"ძალიან მაღიზიანებენ­ ისინი, ვინც გამუდმებით "დავიღალე­-დავიღალეს"­ გაიძახიან. მთელი ცხოვრება თავაუღებლად ვშრომობ, "დაღლა" რა არის, ვიცი" - კვირის პალიტრა

"ძალიან მაღიზიანებენ­ ისინი, ვინც გამუდმებით "დავიღალე­-დავიღალეს"­ გაიძახიან. მთელი ცხოვრება თავაუღებლად ვშრომობ, "დაღლა" რა არის, ვიცი"

"ყველაფერი, რასაც ჩვენ ჩავდივართ, შემდეგში სწორედ ჩვენს საყვარელ ადამიანებს უბრუნდება ბუმერანგივით, ცუდიც და კარგიც"

არა მგონია, ვინმეს იმაზე ზუსტად გადმოეცა რეჟისორ მანანა მენაბდის სპექტაკლის ("სახლი") შინაარსი, ვიდრე მამა ადამ (ვახტანგ) ახალაძის ეს სიტყვებია. ამ სპექტაკლში, რომელიც ყოველ ჯერზე ანშლაგით იმართება, აღმოაჩენ, რომ თურმე ჩვენი ყველა უბედურების მიზეზი ჩვენივე თავის დაკარგვა ყოფილა. ვინაიდან თურმე ისიც კი არ გვახსოვს, ვინ ვართ და რას დავეძებთ. სწორედ ამ თემებზე გადავწყვიტე მანანა მენაბდესთან საუბარი, კიდევ იმიტომაც, რომ ის ჩვენი დროის საუკეთესო მუსიკოსი, ახლა კი უკვე რეჟისორიცაა - პროფესიონალი, რომელმაც თავის დროზე, საუკეთესო უმაღლესი სარეჟისორო განათლება მიიღო, და თეატრს დაუბრუნდა. მანანა ქართული მუსიკალური ტრადიციების პროპაგანდას არაერთ ქვეყანაში უხმაუროდ ეწევა. რაც მთავარია, მისი შემოქმედება: მუსიკა იქნება, რეჟისურა, მწერლობა, ხატვა თუ ფოტოგრაფია, მხოლოდ სიკეთეზეა აგებული. აი, ასე აღმოვჩნდი სახლში, სადაც საუბარი დები იშხნელების ხსენების გარეშე ვერ შედგება, მანანა მენაბდე ხომ მათი შთამომავალია.

- ალბათ, სხვა განცდაა, როდესაც ასეთი საამაყო ხალხის შთამომავალი ხარ... ვიდეოჩანაწერებში დები იშხნელები და თქვენც მკაცრი ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებთ. სინამდვილეშიც მკაცრი ხართ?

- მიუხედავად იმისა, რომ ჩემმა გარეგნობამ შეიძლება ვინმე მოატყუოს, მკაცრი არა ვარ. თუკი ვინმესთან ვიჩენ სიმკაცრეს, ეს საკუთარი თავია, რომელსაც უამრავ პასუხისმგებლობას ვაკისრებ. არც დები იშხნელები ყოფილან მკაცრები. პირიქით, გასაოცარი იუმორი და სილაღე ჰქონდათ. როცა ჩვენთან, ბებია თამარ იშხნელთან სარეპეტიციოდ მოდიოდნენ, ძალიან მიხაროდა, რადგან საოცრად მხიარულები იყვნენ. მათი რეპეტიციები ხშირად ჩვენი ოჯახის ერთობლივი სიმღერით მთავრდებოდა, სიმღერაში მათ მეც და ჩემი დედ-მამაც ვუერთდებოდით. ამ ხმებით ჯერ სახლი ივსებოდა, მერე ეზო, შემდეგ კი იშხნელების მაგია უკვე ქუჩაში იღვრებოდა. ასეთი დღეები ჩემთვის ბედნიერება იყო!

დედაჩემი, ლილი დეისაძე, ინჟინერ-კონსტრუქტორი გახლდათ, მაგრამ საოცარი ლირიკული სოპრანო ჰქონდა. მამაც ელექტროინჟინერი იყო და ისიც ზღაპრულად მღეროდა, იმის მიუხედავად, რომ მესამე კურსიდან მიატოვა კონსერვატორია და პოლიტექნიკურში გადავიდა, სადაც არაჩვეულებრივი "შვიდკაცა" ჩამოაყალიბა. თუ არ ვცდები, "შვიდკაცამ" მოსკოვში სტალინისთვისაც კი იმღერა. როდესაც კარუზოს ან პავაროტის ვუსმენ და თვალებს ვხუჭავ, სრული შეგრძნება მეუფლება, რომ მათ კი არა, მამაჩემს ვუსმენ. ასე რომ, ორივე მხრიდან გადმომეცა მუსიკის ნიჭი.

გენეტიკა, გენეტიკაა, მაგრამ ამ ყველაფერს ღვთის წყალობად და პასუხისმგებლობად მივიჩნევ. ადამიანი რასაც უნდა აკეთებდეს და როგორ რთულ პირობებშიც უნდა აღმოჩნდეს, ვალდებულია ყველაფერი ხარისხიანად გააკეთოს - არა მარტო თავისი ოჯახის, არამედ თავისი ქვეყნის წინაშეც. რაც მთავარია, პასუხს უფალთან აგებს, რადგანაც ყოველი ნიჭი უფლის საჩუქარია და მას მოვლა-პატრონობა სჭირდება, რასაც ჩემს იმ რამდენიმე ახლობელსაც ვუმადლი, რომელთა შენიშვნებს ყურს გაფაციცებით ვუგდებ...

- ისეთ დროში ვცხოვრობთ, ღირებულებები კატასტროფულად სწრაფად ქრება. ადამიანების ერთგულება რომ შეინარჩუნო, თავადაც ერთგული უნდა იყო...

- რაღა თქმა უნდა. ყოველდღე უნდა გაიღო შენი არსებობა მეორე ადამიანისთვის, მაგრამ მანამდე ჯერ თავად შენ უნდა იყო ადამიანი. ყველანაირ ადამიანში შეიძლება კარგის დანახვა. თუმცა სიძუნწეს, ტყუილს, არაპუნქტუალურობას და დილეტანტიზმს ვერავისგან ვეგუები. ძალიან მაღიზიანებენ ისინი, ვინც გამუდმებით "დავიღალე-დავიღალეს" გაიძახიან. მთელი ცხოვრება თავაუღებლად ვშრომობ, "დაღლა" რა არის, ვიცი. დღევანდელი ყოფა მართლაც მტანჯველი და დამღლელია, რადგან უამრავი პრობლემაა, მაგრამ შენი დაღლა სხვას არ უნდა მოახვიო თავზე.

რაღა თქმა უნდა, უახლოესი მეგობრები იმისთვის არიან, რომ რაღაც შესჩივლო, თუმცა ისინიც უნდა დაინდო.

როცა ბებიასთან დები სარეპეტიციოდ მოდიოდნენ, ძალიან მიხაროდა, რადგან საოცრად მხიარულები იყვნენ. მათი რეპეტიციები ხშირად ჩვენი ოჯახის ერთობლივი სიმღერით მთავრდებოდა, სიმღერაში მათ მეც და ჩემი დედ-მამაც ვუერთდებოდით. ამ ხმებით ჯერ სახლი ივსებოდა, მერე ეზო, შემდეგ კი იშხნელების მაგია უკვე ქუჩაში იღვრებოდა. ასეთი დღეები ბედნიერება იყო!

- დიდად არც თქვენს სიმღერებს ახვევთ საზოგადოებას, იშვიათად ხართ სცენაზე.

- როდესაც ქუჩაში უცნობი ადამიანები მესალმებიან და მადლობას მეუბნებიან, მათ უპირობო სიყვარულს ვგრძნობ. მეც უსაზღვროდ მიყვარს ჩემი ხალხი და სწორედ ამიტომ არ მინდა თავი მოვაბეზრო. არ მინდა ჩემზე თქვან, უთო რომ ჩავრთე, მანანა მენაბდე მღეროდაო. არც სიყვარულზე უნდა ილაპარაკო გამუდმებით. თუ რაიმეს სიყვარულისთვის აკეთებ, მსმენელს უნდა ენდო და ის ყოველთვის მიგიხვდება, რისი თქმა გინდოდა შენი სიმღერით, ნახატით, ლექსით თუ პიესით. თუ ისე მოხდა, რომ რაღაც არ მოეწონა, ესე იგი, შენ ვერ გააკეთე რაიმე ისე, როგორც საჭირო იყო.

- პოლიტიკაში არ ერევით, რაც ჩვენი ხელოვანებისთვის უცხო მოვლენა არ არის.

- მე მხოლოდ კულტურის პოლიტიკაზე შემიძლია ვისაუბრო.

ადამიანი თავის საქციელზე პასუხს აგებს, ამიტომ მირჩევნია ფრთხილად ვიყო და რაღაც ისეთი არ გავაკეთო, რომ მერე ჩემს ოჯახსა და მეგობრებს შერცხვეთ.

- უცხოეთში დიდხანს ცხოვრობდით. თქვენს ადგილას ბევრი არ დაბრუნდებოდა.

- ყველა ადამიანისთვის დგება დრო, როდესაც ფესვებს უნდა დაუბრუნდეს! გერმანიის მოქალაქე ვარ. უამრავ ფესტივალში, საკონცერტო ტურებსა და გამოფენებში ვმონაწილეობდი. დანიშნული მქონდა სტიპენდიები, მაგალითად, ვიყავი ჰაინრიხ ბიოლის სტიპენდიატი.

ყოფა ითხოვს, რომ სიმშვიდისთვის ბევრი და თანაც ძალიან მძიმე შრომა გასწიო. მეც კონცერტების პარალელურად, სადარბაზოებს ვასუფთავებდი, ბარებში მიმტანად ვმუშაობდი, კაფეებისთვის ქართულ საჭმელებსაც ვამზადებდი, სულიერად დაავადებულებს ვუვლიდი. არ არსებობს შრომა, რომელიც გამოცდილებას არ გაძლევს და სულიერადაც არ გეხმარება, მით უფრო, თუ მწერლად შედგომა გსურს. ყოველივე ეს ყველაფერი დამეხმარა ადამიანად შედგომაშიც. ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ერთმა სულიერად დაავადებულმა ახალგაზრდამ ამომიჩემა, რადგანაც ჩემი სახით, ალბათ, ერთგული მსმენელი ნახა.

ეს განათლებული ახალგაზრდა, რომელმაც 5 ენა იცოდა, გამომიჭერდა ხოლმე კლინიკის დერეფნის კუთხეში და ფრანგულ წერილებს მიკითხავდა. თუმცა, მარტო ფრანგულს რა უჭირდა, ესპანურად, ბერძნულად და იტალიურად მიკითხავდა, თან მეუბნებოდა, რომ ამ წერილების ავტორები სამუშაოს სთავაზობდნენ. ვფიქრობდი, იქნებ მართლა ასეა, იქნებ წერილების ავტორებმა არ იციან, რომ მათი ადრესატი სულიერად დაავადებულთა კლინიკაში მკურნალობს-მეთქი. ჰოდა, ერთხელაც კლინიკის პროფესორმა მიხმო: ფრაუ მენაბდე, სერიოზულად ნუ მიიღებთ ამ წერილებს, რადგან მათ თავად წერსო. იმ წუთში ძალიან გავბრაზდი პროფესორზე, - რა იქნებოდა, ჩემი სახით ერთი ადამიანი მაინც დაეტოვებინა, რომელსაც ამ ახალგაზრდა ვალტერის სჯეროდა-მეთქი, და პროფესორს მაინც არ დავუჯერე, სანამ იმ კლინიკიდან არ წამოვედი, ვალტერი წერილებს მაინც მიკითხავდა. მერე ამაზე მოთხრობაც დავწერე.

- ამაში როლს თქვენი ალტრუიზმი ნამდვილად ითამაშებდა. როცა ადამიანები გიყვარს, მათ გვერდს ვერ აუვლი.

- ადამიანში უპირველესად დადებით თვისებებს ვხედავ, ცხოვრება ისეთი ჭრელია, თან მშვენიერი და თან ვერაგი, რომ ხელის ერთი წამოკვრით ადამიანზე ცუდი არ უნდა თქვა. ჩვენ ყველანი ერთმანთთან უხილავი სიმებით ვართ დაკავშირებული. რაც უნდა აბსურდში ვიცხოვროთ და თავი დავკარგოთ, ერთ დღეს აუცილებლად აღმოვაჩენთ, რომ თურმე მარტო კი არა ხარ, ვიღაც არის, ვისაც სჭირდები. რომ გყავს ოჯახი, ნაცნობ-მეგობრები, სამშობლო... ამას, სხვათა შორის, უცხოეთში უფრო მივხვდი - იქ, სადაც დამხმარე არავინ გეგულება და მხოლოდ შენ უნდა წამოაყენო შენი თავი დაცემისას. სამშობლოში კი ხელს უსათუოდ ვინმე გამოგიწვდის, რაც იმდენად ჩვეულებრივი რამ არის, ვეღარც ხვდები, რომ ადამიანებზე გადაჯაჭვული ხარ, როგორი განუყოფელია შენგან ოჯახი, მეგობრები და სამშობლო.

- სწორედ ამაზეა თქვენი სპექტაკლი "სახლი", - იდენტობადაკარგულ ადამიანზე, რომელიც ხვდება, რომ საკუთარი თავის დასაბრუნებლად თავის "სახლს" უნდა დაუბრუნდეს. - დიახ, თუმცა ეს თავიდან კინოსცენარი იყო და მიხეილ კობახიძის ხსოვნას ეძღვნებოდა. სპექტაკლიც მას ეძღვნება. როდესაც თეატრ "იმპულსის" ქორეოგრაფმა თიკო ქოიავამ კინოსცენარი წაიკითხა და მთხოვა, მასთან, თეატრში დაგვედგა, ვერ წარმოვიდგინე, როგორ უნდა გადამეკეთებინა კინოსცენარი თეატრალურ პიესად. თუმცა მთელი ზაფხული ვიმუშავე და ხერხი ვიპოვე. ასე გამოვიდა სპექტაკლი "სახლი"."…

- რომელიც სულს გიფორიაქებს, ალბათ, იმიტომ, რომ პასუხობს კითხვას, თუ რატომ ვართ ასე ცუდად. რატომ გვემართება ხშირად ისე, როგორც თქვენ წერთ: "კაცი თავის თავისაგან სხვა ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად".

- კარგია, როდესაც ადამიანები ამ კითხვის პასუხს ხელოვნებაშიც ეძებენ. ხელოვნების მოვალეობა სწორედ ყველაზე მტანჯველი სათქმელის ამოთქმაა. მან უნდა მიგახვედროს, რატომ ვართ ცუდად. რატომ არის ჩვენ გარშემო ამდენი აგრესია, რატომ დაკარგეს ადამიანებმა პატიოსნება, ღირსება და სიყვარული. თუნდაც რობერტ სტურუასთან დაკავშირებული დღევანდელი "კამპანია" გავიხსენოთ.

მიკვირს, რატომ უნდა მოგინდეს საჯაროდ დაასხა ლაფი ადამიანს, რომელმაც შენი ქვეყნის კულტურა მსოფლიო კულტურაში ოქროს ასოებით შეიყვანა! ისე კი ასეთ ამბებს ახსნაც აქვს - ჩვენს ისტორიას ხომ სწორედ ერთეული ადამიანები ქმნიდნენ, ჩვენ კი ხელსაც მათვე ვჭრიდით და ტყვიებსაც ვესროდით. განა ილია ჭავჭავაძე ვინმე რუსმა ივანოვმა მოკლა? მას ხომ ტყვია ქართველმა, ივანოვის წაქეზებულმა ბერბიჭაშვილმა ესროლა! რატომ არ ეშინიათ ადამიანებს იმის, რომ თავიანთი უზნეო ქმედებებით საკუთარი თავის დაზიანების გარდა, ახლობლებსაც აზიანებენ. ყველაფერი, რასაც ჩვენ ჩავდივართ, შემდეგში სწორედ ჩვენს საყვარელ ადამიანებს უბრუნდება ბუმერანგივით, ცუდიც და კარგიც. ვერ დავიბრალებ, რომ მუხლებზე დაცემული მლოცველი ვარ, მაგრამ უფალმა და ეკლესიასთან მიახლოებამ ეს მართლაც დამანახა... კიდევ ბევრი რამეც.

ამქვეყნად ყველაფერი წრეზე ბრუნავს - ერთი რომ მიდის, მეორე მოდის. ის დროც მოვა, როდესაც თავს ვიპოვით და ამხელა აგრესია აღარ გვექნება. ისე კი სიყვარულს ვერაფერი მოკლავს, ის იქნება მანამ, სანამ იარსებებს ადამიანი. მთავარია, ჩვენ დავფიქრდეთ იმაზე, გულში როგორ შემოვუშვათ.