"ერთხელ, ხუმრობით მითხრა: ასეთ მეგობარს ცოლადაც სიამოვნებით მოვიყვანდიო. ცოტა ხანში ეს ხუმრობა სინამდვილედ იქცა" - კვირის პალიტრა

"ერთხელ, ხუმრობით მითხრა: ასეთ მეგობარს ცოლადაც სიამოვნებით მოვიყვანდიო. ცოტა ხანში ეს ხუმრობა სინამდვილედ იქცა"

"შვილი თავიდანვე ბუნებრივ კვებაზე მყავდა და ინკუბატორიდან სესიებზე მიწევდა სირბილი"

მარიამ ლაშხი ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ქართველი პარლამენტარია. ის პარლამენტის წევრი გასულ წელს, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ გახდა. მარიამი საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა და ამის პარალელურად, განათლების კომიტეტის წევრიცაა. როგორც გვითხრა, ძალიან დაკავებულია, რადგან ამ მოვალეობების შესრულებასთან ერთად, 5 თვის ნიკოლოზს ზრდის. მარიამი თავის კარიერასა და ცხოვრებაზე გვიამბობს.

- ზოგჯერ ვფიქრობ, რომ მთელი ჩემი ცხოვრება სტერეოტიპებთან ბრძოლაა და მათთან ჭიდილი თავიდანვე დავიწყე: მეამაყება, რომ არასდროს მისარგებლია დედ-მამის დახმარებით. როცა მამაჩემს მძღოლი ჰყავდა, მე ავტობუსით დავდიოდი და ვცდილობდი, ყველაფრისთვის ჩემით მიმეღწია. ამიტომ, ოჯახის მფარველობას გავექეცი და სულ სხვა პროფესია ავირჩიე - საინფორმაციო ტექნოლოგიების შესწავლა დავიწყე. ამ მიზნით, საქართველოს უნივერსიტეტში ჩავაბარე. მთელ ჯგუფში მარტო მე ვიყავი გოგო და ყველას უკვირდა, ამ ქერა ცისფერთვალებამ ამ საქმის შესწავლა რატომ გადაწყვიტაო. კარგად ვსწავლობდი და პირველი კურსი რომ დავხურე, მუშაობა დავიწყე. თან ვსწავლობდი, თან ვმუშაობდი. ეს ამბავი რომ გაიგო, მამაჩემს ძალიან გაუკვირდა.

- რატომ? - უბრალოდ, ოჯახში არ გვქონდა იმის საჭიროება, რომ მუშაობა დამეწყო, შემეძლო მშვიდად მესწავლა და მხოლოდ ამაზე მეფიქრა. მამაჩემი, კონსტანტინე ლაშხი, მთელი ცხოვრება ბანკირი იყო, ამავე დროს, სპორტსაც მისდევდა და ტანმოვარჯიშე იყო. დღეს იგი ტანვარჯიშის ფედერაციის ხელმძღვანელია და ტექნიკურ უნივერსიტეტშიც ასწავლის. დედა, ნანა ერგემლიძე არაბული ენის სპეციალისტია, თსუ-ის პროფესორი. მყავს და - ნინო, რომელიც ჩემზე ორი წლით უმცროსია. ის პროფესიით ჟურნალისტია, სამი გოგონას დედა და ყველანაირად მხარს მიჭერს. ასევე, მყავს ჩემზე 11 წლით უმცროსი ძმა, რომელიც ჩემ თვალწინ გაიზარდა. სულ ვამბობდი: ჩემმა მშობლებმა ოცნება ამისრულეს, ყოველთვის მინდოდა პატარა ძმა მყოლოდა და ეს ოცნება ამიხდა-მეთქი. ჩემი ძმა პროფესიით არქიტექტორია, ჯერჯერობით სწავლობს და თან, სპორტული ცხოვრებით არის დაკავებული.

- ალბათ, უცხოეთშიც სწავლობდით.

- დიახ, ცოტა ხნით გერმანიაში წავედი სასწავლებლად და ჩემი იქ ყოფნა 2008 წლის ომს დაემთხვა. ძალიან განვიცდიდი, ვფიქრობდი, რომ ჯობდა ჩემს ქვეყანაში ვყოფილიყავი და არა იქ, სადაც გულშემატკივარი არ მყავდა. ეს ჩემს ცხოვრებაშიც ყველაზე რთული პერიოდი იყო, რომელმაც ჩემი მომავალი მთლიანად შეცვალა: სწორედ მაშინ დავიწყე საერთაშორისო ურთიერთობების შესწავლა. გერმანიიდან დაბრუნებულმა პროფესია შევიცვალე და მაგისტრატურაში საერთაშორისო ურთიერთობები და დიპლომატია ავირჩიე. ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეტაპი იყო არასამთავრობო ორგანიზაციის დაფუძნება, რომელიც მიუსაფარ ბავშვთა სახლების კურსდამთავრებულებს ეხმარებოდა: ტრენინგებს უტარებდა და პრაქტიკულ ცოდნას აძლევდა. ამის შემდეგ მსოფლიო ბანკში გადავედი, სადაც 3 წლის განმავლობაში ვმუშაობდი და სერიოზული გამოცდილება მივიღე. იქიდან კი - "ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში" მიმიწვიეს. ეს ჩემთვის დიდი რისკი იყო, რადგან მსოფლიო ბანკში ძალიან კარგი პირობები დავტოვე - ორჯერ მეტი ანაზღაურება მქონდა, რასაც ბონუსებიც ემატებოდა. მაინც გავრისკე და გადავედი. სააგენტოში ბევრი კარგი პროექტი განვახორციელეთ და მნიშვნელოვანი ინვესტიციები მოვიზიდეთ. მათ შორის, პირველ რიგში, "ტექნოპარკი" უნდა დავასახელო.

- რამდენი ენა იცით? - სულ 4 ენა ვიცი: ინგლისური, გერმანული, თურქული და რუსული. ფრანგულის შესწავლაც დავიწყე.

- პარლამენტში შესვლა როდის და როგორ გადაწყვიტეთ? - მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო სტრუქტურაში ვმუშაობდი, ძალიან აპოლიტიკური ვიყავი. ჩემი ახლობლები იცინოდნენ კიდეც, რადგან ზოგიერთი პოლიტიკოსის სახელი და გვარი ზუსტად არ ვიცოდი. როცა შეთავაზება მივიღე, ჯერ დავიბენი და ვთქვი, - დავფიქრდები-მეთქი. მართლა რომ დავფიქრდი, მივხვდი, ვინმეს შორიდან კრიტიკა ძალიან ადვილია, ვიდრე პასუხისმგებლობის აღება და საქმის კეთება. ალბათ, ამიტომ გადავწყვიტე 2020 წლის ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობა. ოქტომბერში, როცა რეგიონებში სიარული დავიწყეთ, 6 თვის ორსული ვიყავი. ეს ჩემთვის დიდი დატვირთვა იყო და ოქტომბრის ბოლოს ბავშვი ნაადრევად გავაჩინე. ჩემი ნიკოლოზი 26 ოქტომბერს დაიბადა და გარკვეული ხნით ინკუბატორში მოუწია ყოფნამ. თავიდანვე ბუნებრივ კვებაზე მყავდა და ინკუბატორიდან სესიებზე მიწევდა სირბილი, ამას ემოციური ფონიც ემატებოდა... მოკლედ, რთული დღეები გამოვიარე. ერთხელ, პარლამენტში ვიყავი და დამირეკეს, რომ ბავშვი ტიროდა - ჭამა უწევდა. შინისკენ გამოვრბივარ და ერთ-ერთი ჟურნალისტი გამომედევნა: თქვენთან მნიშვნელოვანი კითხვები გვაქვსო. ჩემი კონტაქტები ჩავაწერინე, ბოდიში მოვუხადე და ვუთხარი: ჩემზე მნიშვნელოვანი საქმე არ გექნებათ, რადგან სახლში მშიერი ბავშვი მელოდება და ინტერვიუ მერე ჩავწეროთ-მეთქი. იმ ჟურნალისტს თავისუფლად შეეძლო ეთქვა, რომ მედიის შეკითხვებს თავს ვარიდებდი... თავიდან მართლა მიჭირდა. კიდევ კარგი, რომ ჩემი საქმიანობის ნაწილი დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა და ამ რეჟიმს ნელ-ნელა შევეჩვიე. ნიკოლოზიც ძალიან მშვიდი ბავშვია და ხშირად ჩემთან ერთად ესწრება ონლაინკონფერენციებს. გაეროს ქალთა ორგანიზაციაში უკვე პოპულარულია, იცინიან: ყველაზე ახალგაზრდა ფემინისტი ჩვენ შორის ნიკოლოზ ნეფარიძეაო. ყოფილა შემთხვევები, როცა თან ბავშვს ვაჭმევდი და თან კონფერენციას ვესწრებოდი. ნიკოლოზი ამ კონფერენციების სრულუფლებიანი წევრია და ნელ-ნელა ეგუება მუდმივად მოუცლელი დედის შვილობას.

- თქვენს მეუღლეზეც გვიამბეთ.

- ჩემი მეუღლე - ალექსანდრე ნეფარიძე ერთ-ერთ ბანკში იურისტად მუშაობს. არც კი გვახსოვს, ერთმანეთი როდის გავიცანით, რადგან ერთ უბანში გავიზარდეთ. საერთო სამეგობრო გვყავდა, პატარაობიდანვე ვმეგობრობდით და ვიღაცებს ვურიგებდი კიდეც. ერთხელ, ხუმრობით მითხრა: ასეთ მეგობარს ცოლადაც სიამოვნებით მოვიყვანდიო. ცოტა ხანში ეს ხუმრობა სინამდვილედ იქცა და სერიოზული ურთიერთობის დაწყებიდან 8 თვეში, ჯვარი დავიწერეთ. მე 29 წლის ვიყავი, ხოლო სანდრო - 33-ის, ასე რომ, ოჯახი გააზრებულად, უკვე ზრდასრულ ასაკში შევქმენით. 2018 წლის შემოდგომა იყო და ჩვენი თაფლობის თვე იტალიაში გავატარეთ. იმ დღეებში ქართველი მორაგბეები იტალიელებს ეთამაშებოდნენ და ჩვენი ვიზიტი ამ თამაშს დავამთხვიეთ. თანაც, პორტუგალიაში მიწევდა სიტყვით გამოსვლა, სადაც დიდი ღონისძიება იმართებოდა. იტალიაში ჩვენი დიდი სამეგობრო იყო შეკრებილი, რომელიც მორაგბეებს გულშემატკივრობდა. მოკლედ, ძალიან ლამაზი, სამახსოვრო მოგზაურობა გამოგვივიდა, რომელიც პარიზში დაგვირგვინდა, სადაც საქმიანი ვიზიტით ჩავედი - იქაც სიტყვით უნდა გამოვსულიყავი. მოკლედ, ყველაფერი ერთმანეთს დავამთხვიეთ.

- მეუღლე რა აზრისაა თქვენს საქმიანობაზე?

- პანდემიამდე ისე ხშირად დავფრინავდი, რომ მეხუმრებოდა, თუ სტიუარდესა ხარ, გამიმხილე, რა პრობლემააო... როცა შეთავაზება მივიღე და არჩევნებში მონაწილეობა გადავწყვიტე, ნერვიულობდა: ორსულად ვიყავი, თანაც, ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკოსების შევიწროება ჩვეულებრივი ამბავია. ამას უფრთხოდა და ამბობდა: არ მინდა ვიღაცების ბულინგის მსხვერპლი გახდეო, მაგრამ ბოლოს გადაწყვეტილება ერთად მივიღეთ. ასეთ სერიოზულ ნაბიჯს თვითნებურად ვერ გადავდგამდი და ეს გადაწყვეტილება მშობლებთან ერთად, ოჯახის თანხმობით მივიღე. იმ დღეებში ყველანი რაჭაში ვიყავით, იქ საუკუნე-ნახევრის სახლი გვაქვს - ეს არის ჩვენი ფუძე, რომელიც ძალიან გვიყვარს და ყველანაირად ვცდილობთ შევინარჩუნოთ. ჩემი საკითხიც იქ, ოჯახური "საბჭოს" ნებართვით გადაწყდა. ჩემი მეუღლე ახლა უკვე ყველანაირად ცდილობს დამეხმაროს და მხარი დამიჭიროს. ახლა უკვე საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ოჯახში ყველაზე მთავარი სიყვარული და ურთიერთგაგებაა.

- ბავშვის მოვლაშიც გეხმარებათ? - მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩემი პირველი შვილია, ბავშვის მოვლის გამოცდილება უკვე მქონდა - დისშვილების გაზრდაში დიდი წვლილი მაქვს შეტანილი. უბრალოდ, როცა ჩვილი ბუნებრივ კვებაზეა, დედაზე უფრო დიდი დატვირთვა მოდის. ჩემი მეუღლე მართლა გულით მეხმარება; თანამედროვე მამები მიიჩნევენ, რომ შვილის აღზრდაში თანაბარი მონაწილეობა უნდა მიიღონ და ეს კარგია! ბევრ რამეს ერთად ვსწავლობთ, ადრე როგორც კი ატირდებოდა, მაშინვე ჩემთან მოჰყავდა, ახლა უკვე შეეჩვია და იცის, როგორ მიხედოს, როგორ დააძინოს... ვამბობ, რომ გამიმართლა, რადგან ბავშვის აღზრდაში და ჩემს საქმეში მარტო ოჯახმა კი არა, დისტანციურმა მუშაობამაც შემიწყო ხელი: მე ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტშიც ვასწავლი - ასოცირებული პროფესორი ვარ და ლექციებს დისტანციურად ვკითხულობ. ამავე დროს, დოქტორობის კანდიდატიც ვარ - ციფრული ტექნოლოგიების სფეროში ვმუშაობ.

- ბავშვთან ერთად ამდენ საქმეს როგორ ასწრებთ, ძიძა გყავთ?

- თავიდან განვიცდიდი და ჩემი თავით უკმაყოფილო ვიყავი, რადგან ადრე დღეში ათ საქმეს რომ ვასწრებდი, ახლა მხოლოდ ორს ვასწრებ. ყოველთვის ვამბობდი, - ჩემი შვილი მე თვითონ უნდა გავზარდო-მეთქი. ყველა ბავშვს ეტყობა, როცა მშობლის სითბო და ყურადღება აკლია, არ მინდოდა ეს შეცდომა დამეშვა. ამიტომ, მხოლოდ დამხმარე მყავს, რომელიც ბავშვს მაშინ იტოვებს, როცა შინ არ ვარ ან როცა პარლამენტში, სესიებს ვესწრები. ვაღიარებ, არ მეშინია რაღაცის წამოძახების, რადგან ყველაფერს ჩემი შრომითა და მონდომებით მივაღწიე, მაგრამ მაინც რთულია ის ბულინგი, რომელსაც განვიცდით. როგორია? - სახლიდან გამოდიხარ, ჩვილ ბავშვს ტოვებ, გინდა შენი ქვეყნისთვის რაღაც გააკეთო და პარლამენტში შესვლისას "მონა, მონას" და ისეთ საშინელ სიტყვებს გეძახიან, რომლის გამეორება არც კი მინდა! ეს დიდი ფსიქოლოგიური წნეხია, თუმცა, მერე ეგუები და ეს ყველაფერი უფრო გაძლიერებს. ამ დროს უნდა გაიცინო და წყენას არ აჰყვე.

- როგორ ფიქრობთ, რა როლი უნდა შეასრულონ ამ დაყოფილი, დაქსაქსული ქვეყნის გაერთიანებაში პოლიტიკოსმა ქალებმა?

- ქალს, თავისი ბუნებისა და ფიზიოლოგიური თვისებების წყალობით, ეს ყველაზე კარგად შეუძლია. პოლიტიკოსი ქალის უპირატესობები სულ სხვაა, მამაკაცის - სულ სხვა, მაგრამ ამ თავისებურებით ჩვენ ერთმანეთს ვავსებთ. ქალის თვისებები - სხვებზე მზრუნველობა, დათმობის უნარი, პრობლემების მშვიდად მოგვარება - დღევანდელ საქართველოს ჰაერივით სჭირდება. ამიტომ, პოლიტიკოსი ქალი დღევანდელ სიტუაციაში საუკეთესო ინსტრუმენტია, რომ საერთო მიზანს მივაღწიოთ. ქალს და მამაკაცს ოჯახშიც თავისი როლები უნდა ჰქონდეთ და პოლიტიკაშიც, რადგან ორივეს თანაბარ ჩართულობას მივყავართ საუკეთესო შედეგამდე. სხვათა შორის, ერთ ამერიკელ მწერალს აქვს ნათქვამი: როცა მოლაპარაკებაში ქალი მონაწილეობს, შეიძლება ვერც მიხვდე, რომელ პარტიას ან პოლიტიკურ ძალას წარმოადგენსო... რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ მთავარ ღირებულებებს გადააბიჯო, მაგრამ ჩვენი ქვეყნის ინტერესები მაინც მთავარია. ქალური დიპლომატიით შეიძლება რაღაც დათმობებზე წახვიდე, მაგრამ ყველაზე მთავარი რამ გადაარჩინო. მორიგებასა და შერიგებაში ქართველებს რწმენაც უნდა დაგვეხმაროს, რადგან ჩვენი სარწმუნოება პირდაპირ გვეუბნება, "გიყვარდეს მტერი შენი". მხოლოდ ამგვარი მიდგომა დაგვეხმარება საერთო ენის გამონახვაში. ჩემთვის განსაკუთრებით სამწუხაროა ერთი რამ: ზოგს ავიწყდება, რომ ორივე მხარეს ქართველები ვდგავართ. მგონი, ეს ნებისმიერ ნორმალურ ადამიანს უნდა ესმოდეს, ვისაც ჩვენი ქვეყნისა და შვილების მომავალი აწუხებს.

ხათუნა ჩიგოგიძე ჟურნალი "გზა"