დაუდასტურდა თუ არა ნიკა მელიას კორონავირუსი - რა ინფორმაციას ავრცელებს სპეციალური პენიტენციური სამსახური? - კვირის პალიტრა

დაუდასტურდა თუ არა ნიკა მელიას კორონავირუსი - რა ინფორმაციას ავრცელებს სპეციალური პენიტენციური სამსახური?

სპეციალური პენიტენციური სამსახური უარყოფს ინფორმაციას, იმასთან დაკავირებით, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ბრალდებულ ნიკა მელიას ტემპერატურის მატება აღენიშნება. ამასთან, პენიტენიციური სამსახური აცხადებს, რომ ნიკა მელიამ კორონავირუსთან დაკავშირებით ტესტირების ჩატარებაზე უარი განაცხადა.

"მიმდინარე წლის 23 აპრილს ადვოკატმა ბექა ბასილაიამ სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას კორონავირუსი დაუდასტურდა. ადვოკატს მისი საქმიანობიდან გამომდინარე შეხება ჰქონდა ბრალდებულ ნ.მ-თან.

აღნიშნულთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ ადვოკატი ბექა ბასილაია, მისი დაცვის ქვეშ მყოფ ბრალდებულ ნ.მ-ს პენიტენციურ დაწესებულებაში 2021 წლის 19 აპრილს შეხვდა. ბრალდებულსა და ადვოკატს შორის შეხვედრა მინის ბარიერის მიღმა, კოვიდრეგულაციების წესების სრული დაცვით განხორციელდა. შესაბამისად, მისი ვირუსით დაინფიცირების ალბათობა საკმაოდ დაბალია. მიუხედავად ამისა, ბრალდებულს შეეთავაზა სწრაფი ანტიგენის ტესტით ტესტირება, რაზეც უარი განაცხადა. გაფორმდა შესაბამისი ოქმიც.

გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბრალდებულს ტემპერატურის მატება აღენიშნება, სიმართლეს არ შეესაბამება.

ამ ეტაპზე მას ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება და თავს კარგად გრძნობს. მედპერსონალისადმი რაიმე ჩივილების წარდგენის შემთხვევაში ჩაუტარდება პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა სამედიცინო გამოკვლევა და შესაბამისი მკურნალობა”, - ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"