"რას ემსხვერპლა მოხუცი, აცრას თუ ვირუსს, ჯერ არ ვიცი" - კვირის პალიტრა

"რას ემსხვერპლა მოხუცი, აცრას თუ ვირუსს, ჯერ არ ვიცი"

"როგორც კი ბებიას "კოვიდი" დაუდასტურდა, მეც მაშინვე გამიკეთეს. უარყოფითი აჩვენა, მაგრამ ჯერ მაინც იზოლაციაში ვარ. ათ დღეში ტესტს ისევ გამიკეთებენ და თუ ისევ უარყოფითს აჩვენებს, მერე შევძლებ იზოლაციიდან გასვლას. იტალიაშიც ეჭვის თვალით უყურებენ აცრას, თუმცა არიან ისეთები, ვინც უკვე რიგში არიან ჩაწერილი... მე არ ვაპირებ აცრას..."

"იტალიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით რამდენიმე რეგიონში პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები შემსუბუქდება", - იუწყება Deutsche Welle, რომლის ცნობით, რამდენიმე რეგიონი, რომელიც ამჟამად "წითელ ზონად" არის გამოცხადებული, "ნარინჯისფერ ზონად" გადაკეთდება. შეზღუდვები შემსუბუქდება ლომბარდიაში, პიემონტში, ფრიული-ვენეცია-ჯულიაში, მილია-რომანიაში, ტოსკანასა და კალაბრიაში. ამ რეგიონში კვლავ გაიხსნება მაღაზიები, თუმცა ბარები და რესტორნები დახურული დარჩება. იტალიაში ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე დაავადებას 113 579 კაცი ემსხვერპლა, ხოლო ინფიცირებულთა რაოდენობა 3 736 526-ს აღწევს. რა პირობებში უწევთ ცხოვრება და მუშაობა იტალიაში მყოფ ქართველ ემიგრანტებს, რას ფიქრობენ ვაქცინაციის შესახებ, რომში მცხოვრები ქართველი მანანა გულიაშვილი გვიამბობს:

- რომი წითელ ზონად მარტის დამდეგს გამოცხადდა. როგორც გასულ წელს, ამჯერადაც ყველაფერი ჩაკეტეს. მოსახლეობას არაფერი გაუპროტესტებია, ყველა დაემორჩილა მითითებებს. დღეს უკვე რომი ნარინჯისფერ ზონად არის გამოცხადებული, ჩრდილოეთით ჯერ კიდევ ჩაკეტილია რეგიონები. ჩვენთან აპრილის დასაწყისიდან ყველაფერი გაიხსნა, თუმცა კაფეში შეგიძლია ყავა იყიდო და ფეხზე მდგომმა დალიო ან შინ წაიღო. იგივე ითქმის პიცაზე, ნამცხვარზე ან სხვა საკვებზე. სავალდებულოა დისტანციის დაცვა და ქუჩაში პირბადით, ხელთათმანებით სიარული. პირბადის გარეშე რომ გახვიდე, რიგითი გამვლელი გაგაჩერებს და შენიშვნას მოგცემს.

- ვაქცინაცია როგორ მიდის? - სოციალური ქსელიდან ვიცი, რომ საქართველოში ვაქცინაციაზე ერთი ამბავია ატეხილი. აქ ყველა იცრება, რიგში დგანან.

- რომელი ვაქცინა აქვთ შემოტანილი? - ახლა "ფაიზერი". თავიდან "ასტრაზენეკა" შემოიტანეს, მაგრამ მერე დააკონსერვეს, მაგით აღავის ცრიან.

- ემიგრანტების ვაქცინაცია თუ მიმდინარეობს? - კი, ვისაც უნდა, ყველას შეუძლია აცრა. განაცხადს შეავსებ და დაელოდები. როგორც კი მოგიწევს, აგცრიან. პირველად მედპერსონალი აცრეს, ახლა ასაკოვანთა ვაქცინაცია მიმდინარეობს. თუმცა სავალდებულო არავისთვის არის.

- არალეგალები თუ ახერხებენ აცრას? - კი, როგორ არა, ვისაც საბუთი აქვს, უფასოდ უტარდებათ ვაქცინაცია, ვისაც არა აქვს, შეუძლია ფული გადაიხადოს და აიცრას.

- როგორც ვიცი, მოხუცი, რომელსაც უვლიდით, აცრიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. მიზეზი რა იყო? - მოხუცი 29 მარტს აცრეს. იმ დროს აქ მისი ქალიშვილი იმყოფებოდა. მან 31 მარტს დაგვირეკა და გვითხრა, მესამე დღეა სიცხე მაქვს, შეუძლოდ ვარო. თურმე კორონა ჰქონია. 2 აპრილს ბებიაც შეუძლოდ გახდა, სისუსტეს გრძნობდა და აღარ ჭამდა. 3 აპრილს სიცხე აეწია.

მეორე დღეს დაუწია, მაგრამ ექიმი მაინც გამოვიძახე. გაუკეთეს ტესტი და კორონა დაუდასტურდა. მაშინვე გადაიყვანეს კლინიკაში. სამწუხაროდ, ორ დღეში დაიღუპა, მისი ქალიშვილი კი ისევ კლინიკაშია. რას ემსხვერპლა მოხუცი, აცრას თუ ვირუსს, ჯერ არ ვიცი.

- აცრის შემდგომი გართულების ან სხვა ლეტალური შემთხვევის შესახებ თუ გაგიათ?

- მსგავსი არაფერი მსმენია.

- ტესტი თქვენ არ გაგიკეთეს?

- მაშინვე გამიკეთეს, როგორც კი ბებიას "კოვიდი" დაუდასტურდა. უარყოფითი აჩვენა, მაგრამ ჯერ მაინც იზოლაციაში ვარ. ათ დღეში ტესტს ისევ გამიკეთებენ და თუ ისევ უარყოფითს აჩვენებს, მერე შევძლებ იზოლაციიდან გასვლას.

- იმუნიზაციის შესახებ ქართველი ემიგრანტები რას ფიქრობენ?

- ეჭვის თვალით უყურებენ აცრას, თუმცა არიან ისეთები, ვინც უკვე რიგში არიან ჩაწერილი.

- თქვენ რას აპირებთ?

- მე არ ვაპირებ აცრას.

- რატომ?

- სპეციალისტებისგან მსმენია, რომ ვაქცინის დამზადებას არაერთი წელი, ბევრი კვლევა და გამოცდა სჭირდება. საუკეთესო მზარეულმა საუკეთესო ფქვილით მოზელილ ცომში საუკეთესო ყველი რომ შეახვიოს, ღუმელში შეაგდოს და 3 წუთში გამოიღოს, შეჭამთ? რა თქმა უნდა, არა. როგორც ერთ-ერთ ინფექციონისტს მოვუსმინე, სამ წუთში გამომცხვარ ხაჭაპურს ჰგავს დღეს არსებული ყველა ვაქცინა. მე მირჩევნია დაველოდო კარგად გამოცხობას. არ მინდა ცდის ობიექტი ვიყო.

- ამ ვითარებაში ახალი სამსახურის შოვნა არ გაგიჭირდებათ?

- პანდემიის პირველი ტალღის დროს უფრო რთული იყო ახალი სამსახურის შოვნა. ახლა ასე არ არის, გაიკეთებ ტესტს, მოგცემენ საბუთს, რომ კორონაუარყოფითი ხარ და მიიტან დამსაქმებელთან. თუმცა მე აღარ ვაპირებ ახალი სამსახური შოვნას, როგორც კი იზოლაციის პერიოდი ამომეწურება, საქართველოში დასაბრუნებლად დავიწყებ მზადებას. უკვე 20 წელია ემიგრაციაში ვცხოვრობ, შინ დაბრუნების დროა!

ხათუნა ბახტურიძე