"როდესაც ელგუჯა გავიცანი, უკვე სკანდალურად ცნობილი ვიყავი. გაინტერესებთ, რატომ?"
"როდესაც ელგუჯა გავიცანი, უკვე სკანდალურად ცნობილი ვიყავი. გაინტერესებთ, რატომ?"
ფოტო:ელგუჯა ამაშუკელი და ლია სტურუა
ერთად აღარ ვზივართ მაგიდასთან,/ რომ ვუყუროთ, რა მაღალია/ ჩაის ჭიქებიდან ამოსული ორთქლი,/ რა მონატრებული ლაპარაკი არაფერზე,/ სიტყვას რომ დილის ჭირხლი ადევს/ და უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე გამოხატავს.../ ეკა მეორადი მაღაზიიდან მოტანილ კარადაში/ სუფთა სარეცხის სუნს დებს,/ ელენე ბგერა რ-ს/ შოკოლადივით ღრღნის -/ ფრანგულს სწავლობს/ ელგუჯა საფლავში წევს,/ მე იმ დროს ვიგონებ,/ როცა ფანჯარას გავაღებდი/ და ოთახი პეიზაჟით ივსებოდა.../ - ლია სტურუა

რომ დავურეკე და მოვიკითხე, უპირველესად ის მითხრა, - "კოვიდის"
საწინააღმდეგო აცრა გავიკეთე და გამაფრთხილეს, მომდევნო, მეორე დოზის გაკეთებამდე ფრთხილად იყავით, ორი კვირის განმავლობაში შინიდან არ გახვიდეთო. არადა, ასე, გამოკეტილი ვერ ვძლებ და მაინც გავედი. ჩემი ქალიშვილი ბრაზობს, ნუ გადიხარ, მე ხომ მომაქვს ყველაფერი და რა სავალდებულოა, შენც გახვიდეო. კი ვიცი, არაფერს მომაკლებს, მაგრამ ძალიან
მიძნელდება ოთახში გამოკეტვა... თუმცა მისიც მესმისო. მეც ვურჩიე, იქნებ, მაინც დაუჯეროთ თქვენს ქალიშვილსაც და ზოგადად – რეკომენდაციებს, ასე ნუ გარისკავთ, ორი კვირაც მალე გავა-მეთქი. მომიბოდიშა, - ისევ და ისევ პანდემიის გამო, შინ ვერ მოგიპატიჟებთო, ცხადია, არც მიფიქრია, მივსულიყავი, ამიტომ 81 წლის ლია სტურუასთან - უნიჭიერეს პოეტსა და შესანიშნავ ადამიანთან საუბარი მობილურით განვაგრძე. დასაწყისშივე მისსავე ლექსს დავესესხე და ვკითხე, - მაინც როგორი იყო თქვენი "ოთახის" პეიზაჟი, ვიდრე თქვენს მომავალ მეუღლეს, დიდ მოქანდაკესა და საქართველოს დამსახურებულ მხატვარს, ბატონ ელგუჯა ამაშუკელს შეხვდებოდით და რად იქცა იგი თქვენი, ერთობლივი ცხოვრების პერიოდში-მეთქი? ქალბატონი ლიას ხმაში ღიმილი ვიგრძენი:

- ალბათ, ბავშვობიდან მქონდა მიდრეკილება პოეზიისკენ. კითხვა ძალიან მიყვარდა და ყველაფერს ვრითმავდი. მოგვიანებით ვხუმრობდი კიდეც, თავისუფალი ლექსის წერა იმიტომ დავიწყე, გაუთავებელ რითმასა და კეთილხმოვანებას შევეწინააღმდეგე-მეთქი. თუმცა კეთილხმოვანებას რას ვერჩი, ძალიან მიყვარს კარგი კონვენციური ლექსი. თავისუფალი ლექსის გამო კი ახალგაზრდობაში ერთმა ცნობილმა მწერალმა ისიც მითხრა, შენი "სტურუიზმებით" ახალგაზრდობას რყვნიო. ერთხანს ლექსებსაც არ მიბეჭდავდნენ. საბჭოთა ცენზურა არა მხოლოდ ლენინზე, სტალინსა და კომუნისტურ აღმშენებლობაზე წერას აიძულებდა მწერალს, ტექსტსაც გიცვლიდა. მაგრამ, თუკი ჩემი დისერტაციიდან ამომაღებინეს ფროიდის, ვიქტორ ნოზაძის, ანდრეი ბელისა და სხვათა გვარები, ერთ სიტყვასაც ვერავინ შემაცვლევინებდა ლექსში: შესწორებული შინ მომქონდა, მაგრამ აღარ ვბეჭდავდი. შემიძლია დავიტრაბახო, რომ ამ საკითხშიც და პირად ცხოვრებაშიც ყოველთვის ნონ-კონფორმისტი ვიყავი...…

- ჩანს, საკმაოდ მტკიცე და პრინციპული ბუნება გაქვთ...
- ფიქრობთ, რომ ძლიერი ვარ? ცხოვრებამ მაიძულა, ასეთად ვქცეულიყავი, თუმცა ერთ სონეტში ვწერ: "მე დავიღალე სიძლიერით. მე მინდა დედა, ის ადრინდელი, ძალიან მხნე, ძალიან უხვი. გადამეფარე, მშვენიერო, თეთრი კრუხივით, თვალის კილოდან ამომიღე ნატეხი სევდა"... მაგრამ ასეთ რამეს იშვიათად ვამბობ ხოლმე...

"ორი დოლაბის ქვეშ შეიძლება გაისრისოს მუსიკა"

ლია სტურუა
გამოვთვალე და ქალბატონი ლიას მეუღლის, დიდი მოქანდაკის - ელგუჯა ამაშუკელის გარდაცვალებიდან 19 წელიწადი გასულა, 2002 წლის გაზაფხულზე - 12 მარტს გადაინაცვლა მარადისობაში. მართლაც იშვიათია ორი, ძალიან ნიჭიერი შემოქმედის ჰარმონიული თანაცხოვრება. - თქვენ როგორ იცხოვრეთ და როგორ ცხოვრობთ დღეს მის გარეშე-მეთქი? - ჩავეკითხე პოეტ ქალბატონს.

- როდესაც ელგუჯა გავიცანი, უკვე სკანდალურად ცნობილი ვიყავი. გაინტერესებთ, რატომ? (იცინის) იმ დროისთვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში უკვე წაკითხული მქონდა საკუთარი ლექსი - "...რომ ფიროსმანს უყვარდა ცა და არაყი/ და ყველაფერი ფეხებზე ეკიდა". ჩემი პირველი წიგნი კი - "ხეები ქალაქში" მხატვრულად ელგუჯამ გააფორმა. გეთანხმებით - ორი ხელოვანის ერთ ჭერქვეშ ყოფნა მართლაც რთულია, - კიდეც ვწერ ერთ-ერთ ლექსში: "ორი დოლაბის ქვეშ შეიძლება გაისრისოს მუსიკა", მაგრამ... ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ადამიანმა უსათუოდ უნდა დაუთმოს ბევრი რაღაც მეორე ადამიანს, რომელიც უყვარს. ქალთა ემანსიპაციის მომხრე როგორ არ ვარ, მაგრამ ფემინიზმი ძალიან არ მომწონს. ქალი უფრო მეტად დამთმობი და რბილი ბუნების უნდა იყოს.

- თქვენ იყავით ასეთი?
- კი, ვიყავი. ოჯახში აუცილებელ საქმეს ყოველთვის ვაკეთებდი, თუმცა სამზარეულოში ფუსფუსი დიდად არ მიყვარდა. ელგუჯა ხუმრობდა, - ლიამ ისეთი ჩაის დასხმა იცის, ვერავინ შეედრებაო. აუცილებელს არაფერს მოვაკლებდი, მაგრამ მშვენივრად იცოდა, რომ ეს საქმე არ მიყვარდა და დაბადების დღეებს, როცა საშუალება ჰქონდა, რესტორანში მიხდიდა ხოლმე. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის იყო, რომ ელგუჯას ძალიან უყვარდა პოეზია და ჩემს ლექსებს პირველად ყოველთვის მას ვუკითხავდი, ხოლო თვითონ რომ მუშაობდა, მეც იქვე ვიჯექი და ვწერდი. და თვითონაც პირველს სწორედ მე მიჩვენებდა დასრულებულ ქანდაკებას...
ელგუჯა ამაშუკელი
- ბატონ ელგუჯას თქვენ არ გამოუქანდაკებიხართ?
- არა, მაგრამ დავუხატივარ. და რაკი ელგუჯაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად მინდა, გითხრათ: ერთხელ რომელიღაც პუბლიკაციაში წავიკითხე, ელგუჯა ამაშუკელი აკადემისტი (აკადემიზმი - მიმართულება ხელოვნებაში, რომელიც მოითხოვდა ანტიკური, კლასიკური ნიმუშების ბრმად მიბაძვას და შემოქმედების ურყევი კანონების დამკვიდრებას ცდილობდა - ი.ხ.) იყოო. ელგუჯა აკადემისტი არ ყოფილა. ძალიან ახალგაზრდამ შექმნა "ქართლის დედის" ქანდაკება და მისი იდეა თბილისის 31-ე საავიაციო ქარხანაში განხორციელდა: ფოლადის ფირფიტები მიაბნიეს ერთმანეთს სპეციალური სამაგრებით და სახეც უშნო გამოვიდა. მართალია, ეს ქანდაკება იყო სიმბოლო, ელგუჯა მაინც ძალიან განიცდიდა და ბევრი იმუშავა მარტომ, სახეც და ტანიც კარგად რომ დაემუშავებინა. მერე, 1997 წელს გამოცვალეს კიდეც, მაგრამ ჟურნალ-გაზეთებში რატომღაც მაინც ძველ ვარიანტს ბეჭდავენ. მახსოვს, კომუნისტების დროს ამ ნამუშევრის გამო სერიოზული პრობლემა შეექმნა ელგუჯას: ვიღაცას ქანდაკებისთვის ისეთი რაკურსით გადაუღია ფოტო, გეგონებოდა, "ქართლის დედა" იმჟამინდელ ლენინის მოედანზე მდგარ ლენინის ძეგლს ხმლით აჭრიდა თავს. კიდევ კარგი 1937 წელი არ იყო, თორემ დახვრეტდნენ (იცინის). ისიც კარგად მახსოვს, წლების წინ, ელგუჯას "ქართლის დედის" შემდეგ სომეხმა მოქანდაკემ, არუთინიანმა გააკეთა ქანდაკება "სომხის დედა", ერევანში, სტალინის ძეგლის ყოფილ კვარცხლბეკზე დადგა და დააწერა გაცილებით ადრინდელი თარიღი. ამან ჯერ კიდევ ელგუჯას სიცოცხლეში სომეხი მხატვრებიც კი აღაშფოთა, - რატომ უნდა გადაეღო ამაშუკელისგან, ახალს ვერ გავაკეთებდითო? და მაინც, არც თარიღი შეუცვლიათ და, აბა, რამე უთხარი სომეხს იმ ქანდაკებაზე? ან ამერიკელს გაულანძღე "თავისუფლების ქანდაკება"? ჩვენთან კი ერთხანს ვიღაცებს ხელწამოსაკრავად ჰქონდათ. რაც უნდა ილაპარაკონ, "ქართლის დედა" მაინც თბილისის და საქართველოს სიმბოლოდ დარჩება, თავისუფლების მოედანზე მდგარი 400-დან ერთ-ერთი "შტამპოვკა" კი, ნაძვის ხის სათამაშოს რომ ჰგავს, - კონკრეტულ ფიგურას ვგულისხმობ, თორემ წმინდა გიორგი ჩემთვისაც ისეთივე ღმერთია, როგორც სხვა ქართველისთვის, - ვერასდროს იქცევა სიმბოლოდ! ხალხს ის "ქართლის დედა" ძვალსა და რბილში უზის და ამას ვერსად წაუხვალ.
ლია სტურუა და ოთარ ჭილაძე
კიდევ ერთს გეტყვით: იყო პერიოდი, როდესაც წამოიწყეს კამპანია ცხენოსანი ქანდაკებების წინააღმდეგ. რაც არ იცი, იმაზე ხომ არ უნდა ილაპარაკო?! ადრე მართლმადიდებლური ეკლესია კრძალავდა მრგვალ ქანდაკებას. ამიტომაც არ იდგა ჩვენთან ცხენზე ამხედრებული არც ერთი დიდი მეფის ან გმირის ძეგლი, ევროპის ქვეყნებში კი ცხენოსან ქანდაკებას ბევრგან შეხვდებოდი. ჩვენთან მსგავსი არც მერე დაუდგამთ, აკადემიზმი რომ გამეფდა. მოგვიანებით კი, როდესაც მერაბ ბერძენიშვილმა და ელგუჯა ამაშუკელმა ცხენოსანი ქანდაკებები შექმნეს, ამით შეავსო ის კულტურული დანაკლისი, რაც საქართველოს ჰქონდა. აბა, ვახტანგ გორგასალი, დავით აღმაშენებელი ან გიორგი სააკაძე არ უნდა იდგეს? თამარ მეფე რომ დადგეს სვანეთში, ბევრს არ მოსწონდა, თუმცა მე დარბაზში რომ ვნახე, გამოფენაზე, ძალიან მომეწონა - საინტერესო თანამედროვე ქანდაკებაა, მაგრამ მოუხდა თუ არა სვანეთს, ეგ კი არ ვიცი. ტელევიზორში ისე ცუდად ჩანდა, ახლოდან რომ არ მქონოდა ნანახი, მეც გავლანძღავდი... ერთი კი ცხადია: ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს და, შეძლებისდაგვარად - კარგად. მართალია, პოლიტიკა ისე შემოვიდა ჩვენს ცხოვრებაში, გინდა თუ არა, დაგაფიქრებს და შემოქმედებაშიც შემოგეჭრება. იმისი არ იყოს, ერთხანს რომ მაბრალებდნენ, პატრიოტი არ ხარ, რადგან საქართველოზე ლექსი არ დაგიწერიაო. არადა, ვერ დავწერდი, - საქართველო, ძალიან მიყვარხარ, შენს მინდვრებსა და მთებზე ვგიჟდები-მეთქი, მაგრამ ხანდახან მეტისმეტიც კი აღმოჩნდა ჩემი პატრიოტიზმი. მთავარი კი ისაა, რომ სადაც უნდა ცხოვრობდე, რა ენაზეც უნდა ლაპარაკობდე, შენი სამშობლოდან მოდიხარ, იქ გაქვს ფესვები გადგმული და თუ ის ფესვი გადაჭერი, რაგინდ ნიჭიერიც იყო, არაფერი დარჩება შენგან.

"ვინ ხარ ახლა?/ ქარი, რომელსაც ჩიტების თაიგული/ მიაქვს ღმერთთან?"

- ქალბატონი ლიას ლექსებში რამდენიმე ლექსი ვნახე, რომელიც ბატონ ელგუჯას ეძღვნებოდა, ზოგიერთს წამძღვარებულიც ჰქონდა - "ელგუჯას". იმხელა სევდა ჩანდა იმ ლექსებში, მივხვდი, გარდაცვალების შემდეგ იყო დაწერილი. დავინტერესდი და ვკითხე ქალბატონ ლიას, - თქვენი გაცნობიდან მოყოლებული, ალბათ, ძალიან ბევრი ლექსი დაუწერეთ ბატონ ელგუჯას-მეთქი?
ოჯახი - ელგუჯა ამაშუკელი, ლია სტურუა და მათი ქალიშვილი, ეკა ამაშუკელი
- მის სიცოცხლეში არ დამიწერიაო, - მიპასუხა და განაგრძო, - მაგრამ გარდაცვალების შემდეგ ბევრი ლექსი მივუძღვენი. არადა, მიძღვნილი ლექსები არასდროს მიყვარდა, მაგრამ... ელგუჯას მერე სხვანაირად არ გამომდის: თითონ მეწერება.
ვერ ვიტყვი, რომ დრო მკურნალია. ეგაა, რომ, ალბათ, თავის ხელში აყვანას სწავლობ. მაინცდამაინც არც ტირილი მეხერხება, მით უმეტეს - ხალხში, თუმცა იმ საშინელ დღეებში თავი ვერ შევიკავე. მერე და მერე მეუბნებოდნენ, - როგორ შეიცვალე, თვალები ჩაგიქრაო. ელგუჯას გარდაცვალების შემდეგ ისეთივე შეგრძნება მაქვს, შექსპირი რომ წერს "ვენეციელ ვაჭარში"... მართლაც - თითქოს, რამდენიმე გირვანქა ხორცი მომაჭრეს გულიდან. მაგრამ ცხოვრება გრძელდება - შვილი მყავს, ეკა ამაშუკელი, ისიც მხატვარია, შვილიშვილი ელენე კი ჩემი სინათლის სხივია, მყავს მეგობრები, ახლობლები და საკუთარ დარდს სხვა ადამიანებს ვერ მოვახვევ. არც ვლაპარაკობ ხმამაღლა და არცაა საჭირო, საამისოდ, საბედნიეროდ, ფურცელი და კალამი არსებობს.

პ. ს. ვინ ხარ ახლა?
ელგუჯას


ცივ ბროლს ათბობს/ წითელი ღვინო,/ მოდი, ვივახშმოთ/ ფლამანდიური ნატურმორტებით!/ მე დაღლილ ხორცს/ დავდებ სკამზე,/ შენ სულს ჩამოკიდებ ჰაერში/ და შეგეკითხები: - ვინ ხარ ახლა?/ ქარი, რომელსაც ჩიტების თაიგული
მიაქვს ღმერთთან?/ იმ დარდის სიმძიმე,/ მხრები რომ დაგინგრია,/ სინამდვილეში კი წონა/ არ ჰქონდა?/ ან იქ ვინ შეგხვდა?/ გოგლიმოგლივით ტკბილი პოეტები,
თუ მკვახე ქურდები,/ შეიძლება, ჰაერს კბილები მოეკვეთოს?/ შეგიძლია, წარმოიდგინო,/ როგორ გამეფშიკა ხელი,/ რომელსაც შენი მაჯით ვივსებდი?/
ვერავითარი ნაყოფი, ჭიანი,/ თუ კვადრატისგულიანი ამას ვერ შეცვლის,/ ინფარქტების წყვეტილ ხაზზე/ ვერ მახტუნავებს!/ სიმარტივისკენ გადავიხარე:/ აღარ მაღელვებს რევოლუცია/ მხატვრობაში, ჩიტებს ნაფშხვენებს/ ვუყრი და შენ გაპურებ,/ გამაძღარი ისე მაღლა ახვალ,/ რომ შეიძლება ლაჟვარდს/ ნერვები აღმოუჩინო/ და გაგახსენდეს, რომ ჩემს თავში/ დაგლეჯილი მავთულები/ შესაცვლელია.../ კიდევ ერთი აზრი მწიწკნის,/ იქნებ, საკუთარი სისხლი,/ არცთუ მჩქეფარე, უარყოფითრეზუსიანი,/ მაგრამ, ჯერჯერობით, ცოცხალი,/ გადმოგისხა ტანიდან,/ როგორც ღვინოს ასხამენ,/ წითელ ღვინოს ცივ ჭიქაში/ და, წინასწარ, გული უთბებათ. - ლია სტურუა

(სპეციალურად საიტისთვის)

თემური
24 აპრილი 2021 12:37
ჭეშმარიტი პოეტი,ამ სიტყვის სრული გაგებით .
ლელა კობახიძე
24 აპრილი 2021 11:33
მადლობა, ირმა, როგორც ყოველთვის, არაჩვეულებრივი წერილია, ინორმაციულიც, ემოციურიც, სასიამოვნოდ წასაკითხიც...
გენრი დოლიძე
24 აპრილი 2021 01:59
ლია სტურუა არის ამოუწურავი გენია. ❤️

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები