"საქართველოს პოლიტპატიმრები არ ჰყავს, მელიას დღესვე შეუძლია დატოვოს ციხე" - კვირის პალიტრა

"საქართველოს პოლიტპატიმრები არ ჰყავს, მელიას დღესვე შეუძლია დატოვოს ციხე"

"ქართული ოცნების" გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, გირაოს გადახდის შემთხვევაში, ნიკა მელიას დღესვე შეუძლია ციხის დატოვება. ამის შესახებ თბილისის მერმა მედიასთან გაკეთებულ კომენტარში ისაუბრა.

"საქართველოს პოლიტპატიმრები არ ჰყავს. ეს იყო შეთანხმების ნაწილი. მელიას დღესვე შეუძლია დატოვოს ციხე. მან უნდა გადაიხადოს გირაო და გირაოს გადახდის შემთხვევაში, დღესვე გამოვა გარეთ. რაც შეეხება რურუას, ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა გააკეთა განმარტებები და ჩვენი მხრიდანაც იყო განცხადებები", - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმება შედგა.

"ყოველთვის მივესალმებოდი და მოვუწოდებდი ყველას, შეთანხმება შემდგარიყო. კომპრომისები, რა თქმა უნდა, არის მნიშვნელოვანი პოლიტიკაში და ძალიან მიხარია, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის მოხდა შეთანხმება", - აღნიშნა კახა კალაძემ.

"ინტერპრესნიუსი"