"პირველად მაშინ გავესაუბრე სასულიერო პირებს. მალე სამსახური მივატოვე და მონასტერში წავედი. უკვე შვილი მყავდა" - კვირის პალიტრა

"პირველად მაშინ გავესაუბრე სასულიერო პირებს. მალე სამსახური მივატოვე და მონასტერში წავედი. უკვე შვილი მყავდა"

წარმოშობით სვანი, თბილისიდან გარდაბანში გადასული ვანო ონიანისთვის, რომელიც ღორებს, ძროხებს, ცხვრებს, ცხენებს, 5 ჰექტარზე გაშენებულ მაყვალსა და მზის ენერგიაზე მომუშავე სათბურში მოყვანილ მარწყვს უვლის, ფერმერობა მხოლოდ პრაქტიკული საქმიანობა და ბიზნესი არ არის. რა გავლენა მოახდინა წარმატებულ მეწარმეზე საქართველოს უახლესი ისტორიის პერიპეტიებმა, რატომ შეაჩერა არჩევანი ფერმერულ საქმიანობაზე და იპოვა თუ არა "დაკარგული სამოთხე" საფერმო მეურნეობაში, ამას მისივე გულწრფელი ინტერვიუდან შეიტყობთ...

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"ჩემი წარსული, პროფესია და კონკრეტული მისწრაფება-გამოცდილებები ნამდვილადაა დაკავშირებული დღევანდელ საქმიანობასთან. სამედიცინო ინსტიტუტში სამკურნალო ფაკულტეტზე 1988 წელს ჩავირიცხე. სამოქალაქო ომის დროს მე-9 საავადმყოფოში ექთნად ვმუშაობდი. ომის მთელმა სიმძიმემ ჩვენ თვალწინ ჩაიარა. დასახიჩრებული და ნარკომანიით განადგურებული ადამიანები, თავდასხმები, გაუკაცრიელებული, მედიკამენტებისაგან დაცლილი, ჩაბნელებული სამედიცინო დაწესებულებები - ამ დროს მუშაობა, მართლაც, ომში ყოფნის ტოლფასი იყო..."

"თავდაპირველად სანიტრად, შემდეგ ექთნად და უფრო გვიან - რეანიმატოლოგად ვიმუშავე. რომ დავოჯახდი, საექიმო საქმიანობა შევწყვიტე და იმდროინდელი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მინისტრის თანაშემწის თანამდებობაზე დავინიშნე..."

"დავითგარეჯას მიმდებარედ სამხედრო პოლიგონის გაუქმების მოთხოვნით გამოსვლები დაიწყო. პროცესში აქტიურად ჩავებით სტუდენტები. ტაძრები მიწით იყო ამოვსებული და ჩვენ გამწმენდ სამუშაოებშიც აქტიურად ვერთვებოდით. პირველად მაშინ ვნახე და პირადად გავესაუბრე სასულიერო პირებს. მალე სამსახური მივატოვე და მონასტერში წავედი. უკვე შვილი მყავდა, გიორგი. რამდენიმე ფაქტორის გავლენით, საბოლოოდ, კვლავ ერში აღმოვჩნდი..."

"ომის შემდეგ გადავწყვიტე ამ საქმეში აქტიურად ჩავრთულიყავი. ცარიელი ტერიტორია მქონდა და მეგობრებმა მაყვლის გაშენება მირჩიეს. შენდება სათბურიც, რომელიც მხოლოდ მზის ენერგიაზე იმუშავებს და იქ მარწყვს მოვიყვანთ. სახელმწიფო ჩართულობით 20% დაფინანსდა, 80 %-ზე კი კერძო ფინანსები დაიხარჯა. მიხარია, რომ კარგად აღმოცენდა, კარგ მოსავალს ველოდებით, თუმცა, მაფიქრებს რეალიზების პრობლემა. იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფომ ამ მიმართულებით მებაღეებს მხარდაჭერა აღმოუჩინა, კენკროვანი ბაღები ბევრმა გააშენა. შესაბამისად, გაიზარდა პროდუქციის რაოდენობა, რაც უკვე ჭარბია ადგილობრივი ბაზრისთვის. პირობის მიხედვით, ექსპორტირება უნდა მომხდარიყო, თუმცა, ამის მოლოდინი აღარ არის..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 22 აპრილის ნომერში წაიკითხავთ.

შორენა ლაბაძე