"ტაძრებში დავიცვათ რეკომენდაციები, ამინდი საშუალებას იძლევა და ჯობია, იქ რადიოფიცირება მოხდეს" - კვირის პალიტრა

"ტაძრებში დავიცვათ რეკომენდაციები, ამინდი საშუალებას იძლევა და ჯობია, იქ რადიოფიცირება მოხდეს"

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსიის პრევენციის მიზნით ამ ეტაპზე დამატებითი შეზღუდვების დაწესება არ განიხილება. როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, ახლა, მთავარია არსებული შეზღუდვების შესრულება.

"პანდემიიდან გამომდინარე ეკონომიკა ბევრგან გაჩერებულია. მდიდარი ქვეყნები უძლებენ, ჩვენთან რთულია. ამიტომ, ახლა, ჩვენ "დანის პირზე გავდივართ". არც ეკონომიკა უნდა დავკეტოთ სრულად, როგორც შარშან, თუმცა გაზაფხულზე კარგად ვმართეთ ყველაფერი, მეორე მხრივ - ვაქცინაცია უნდა გავააქტიუროთ. ამიტომ, დამატებით შეზღუდვებზე ამ ეტაპზე, დღევანდელი სიტუაციით საუბარი აღარ არის. ერთადერთი, მთავარი არის არსებული შეზღუდვის აღსრულება მაქსიმალური იყოს და ჩვენი თვითშეგნებაც. არ გვინდა 200-კაციანი ქორწილები და სუფრები. აქედან იწყება ძალიან ბევრი რამ. კიდევ გარკვეული პერიოდის განმავლობაში თავი შევიკავოთ ასეთი თავშეყრებისგან. ეს არის დიდი თხოვნა ყველასადმი. დღეს, რაც გვაქვს 1 000, 1 200, 1 500 შემთხვევა ამას მართავს ჯანდაცვის სექტორი. არ გვინდა, რომ ავიდეთ 3 000-ზე, 4 000-ზე", - აცხადებს გამყრელიძე.

მისივე თქმით, გახსოვთ, ნოემბერში 5 000-ზე მეტი შემთხვევა გვქონდა და არ გვინდა ეს განმეორდეს, ამიტომ ყველა გთხოვთ, რომ დავიცვათ ეს რეკომენდაციები.

"რაც შეეხება შეკითხვას, სააღდგომოდ დაწესდება თუ არა რაიმე ტიპის შეზღუდვა, ამირან გამყრელიძე განმარტავს, რომ ამის თაობაზე სააკორდინაციო საბჭო იმსჯელებს, ამასთან, საპატრიარქოსთან აქვთ მოლაპარაკებები, რომ წინასააღდგომო პერიოდი იყოს უფრო მოკრძალებული, რამდენადაც ეს არის შესაძლებელი.

"ანუ ტაძრებში დავიცვათ რეკომენდაციები: პირბადე, დისტანცია... არაგადაჭედილი ტაძრები. ამინდი საშუალებას იძლევა და ჯობია ტაძრებში რადიოფიცირება მოხდეს და ადამიანები შესაბამის დისტანციით გარეთ იდგნენ, როგორც შარშან გავაკეთეთ. რაც მთავარია, თხოვნაა, რომ ძალიან მოკრძალებულად ვიყოთ ბრწყინვალე შვიდეულის პერიოდში. სასაფლაოზე გავიდეთ როგორც წესია, ოჯახიდან ერთი ან ორი ადამიანი, სანთელი ავანთოთ", - აცხადებს გამყრელიძე.