"ჩემი და ჩემი მეორე ნახევრის ინტერესები უნდა ემთხვეოდეს, იმიტომ რომ ამ არსებების გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია"
"ჩემი და ჩემი მეორე ნახევრის ინტერესები უნდა ემთხვეოდეს, იმიტომ რომ ამ არსებების გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია"
ფოტო:იუთუბზე" დაახლოებით 144 000 გამომწერი მყავს
"ბევრჯერ გამოვცადე, როგორია მორიელის, ფალანგის, სკოლოპენდრიის და ფუტკრის ნაკბენი"

თუთიყუში ლუისი, აგამა ფინი, გომბეშო დორა და ტარანტულები, მორიელები, ფალანგები, სკოლოპენდრიები, ჩოქელები და სხვა მწერები ბადრი ბერიაშვილის ზრუნვის ობიექტები არიან. ბადრი თავის საყვარელ ბინადრებზე გვესაუბრება.

- შინ მხოლოდ ფინი და ლუისი, ანუ თუთიყუში და აგამა მყავს, დანარჩენები სახლის წინ ნაქირავებ ფართობში დავაბინავე თავ-თავიანთ ტერარიუმებში. გომბეშო დორა, იგივე პაკმენი, ასე ეძახიან ამ სახეობას, მეორენაირად რქიან გომბეშოსაც უწოდებენ, ყველაფერს ჭამს. მყავს მორიელებიც, სკოლოპენდრიები
(მრავალფეხასაც უწოდებენ), კიდევ ჩოქელები და ფალანგები, რომლებიც, შეიძლება ითქვას, მორიელისა და ობობების ნათესავები არიან. ეს ეგზოტიკური არსებები ჩემთან შარშან დაბინავდნენ, მანამდე კი ძაღლი, კატა თუ ჩიტი მყავდა.


- ამ არსებებს სად ყიდულობთ?
- უმრავლესობა ბრიტანეთიდან გამომიგზავნეს - საიტებზე ვყიდულობ, ფოსტით მიგზავნიან. ყოფილა შემთხვევა, დახოცილი ჩამოსულა
დაახლოებით 400 დოლარის მწერი, მაგრამ 1 კვირა და 10 დღე ამანათის მიღებამდე, პრობლემა არ არის, იტანენ მგზავრობას.

გომბეშო აქ ვიყიდე, თბილისში, აგამაც, თუთიყუშიც. "იუთუბზე" დაახლოებით 144 000 გამომწერი მყავს. ვიღებ ვიდეოებს, აღვწერ, როგორ იკვებებიან, ბევრს აინტერესებს, ვინ რა ხასიათს ავლენს.

ჩემს გამომწერებს განსაკუთრებით ფალანგის ვიდეოები მოსწონთ. მას ნადირობასა და ჭამაში ბადალი არა ჰყავს, გამანადგურებელია, რასაც ხედავს, უნდა შეჭამოს.­ მორიელებისა და ტარანტულებისგან განსხვავებით, ყბები აქვს. მორიელები საკვებს ნელა წიწკნიან, ტარანტულები კი თავიანთი ლორწოთი ჯერ წყლად აქცევენ, იმდენად მაღალი მჟავიანობა აქვთ, და მერე სვამენ. ფალანგები თაგვებსაც ჭამენ, ბაყაყებსაც.


- საკვებს სად შოულობთ?
- თბილისში არიან ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა სახეობის მწერებსა და მღრღნელებს ამრავლებენ. ბუნებაში გავდივარ, ვიჭერ საშიშ ან შხამიან არსებას და ვიდეოფირში ვყვები მათ შესახებ, ჩემს გამომწერებს ვუხსნი, ამ არსებებმა თუ უკბინათ, რა უნდა გააკეთონ თავის გადასარჩენად, მით უმეტეს, ბევრჯერ გამოვცადე, როგორია მორიელის, ფალანგის, სკოლოპენდრიის და ფუტკრის ნაკბენი. ფუტკრის ნაკბენი გამირთულდა, მორიელის დიდი არაფერია; სკოლოპენდრიის ჯერ ძალიან მწარეა, სიმხურვალე გეწყება ხელზე, თითქოს დენი გირტყამს. როცა გკბენს, მისი ხელიდან მოშორება ძნელია. ნაკბენი 4-5 დღე მტკიოდა. ახლაც მეტყობა ნაკვალევი.

- ასეთ დროს როგორ შველით თავს?
- ჩვენთან მხოლოდ გიურზას შეუძლია დაგგესლოს სასიკვდილოდ, სხვა არსებები მხოლოდ იმ ადამიანებს კლავენ, რომელთაც ალერგია აქვთ, ანაფილაქსიური შოკი ეწყებათ. თუ რომელიმე მწერმა გიკბინათ, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მოსვლამდე სასწრაფოდ დაიბანეთ ხელი და დალიეთ "დექსამეტაზონი". ხშირია კრაზანების კბენის შემთხვევები, მათი ნაკბენი ალერგიულ ადამიანებში გართულებას იწვევს, მას ადამიანის გათიშვაც შეუძლია.

- პროფესიით ვინ ხართ?
- ჯერ 21 წლის ვარ, ტურიზმზე ვსწავლობ, თუმცა შემოსავალს იუთუბერობით ვშოულობ, ქართულ ვიდეობსაც ვაკეთებ და უცხოურსაც. როგორც ტურიზმის სპეციალისტს ძალიან დამეხმარება ჩემი გატაცება.

- თქვენი ბინადრებიდან რომელია ეგზო­ტიკური?
- საქართველოში ოთხი სახეობის მორიელი ბინადრობს, მე განსხვავებული, აზიური ტყის მორიელები მყავს. საქართველოში რაც ბინადრობს, მხოლოდ სუსტი შხამის შემცველები არიან. ჩემი აგამა ავსტრალიიდან არის, მეგობარმა მაჩუქა; ტარანტული ბრაზილიელია, საქართველოში უცხო ხილია და 500-600 ლარად ყიდიან; თუთიყუშიც ავსტრალიური მყავს, კორელაა, ბიჭი. ეს სახეობა ლაპარაკს იშვიათად სწავლობს, უფრო ხმების მიბაძვა იცის, რასაც მოისმენს, მღერის. იმ დღეს, ალბათ, ტელევიზიით მოისმინა, ახალი წლის სიმღერა შემისრულა. შეიძლება სიტყვები არ გაიმეოროს, მაგრამ მელოდიურად, ინტონაციურად იმეორებს. როცა როკს ვუსმენ, ლუისი გიჟდება, ქოჩორი ყალყზე უდგება და თავს აქნევს, თან წრიპინებს.

- ახლა რომ 1000 ლარი მოგცენ, რას იყიდდით?
- ჯუჯა კაიმანს, ნიანგს, 1-1,5 მეტრზე დიდი არ იზრდება და 1.000 ლარად შემიძლია ვიშოვო.


- ბინადრები გცნობენ?
- აგამა და თუთიყუში მცნობენ.

- დანარჩენებისთვის საკვები ობიექტი­ ხართ?
- საკვები არა, საკბენი ობიექტი შეიძლება ვიყო.

- უახლოესი გეგმა გაგვანდეთ.
- ძალიან მიყვარს, ლაშქრობები, საქართველოს შემოვლა მინდა.

- როცა ლაშქრობთ, ვინ ზრუნავს ამ არსებებზე?
- ჩემი ოჯახი. მართალია, ამ არსებებზე არ გიჟდებიან, მაგრამ... ესღა გვაკლდაო, მეტყვიან ხოლმე, თუ რომელიმე ახალ მწერს მივიყვან. აი, თუთიყუში კი ოჯახის წევრივით უყვართ.

- თქვენი მეორე ნახევარი როგორ წარმოგიდგენიათ, რა ინტერესებით?
- ჩვენი ინტერესები უნდა ემთხვეოდეს, იმიტომ რომ ამ არსებების გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები