დევნილი, რომლის დროსაც სამჯერ ვიწექი სიკვდილის სარეცელზე და ამ ყველაფრის მიზეზი სამშობლოსა და ყველაფერი ქართულის უზომოდ სიყვარულია!
49 წლის ვარ და იმ დღიდან, როდესაც მე ეს ბრძოლა დავიწყე, 33 წელი გავიდა, მაგრამ ერთი წელიც არ მიცხოვრია მშვიდად. რისთვის გავიღე ეს მსხვერპლი, მხოლოდ უფალმა და იმ ხალხმა იცის, ვინც იმ დროს ჩემ გვერდით იყო..."

P.S. დავით მარტიაშვილის ნაამბობი კიდევ ერთხელ დაგვაფიქრებს, რამდენი გადაიტანა საქართველომ და რის ხარჯზე...

როლანდ ხოჯანაშვილი
მარკი
19 აპრილი 2021 13:30
და გზა უვალი შენგან თელილი........და არა შთენილი.
მთიული
19 აპრილი 2021 11:04
მე მგონი 2006 წელი იყო, ოქრუაშვილმა ყელამდე მტკვარში ჩააყენა ოფიცრები 'უჩენიაზე" და თვითონ წამოწოლილი იყო ბალახზე... ის ოფიცრები ვინც მართლა თავის მხრებზე გადაიტანა ბევრი რამ...
ასევე ბეჟუაშვილის დეიდაშვილი იყო ჯარში- ადმირალი მე მგონი კერესელიძე და იმან კიდევ ორმოში ჩააყენა სამხედროები და თავზე გადააფსა... აი ესეთი გარეწრები და მედროვეები არ უნდა ამხილოთ?
ჯარს სულს უნდა უბერავდე და ისე უფრთხილდებოდე, აი პატრიოტიზმი...
ღორონთქ ურსხას თე დინაფილ ქიანას
19 აპრილი 2021 10:27
სამწუხაროდ საძოვარზე მიშვებული ფარა ვართ

რედაქტორის რჩევით
რომელი ქვეყნის მიერ წარმოებულ ვაქცინას ენდობით ყველაზე მეტად?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
რომელი ქვეყნის მიერ წარმოებულ ვაქცინას ენდობით ყველაზე მეტად?