"მღვდელმთავართან მსგავსი დაპირისპირება უპრეცედენტოა" - რა განცხადებას ავრცელებს საპატრიარქო - კვირის პალიტრა

"მღვდელმთავართან მსგავსი დაპირისპირება უპრეცედენტოა" - რა განცხადებას ავრცელებს საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და აღნიშნავენ, რომ მიტროპოლიტ სტეფანესთან დაპირისპირებას, რასაც უკანასკნელ პერიოდში ჭყონდიდის ეპარქიაში ჰქონდა ადგილი, უპრეცედენტოა.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ეპარქიაში განვითარებული უკანასკნელი მოვლენების შეფასებას თავად ჭყონდიდელი მღვდელმთავარიც გააკეთებს.

"მღვდელმთავართან მსგავსი დაპირისპირება, რასაც უკანასკნელ პერიოდში ჭყონდიდის ეპარქიაში ჰქონდა ადგილი, უპრეცედენტოა და იმეორებს იმავე პათოსს, რაც ამ ეპარქიის ყოფილი მღვდელმთავრისგან ეპარქიიდან გათავისუფლების შემდეგ მომდინარეობს. მასთან დაახლოებულ სასულიერო პირთა ნაწილი დღემდე არ ეგუება სინოდის გადაწყვეტილებას და ეპარქიაში ახალი მმართველის დადგენას, ისინი გამოირჩევიან ამბოხის სულისკვეთებით, ზღვარგადასული, გაუწონასწორებელი ქმედებებითა და, ზოგადად, მოქმედებენ საეკლესიო კანონიკის უხეში დარღვევით.

ჭყონდიდის ეპარქიის ამჟამინდელი მმართველი - მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მიერ აღჭურვილია ამ ეპარქიის მართვის სრული უფლებამოსილებით. შესაბამისად, მას მინიჭებული აქვს ძალმოსილება ეპარქიის საეკლესიო კანონიკის ფარგლებში მართვისა და გადაწყვეტილებების მიღებისა.

აქედან გამომდინარე, ეპარქიაში განვითარებული უკანასკნელი მოვლენების შეფასებასაც ჭყონდიდელი მღვდელმთავარი თავად გააკეთებს",- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, გუშინ, ჭყონდიდის ეპარქიაში, სალხინოს ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში ხმაური და დაპირისპირება იყო. არსებული ინფორმაციით, სასულიერო პირებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე სტეფანე ტაძარში მივიდა, თუმცა კარი დაკეტილი დახვდა და არ შეუშვეს. ტაძრის ყოფილი წინამძღოლის, მამა დანიელის განცხადებით, მეუფე სტეფანემ პასუხი უნდა გასცეს, რატომ გადააყენა წინამძღოლობიდან და ასევე დაამტკიცოს ის, რის გამოც მეუფე პეტრეს "ცილს სწამებს".