"თავისუფლება აღმიკვეთეს, მგელს ვეღარ მივაკითხე და მისი კვალი გაქრა" - კვირის პალიტრა

"თავისუფლება აღმიკვეთეს, მგელს ვეღარ მივაკითხე და მისი კვალი გაქრა"

"საპატიმროდან გამოსვლის პირველი დღე მამის საფლავზე გავატარე და მეორე დღიდანვე საქმეში ჩავერთე"

ყოფილი ვიცე-პოლკოვნიკი, სამედიცინო და იურიდიული განათლებით - ბესო დევნოზაშვილი ამჟამად მეწარმეობასა და ფერმერულ საქმიანობას მისდევს. გარდა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა, ფლობს იხვის, ქათმის, მწყრისა და ხოხბის ფერმას და მათთვის სპეციალურ საკვებს თავადვე ამზადებს. ამბობს, რომ "პრეტენზია აქვს" ქართველობაზე, ეს კი მნიშვნელოვანი და სავსებით საკმარისი მიზეზია იმისთვის, რომ შინაური ცხოველებისა და ფრინველების საკვები, რომელსაც გერმანელ სპეციალისტებთან თანამშრომლობით აწარმოებს, სრულად ნატურალური იყოს და დაბალი ფასითაც გამოირჩეოდეს. შედეგად, ამ ნაწარმით ფერმები მთელი საქართველოს მასშტაბით მარაგდება.

- ბატონო ბესო, როგორ დაიწყო ყოფილი პოლიციის უფროსის მეწარმეობა და ფერმერული საქმიანობა?

- ფრინველებისა და ცხოველების მოვლა-პატრონობით არასოდეს დავინტერესებულვარ, მხოლოდ ნადირობა მიყვარდა. ამ საქმეში შემთხვევით ჩავები. ჩემს ბიძაშვილს 10 შვილი ჰყავს. ერთხელ, სტუმრობისას, ყველაზე უმცროს ქალიშვილს დმანისიდან იხვის ჭუკები მივუყვანე. ჩემმა ბიძაშვილმა მითხრა, - ამდენი ბავშვი მყავს და ახლა იხვის ჭუკები გამიხდა მოსავლელიო!.. ჭუკები არ დავტოვე და თბილისში, ჩემს სახლში წამოვიყვანე. სამსახურიდან მოსული, კატოსა და ტასოს წყალში ჩავსვამდი, ვაბანავებდი და მერე თმის საშრობით ვაშრობდი ხოლმე (იცინის). მათ კვებაზე ფიქრისას გამიჩნდა საკვების წარმოების იდეა. თანდათან, მეშვიდე სართულზე იხვის ჭუკებს "მეგობრები" შეემატნენ - მათთან ერთად გავზარდე ხოხბები, მწყრები, ინდაურები, იშვიათი ჯიშის ქათმები. მოგვიანებით ინკუბატორი შევიძინე და მათი შემადგენლობა უფრო მრავალფეროვანი გახდა.

- მალე ფრინველებს ცხოველები შეემატა და თანაც, არა მხოლოდ შინაური...

- საერთოდ, მგლების შესახებ ყველაფერი ძალიან მაინტერესებს და ბევრიც ვიცი. ჩემს წინაპრებს მგლები ერქვათ, თურქებმა დაარქვეს: წარმოშობით მესხები ვართ. ჩემს დიდ წინაპარს მოსე ერქვა და 17 შვილი, მათ შორის - 13 ვაჟი და 4 ქალიშვილი ჰყავდა. როდესაც მესხეთიდან თურქები თავს ესხმოდნენ, მოსეს ვაჟები მტერს ეკვეთებოდნენ და მუსრს ავლებდნენ ხოლმე. ცნობილია, რომ მებრძოლი სულისა და სიმტკიცის გამო, თურქები მათ მგლებს ეძახდნენ. ეს ისტორია მგლებისადმი ინტერესს უფრო მიღვივებდა. ერთხელ საჩუქრად სამი მგლის ლეკვი მომიყვანეს. ერთი მომიკვდა, ორი გავზარდე. ყველანაირად ვეცადე მომეთვინიერებინა, მაგრამ ვერაფერს გავხდი. ერთ-ერთი ირინა ონაშვილმა მთხოვა და წაიყვანა. მეორე მგელი მარტოობას ძალიან განიცდიდა, დილა-საღამოს ყმუოდა. მაშინ ერთ-ერთ აზერბაიჯანულ სოფელში ვმუშაობდი. გალიაში ჩავსვი და მთაში წავიყვანე, რომ ხალხი არ შეწუხებულიყო. ვაკითხავდი, ვუვლიდი. სამწუხაროდ, მოგვიანებით თავისუფლება აღმიკვეთეს, მგელს ვეღარ მივაკითხე და მისი კვალი გაქრა.

- განათლებით თუ უკავშირდებით ამ სფეროს?

- არანაირად - არც განათლებით, არც გამოცდილებით. სამედიცინო და იურიდიული განათლება მაქვს. მოსკოვში პოლიციის უმაღლეს სკოლაში ვსწავლობდი. 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ იქ ვეღარ გავძელი და საქართველოში დავბრუნდი. აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ომში ყოფნა სამი წლის მანძილზე მომიხდა. ვიყავი სომხეთის საზღვრების საბაჟო პოლიციის უფროსი, ვმუშაობდი გამომძიებლად ნარკომანიის მიმართულებით, ასევე - თბილისის სატრანსპორტო პოლიციაში სამძებროსა და ნარკომანიის უფროსად. მოგვიანებით დამაკავეს და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მომისაჯეს. სასჯელის მოხდა რვა წლის მანძილზე მომიხდა. ამ პერიოდში ორი უნივერსიტეტი დავამთავრე, მათ შორის ერთი ნორვეგიული იყო, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. შვილებთან პირისპირ შეხვედრის უფლება არ მქონდა. ვითხოვე, სხვადასხვა შეჯიბრებაში გავიმარჯვებ და სანაცვლოდ შვილების ნახვის უფლება მომეცით-მეთქი. მუდმივად ვვარჯიშობდი და შედეგად, მიზანს მივაღწიე. მაშინ გადაცემა "ეტალონშიც" მივიღე მონაწილეობა. მსგავსი მიდგომით თავის გადარჩენასაც ვცდილობდი და რაც მთავარია - მინდოდა, შვილებისთვის მაგალითი მიმეცა, რომ ფარ-ხმალი არ დაეყარათ.

- მას შემდეგ, რაც გათავისუფლდით, გადაწყვიტეთ, რაღაცები, თუნდაც პროფესია შეგეცვალათ?

- პირველი დღე მამის საფლავზე გავატარე და მეორე დღიდანვე საქმეში ჩავერთე. თავდაპირველად, მეგობარმა ჯართის ბიზნესში მუშაობის საშუალება მომცა. მოგვიანებით სესხი ავიღე და ცხოველებისა და ფრინველების საკვების დამზადების მიზნით, ამერიკიდან სპეციალისტი ჩამოვიყვანე. სამწუხაროდ, თაღლითი აღმოჩნდა, 25 ათასი დოლარი წაიღო და დაიკარგა. ოდესაში ვიპოვე... ჩამოვედი და წარმოება უკვე მარტომ დავიწყე. ამჟამად საქმიანი ურთიერთობა გერმანელებთან მაქვს და მათი თანადგომით, საკვებს ყველა სახეობის ცხოველისა და ფრინველისთვის ცალ-ცალკე ვამზადებ. საწარმოში შვიდი ადამიანია დასაქმებული. პატარა საწარმოა, მაგრამ წარმოების გაზრდას ვაპირებ. გარდა ამისა, მაქვს ვენახები - ახმეტასა და დმანისში რქაწითელი გავაშენე.

- ფერმერობისა და მეწარმეობის გარდა, მომლოცველთა ჯგუფებს საქართველოს სხვადასხვა ღირსშესანიშნავ ადგილსა და უძველეს ტაძრებს აცნობთ...

- სრულიად შემთხვევით, მინსკელი ქალბატონები გავიცანი. მითხრეს, რომ მომლოცველები იყვნენ და ადგილობრივ მომსახურებასთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოხატეს. ჩემი შეთავაზება მიიღეს და რადგან წასვლამდე სულ ორი დღე ჰქონდათ დარჩენილი, ერთ დღეს კახეთის არაერთი ისტორიული ადგილი, მეორე დღეს კი მცხეთის ტერიტორია მოვალოცვინე. მალე მინსკის საპატრიაქროს ვესტუმრე, შევხვდი მათ წარმომადგენელს, ჩვენს ქვეყანაში მოვიწვიე და ის ჩვენს მამებს შევახვედრე. აქედან წასულმა ბელორუსმა მღვდელმა რომ დამირეკა, მითხრა, - მადლობა, ბესო, კაცთა შორის სიყვარული სწორედ საქართველოში შევიგრძენიო. პანდემიის გამო ეს ღონისძიებები შეწყდა, თუმცა იმედია, მალე ისევ შევძლებთ მათ განახლებას.

- ოჯახის შესახებ გვითხარით... - მეუღლე და ოთხი შვილი - ორი ვაჟი და ორი ქალიშვილი მყავს. მამა სახალხო კონტროლის თავმჯდომარე იყო. მისი და ჯუმბერ კოპალიანის სახელთანაა დაკავშირებული ჩემს სოფელში, განთიადში ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის თეატრის გახსნა, სადაც მარჯანიშვილისა და რუსთაველის თეატრის დასი ხშირად ჩამოდიოდა. სასტუმრო არ იყო, ამიტომ მათ მასპინძლობას ჩვენი ოჯახი უწევდა. მოგვიანებით ეს თეატრი დაიწვა და დმანისში გადაიტანეს.

შორენა ლაბაძე ჟურნალი "გზა"