"როგორ არ დავეხმარო ადამიანს, რომელიც ხსნას ქრისტეში ეძებს?!" - კვირის პალიტრა

"როგორ არ დავეხმარო ადამიანს, რომელიც ხსნას ქრისტეში ეძებს?!"

"ჟესტურ ენაზე უფრო გვიადვილდება ერთმანეთის გაგება"

სამების საკათედრო ტაძრის ეზოში ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია ერთადერთია, სადაც ღვთისმსახურება განსაკუთრებული წესით - ჟესტების ენაზე აღევლინება. წირვის შემდეგ სმენადაქვეითებულები ეზოში იკრიბებიან, მოძღვარს უამრავ კითხვას უსვამენ და ზოგჯერ საზოგადოებასთან ინტეგრაციაში დახმარებასაც სთხოვენ.

თითქმის ათი წელია დეკანოზი გიორგი კალანდია ჟესტების ენაზე წირავს და ამ ენაზე ურთიერთობას დღემდე მათთან ერთად სწავლობს. სპეციალური მსახურებისთვის ტაძარი პატრიარქის კურთხევით 10 წლის წინ გამოიყო. როგორ დაიწყო ყველაფერი, რა სირთულეებს აწყდებიან მოძღვარი და სმენადაქვეითებული მრევლი, ამის გასარკვევად მათ ტაძარში ვეეწვიეთ.

- 2000-იანი წლების დამდეგს სასულიერო სემინარიაში გადავწყვიტე ჩაბარება, მაგრამ კონტინგენტი დიდი იყო, შესაბამისად, კონკურენციაც, ქულა დამაკლდა და ვერ ჩავირიცხე. თუმცა შემდეგ პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ვინც გამოცდები ჩავაბარეთ, ყველა მიგვიღეს. სწავლის დამთავრების შემდეგ სადიპლომო თემაზე დავიწყე ფიქრი, რაც, საინტერესოსთან ერთად, ეკლესიისა და საზოგადოებისთვის საჭიროც უნდა ყოფილიყო. მეუღლესთან ერთად ვმსჯელობდი. ერთხელაც დავფიქრდით, ნეტავ როგორ ცხოვრობს, ღვთის სიტყვას როგორ ისმენს ის, ვისაც არ ესმის, ვინც ვერ ხედავს. ერთი სიტყვით, ყრუ-მუნჯთა სკოლას ვესტუმრეთ. ბავშვები და პედაგოგები სიყვარულით შეგვხვდნენ. მაშინვე მომინდა მეტი გაგვეგო მათზე. მათთან ურთიერთობაში დირექტორი ძალიან დაგვეხმარა.

აგვიხსნა, მხოლოდ ჩვენ არა ვართ, არსებობს ყრუ-მუნჯთა საზოგადოების კავშირი, რომელსაც ამირან ბატატუნაშვილი ხელმძღვანელობს და მასაც დაუკავშირდითო. პირველი ნაბიჯები განსაკუთრებით მძიმე იყო - თარჯიმნების დეფიციტი გვქონდა. მაშინ ჟესტების ენაზე ვერ ვსაუბრობდი და ძალიან დამეხმარა თარჯიმანი ესმა იაკობაშვილი, რომელმაც დიდი სიკეთე გამოიჩინა და ჟესტების ენა უსასყიდლოდ მასწავლა. ენის გარკვეულ დონეზე შესწავლის შემდეგ ღვთისმსახურების გადათარგმნაზე დავფიქრდი, ჟესტებით ისე უნდა მესაუბრა, რომ ტაძარში მოსული ადამიანი ლოცვის არსს ჩასწვდომოდა.

- ეს ადვილი არ იქნებოდა, რადგან ლოცვები ძველ ქართულად არის.

- დიახ, ჟესტების ენაზე წირვის გადათარგმნის პრეცედენტი არ ყოფილა, არც ძველიდან ახალ ქართულზე უთარგმნია ვინმეს, რადგან საჭიროება არ იყო. ჩემი გეგმის შესასრულებლად ლოცვა-კურთხევა მჭირდებოდა. მაშინ სასულიერო სემინარიის პრორექტორი, დეკანოზი იოანე გამრეკელი იყო, რომელიც ახლა მეუფეა. მასთან ჩემს დეკანთან ერთად მივედი და იდეა გავუზიარეთ - წირვის ჟესტების ენაზე გადათარგმნა გვსურს-მეთქი. ეს აზრი ძალიან მოეწონა, საჭირო რამეს აკეთებთო, რაც ჩვენთვის დიდი სტიმული იყო.

- სმენადაქვეითებული ადამიანები როგორ აღიქვამენ უფალს? - ძალიან უყვართ ქრისტე, ოღონდ სხვადასხვანაირად აღიქვამენ. უფალი მათთვის ყველაფერზე ძვირფასია, მთელი გულითა და არსებით უყვართ. ასეთებს იოლად აცდუნებენ ხოლმე, მათი მიმნდობი ბუნებით სხვადასხვა სექტა სარგებლობს. იმ წლებში იეჰოვას მოწმეები და სხვები ძალიან აქტიურობდნენ და ცდილობდნენ ისინი თავიანთ რიგებში წაეყვანათ. სმენადაქვეითებულები ძალზე ცნობისმოყვარეები არიან, ყველაფერი აინტერესებთ...

როდესაც პატრიარქის ლოცვა-კურთხევით სალოცავი გამოგვიყვეს და წირვა-ლოცვა ჟესტების ენაზე დავიწყეთ, ხშირად მეკითხებოდნენ, წირვისას ერთი და იგივე რატომ მეორდებაო. მადლი კი მოქმედებს ადამიანზე, მაგრამ ამისთვის უფლის რწმენაც უნდა შეიმეცნოს. თუმცა უფლის სიყვარული და რწმენა ბევრ რამეს აადვილებს. ეს ყველაფერი კარგად რომ გაიაზრონ, დეტალურად უნდა ავუხსნათ. ამისთვის კი მე უნდა ვფლობდე ჟესტების ენას სრულყოფილად, რაც ჯერ არ ვიცი. ჩვენს ტაძარში ხშირად მოდის მოხალისე თარჯიმანი, რომელიც ჩემთან ერთად ჟესტურ ენაზე თარგმნის წირვა-ლოცვას, წმინდა წერილებს, გალობას. ამას უანგაროდ აკეთებს და სისტემატურად სიარულს ვერც ვთხოვთ... როგორც მაძლევს წირვა ამის საშუალებას, მეც ისე ვუხსნი ყველა დეტალს. მახსოვს, ძალიან გამიჭირდა "სიკეთის" მნიშვნელობის ახსნა. ბოლოს რამდენიმე ჟესტით შევადგინე ეს სიტყვა და ასე შევეცადე ამეხსნა. აღმოვაჩინეთ, რომ ჟესტების ენაში არ არის სიტყვა "მადლი". ასეთმა შემთხვევებმა მიგვიყვანა იქამდე, რომ ლექსიკონი შევქმენით, ძველი ქართული სიტყვების თანამედროვე ვარიაცია, რომელიც ჯერ არ დაგვისრულებია. ყოველ ჯერზე ახალ-ახალ რამეს ვაწყდებით. ზღვა სამუშაო გვაქვს. ენთუზიასტი თარჯიმნებიც გვეხმარებიან, სიტყვის მნიშვნელობა მშრალად რომ არ იყოს განსაზღვრული, ხშირად გვიწევს კადრის დამატება, ეს კი ხარჯთან არის დაკავშირებული - კამერა, ოპერატორი, მისი აწყობა-დამუშავება და შემდეგ ლექსიკონში შეტანა გვჭირდება. რთული სამუშაოა, მაგრამ ღირს და ეტაპობრივად მივყვებით. 200-მდე სიტყვის კადრით გადმოცემა მოგვიხდა. უამრავი ფრაზა და სიტყვაა, რომლის მნიშვნელობა მხოლოდ კადრით გადმოიცემა.

ზოგი თავიდანვე სწორად იგებს ყველაფერს. იცის, რომ მართლმადიდებლურ სამყაროში უნდა იყოს და ნაბიჯ-ნაბიჯ მოგვყვება. ზოგიერთს სიტყვას, მის არსს, მოქმედებით ვუხსნი. ვრცელი ინფორმაციის აღქმა უჭირთ, ამიტომ მაქსიმალურად ვამცირებ, რომ გაგება გაუმარტივდეთ. ხანდახან ერთ მლოცველს სხვებიც მოჰყავს ეკლესიაში, თუმცა პირიქითაც ხდება - სხვაგან წასულან... რაოდენობას ჩვენთვის მნიშვნელობა არასდროს ჰქონია, სამი კაციც რომ მოვიდეს სალოცავად, ჩვენთან ღია კარი და იმედი უნდა ეგულებოდეთ.

- აღსარებას ჟესტების ენაზე იბარებთ? - ჟესტების ენაზე უფრო გვიადვილდება ერთმანეთის გაგება. არაერთხელ უკითხავთ, არ ჯობია დაწერილი მოგიტანონო? არა, რადგან გვყავს ისეთებიც, ვინც წერა-კითხვა არ იცის, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა. უფროს თაობას იძულებით, რაც კარგი ნამდვილად არ არის, მაინც ასწავლეს წერა-კითხვა, ახალ თაობაში კი განათლების პრობლემა თვალში საცემია. ეს მშობლის ან სხვა ვინმეს ბრალი არ არის, ზოგჯერ მშობელიც პასიურია, მაგრამ მთლად მას ვერ დავაბრალებთ ყველაფერს. ამ პრობლემას სხვანაირი მიდგომა სჭირდება. მაგალითად, თბილისში არის პანსიონატი და სხვადასხვა დაწესებულება, სადაც ყრუ-მუნჯ ბავშვებზე ზრუნავენ, განათლებას აძლევენ, საზოგადოებაში ინტეგრაციაში ეხმარებიან, მაგრამ რეგიონებში მსგავსი დაწესებულებები თითქმის არ არის და ყველა ოჯახს არც შესაძლებლობა აქვს შვილი თბილისში ჩამოიყვანოს და ზოგ შემთხვევაში, ალბათ, ინფორმაციაც არა აქვთ.

რაიონებში ბავშვებს ელემენტარულ განათლებსაც ვერ აძლევენ, მეტიც, საბჭოური მენტალიტეტი ჯერ კიდევ ძლიერია და ზოგს სმენადაქვეითებული ბავშვი სახლში ჰყავს ჩაკეტილი. ასევე საკმარისი არ არის ინკლუზიური სწავლება, რომელიც თანამედროვე განათლების სისტემაშია დანერგილი, მაგრამ თარჯიმნების სიმცირეა, ან ისინიც ვერ ფლობენ ჟესტების ენას სრულყოფილად და ამ კატეგორიის ბავშვები სათანადო განათლებას ვერ იღებენ.

- ჟესტების ენაზე მოსაუბრე მრევლის მთავარი სატკივარი რა არის? - ძირითადად, დასაქმებისა და ინტეგრაციის პრობლემებზე ჩივიან. მათგან ბევრი მეწაღეა, ზოგიც დასუფთავებისა და სხვა სახის სამსახურში მუშაობს... რაიონების სკოლის ბავშვებს უთქვამთ, დავუშვათ დავამთავრე სკოლა, რაში უნდა გამოვიყენო განათლება, სად უნდა ვიმუშაო? ზოგჯერ გვგონია, ჩვენი მშობლებისთვის მხოლოდ მუშახელი ვართ, რომელთაც ყანაში ამუშავებენ, სხვა დანიშნულება არა გვაქვსო. ხშირად მშობლებიც არ ტყუიან, რადგან თავადაც არ იციან ჟესტების ენა და შვილთან კომუნიკაციას ვერ ახერხებენ.

საბედნიეროდ, ზოგიერთი მშობელი ცდილობს შვილს შეძლებისდაგვარად მისცეს განათლება და ადაპტაციაშიც დაეხმაროს, აძლევს პროფესიას, რითაც თავის რჩენას შეძლებს. თბილისში არსებული სკოლა-პანსიონატის ადმინისტრაცია სთხოვს მშობლებს დროულად ჩამოიყვანონ ასეთი ბავშვები რეგიონებიდან, რათა მათ ელემენტარული განათლება მისცენ. პანსიონში არის დარჩენის შესაძლებლობა, კვება და სხვა აუცილებელი პირობები.

ზოგმა შეიძლება იცოდეს კითხვა, მაგრამ არ ესმოდეს აზრი, წაკითხულის შინაარსს ვერ მიჰყვეს, მიუხედავად ამისა, არ მახსენდება არც ერთი მათგანი გაბოროტებული. პირიქით, ღვთის მადლიერი არიან, რომ ხედავენ. ისინი ხომ მხედველობით აღიქვამენ სამყაროს და უფლის მიმართაც ასეთივე დამოკიდებულება აქვთ - მეუბნებიან, ვცდილობთ ისე ვიცხოვროთ, რომ შეცდომა არ დავუშვათ, ცუდ საქციელს ხომ უფალი დაინახავს და გული ეტკინებაო.

- მრევლი იზრდება?

- ვერ ვიტყვი, მაგრამ სტაბილური მრევლი გვყავს. თუ ჯვარს იწერენ ან შვილს ნათლავენ, მოდიან და მეც ვცდილობ შეძლებისდაგვარად ჩავრთო ისინიც. ასეთ დროს უფრო მჭირდება თარჯიმანი. პანდემიამდე გვქონდა სტაბილური ზრდა, ამ ბოლო დროს შემცირდა. ძალიან მინდა სამრევლო სკოლის დაარსება, სადაც წერა-კითხვას მაინც ისწავლიან, რათა საზოგადოებაში ინტეგრაციის, ხელობის სწავლისა და თავის რჩენის შესაძლებლობა ჰქონდეთ. მათთვის ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თუნდაც იმიტომ, რომ ზოგჯერ წერა-კითხვის უცოდინარობის გამო იმას იჯერებენ, რასაც ეუბნებიან და არც გადამოწმების შესაძლებლობა აქვთ. ზოგჯერ უფლის სიყვარული, გულის ხმა ეუბნება, რომ არასწორია, რასაც ასწავლიან თუ უხსნიან, მაგალითად, რატომ არ უნდა აანთოს სანთელი ან არ იაროს ეკლესიაში წირვაზე, მაგრამ ვერ ეწინააღმდეგება. არაერთხელ უთქვამთ, მამაო, რომ ვიცოდე, რაში მატყუებენ, შევეწინააღმდეგები, მაგრამ არ ვიცი, რა ვუპასუხოო. ამიტომ მინდა თანხების მობილიზება და მათთვის საჭირო გარემოს შექმნა. როგორ არ დავეხმარო ადამიანს, რომელიც ხსნას ქრისტეში ეძებს?!