ეპოქა, რომელმაც ნახევრად მოკლა... - კვირის პალიტრა

ეპოქა, რომელმაც ნახევრად მოკლა...

ლადო გუდიაშვილმა საკუთარი სახის მეორე ნახევარი ჩონჩხად გადააქცია. ნახევარი სახე ხელუხლებელი დატოვა -  ეს ის ზედაპირი იყო, რომლითაც საზოგადოებაში ჩანდა, მეორე ნახევრის ამბავი კი მხოლოდ თავად იცოდა...

მაისს ლადო გუდიაშვილის საგამოფენო დარბაზი გაიხსნა. ამიერიდან ყველა მსურველს ექნება შესაძლებლობა, ქართული ხელოვნების უმნიშვნელოვანეს ნიმუშებს ეზიაროს. პირველი ექსპოზიცია 1940-1950 წლების ლადო გუდიაშვილის სატირული გრაფიკა გახლავთ.

გამოფენაზე წარმოდგენილ მცირე ზომის ნამუშევართა შორის ლადო გუდიაშვილის ფოტოსურათი გახლავთ, რომელიც მისივე ხელით არის რეტუშირებული. ეს ფოტო  გუდიაშვილის არქივიდანაა,  სამწუხაროდ, მისი შექმნის თარიღი უცნობია, თუმცა ერთი რამ ცხადია, - რეტუშირება საბჭოთა საქართველოშია გაკეთებული. ლადო გუდიაშვილი საოცრად დელიკატური და კეთილშობილი ადამიანი იყო, საკუთარ განცდებზე ხმამაღლა ნაკლებად ლაპარაKკობდა.

ფილმის "მზე შემოდგომისა" კადრებმა შემოინახა, როგორ ცეკვავს ლადო გუდიაშვილი. არსებობს დოკუმენტური კადრებიც, მოგონებებიც მასზე... და მაინც არსად არის სრულყოფილად გადმოცემული ის რეალობა, რომელშიც უწევდა არსებობა და ნახევრად მკვდარი გულის ტარება. ამიტომაც ნელ-ნელა საკუთარი სახის მეორე ნახევარი ჩონჩხად გადააქცია. ალბათ თითოეული კალმის მოსმას დიდი ტკივილი ახლდა. ნახევარი სახე ხელუხლებელი დატოვა - ეს ის ზედაპირი იყო, რომლითაც საზოგადოებაში ჩანდა, მეორე ნახევრის ამბავი კი მხოლოდ თავად იცოდა... მიზეზებზე გრაფიკული ნამუშევრები მეტყველებენ.

KvirisPalitra.Geმოტაცება, ძალადობა, შერყვნა, ზეწოლა - ეს ყველაფერი თავმოყრილია გრაფიკულ ნამუშევრებში, რომლებსაც დიდხანს  საგულდაგულოდ მალავდა. ვინმეს, მეგობართაგანს, სადმე რომ წამოსცდენოდა მათი არსებობის შესახებ, დაჭერას არ აკმარებდნენ, დახვრეტდნენ. ამ გრაფიკულ სერიას იცნობდა მაშინდელი კულტურული ელიტის ბევრი წარმომადგენელი. ისინი საკუთარ თავებს ცნობდნენ - ცენზურით "გაჭყლეტილსა" და უარყოფილს.

საბჭოურ იდეოლოგიას ისიც კი აღარ აკმაყოფილებდა, რომ ადამიანი თავის ფიქრებთან მარტო დაეტოვებინა, ის ტვინის ხვეულებში ჩაწვდომას ცდილობდა. იქ უნდოდა "მოესუფთავებინა არეალი", რომ იმ წლებში მხიარულად ნამღერი, "მოვკლავ დედას, მოვკლავ მამას, თუ პარტია მომთხოვს ამას", დაემკვიდრებინა.

ტოტალურ სახელმწიფოში, სადაც ლადო გუდიაშვილი "ფორმალისტად" შერაცხეს და ხატვის "სწავლებაც" კი დაუწყეს, სწორედ მაშინ იქმნებოდა ეს გრაფიკული სერია მძაფრი პროტესტითა და სატირით...

მოგვიანებით მხატვარი იგონებდა: "ზოგი მაქებდა, ზოგი - მაძაგებდა, ეს რომ გავრცელდეს, ახალგაზრდობას გზას ავურევთო.

დავითი (კაკაბაძე) ძალიან განიცდიდა... უკვე ყველაფერი დამთავრდაო, ამბობდა... ალბათ, ამ განწყობილების ბრალი იყო, რომ ერთხელ, როცა შინ მარტო დავრჩი, ერთბაშად გადავწყვიტე - თუ ყველაფერი მართლაც დამთავრდა, რაღად მინდა ეს სურათები-მეთქი და ღუმელში შევყარე... თექვსმეტი სურათი დავწვი... მათგან ერთ-ერთი, რომელიც ჩემმა მეუღლემ ოთახში შემოსვლისთანავე ღუმელიდან სასწრაფოდ გამოიღო, "ფერია რიწა" იყო. რამდენადაც შევძელი, შემდეგ აღვადგინე, მაგრამ ცეცხლის ნაკვალევი ახლაც აჩნია...

ზოგ-ზოგ კრიტიკოსს ვიღაც ხომ უნდა "დაემუშავებინა". სხვანაირად არ შეეძლო... მაგრამ მე ჩემი გზისა მჯეროდა და ასე იოლად არ ვთმობდი პოზიციებს.

სხვათა შორის, იმასაც ამბობდნენ, გუდიაშვილს და კაკაბაძეს განზრახ არ სურთ ჩვენს პრინციპებს ყური ათხოვონ და ფორმალიზმისაკენ უბიძგებენ ახალგაზრდებსო (მაშინ აკადემიაში ვასწავლიდით). ეს არ იყო მართალი. ჩვენ ჩვენს საქმიანობაში გულწრფელნი ვიყავით, მით უმეტეს ახალგაზრდებთან ძალიან სათუთი დამოკიდებულება გვქონდა.

ყოველივე ამას მე ახლა გულისტკივილით ვიგონებ.

ასეთი შემთხვევაც მახსოვს: ზოგი მხატვარი სავსებით გულწრფელი მოწადინებით მოდიოდა და მასწავლიდა - დაკლაკნილ ხაზებს ნუ აკეთებ... აი, ასე და ასე, სწორად დახატე და კარგად გამოგივაო. მაგრამ ვერაფერი მიშველეს, ცუდი მოწაფე გამოვდექი".

იმ გრაფიკული სერიით და რეტუშირებული ფოტოთი, რომელიც გამოფენაზეა წარმოდგენილი, ერთგვარი მემორიალური ძეგლი შეიქმნა, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოს ყველამ, რომ სრულყოფილად გაიაზროს ეპოქა, რომელმაც ადამიანები შეჭამა, გაანახევრა და ბევრი გააქრო კიდეც...

KvirisPalitra.Ge"ამ ბიჭუნასგან  დიდი მხატვარი დადგება!"

ლადო გუდიაშვილი 1896 წლის 18 მარტს თბილისში დაიბადა. მამა, დავით გუდიაშვილი დუშეთიდან იყო, დედა, ელისაბედი  - ფასანაურიდან. ერთხანს დუშეთში უცხოვრიათ, შემდეგ კი თბილისში გადმოსულან საცხოვრებლად და ბინა რიყის ქუჩაზე დაუდვიათ.

ლადოს მხატვრობით გატაცების მიუხედავად, ელისაბედმა შვილის მუსიკოსად აღზრდა განიზრახა, მაგრამ როგორც კი ლადო ვიოლინოზე დაკვრას დაიწყებდა, გულის არეში საშინელ სპაზმებს გრძნობდა. კარის ექიმმაც არ დააყოვნა და "განაჩენი" გამოუტანა - ვიოლინო სამუდამოდ განიდევნა ლადოს ოთახიდან.

გუდიაშვილების მეზობლად გერმანელი მხატვარი, ზომერი ცხოვრობდა. ის ხშირად დადიოდა გუდიაშვილების ოჯახში. ერთ-ერთი სტუმრობისას ელისაბედმა გერმანელ მხატვარს შვილის ჩანახატები აჩვენა. აღფრთოვანებულმა ზომერმა კი წამოიძახა:  "ამ ბიჭუნასგან  დიდი მხატვარი დადგება!" წინასწარმეტყველება ახდა...

1916 წელს გუდიაშვილმა სხვა მოღვაწეებთან ერთად დააარსა "ქართველ ხელოვანთა საზოგადოება" და ძველი ქართული ხელოვნების ნიმუშების აღწერას, შეგროვებასა და ფრესკების ასლების გაკეთებას მიჰყო ხელი.

1919 წელს  ლადო  დავით კაკაბაძესთან ერთად საფრანგეთს გაემგზავრა.

1920 წელს "საშემოდგომო სალონში" მოეწყო მისი ნამუშევრების გამოფენა - ორი სურათი გამოფენის პირველსავე დღეებში გაიყიდა, ერთ-ერთი - "კინტოების ქეიფი"  ცნობილმა ესპანელმა მხატვარმა იგნასიო სულოაგამ შეიძინა.

საფრანგეთში გამოიცა მორის რეინალის მონოგრაფია "ლადო გუდიაშვილი".

"საქართველოსკენ, რაც შეიძლება მალე!" - აი, ერთადერთი ფიქრი, რომელიც სამშობლოს მოწყვეტილ მხატვარს ასულდგმულებდა. 1926 წელს ლადო საქართველოში დაბრუნდა, სადაც უკვე "სოციალისტური რეალიზმის" დროშა ფრიალებდა.

1948 წელს კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ გადაწყვიტა ქაშვეთის წმინდა გიორგის ტაძრის მოხატვა. ლადო დღე და ღამე ხარაჩოზე იდგა,  მოშურნეებმა უშიშროების კომიტეტში წერილები დააგზავნეს. საბოლოოდ, გუდიაშვილი კომუნისტური პარტიიდან გარიცხეს და თბილისის სამხატვრო აკადემიიდან დაითხოვეს.

ორმოცი წელი ისე გავიდა, გუდიაშვილს პერსონალური გამოფენა არ გაუმართავს.

დაბადების 80 წლისთავთან დაკავშირებით, 1957 წლის 12 მაისს, თბილისში დიდი ექსპოზიციის გახსნა დაიგეგმა. ყველაფერი მზად იყო, ხმა რომ გავრცელდა, ექსპოზიცია არ გაიხსნება, უნდა ჩამოხსნანო. ახალგაზრდების ჯგუფმა მთელი ღამე საგამოფენო დარბაზთან გაატარა, დილით უკვე იმდენი ხალხი მოგროვდა, რომ იძულებული გახდნენ, დარბაზის კარი გაეღოთ.

ლადო გუდიაშვილი 84 წლის გარდაიცვალა, 1980 წლის ივლისში. დაკრძალულია მწერალთა და სზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.