"წლებია ვცდილობთ ავაშენოთ ქვეყანა, რომელიც ვეღარ აშენდა... ერთეულებისთვის რომ აღარ იქნება ეს ქვეყანა და ხალხისთვის იქნება, მაშინ გვეშველება" - კვირის პალიტრა

"წლებია ვცდილობთ ავაშენოთ ქვეყანა, რომელიც ვეღარ აშენდა... ერთეულებისთვის რომ აღარ იქნება ეს ქვეყანა და ხალხისთვის იქნება, მაშინ გვეშველება"

"ქალი მაშინ არის მსხვერპლი, როცა ძალადობას ითმენს და მისი პირველივე გამოვლენის შემთხვევაში არ მიმართავს შესაბამის ზომებს"

"შემოქმედი ადამიანი ყოველდღიურად იზრდება, ვითარდება, სხვა ახალ საფეხურზე გადადის - გამუდმებული ფიქრი და ძიება იწვევს ამ ყოველივეს. ადამიანი ცარიელ ოთახს ჰგავს, რომელიც ნელ-ნელა ივსება, მნიშვნელობას და შინაარს იძენს. ვფიქრობ, ეს არის ლიტერატურის დანიშნულებაც - გაგხადოს იმაზე ღრმა, ვიდრე ამა თუ იმ წიგნის წაკითხვამდე იყავი", - ეს სიტყვები ახლგაზრდა პოეტს, მწერალთა კავშირის წევრს, არაერთი ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულს, ფსიქოლოგ ქეთევან ნათელაძეს ეკუთვნის, რომელიც ბოლო დროს, შეიძლება ითქვას, რომ ფოტომოდელობამ გაიტაცა და მისი სურათები სოციალურ ქსელში აღფრთოვანებას იწვევს...

- სტატუსი - მწერალთა კავშირის წევრი რას ნიშნავს ახალგაზრდა ქალბატონისთვის?

- რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, როცა მწერალთა გაერთიანებასთან ასოცირდები. ნებისმიერი შემოქმედისთვის მწერლებთან ურთიერთობა, საუბრები და აზრების გაცვლა მნიშვნელოვანია, თუმცა ვფიქრობ, რომ კავშირის წევრობით ბევრი არაფერი განისაზღვრება, მთავარი საკუთარ თავზე მუშაობაა. საკუთარი თავის, სამყაროსა და ადამიანების შეცნობას თუ ვერ მოახერხებ, ვერაფერს დაწერ.

- სულ რამდენი კრებული გაქვთ გამოცემული? პანდემიამ ალბათ, მწერლებსა და პოეტებსაც ბევრ რამეში შეგიშალათ ხელი. - ორი პოეტური კრებული და ორიც - პროზა. დიახ, პანდემიამ სამწუხაროდ, ბევრ პროცესს მოგვწყვიტა, აღარ იმართება ლიტერატურული საღამოებიც, მაგრამ ბევრი მეგობარი მწერლისგან მესმის, რომ ეს დრო მათთვის ნაყოფიერი იყო შემოქმედებითი თვალსაზრისით. პირადად ჩემთვის, პანდემიის პერიოდი მეტისმეტად სტრესული აღმოჩნდა. იმედი მაქვს, მალე დავუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას და დაკარგულ დროსაც ავინაზღაურებთ.

- ბოლო დროს თქვენი ძალიან ესთეტიკური ფოტოებითაც გვანებივრებთ სოციალურ ქსელში... როგორც ჩანს, ფოტომოდელობამ გაგიტაცათ... - დიდი მადლობა, თუ მოგწონთ. ზოგადად, შეყვარებული ვარ ხელოვნებაზე, სილამაზეზე, ესთეტიკაზე. ჩემი ფოტოები სამოყვარულოა. ძალიან მიყვარს ფოტოგრაფია, განსაკუთრებით რეტროსპექტული სტილი. როდესაც ფოტოებზე მეკითხებიან, ყოველთვის ვპასუხობ, რომ ისინი ალბათ იმ როლების წამიერი გაელვებებია, რომლებიც ვერ ვითამაშე. სიამოვნებით მოვხვდებოდი ანრი კარტიე-ბრესონის ობიექტივში. დასანანია ასეთი ხედვის მქონე ადამიანის გარდაცვალება. როგორც იტყვიან, იგი იყო "მეოცე საუკუნის თვალი". იმდენად მიყვარს, რომ მჯერა, სხვა ცხოვრებაში მის ობიექტივში მეც აღმოვჩნდები.

ფოტო - ეს არის შეჩერებული დრო, გაუკვდავებული წამი. არის ფოტოები, რომლებსაც შემიძლია ვუყურო დიდხანს, ვიფიქრო ბევრი, ხმებიც კი გავიგონო და იმ ერთი კადრის მიღმა დავინახო კიდევ სხვა მრავალი კადრი. ეს უკვე ხელოვნებაა, ფილოსოფიაა და რაღაც უფრო მეტი...

- პროფესიით ფსიქოლოგი ხართ. ბოლო დროს მგონი შეიცვალა ფსიქოლოგების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება და სპეციალისტთან ვიზიტის კულტურა გაჩნდა. მეთანხმებით? - დიახ, ბოლო დროს ფსიქოლოგის ინსტიტუტი საკმაოდ აქტუალური გახდა სოციუმისთვის, რაც ძალიან მახარებს.

- როგორ ფიქრობთ, რა შემთხვევაშია ქალი ძლიერი არსება? - ქალი ყოველთვის ძლიერია, მაშინაც კი, როცა სუსტია. როგორც ამერიკელი ასტრონავტი და ფიზიკოსი მეი ჯემისონი ამბობს: "არასდროს შემოიფარგლოთ სხვა ადამიანების შეზღუდული ფანტაზიის უნარით" და იყავით ის, ვინც ხართ".

- ბოლო დროს აქტუალურია თემა - ქალზე ძალადობა, რაც ბოლო დღეებში კიდევ უფრო გამწვავდა ცნობილი მიზეზის გამო. ამ თემაზე რისი თქმა შეგიძლიათ? რა შემთხვევაში შეიძლება იქცეს ქალი მსხვერპლად და როცა ეს უკვე მოხდება, როგორ უნდა დაიძვრინოს თავი მოძალადისგან? - ვემიჯნები და ვგმობ ქალებზე ძალადობას. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში მართლაც გახშირდა მსგავსი შემთხვევა ან შესაძლოა, ახლა უფრო მეტია ღიაობა ამ თემასთან დაკავშირებით, ქალებმა დაიწყეს ამაზე საუბარი, რასაც მივესალმები. მიმაჩნია, რომ არც ერთი მოძალადე არ უნდა დარჩეს დაუსჯელი. ქალი მაშინ არის მსხვერპლი, როცა ძალადობას ითმენს და მისი პირველივე გამოვლენის შემთხვევაში არ მიმართავს შესაბამის ზომებს. მოძალადის ფსიქოლოგია საკმაოდ კომპლექსურია, შესაძლოა არ იყოს მარტივი მისი ამოცნობა, მაგრამ თუ ამოიცნობს, ქალმა ამაზე უნდა ისაუბროს. მხილება თავის დაცვის ერთ-ერთი ეფექტური მექანიზმია.

- რას ნიშნავს ქალისთვის დამოუკიდებლობა, თუნდაც მატერიალური... - საკუთარი ცხოვრების ფლობა და გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობის აღება ნიშნავს დამოუკიდებლობას. ჩვენ ყველა, თავისუფალ ადამიანებად ვიბადებით და არავის აქვს უფლება, შეგვიზღუდოს საკუთარი ნება.

- ფსიქოლოგები როგორ განიხილავთ, ვინ არის მოძალადე? როგორია ასეთი ადამიანის მიახლოებითი სულიერი პორტრეტი? - უმეტეს შემთხვევაში მოძალადეც მსხვერპლია, ანუ ის არის, ვისზეც წარსულში სხვამ იძალადა. მათ ზოგადად, თანაგრძნობის უნარი ნაკლებად ან საერთოდ არ აქვთ, არიან აგრესიულები და ხშირად მანიპულირებენ მსხვერპლით. ეს თემა ვრცელია და რთულია მოკლე განსაზღვრების გაკეთება.

- დამისახელეთ ქვეყანაში არსებული 5 პრობლემა, რომელიც თქვენი აზრით, ხალხის ფსიქიკაზე ცუდად მოქმედებს.

- მაქვს განცდა, რომ მოჯადოებულ წრეზე ვტრიალებთ. ალბათ, ასე მხოლოდ მე არ ვფიქრობ. ზოგჯერ ისეთი განცდაც მაქვს, რომ საკუთარი ქვეყანა გვჭამს, ცხოვრებას და ბედნიერების შესაძლებლობას გვართმევს. ოკუპირებული ტერიტორიები ჩვენი მთავარი პრობლემაა, ასევე კორუფცია, რომელსაც ისე აქვს ჩვენთან ფესვები გადგმული, რომ არ ვიცი, რომელი თაობა მოერევა ამას. ფაქტია, ჩვენ ვერ ან ჯერ ვერ ვერევით. უმუშევრობა, ფასების ზრდა ლამის ყოველდღიურად და დამთრგუნველი აგრესიული ფონი საზოგადოებაში. ალბათ, განათლებაც. წლებია ვცდილობთ ავაშენოთ ქვეყანა, რომელიც ვეღარ აშენდა, ამასობაში ბევრი თაობა დავკარგეთ. ერთეულებისთვის რომ აღარ იქნება ეს ქვეყანა და ხალხისთვის იქნება, მაშინ გვეშველება. არ ვკარგავ რწმენას, რომ მოვა განსაკუთრებული, ძლიერი ტალღა, რომელიც ყველაფერს უკეთესობისკენ შეცვლის.

- დაბოლოს, თქვენი პოეზიის ნამდვილი შემფასებლებისთვის იქნებ ერთი ლექსი წაგვიკითხოთ...

- სანამ ამას გავაკეთებ, გეტყვით, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ მეტი იგრძნონ, მეტი იმპულსი დაიჭირონ წაკითხულიდან, ვიდრე ეს სხვებს ძალუძთ. თუმცა, ყველაზე დიდი შემფასებელი საბოლოოდ, მაინც თითოეული მკითხველი და რა თქმა უნდა, დროა. დროს თუ გაუძლო ნააზრევმა, ეს ნიშნავს, რომ ადამიანებისთვის საჭირო რამეს წერდი.

"არავინ ცხოვრობს. ამ სახლების კედლებიც ძველი

დაბზარა ელვამ და სამყარო ნელ ცეცხლზე ცხვება,

სოფლის ტაძარში აღარ დადის მოხუცი მღვდელი,

იქ შორიახლოს მობალახე შედიან ცხვრები.

ჩათესე შენი სიყვარული ჩემში, რომ იმ წამს

მოვიდეს წვიმა, დიდი წვიმა, სიცოცხლის წვიმა,

რომ ბალახები სიტყვებივით წამოსცდეს მიწას,

და მზის ნაყოფი გამოებას ლიმონის ხეებს.

ტკივილის წყლებმა სიყვარულის წაგვართვა ჩვევა,

გამოვიტანე ტკივილიდან სიმლაშე ზღვების,

შენს თვალებში კი გადარჩენის იმედი მრჩება,

ახლა სიკვდილის ფრინველები მინდვრებში ფრენენ.

ჩათესე შენი სიყვარული. დრო იყო, როცა

ნამდვილ სიცოცხლის მესვეურთა აქ იდგა რიგი,

და მერე გაქრნენ იქით, სადაც სულს მარხავს ხორცი,

დასასრულია, არაფერი არ ხდება იქით.

სევდით ჰაერი ცოტავდება, არ იძვრის ქარი,

სათქმელს კი, როგორც პურის ნატეხს, ედება ობი...

ჩათესე შენი სიყვარული, რომ ვიყო ქალი,

რომ სასწაული მოვავლინო და ღმერთი ვშობო..."

ლიკა ქაჯაია (სპეციალურად საიტისთვის)