"მოდას კვებავს სიახლეები, მოულოდნელობები და ცოტა სიგიჟე" - კვირის პალიტრა

"მოდას კვებავს სიახლეები, მოულოდნელობები და ცოტა სიგიჟე"

"მოდა სისხლით, მსხვერპლით არის შექმნილი, მიუხედავად იმისა, რომ შორიდან ფუფუნებისა და სიამოვნების საგანი ჩანს. დღეს, პანდემიის დროს, ვისურვებდი ყველამ გადავაფასოთ მოდის ინდუსტრიის ძალა და მივუჩინოთ ადგილი იქ, სადაც ის უფრო პროდუქტიული იქნება, ვიდრე მავნებლური..."

პორტ-ვაშინგტონის საჯარო ბიბლიოთეკა მოდის სფეროში გავლენიან ფოტოხელოვანებს მასპინძლობს. ონლაინგამოფენა სახელწოდებით The Reflected Eye: Fashion through the Lens of the Photographer აპრილში გაიხსნა ისტორიკოსისა და სამოდელო სააგენტო IconicFocus-ის დამფუძნებლების, ფატი სიქულარისა და ვანესა ნასტროს კურატორობით. მოდის ისტორია, კადრს მიღმა ამბები და დოკუმენტური მასალა, რომელიც 100 წელს ითვლის, ის მცირე ჩამონათვალია, რომელიც დამთვალიერებელს ელოდება. "კვირის პალიტრას" ესაუბრება Elle, Infashion, Infashion Brides, Marie Claire, Vanities Brides, Glamour Mexico და espanurenovani Harper’s Bazaar-ის რედაქტორი ლუსი ლარა.

- რამდენიმე კვირის წინ ნიუ-იორკში გაიხსნა მასშტაბური ონლაინგამოფენა, რომელიც მოდის ფოტოგრაფიის განვლილ 100 წელიწადს მოიცავს. რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ პროექტში თქვენთვის, როგორც მოდური გამოცემების რედაქტორისთვის?

- ამ პროექტში ჩემთვის ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი თემაა. მიხარია, რომ მონაწილე კომპანიებს პროექტისთვის არ დაუდგენიათ წესები და მონაწილეებს შორის არ არის შეჯიბრება. ერთადერთი, რაც ჭარბადაა ამ პროექტში, ნიჭიერი ხალხი და მათი ნამუშევრებია. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ციფრულ ეპოქამდე ნამუშევრების ჩვენება, როდესაც ფოტოგრაფებს დიდი და მძიმე კამერები ჰქონდათ, არ იყო თანამედროვე ტექნოლოგიები და იმ ეფექტს, რასაც დღეს ფოტოშოპისა და თანამედროვე ტექნიკის საშუალებით ვიღებთ, ისინი ფოტოშოპის გარეშე აღწევდნენ. ეს ნამდვილი სასწაული იყო. ჩემთვის საამაყოა ისეთ კურატორებთან მუშაობა, როგორიც არიან ფატი სიქულარი და ვანესა ნასტრო. მათ ამ გაგანია პანდემიაში გამოფენის გამართვა ითავეს, კონცეფცია შეიმუშავეს.

- თქვენი აზრით, გასული საუკუნის ფოტოგრაფებმა რამდენად მოახდინეს გავლენა დღევანდელ მოდის ინდუსტრიაზე? - რა თქმა უნდა, უდიდესი. ძალიან ბევრი მათგანი თანამედროვე ფოტოხელოვანებისთვის შთაგონების წყაროა. მათი ნამუშევრები აქტუალურია მათთვისაც, ვინც გარდა მაღალ დონეზე შესრულებული ნამუშევრებისა, აფასებს თანამედროვე მოდას, მის ესთეტიკას, მოდას, რომელიც ყოველ ათწლეულში იცვლება. ბევრი მათგანის ფოტოგრაფია ყველა საზღვარს გასცდა. ასეთია უილიამ ჰელბერნის ნიუ-იორკის გასაოცარი ფოტოები, ვნებიანი ბადე-წინდები, რომლებიც საუცხოოდ ჩანს ფერნან ფონსაგრივსის ობიექტივში, მელვინ სოკოლსკის "მცურავი ბუშტები", კლაივ ეროუსმიტის, როგორც მას უწოდებენ "XXI საუკუნის ფოტოგრაფიის კარავაჯოს" ლეგენდარული ნამუშევრები და ნილ ბარის ფოტოებზე გამოსახული სამკაულების დახვეწილობა. ეს არაჩვეულებრივი ფოტოები დღემდე აღგვაფრთოვანებს და შთაგვაგონებს ახალ იდეებს. ფოტოგრაფიის ისტორია ხელიდან ხელში გადაეცემა თაობებს.

- გასული საუკუნის რომელი ფოტოგრაფი ეხმაურება დღევანდელობას ყველაზე კარგად? - ყველა მოდური ფოტო, რომლებიც ზემოთ ჩამოთვლილი ფოტოხელოვანების მუშაობის შედეგია, დღევანდელობას სხვადასხვაგვარად ეხმიანება. მოდა არის რეალობის ანარეკლი, არ არსებობს იმ წამის, მოვლენის თუ ათწლეულის უფრო ზუსტად ასახვის მეთოდი, ვიდრე ფოტოგრაფიაა.

- თქვენ, როგორც მოდური გამოცემების რედაქტორს, რა პასუხისმგებლობა გაკისრიათ საზოგადოების წინაშე?

- მთავარი რედაქტორობა ორკესტრის დირიჟორობას ჰგავს, შენებური სული უნდა შთაბერო მელოდიას, რომელიც არის ბგერებისა და სიჩუმის და, რა თქმა უნდა, მუსიკოსების ერთობლიობა, რომლებიც სიმფონიას უკრავენ. ჩემი მთავარი პასუხისმგებლობაა ყველას გავუჩინო და შევუნარჩუნო ახლის შექმნის სურვილი.

- დროში მოგზაურობა რომ შეგეძლოთ, რას შეცვლიდით მოდის ინდუსტრიაში? - არ ვიმოგზაურებდი დროში იმის შესაცვლელად, რამაც თავი დაიმკვიდრა მოდაში, თუნდაც ვთვლიდე, რომ ეს არასწორი იყო. არავინ არ უნდა შეაკლას თავი მოდას, ჩვენ უნდა მოვუფრთხილდეთ ჩვენს პლანეტა, ბუნება არ უნდა გამოვიყენოთ ბოროტად. მოდა, ისევე როგორც სხვა ბიზნესინდუსტრია, სისხლით, მსხვერპლით არის შექმნილი, მიუხედავად იმისა, რომ შორიდან ფუფუნებისა და სიამოვნების საგანი ჩანს. შეიძლება უიმედო ოპტიმისტი ვარ, მაგრამ დღეს, პანდემიის დროს, ვისურვებდი ყველამ გადავაფასოთ მოდის ინდუსტრიის ძალა და მივუჩინოთ ადგილი იქ, სადაც ის უფრო პროდუქტიული იქნება, ვიდრე მავნებლური. მოდა გამუდმებით იცვლება, ის თავად არის ცვალებადობა, მას კვებავს სიახლეები, მოულოდნელობები, შემოქმედებითობა და ცოტა სიგიჟე.

- 28 წელია მოდაზე წერთ, 2006 წელს კი მოდის ინდუსტრიაში მსოფლიოს 10 ყველაზე გავლენიან პირთა შორის დაგასახელეს. ამჟამად ლექტორი ხართ. რა არის თქვენთვის მთავარი, რაც გსურთ ასწავლოთ თქვენს სტუდენტებს? - ჩემთვის მთავარია მათ საკუთარი თავის რწმენა ჩავუსახო, რომ კრიტიკას არ შეუშინდნენ. მოდურ ტრენდებზე აყოლილებს კი მინდა ვუთხრა, მხარში ამოუდგნენ პატარა ბრენდებს, ისინი ხშირად ძალიან ხარისხიან პროდუქციას გვთავაზობენ.

- როგორი უნდა იყოს ბრენდი, რომ დროს გაუძლოს? - ის ბრენდი გაუძლებს დროს, რომლის ხარისხი და წარმოება გამორჩეულია, რომელიც დააინტერესებს ახალ თაობას, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია არა მარტო ესთეტიკური მხარე, არამედ ეთიკაც.

დიდი მადლობა! გიგზავნით მოკითხვას მზიანი მექსიკიდან!

მელვინ სოკოლსკის "მცურავი ბუშტები"

სახელოვანი ნიუიორკელი ფოტოგრაფი მელვინ სოკოლსკი ახლა 87 წლისაა. მისი არაერთი ფოტო დაბეჭდილა მოდური გამოცემების ყდაზე, თუმცა ყველაზე შთამბეჭდავი პარიზის ქუჩებში მოლივლივე ბუშტებია, სადაც მოდელები პოზირებენ. ფოტოები 1963 წელსაა გადაღებული, ციფრული ტექნოლოგიებისა და ფოტოშოპის არარსებობის პერიოდში. "აერონავტიკის ინჟინრები, რომლებიც გადაღებაში იყვნენ ჩართული, მაფრთხილებდნენ, რომ ბუშტს შეიძლებოდა ვინმე ემსხვერპლა, რომ ეს სახიფათო იყო, თუმცა მე გავრისკე, რადგან სატესტო გადაღება უკვე გავლილი იყო და მჯეროდა, რომ მშვიდობიანად გადავიღებდით "ბუშტების" სერიას და ასეც მოხდა", - იხსენებს ფოტოგრაფი.

"ბუშტების" სერია 1963 წელს ჟურნალ Harper’s bazaar-ში დაიბეჭდა. ფოტოგრაფმა ბუშტში ჩასმული თავისი საყვარელი მოდელი სიმონა დ, "ალენკური პარიზის პეიზაჟების ფონზე გადაიღო, რამაც საერთაშორისო აღიარება მოუტანა.