"ქართველობას მიშლიან, მაინც მექართველება" - კვირის პალიტრა

"ქართველობას მიშლიან, მაინც მექართველება"

"დიახ, მე მასწავლეს საქართველოს სიყვარული, მაგრამ მარტო სწავლაც არ შველის, ეს შენშიც უნდა იყოს"

თინათინ მღვდლიაშვილის არაერთ ლექსზე საოცარი სიმღერები შეიქმნა, მთავარი სათქმელი კი ლექსში "დავით მეფეს"თქვა. 1990-იან წლებში საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად ჩართულმა ბევრი ღალატი, სისასტიკე და გულისტკივილი იწვნია. ამიტომაც ნდობა დაკარგა და, შეიძლება ითქვას, განზე გადგა, თუმცა, როგორც ამბობს, კვლავაც ემსახურება საქართველოს, სიტყვითა თუ საქმით.…

- "ქართველობას მიშლიან, მაინც მექართველება", თქვენი ერთ-ერთი ლექსიდანაა. სამშობლოს თქვენს პოეზიაში დიდი ადგილი ეთმობა, რამ განაპირობა ეს, როგორ ისწავლეთ სამშობლოს სიყვარული? - სამშობლოს სიყვარული მართლაც ისწავლება და ოჯახი ამაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. არაჩვეულებრივი მამა მყავდა, რომელიც 4 წლის ბავშვს ქართულ ხალხურ სიმღერებს მამღერებდა. ჩემი სიძე, ჯემალ მჭედლიშვილი, სუხიშვილების სოლისტი იყო, შემდეგ ჩამოაყალიბა ანსამბლი და იქ ვცეკვავდი. ალექსანდრე ყაზბეგი, ვაჟა-ფშაველა, კონსტანტინე გამსახურდია, ილია ჭავჭავაძე, ვანო მაჩაბელი - ესენი ლამის ღმერთკაცებად იყვნენ მიჩნეული ჩვენს ოჯახში. მამისგან ძალიან მდიდარი ბიბლიოთეკა დამრჩა და სწორედ ამ ყველაფრის დამსახურებაა ჩემი ლექსები, რადგან ბავშვობიდან ბევრს ვკითხულობდი. ასეთ ლამაზ, ეროვნულ გარემოში გავიზარდე. დიახ, მე მასწავლეს საქართველოს სიყვარული, მაგრამ მარტო სწავლაც არ შველის, ეს შენშიც უნდა იყოს.

წლების წინ ერთმა ჟურნალისტმა მკითხა, ყველაზე მეტად რა გიყვართო და, სამშობლო-მეთქი, ვუპასუხე. ასეთ ტრაფარეტულ პასუხს არ ველოდი თქვენგანო. გავიდა დრო და იმავე ჟურნალისტმა მითხრა, მახსოვს, რა არასწორად გიპასუხეთ წლების წინ, თქვენი ცხოვრებით დაამტკიცეთ, რომ ყველაზე მეტად მართლაც სამშობლო გყვარებიათო.

მე სამშობლოსთვის არაფერი დამნანებია. სამწუხაროა, რომ დღეს ჩვენი მაშინდელი თავგანწირვის შედეგებს ვერ ვხედავ. ჩემი სამშობლო დღეს იმაზე უბედურია, ვიდრე იყო მაშინ, როდესაც ბრძოლა დავიწყეთ დამოუკიდებლობისთვის.

- ბევრი რამ გაქვთ გასახსენებელი 90-იანი წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის პერიოდიდან. - 1989 წლის 25 თებერვალს, როდესაც თბილისის ცენტრში 20 000-მდე კაცმა სამგლოვიარო მანიფესტაციით გააპროტესტა რუსეთის ოკუპაცია, მიტინგზე ჩემი მეუღლე არ მიშვებდა და გავიპარე. მომავალში სწორედ პოლიტიკის გამო დავუპირისპირდით ერთმანეთს და დავშორდით - მე დავდექი გამსახურდიასა და ქართველი ხალხის მხარეს, მან სხვა გზა აირჩია. 25 თებერვალს უამრავი ხალხის პირისპირ პირველად წავიკითხე ჩემი ლექსი"დავით მეფეს".

სწორედ მაშინ უთქვამს ზვიად გამსახურდიას, დაიმახსოვრეთ ეს გოგონა, ქართული პოეზიის მომავალი ვარსკვლავიაო, თუმცა ის მანამდე დიდი ხნით ადრე გავიცანი - 1977 წლის 7 აპრილს, როდესაც მერაბ კოსტავასთან ერთად დააპატიმრეს. იმ დღეს მეც დამაპატიმრეს მეგობრებთან ერთად. ჩემი დაბადების დღე იყო, სუფრიდან ავიშალეთ 17-18 წლის ახალგაზრდები და ქაშუეთის ეკლესიაში წავედით სანთლების დასანთებად. სწორედ ამიტომ დაგვაპატიმრეს და დასაკითხად კინოთეატრ "რუსთაველში" მიგვიყვანეს. სხვები მორჩილად იყვნენ, მე ვყვიროდი, რატომ დამაპატიმრეთ-მეთქი. კარი გაიღო, ვიღაცამ შემომხედა და ჩუმად მითხრა, დამშვიდდიო. ეს ზვიად გამსახურდია, კონსტანტინეს შვილიაო, თქვეს. იმავე ღამეს გამოგვიშვეს ყველა, გამსახურდიასა და კოსტავას კი, როგორც იცით, გადასახლება მიუსაჯეს.

როდესაც შევარდნაძემ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, 1993 წელს, სამეგრელოში ვიყავი. ვიფიქრე, დაუბეჭდავი ლექსები, ხელნაწერები და ნახატები რომ მაქვს თბილისში, სახლი არ დამირბიონ, ჩავალ და შევინახავ-მეთქი. მაშინ პლეხანოვზე ვცხოვრობდი.

3 ოქტომბერს უშიშროებიდან მოვიდნენ, სახლი გაჩხრიკეს, ასაფეთქებლებსა და იარაღს ეძებდნენ და, რა თქმა უნდა, ვერ იპოვეს. იმ დღეს არ დამაპატიმრეს, მაგრამ მეორე დღეს წამიყვანეს. ჩემთან ერთად დააპატიმრეს ჩემი და, მეგობარი და 2 სტუმარი. უშიშროება თანამშრომლობას მთავაზობდა, რაზეც, რა თქმა უნდა, უარი ვთქვი. როგორც მითხრეს, ვიყავი ძმათა შორის შუღლის ჩამომგდები და ერის დამპირისპირებელი, რომ ლექსებით ვაღვივებდი სიძულვილს. იშველიებდნენ 1990 წელს დაწერილ ჩემს ერთ ლექსს "30 ვერცხლი", რომელიც პატარა გოგონამ წაიკითხა მიტინგზე. პუტჩისტები მაბრალებდნენ, თითქოსდა ამ ლექსით 30 დეპუტატის დახვრეტას მოვითხოვდი, რადგან ასე მთავრდებოდა: "საქართველოს მოღალატეს 30 ტყვია".

როგორც სამხედრო დამნაშავე უშიშროებიდან ჯერ პოლიციაში და მერე კი სამხედრო კომენდატურის ჰაუპტვახტში, ნომერ მეშვიდე სამხედრო საკანში გადამიყვანეს. ეს ლოგიკურიც იყო, "ხმალი ავლესოთ, ქართველებოს" ავტორს განა მეკადრებოდა უბრალო საკანი? (იცინის). მაშინ იმ ადგილს "მხედრიონის" შტაბს ეძახდნენ, დღეს კი იმ შენობაში ტელევიზია "ობიექტივია".

10 დღე გავატარე იმ ჯურღმულში, მაგრამ 10 დღეში ჩაეტია მთელი ჩემი ცხოვრება. იქ ერთ წამში წყდებოდა ყველაფერი, ყოველ წუთში გვეუბნებოდნენ, რომ დაგვხვრეტდნენ. ერთხელ შუაღამისას ამიყვანეს "ქართლის დედის" ქანდაკებასთან და მითხრეს, უკანასკნელად ხედავთ თბილისსო. მართალია, არ მესროლეს, მაგრამ როდესაც ამას გეუბნებიან, ფაქტობრივად, დახვრეტილი ხარ. მერე წამიყვანეს ბერიას გასაიდუმლოებულ აგარაკზე, იქაც ჩემი წილი ტანჯვა-წამება ვიწვნიე, მაგრამ მაინც ვერ "დამავერბოვკეს". მადლობა ღმერთს, წამების ის ფორმები, რომლებიც გადავიტანე, გასაძლები იყო.

- როგორ გადარჩით? -…სხვათა შორის, თქვენ იგივე რამ მკითხეთ, რაც პატრიარქმა, როგორ გადარჩიო? ღმერთით-მეთქი, ვუპასუხე და ჩაეღიმა. ღმერთის გარეშე არაფერი მოხდებოდა. ჩემმა ყოფილმა მეუღლემ, რომელიც აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკურ ცხოვრებაში და ჰქონდა ძალაუფლებაც, როდესაც გაიგო, ასეთ სახიფათო ადგილას ვიყავი გამომწყვდეული, დაპატიმრებიდან მე-11 დღეს გამომიყვანა.

- როგორც ვიცი, თქვენი ხატვით გატაცებაც მეუღლის დამსახურებაა. - 1988 წელს დავიწყე ხატვა. ყოფილი მეუღლე მხატვარი იყო და ეს გარემო უცხო არ იყო ჩემთვის. იმავე წელს გაიმართა ჩემი ნახატების გამოფენა. ურთულეს წლებში ხატვა ძალიან დამეხმარა. შემდეგ დავიწყე ხატების შემკობა და ულამაზესი ხატები შევწირე ეკლესია-მონასტრებს. სამწუხაროდ, ჩემი შემკობილი დავით აღმაშენებლის ხატი 8 თებერვალს, მისი ხსენების დღეს, ხელიდან გაუვარდათ სტიქაროსნებს და დაიმსხვრა. ძალიან მეტკინა გული, არაერთხელ გამიძარცვეს თამარ მეფის ხატიც - გახადეს ოქროს ქოშები, ძალიან მცირე ზომის, ბალთიდან ამოაცალეს ნახევრად ძვირფასი თვლები.

- მითხარით, რომ თავს იკავებთ დღევანდელი პოლიტიკური ვითარების შეფასებისგან, მაგრამ იქნებ გვითხრათ, როგორია თქვენი თვალით დანახული დღევანდელობა? - ხომ ხედავთ, რა ხდება ჰესების გამო? დღესაც გრძელდება მცოცავი ოკუპაცია. თუ ხელისუფლებაში ეროვნული ადამიანები არ მოვლენ, ასე გაგრძელდება. დაუკვირდით, ხალხის გარდა, ვინმე თუ ახსენებს აფხაზეთს? არავინ! იფრქვევა ბოღმა, სიძულვილი - მე ასეთი საზოგადოების წევრი ვერ ვიქნები.…არავის მხარეს არა ვარ, მე საქართველო მადარდებს და გული მტკივა, რადგან ბევრს მხოლოდ ვიწრო ინტერესები, თავისი და ახლობლების ბედი აწუხებს. მარცხი ხომ ძალიან ასუსტებს ადამიანს, დიდ უიმედობაში აგდებს და სწორედ ჩემი ლექსებით ვამხნევებ ასეთ ადამიანებს, ეს არის ჩემი, როგორც პოეტის, დანიშნულება.

- ამიტომ წერთ: "დამარცხებაში არის სიმაღლე, რაღაც მეფური და საოცრება, დამარცხებაში არის სინათლე, რაღაც ღვთიური და სასოება". დღეს დამარცხებული ვართ? - საუბედუროდ, კი. რუსეთი თან გვართმევს ტერიტორიებს და თან გენოციდს აწყობს, რომ ქართული ფესვი ამოძირკვოს. ამიტომ მძულს რუსეთის იმპერია და დიდი იმედი მაქვს, რომ ოდესმე ძალიან მკაცრად დაისჯება ყველა იმ ბოროტებისთვის, რაც ჩაიდინა. საუბედუროდ, ხარბი, უმადური და სინდისგარეცხილი მეზობლები გვყავს. აღარ ვლაპარაკობ იმ ხალხზე, რომლებიც შევიფარეთ, წყალი და პური მივეცით, ვინც ჩვენს მიწაზე მოსულ ჭირნახულს მიირთმევს და შემდეგ ჩვენს მიწას გვგლეჯენ. არავინ იცის, ვის რა ელოდება, მათ, ვინც ქართულ ეზო-კარში არიან შევარდნილი. მე მხოლოდ ღმერთის იმედი მაქვს... რამდენიმე დღის წინ დამწყებ ჟურნალისტებს შევხვდი. ჩემი თაობის სახელით მოვუბოდიშე და ვუთხარი, რომ გვინდოდა უკეთესი საქართველო დაგვეხვედრებინა მათთვის, მაგრამ რა დავახვედრეთ? რა დაგვიტოვე და რას გახვედრებთ, რით მოვიწონოთ თავი? ვერ ვიდავითეთ, ვერ ვითამარეთ, ვერ ვიდიდგორეთ, დავით! - აი, ეს არის ლახვარი ჩემთვის, პირდაპირ გულში ჩაცემული.

ნინო ჯავახიშვილი