"ჩემი ბრძოლის წაგება ორი ადამიანის სიკვდილი იქნებოდა. ჩემი მეუღლის ასეთმა სიყვრულმა უდიდესი ძალა მომცა" - კვირის პალიტრა

"ჩემი ბრძოლის წაგება ორი ადამიანის სიკვდილი იქნებოდა. ჩემი მეუღლის ასეთმა სიყვრულმა უდიდესი ძალა მომცა"

"ყოველთვის მეშინოდა ამ დიაგნოზის. ბავშვობიდანვე სულ შიში მქონდა. ამ თემაზე არასოდეს მისაუბრია, მეგობრებთანაც კი თავს ვარიდებდი"

სიკვდილი ძალიან მარტივი ყოფილა, სიცოცხლეა რთული, რთული და ტკბილი, - ამბობს ჩემი რესპოდენტი, 28 წლის ანა ჯანელიძე, რომელმაც სულ ახლახან სიმსივნე დაამარცხა, ვერაგ დაავადებაზე გაიმარჯვა და ცხოვრება ახლიდან დაიწყო. ორი შვილის დედამ დიაგნოზი მოულოდნელად გაიგო, შვილებისა და მეუღლის გამო უკან არ დაიხია და დღეს ამაყად ჰყვება, რომ ძლიერია, რადგან წამითაც არ ჰქონია სურვილი, დანებებულიყო. ანას თავისი ისტორიის მოსასმენად დავუკავშირდით.

ანა ჯანელიძე:

- პანდემიის პირველი ტალღის პერიოდში ისე მოხდა, რომ დასავლეთიდან თბილისში წასვლა ვერ მოვახერხე. ამ პერიოდში მკერდში სიმაგრე ვიგრძენი, რომელიც ძალიან მადარდებდა, დამაფიქრა ამ სიმაგრემ. როგორც კი საქალაქთაშორისო მიმოსვლა დაიწყო, მეც წამოვედი და მივედი ექოსკოპიაზე. ექოსკოპისტმა რომ მკითხა, მარტო მოხვედიო, არ მომეწონა და მივხვდი, რაღაც კარგად ვერ იყო. მის რეაქციას ვაკვირდებოდი, რომ არაფერი გამომპარვოდა. ექიმმა მირჩია, სასწრაფოდ მამოგრაფიაზე მივსულიყავი და მამოლოგთან გამევლო კონსულტაცია. წავედი სკრინინგ ცენტრში, სადაც მნახა მამოლოგმა. გავიკეთე მამოგრაფია და მან უკვე ქორ-ბიოფსია მომთხოვა, ავთვისებიანს ჰგავს და უნდა დავაზუსტოთო. ექიმის რჩევით, მივედი ირაკლი სიხარულიძესთან და ყველა კვლევა გავიკეთე, რაც საჭირო იყო.

არაფერი მაწუხებდა. ვიყავი სრულიად ჯანმრთელი, მე ასე ვგრძნობდი თავს. დამიდგინდა ინვაზიური სადინროვანი კარცინომა. საბედნიეროდ, მეტასტაზების გარეშე, ადგილობრივად იყო გაფანტული. მალევე დავიწყე ქიმიოთერაპიის კურსი. გავიკეთე 8 ქიმია. ვარ ჰორმონ დადებითი და ვიკეთებ ჰერცეპტინსაც. ქიმიების დასრულების შემდეგ, 10 დეკემბერს გავიკეთე ოპერაცია და, საბედნიეროდ, მკერდი შენარჩუნდა. შემდეგ მკურნალობას მოჰყვა სხივური თერაპია და ახლა ჰორმონოთერაპიას გავდივარ.

- ყველაფერი მოულოდნელად მოხდა, ალბათ, არც თქვენ ელოდით ამ დიაგნოზს...

- ყოველთვის მეშინოდა ამ დიაგნოზის. ბავშვობიდანვე სულ შიში მქონდა. ამ თემაზე არასოდეს მისაუბრია, მეგობრებთანაც კი თავს ვარიდებდი სიმსივნის ხსენებას. ექოსკოპიაზე რომ მივედი, იმედი მქონდა, რამე უმნიშვნელოს მეტყოდნენ, დავლევდი ერთი-ორ წამალს და ყველაფერი მორჩებოდა. ასე არ მოხდა. რაღაც წამლის ნაცვლად უამრავი წამალი და ქიმიოთერაპიის კურსი დამჭირდა, რაც საკმაოდ რთული იყო. ოპერაციის მოლოდინიც არ აღმოჩნდა მარტივი, არც სხივური თერაპია გამივლია უპრობლემოდ. ყელი ისე დამეწვა, ყლაპვა არ შემეძლო, 3 დღის განმავლობაში წყალიც არ დამილევია. დღეს ეს ყველაფერი მოგონებაა, უბრალოდ, ცუდი მოგონება.

სიკვდილი ძალიან მარტივი ყოფილა, სიცოცხლეა რთული, რთული და ტკბილიც. ვიბრძოლე ამ სიცოცხლისთვის და შევძელი გამარჯვება. მაშინ, როდესაც ამ დიაგნოზს პირისპირ ვედექი, ვეძებდი ჩემნაირებს, სასოწარკვეთილებს, უიმედოებსაც და იმედიანებსაც. გავიცანი უამრავი "ჩემიანი". ისინი მაძლიერებდნენ, ახლა კი მე ვაძლიერებ სხვას და ეს უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. უცხო ადამიანს მოუწერია და უთქვამს, რომ მე მისი სტიმული ვარ, ეს მეც მაძლევს ძალას, უფრო მეტად გავძლიერდე და ამით სხვასაც დავეხმარო.

- ორი შვილი გყავთ, როგორ მიიღეს დიაგნოზი მათ და ოჯახის სხვა წევრებმა?

- დიაგნოზი ძალიან რთულად მიიღეს, ყველამ განიცადა და ყველა ჩემს გვერდით დადგა. ერთეულებმა დაინახეს, თუ რამდენად ცუდად ვგრძნობდი თავს, უმეტესობისთვის კი სიძლიერის სიმბოლოდ ვიქეცი. დღეს თამამად შემიძლია გავახარო ყველა და ვუთხრა, რომ სრულიად ჯანმრთელი ვარ.

ყველაზე მძიმედ დიაგნოზი ჩემმა შვილებმა მიიღეს. მათთან არ ვლაპარაკობდი ამ თემაზე, თუმცა ყველაფერი იცოდნენ. როდესაც მკურნალობა დასრულდა, ჩემს პატარას ვკითხე, რისი გეშინოდა-მეთქი? მიპასუხა, - მეშინოდა, არ მომკვდარიყავიო. ჩემს შვილებს არასდროს ვუცრუებდი იმედს და ამჯერადაც არ დავაღალატე, არ დავტოვე ისინი იმ დროს, როდესაც მათ ძალიან ვჭირდები.

- ძლიერი ქალბატონი ხართ, რამ მოგცათ ძალა, რომ ბრძოლა გაგეგრძელებინათ? - პირველ რიგში, შვილებმა, ისინი იყვნენ ყველაფერი, შემდეგ ჩემმა ქმარმა, რომლიც ჩემზე მეტად განიცდიდა დიაგნოზს. რომ მტკიოდა, ვხედავდი, მასაც სტკიოდა, არა ისე, როგორც მე, მას უფრო მეტად სტკიოდა ჩემი ამბავი. ჩემი ბრძოლის წაგება ორი ადამიანის სიკვდილი იქნებოდა. ჩემი მეუღლის ასეთმა სიყვრულმა უდიდესი ძალა მომცა, ახლა ამაყობს ჩემით. ბრძოლის მომენტში დაღლას ვერ ვგრძნობდი. მეტყოდნენ, რაც მჭირდებოდა, მეც ვიკეთებდი. გვერდით ეფექტებს აღწერდნენ, მეც ვეგუებოდი. ქიმიების დროს ვგრძნობდი, როგორ ვიწვოდი შინაგანად და ვერაფერს ვაკეთებდი. ვუძლებდი რამდენიმე დღე, მერე გაივლიდა. დღემდე მეშინია ხვალინდელი დღის, რას მეტყვის ექიმი. ახლა ყველაფრის თავიდან დაწყებისაც მეშინია. პირველად არ ვიცოდი, სად მივდიოდი და რა გზა უნდა გამევლო, უკვე თითოეული ნაბიჯი ზეპირად ვიცი და ძალიან დიდი შიში მაქვს, იმავეს თავიდან გავლის, ვიმედონებ, არასდროს მომიწევს.

- ახლა როგორ გრძნობთ თავს?

- დავუბრუნდი ცხოვრებას - იმედებით, მიზნებით, განწყობით. ისე ვგრძნობ თავს, რომ ვერაფერი დამამარცხებს.

- ხშირად ქალბატონები თმის ცვენას განიცდიან, თქვენ შემთხვევაში როგორ იყო?

- დიაგნოზს ისე არ შევუშინებივარ, როგორც თმის ცვენამ შემაშინა. როდესაც ექიმმა მითხრა, რომ ქიმიოთერაპია უნდა დაგვეწყო, ტირილი დავიწყე, თუმცა შევეგუე, მოვიხდინე უთმობაც და რამდენიმე დღის წინ ჩემი ნებით შევიჭერი გრძელი თმა.

- რთული გზა გაგივლიათ, რას ეტყოდით ქალბატონებს, ვინც ახლა იწყებს ბრძოლას?

- არ შეშინდნენ, ცუდი განწყობით ნუ გაირთულებენ მდგომარეობას, შემართება არ დაკარგონ. არსებობს სიმსივნეზე ცუდი დაავადებები, როდესაც ადამიანებს შანსიც კი არ აქვთ, იბრძოლონ სიცოცხლისთვის. ჩვენ ღმერთი გვაძლევს შანსს და უიმედობით არ უნდა დავკარგოთ ეს შანსი. მე ჩემს დაავადებაზე ზემოთ დავდექი და კიბომ ვერ გადამაბიჯა, ამას ვურჩევდი სხვებსაც. თუ ვინმეს უფრო მეტის გაგება მოუნდება, სოციალურ ქსელში მომძებნონ და ეტაპ-ეტაპ, ერთად გავივლით იმ გზას, რომელიც მე ახლახან გავიარე.

(სპეციალურად საიტისთვის)