სიკვდილით დასჯა კორონავირუსით ინფიცირების გამო და ახალი დანაშაული - კოვიდ-19-ის სიმპტომების დამალვა - კვირის პალიტრა

სიკვდილით დასჯა კორონავირუსით ინფიცირების გამო და ახალი დანაშაული - კოვიდ-19-ის სიმპტომების დამალვა

საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ - Amnesty International-მა გამოთვალა, კორონავირუსის პანდემიამ 2020 წელს სიკვდილით დასჯის პროცედურა მსოფლიოს 18 სახელმწიფოში შეაჩერა, თუმცა შესამჩნევია საწინააღმდეგო ტენდენციაც: ზოგიერთ ქვეყანაში სიკვდილით დასჯის განაჩენთა სისრულეში მოყვანის რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, გაიზარდა, რაც, უფლებადამცველთა აზრით, ადამიანის სიცოცხლისადმი გულგრილ დამოკიდებულებას მოწმობს. და ეს ხდება იმ დროს, როცა მთელი მსოფლიო მოსახლეობის სასიკვდილო ვირუსისაგან დაცვას ცდილობს.

ეგვიპტეში 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, სიკვდილით დასჯის რაოდენობა გასამმაგდა. ჩინეთში ადამიანები საკარანტინო ზომების დარღვევის გამო სიცოცხლეს გამოასალმეს. შარშან დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ, 17-წლიანი პაუზის შემდეგ, მხოლოდ 6 თვეში, სიკვდილით 10 ადამიანი დასაჯა.

პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო მრავალ ქვეყანაში, აშშ-ის ჩათვლით, დაირღვა ადამიანთა უფლებები სამართლიანი სასამართლო განხილვის საკითხში: როგორც ადვოკატები აცხადებენ, მათ ვერ შეძლეს ბევრ თავიანთ კლიენტთან შეხვედრა და მათთან ნორმალურად მუშაობა.

სიკვდილი დაინფიცირებისთვის

გასული წლის თებერვალში, როცა კორონავირუსმა მთელ მსოფლიოში სწრაფი გავრცელება დაიწყო, ჩინეთში ახალი დანაშაული მოიფიქრეს - "კოვიდ-19"-ის სიმპტომების დამალვა". ამ ბრალდების სანქცირების მიხედვით, არ იყო გამორიცხული, რომ ადამიანი, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირების სიმპტომებს დამალავდა და ავადმყოფობას ვინმეს გადადებდა, უკეთეს შემთხვევაში, შეიძლებოდა 10 წლით საპყრობილეში გამომწყვდეულიყო, უარეს შემთხვევაში კი... სიკვდილით დასჯილიყო.

სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა იმათაც, ვინც პანდემიის დროს კონტრაფაქტურ (ფალსიფიცირებულ) წამლებს გაავრცელებდა, სპეციალურად დაასნებოვნებდა ვინმეს და მედიცინის მუშაკებს რაიმე ზიანს მიაყენებდა.

უკვე 2020 წლის შუახანებში ჩინეთში ამ სახის 21 დანაშაული იქნა გამოვლენილი, მათ შორის ოთხი სასჯელის უმაღლეს ზომას ითვალისწინებდა. არავინ იცის, სინამდვილეში რამდენი ადამიანი იქნა დასჯილი პროფილაქტიკური ზომების დარღვევის გამო, რადგან მათი დადგენა შეუძლებელია: ჩინეთის კანონმდებლობით, ინფორმაცია სასიკვდილო განაჩენების თაობაზე სახელმწიფო საიდუმლოებაა. გააგრძელეთ კითხვა