ლიკა ქორქიას ამერიკული რეტრო - კვირის პალიტრა

ლიკა ქორქიას ამერიკული რეტრო

მოდელი... ტელეწამყვანი... სტუდენტი... დრო არაფრისთვის რჩება, თუმცა ყველაფერს ასწრებს. სწავლობს სამედიცინო უნივერსიტეტის ყბა-სახის ქირურგიის ფაკულტეტზე. წელს ამთავრებს და კარგად უნდა დაფიქრდეს, სურს თუ არა ამ პროფესიით მუშაობა. ინსტიტუტამდე სამოდელო სააგენტო "ნატალიში" საქმიანობდა.

ყველაფერი ასე დაიწყო: 14 წლის მშვენიერი გოგონა ქუჩაში შეაჩერეს და სააგენტოს მისამართი მისცეს. მოდელის კარიერამდე მისი ინტერესი სკოლაში სწავლა და მეგობარ ვაჟებთან ერთად ფეხბურთის თამაში გახლდათ.

მივიდა სააგენტოში და სრულფასოვან მოდელადაც ჩამოყალიბდა... მას შემდეგ ლიკას სარეკლამო რგოლებში იღებდნენ... დაიწყო დაძაბული რეჟიმიც. იმ პერიოდში მოდის სფერო აქტიურად ვითარდებოდა და მოდელ გოგონებს შესვენების საშუალება არ ჰქონდათ. ტელევიზიაში მოგვიანებით მოხვდა. გიორგი კიკალიშვილმა ერთ-ერთ ტელეკომპანიაში წამყვანების კასტინგზე მიიწვია. პირველივე დუბლზე ლიკა ერთ-ერთი გადაცემის წამყვანად დატოვეს. შემდეგ ტელეკომპანია "მზეზე" დაიწყო მუშაობა. ახლა "რუსთავი 2"-ის თანამშრომელია, დილის გადაცემის ამინდის ბლოკი მიჰყავს.

საქმეში წარმატებისთვის მისი მნიშვნელოვანი თვისება არაკონფლიქტური, რბილი ხასიათია. ადამიანებს ყოველთვის დადებითი კუთხიდან აფასებს. დარწმუნებულია, რომ გადაულახავი პრობლემები არ არსებობს. გამოსავალი შეიძლება ნებისმიერი სიტუაციიდან იპოვოს, თუნდაც იმიტომ, რომ ფიქრობს, ყოველი წინააღმდეგობა ადამიანის შინაგან ზრდას ემსახურება. ამ დამოკიდებულებას ყოველდღიურად ავლენს და შესაბამისად, პრობლემებს იოლად უმკლავდება.

დაძაბული გრაფიკის გამო პირადი ცხოვრებისთვის ნაკლები დრო რჩება.

სასურველი მამაკაცი? მამაკაცის გარეგნობას განსაკუთრებულ ყურადღებას არ აქცევს, მთავარია, იყოს გულღია და თავისუფალი, ისეთი, მას რომ შეეფერება. არ უყვარს "მძიმე" ადამიანებთან ურთიერთობა, ასეთი მეგობარიც არ უნდა...

ლიკას მომავალი ჯერჯერობით კარიერულ წინსვლას უკავშირდება და მერე, ალბათ პირადი ცხოვრებისთვისაც მოიცლის... მანამდე... ისევ დაძაბული რეჟიმი... დილა ექვსის ნახევარზე იწყება, შემდეგ ვარჯიში, ცურვა, საპარიკმახერო, ტელევიზია, ინსტიტუტი, საგნების მომზადება და, თუ დრო დარჩა, მეგობრებთან განმარტოება... ასეთი დრო ნაკლებად აქვს, ძირითადად - შაბათ-კვირას...

ქეთი დარჩია

ჟურნალი "ბომონდი"

მაისის ნომერი