"მოდური" ომი - კვირის პალიტრა

"მოდური" ომი

მოდის სამყაროში ბრენდის სახელი და მარკა ოქროს კაპიტალია. სახელი - ეს ყველაფერია, საფირმო სტილი და სახელი ერთად კი - დიდი ფული.

ამიტომაც სულაც არ არის გასაკვირი, რომ ლეგენდარულმა დიზაინერმა ქრისტიან ლუბუტენმა არანაკლებ ლეგენდარულ და ავტორიტეტულ Yves Saint Laurent-ს პლაგიატობისთვის სასამართლოში უჩივლა. მოდური სამყაროს ორი ბუმბერაზის კონფლიქტის მიზეზი ფეხსაცმლის ძირის წითელი ფერი გახდა, რომელიც ლუბუტენის მოდელების სავიზიტო ბარათად მოიაზრება.

Yves Saint Laurent-ის მოდის სახლს მოღვაწეობის განმავლობაში შავი ლაქა არასოდეს ჰქონია. ამიტომ ეს სერიოზული სკანდალია ამ ბრენდისთვის. არადა, ქრისტიან ლუბუტენი ამტკიცებს, რომ მას წითელი ძირების იდეა ჯერ კიდევ 20 წლის წინ გაუჩნდა, როცა შემთხვევით გაუსვა მუქი ფერის ლაქი თავისი შეკერილი ფეხსაცმლის ძირს.

KvirisPalitra.Ge2008 წელს ქრისტიან ლუბუტენმა პატენტიც კი აიღო ფეხსაცმლის დიზაინში აღნიშნული ელემენტის სავაჭრო მარკად გამოყენების თაობაზე. დიზაინერის აზრით, რადგანაც ივ სენ ლორანმაც გამოუშვა წითელძირიანი (დავა მხოლოდ წითელი ფერის იდენტურობაზეა) ფეხსაცმელები, ამით მან საავტორო უფლებები დაარღვია.

ქრისტიან ლუბუტენის იურისტები აცხადებენ:

"Yves Saint Laurent-ის მიერ წარმოებული ფეხსაცმლის ძირის წითელი ფერი იდენტურია იმ წითელი ფერისა, რომელიც ჩვენი კლიენტის მიერაა დაპატენტებული, რასაც შეცდომაში შეჰყავს დამკვეთიც და მომხმარებელიც".

ქრისტიან ლუბუტენმა სარჩელი სასამართლოში 7 აპრილს შეიტანა. კომპენსაციის თანხა, რომელსაც ქრისტიან ლუბუტენი ითხოვს, მილიონ დოლარს შეადგენს. გარდა ამისა, დიზაინერი მოითხოვს, Yves Saint Laurent-მა შეწყვიტოს წარმოება და გაყიდვა იმ ფეხსაცმლისა, რომელიც სკანდალის მიზეზი გახდა. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ნიუ-იორკის სასამართლო.