"ნიკა მელია არის მხნედ, მიაჩნია, რომ ბრძოლა აუცილებლად გამარჯვებით დამთავრდება" - კვირის პალიტრა

"ნიკა მელია არის მხნედ, მიაჩნია, რომ ბრძოლა აუცილებლად გამარჯვებით დამთავრდება"

"ნიკა მელია არის ძალიან მხნედ. მას მიაჩნია, რომ ბრძოლა იქნება ბოლომდე და ეს ბრძოლა აუცილებლად გამარჯვებით დამთავრდება",- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა რუსთავის ციხეში, ნიკა მელიასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.

ადვოკატის განმარტებით, მელია ბრძოლაში შეგნებულად შევიდა და მისი ამ ნაბიჯით მსოფლიოს დასანახად აშკარა გახადა, რომ ხელისუფლება მართლმსაჯულებას პოლიტიკური პროცესებისთვის იყენებს.

"ერთმნიშვნელოვნად შემიძლია გითხრათ, რომ ხელისუფლებას ნიკა მელიას პილიტიკური პატიმრობიდან გათავისუფლება მოუწევს ყოველგვარი წინაპირობების და გამოსასყიდის გარეშე. მისი პოზიცია უცვლელია ამნისტიის კანონთან დაკავშირებით, ვინაიდან მისთვის აბსოლუტურად მიუღებელია ამნისტიის კანონის მიღება იმ ფორმით, თუკი ეს კანონი ერთ სიბრტყეში დააყენებს მოძალადე ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლებს, ასევე 20 ივნისის შემქმნელ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებს. რაც შეეხება სამართლებრივ ინსტრუმენტებს, ნებისმიერი სახის სამართლებრივი ინსტრუმენტის გამოყენება შეუძლია ხელისუფლებას. როგორც დაიჭირეს და პოლიტილური აქტი ჩაატარეს, ისე შეუძლიათ ნებისმიერ წამს, ეს იქნება აღკვეთის ღონისძიების გაუქმებით, პროკურატურის შუამდგომლობით სასამართლოსადმი, თუ პროკურატურის მხრიდან მისი უფლების გამოყუნებით სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტასთან დაკავშირებით. რასაც ჩვენ თვალს ვადევნებთ, ხელისუფლება ცდილობს ნიკა მელიას რეპუტაცია შეულახოს და ცდილობენ მას უარი ათქმევინონ პრინციპებზე", - აცხადებს კონდახიშვილი.

მისი თქმით, ნიკა მელიას ახირება არ ყოფილა უარი ეთქვა გამოსასყიდზე, უბრალოდ, ეს არის ბრძოლის აქტი უკანონობის წინააღმდეგ.

"ინტერპრესნიუსი"