"რაც უნდა პათეტიკურად ჟღერდეს, ქართველზე ლამაზი არსად, მათ შორის ამერიკაშიც, ჯერ არაფერი შემხვედრია" - კვირის პალიტრა

"რაც უნდა პათეტიკურად ჟღერდეს, ქართველზე ლამაზი არსად, მათ შორის ამერიკაშიც, ჯერ არაფერი შემხვედრია"

"ვერაფერს გავხდებოდი, რომ არა დედაჩემის გასაოცარი მხარდაჭერა, რომელმაც, ბებიაობის გარდა, ფაქტობრივად, დედობაც გაუწია ჩემს ორ შვილს"

ემიგრანტობის მძიმე და რთულ გზაზე შემდგარი ადამიანებისთვის სამშობლოსთან შეხება ყოველთვის სევდიანია და ნოსტალგიის მოძალებას იწვევს. წლებია, რაც ანა გაჩეჩილაძე ამერიკაშია, და როგორც თავად ამბობს, დღე არ გასულა სამშობლოზე ფიქრის გარეშე.

- გავიზარდე ტრადიციულ, ქართულ ოჯახში, ხელოვნების, პოეზიის, განათლების მოტრფიალე ადამიანებისა და მეგობრების გვერდით. დედაჩემი, ლალი გურული სამედიცინო სფეროში წარმატებულად მოღვაწეობდა, მამა - მიხეილ გაჩეჩილაძე 49 წლის გარდაიცვალა, მაგრამ ხანმოკლე სიცოცხლის მიუხედავად, ნათელი კვალი დატოვა თელავის ხელოვანთა საზოგადოებაში. მისი ცხოვრების კრედო სიკეთე იყო. ამ სულისკვეთებით გვზრდიდნენ მე და ჩემს დას. მე უფროსი შვილი ვიყავი, ბუნებით მებრძოლი და გამუდმებით სიახლის მაძიებელი. წარმატებით დავამთავრე სკოლა, შემდეგ თელავის გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტი. ვარ ისტორიკოსი, ამავდროულად, სამართალმცოდნე. ბევრგან ვმუშაობდი: არასამთავრობო ორგანიზაციებში, ჟურნალ-გაზეთებში, მაგრამ როცა ყოველდღიურმა საჭიროებამ მოიტანა, პარალელურად მუშაობა არც მაღაზიასა და ოჯახებში მითაკილია - მთავარი იყო, ერთ ადგილას არ გავჩერებულიყავი, არც ცვლილებებს გავურბოდი.

დიდი სიამაყით გავიხსენებ ჩემს საყვარელ თბილისის 182-ე საჯარო სკოლაში თითქმის 14-წლიანი მუშაობის პერიოდს. ბატონმა გოგი ღამბაშიძემ, მკაცრი დირექტორის იმიჯის მქონემ, რომელსაც გული და თვალები სიკეთითა და კეთილშობილებით ჰქონდა სავსე, ასეთი ფრაზით მიმიღო - კვალიფიკაცია არ ვიცი, მაგრამ ღიმილი ნამდვილად კარგი გაქვს, რაც პედაგოგისთვის ერთ-ერთი ყველაზე საჭირო იარაღიაო. ყოფილი მოსწავლეების უმეტესობა დღეს ჩემი მეგობარია. ხშირად საკუთარ თავს ვეკითხები: ნუთუ იმდენი დავთესე, რომ ამხელა სიყვარულს ვიმკი-მეთქი? პოეტის სიტყვებით რომ ვთქვა, ალბათ, მართლაც ვიყავი "ათასი ბავშვის მშობელი", რომლებიც ისე შევიყვარე, როგორც ჩემი ორი არაჩვეულებრივი შვილი - აკაკი და ნინო.

შვილი დედისთვის სიცოცხლის აზრი, სულის ნაწილი და გენის გამგრძელებელია, დედობა კი - უდიდესი პასუხისმგებლობა. როდესაც ჩემი ვაჟი სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა, ჩემი შვილების განათლების მისაღებად სრულიად ახალი საჭიროების წინაშე დავდექი. აუცილებელი გახდა მაქსიმალური რესურსების ძიება. რთული იყო, მაგრამ სწორედ მაშინ გადავწყვიტე, შევერთებოდი ქართველ ემიგრანტთა არმიას. ვერაფერს გავხდებოდი, რომ არა დედაჩემის გასაოცარი მხარდაჭერა, რომელმაც, ბებიაობის გარდა, ფაქტობრივად, დედობაც გაუწია ჩემს ორ შვილს. ახლა კი უკვე მესამე შვილიც მყავს - ულამაზესი რძალი, აკაკის მეუღლე. სულ მალე პატარას ველოდებით, რაც ენით აღუწერელი ბედნიერებაა ჩემი ოჯახისთვის.

ამერიკაში ახალი ჩასული, მაქსიმალურად ბევრს ვმუშაობდი, რაც ნოსტალგიის დაძლევაშიც მეხმარებოდა. მალე მივხვდი, რომ ჩემი სული, გული და გონება ისევ ითხოვდა სიტყვებს - "ანა მასწავლებელო". რაღაც უნდა მეღონა. სწორედ მაშინ, ამერიკაში მოღვაწე გენიალურმა და კეთილშობილმა ქალბატონმა, ცუცა კაპანაძემ თავისი ხელოვნების სკოლის კარი გამიღო და საკვირაო სკოლაში ქართული ენისა და ისტორიის მასწავლებლად დავიწყე მუშაობა. ეს ჩემი ემიგრანტული ცხოვრების ნათელი დღეები იყო.

საოცარი განცდაა, როცა ამერიკაში დაბადებულ პატარა ქართველებს ქართულ ანბანს, წერა-კითხვას ასწავლი. მათ თავიანთი სამშობლო თვალით არ უნახავთ, ამიტომ ვცდილობდი, გასაგებად მომეყოლა საინტერესო ეპიზოდები საქართველოს ისტორიიდან. დიდრონი თვალებით მიყურებდნენ და გაფაციცებული მისმენდნენ, გამუდმებით მისვამდნენ კითხვას, - რატომ, ანა მასწავლებელოო? მეც გულმოდგინედ ვპასუხობდი თითოეულ "რატომს". როგორც საქართველოში მჯეროდა, რომ სკოლაში მუშაობისას ჩემი ქვეყნის სადარაჯოზე ვიდექი, ზუსტად ასევე მწამს, ამერიკაშიც, როგორც ემიგრანტი, ჩემი ქვეყნის სადარაჯოზე ვრჩები.

- გენატრებათ აქაურობა?

- არავინ იცის, ბედი სადაურსა სად წაიყვანს. ჩემს ქვეყანას, ოჯახს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს, მეგობრებს საქართველოში, მინდა ვუთხრა, რომ მიყვარან. ზღაპრის გმირივით ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით ბედის საძებნელად წამოსულს, წამით არ გამნელებია ჩემი ქვეყნის სიყვარული და მონატრება. დღე არ ყოფილა, მასზე ფიქრის გარეშე. რაც უნდა პათეტიკურად ჟღერდეს, ქართველზე ლამაზი არსად, მათ შორის ამერიკაშიც, ჯერ არაფერი შემხვედრია, მაგრამ მე მინდა უფრო ძლიერი იყოს ეს ქვეყანა, მეტად განათლებული, წარმატებული. მსოფლიოში მარგალიტებივით მიმობნეულ ქართველ ემიგრანტებს მინდა ვუთხრა, რომ ჩვენ არასდროს გავთითოკაცდებით. გულწრფელად ვუსურვებ თითოეულ სამშობლოს მოწყვეტილ ქართველს, რომ ის გენი, რომელიც დღეს ჩვენი ქვეყნის გარეთ, უცხოეთში გაბნეულა საოცრად ნიჭიერი ემიგრანტი ქართველი ბავშვების სახით, საქართველოს დაუბრუნდეს, გააბრწყინოს და გაამთლიანოს ჩვენი ლამაზი სამშობლო.

ფილადელფიაში გაიმართა ფესტივალი - "სამოსი სამშობლო", ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვის. ეს ნამდვილად სულის გამოძახილი იყო. პანდემიის მიუხედავად, ქართულ სამოსში გამოწყობილი თანამემამულეები სიხარულით ვემზადებოდით ამ შეხვედრისთვის. დღესასწაულის იდეა ჩემს საოცარ მეგობარს, ჟურნალისტსა და პოეტს, ლელა ნინუას ეკუთვნის. მშობლიური სამოსის შტრიხებმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა ქართველი ქალის მანდილის სისპეტაკე და ქართველი ვაჟკაცის სიძლიერე და შემართება, რითიც ქართველები ყველგან ერთნაირად ვამაყობთ, სადაც უნდა აღმოვჩნდეთ. დაუვიწყარი საღამო გამოვიდა.

იმ დღემ კიდევ ერთხელ გაგვაერთიანა ის ადამიანები, რომლებიც წლებია, ამერიკაში ჩვენს წილ საქართველოს გულით დავატარებთ. ამერიკა შესაძლებლობების ქვეყანაა, მთავარია, ჯანსაღად აჰყვე ცხოვრების რიტმს. ძალიან გამიმართლა, რომ თავიდანვე საოცარი ადამიანების გარემოცვაში მოვხვდი. სწორედ მათი დახმარებით გამიმარტივდა ამერიკულ ცხოვრებასთან შეჭიდება და სირთულეებთან გამკლავება, რასაც უმეტესად აწყდება ახალჩასული ემიგრანტი. დღეს ის ადამიანები ჩემი საუკეთესო მეგობრები არიან, ჩვენ ყველა ერთმანეთის საყრდენი ვართ.

ჟურნალი "გზა"