"ნაღმზე ავფეთქდი", მოწინააღმდეგის პოზიციების "დაბომბვის" შემდეგ გარაჟიდან გარაჟზე გადავხტი, ჩაინგრა და ნეკნებით ჩამოვეცვი მოტოციკლეტს. მამა მივლიდა" - კვირის პალიტრა

"ნაღმზე ავფეთქდი", მოწინააღმდეგის პოზიციების "დაბომბვის" შემდეგ გარაჟიდან გარაჟზე გადავხტი, ჩაინგრა და ნეკნებით ჩამოვეცვი მოტოციკლეტს. მამა მივლიდა"

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ დღეს მისი მამის, ყველასათვის საყვარელი მწერლის - გურამ ფანჯიკიძის დაბადების დღეა და იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც ტრავმირებულს მამა გულმოდგინედ უვლიდა:

"მამაჩემის დაბადების დღეა. 11 წლის ვიყავი, მეზობელ ეზოში დევი კუბლაშვილის მკვახე ჭერმებით შეიარაღებულ ბანდ-ფორმირებას რომ ვებრძოდი გოგონათა სადესანტო რაზმით და ნაღმზე ავფეთქდი, მოწინააღმდეგის პოზიციების დაბომბვის შემდეგ გარაჟიდან გარაჟზე გადავხტი, ჩაინგრა რომელიც და ნეკნებით ჩამოვეცვი მოტოციკლეტს. დედა გერმანიაში იყო და მამა მივლიდა. გადაბმულად ამდენი დღე სახლში და თან დიასახლისის როლში ამ ერთხელ იყო მგონი.

თამაზ კვაჭანტირაძე ეხმარებოდა, ხან, რომ გავერთე, ტელევიზორიდან მესალმებოდა, - "ნათია ფანჯიკიძე გვეკითხება, რა ატირებს ტარიელს" - რაღაც ეგეთი ფორმით და ამ მისალმების ხათრით მთელ ლექციას ვუსმენდი, საღამოობით კი სანახავად მოდიოდა და რამე გემრიელი მოჰქონდა, ხოდა ბედნიერი მივირთმევდი ცუდად გარეცხილ მარწყვს და გმირულად ვუძლებდი ცხენზე კიარადა, ველიკაზე ამხედრებული კუბლაშვილის ფანჯრისქვევიდან ცინიკურ ამოძახილს "ჩემო ნეკნებჩამტვრეულო სიცოცხლეო", სულმდაბალი ეგა, განა მტრობაში ღირსება უნდა უგულებელვყოთ-მეთქი, მინდოდა გადამეძახა და ფილტვში გაჩხერილი ნეკნი მიშლიდა ხელს.

თვალწინ მიდგას მამას მოუხერხებელი დიასახლისობის სცენები და ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე ძალიან ტკბილი მოგონებაა", - წერს ნათია ფანჯიკიძე და ურთავს ფოტოს, სადაც თქვენთვის ნაცნობ არაერთ სახეს ნახავთ...