"მიხეილ სააკაშვილო, რა გააკეთე უკრაინისათვის ისეთი, რომ თავს უფლებას აძლევ, მე რამეში დამადანაშაულო?" - კვირის პალიტრა

"მიხეილ სააკაშვილო, რა გააკეთე უკრაინისათვის ისეთი, რომ თავს უფლებას აძლევ, მე რამეში დამადანაშაულო?"

როგორც ცნობილია, ამ ორიოდე დღის წინათ საქართველოს ექსპრეზიდენტმა, ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა მიხეილ სააკაშვილმა და უკრაინის საბაჟო სამსახურის ყოფილმა უფროსმა მაქსიმ ნეფედოვმა სავიკ შუსტერის პროგრამაში "სვობოდა სლოვაში" ("Свобода слова") გამოსვლისას ქვეყანაში შექმნილ ფინანსურ-ეკონომიკურ კრიზისში ერთ-ერთ დამნაშავედ ფინანსთა სამინისტრო და კერძოდ, პირადად მინისტრი სერგეი მარჩენკო მიიჩნიეს. მიხეილ სააკაშვილის თქმით, "ქვეყნის საბაჟოებს პრაქტიკულად ვიღაც ალექსანდრე ივაშკოვიჩი აკონტროლებს", რომელსაც ხელს სერგეი მარჩენკო უწყობს.

19 აპრილს, უკრაინის ფინანსთა მინისტრმა სერგეი მარჩენკომ პოპულარული გამოცემა "Левый берег"-ისათვის მიცემულ ინტერვიუში, კორესპონდენტ იური დოშატოვთან საუბრისას, მიხეილ სააკაშვილის ბრალდებებზეც ისაუბრა და მას "შარაგზის ყალთაბანდი" უწოდა.

გთავაზობთ ამონარიდს:

- მიხეილ სააკაშვილმა ამას წინათ განაცხადა, რომ "ქვეყნის საბაჟოებს პრაქტიკულად ვიღაც ალექსანდრე ივაშკოვიჩი აკონტროლებს". თქვენი აზრით, მიხეილ სააკაშვილის ნათქვამი სინამდვილეა?

სერგეი მარჩენკო: რა თქმა უნდა, არა.

- აბა, მაშ ვინ არის მთავარი კორუფციონერი საბაჟოზე?

სერგეი მარჩენკო: - ეს სამართალდამცველებს უნდა ჰკითხოთ. იცით, რაში გამოიხატება კორუფციასთან ბრძოლის მთავარი პრობლემა? მაგალითად, მიხეილ სააკაშვილმა რაღაც თქვა სერგეი მარჩენკოზე, მაგრამ არავინ არაფერს არკვევს, მართალია თუ არა მისი ნათქვამი. ყველამ დაიმახსოვრა მიხეილ სააკაშვილის ნათქვამი, რომლის მიხედვით, სწორედ სერგეი მარჩენკოა კორუფციონერი. მე კი ვამბობ, რომ იგი არამზადაა და...

- ამას მიხეილ სააკაშვილზე ამბობთ?

სერგეი მარჩენკო: [დიახ], იგი შარაგზის ყალთაბანდია. იგი ჩვენთან ჩამოვიდა, რაღაცის გაკეთებას ცდილობდა, ჰქონდა რაღაც იდეები, რომელიც ვერ განახორციელა და ახლა თავის პრობლემებში სხვებს ადანაშაულებს. ამომარჩია მე, მაგრამ მე ამ ბრალდებებს ვერ მოვითმენ. ამიტომაც ვამბობ: პირობითო ამხანაგო "ს", ბოლოსდაბოლოს, გააკეთე, რისი გაკეთება შეგიძლია. შენ უკრაინაში საკუთარი თავი უკვე ყველას აჩვენე გუბერნატორობის პერიოდში, ახლა კი უბრალოდ საპნის ბუშტების ბერვით ერთობი. შენ "ფეიკი" ხარ, შენი "გაკეთებული" საქმეები მხოლოდ "ფეიკური ისტორიებია". შენ მხოლოდ ინფორმაციულად კვებავ საზოგადოებას და რატომღაც ითვლება, რომ ყველა ხელისგულზე უნდა გატარებდეს. აი, თქვენი გამოცემის მეშვეობით მე მინდა ვკითხო მას - ვინ ხარ შენ, მიხეილ სააკაშვილო, და რა გააკეთე უკრაინისათვის ისეთი, რომ შენს თავს უფლებას აძლევ, მე, როგორც ფინანსთა მინისტრი, რამეში დამადანაშაულო? (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ