რევოლუციური ეტიუდი საოკუპაციო ხაზთან! - კვირის პალიტრა

რევოლუციური ეტიუდი საოკუპაციო ხაზთან!

"ერთ დღეს მომწერა, ბილეთი ავიღე და ჩამოვდივარო. აეროპორტში დავხვდი და მაშინ მთხოვა ხელი, მინდა შენი შვილების - მარისა და შიოს მამა გავხდეო. ქორწილი კონსერვატორიის მცირე დარბაზში გვქონდა. საქორწილო კაბაში გამოწყობილი ვუკრავდი მასთან ერთად... ჩვენ შორის სხვაობა 26 წელია, მაგრამ ამას მნიშვნელობა არა აქვს, როდესაც შენ გვერდით არაჩვეულებრივი ადამიანია. შვილის ასეთ ასაკში შეძენა მისთვის დიდი ბედნიერება იყო. მარი 12 წლისაა, შიო - 8 წლის, ალექსანდრე კი 4-ის"

ქეთი უარდი მეუღლესთან, მაიკ უარდთან ერთად ბრიტანეთში ცხოვრობს. ქეთიც და მაიკიც პიანისტები არიან. ქეთის კონსერვატორია აქვს დამთავრებული და არაერთი კონკურსის გამარჯვებულია, მაიკი კი სამეფო კოლეჯში საფორტეპიანო განყოფილების ხელმძღვანელი და რამდენიმე სკოლის დამაარსებელია. წყვილმა შეუღლების შემდეგ 5 წელი საქართველოში გაატარა და სწორედ ამ პერიოდში შეიქმნა ბრიტანულ-ქართული მუსიკალური აკადემია. ქეთის ინიციატივით, სოფელ ატოცთან ჩატარდა აქცია "არა ოკუპაციას". როგორც ქეთი ამბობს, ასე სცადა მსოფლიოს ყურადღების მიპყრობა.

- ნიჭიერთა ათწლედის შემდეგ კონსერვატორიაში ჩავაბარე, დავამთავრე მაგისტრატურა, ვმონაწილეობდი კონკურსებში და ბევრი პრიზიც მაქვს მიღებული. მეამაყება, რომ 6 წლისამ პარიზში გამართულ საერთაშორისო კონკურსზე პირველი ადგილი დავიკავე. ადრეულ ასაკში დაოჯახებამ ხელი შემიშალა ოცნების ახდენაში, მესწავლა საზღვარგარეთ, თუმცა ამდენი ხნის შემდეგ ესეც შესაძლებელი გახდა.

ბრიტანეთში 2019 წელს ჩამოვედით და ორი მუსიკალური სკოლა დავაარსე. თავდაპირველად, 2 ქართველი მოსწავლე მყავდა, ახლა ბევრნი არიან, ინგლისელებიც და სხვა ეროვნების ბავშვებიც. აი, ახლაც 53 ბავშვი მელოდება, როდის შევძლებ მათ მიღებას. შეზღუდვების გამო სკოლების დახურვა მოგვიხდა, მაგრამ მოსწავლეებთან სახლებში დავდივარ. ვფიქრობ, სექტემბრიდან, ვითარება რომ გაუმჯობესდება, საქართველოში ჩვენი აკადემია კვლავ გააგრძელებს მუშაობას. ძალიან მინდა ინგლისელი ბავშვების საქართველოში ჩამოყვანა, ქართველების კი აქ და კონცერტების გამართვა.

- როგორც ჩანს, ადვილად აუღეთ ალღო უცხო ქვეყანაში ცხოვრებას?

- მაიკი მეუბნება, ისეთი ხასიათი გაქვს, ადვილად შეგიძლია უცხო გარემოსთან შეგუებაო. არც ბავშვებს გასჭირვებიათ. მარი 12 წლისაა, შიო - 8 წლის, ალექსანდრე კი 4-ის. ინგლისელები გულღია ხალხია, ყურადღებიანი. გამაკვირვა, თუ როგორ ზრუნავენ აქ ბავშვის უფლებებზე. ერთხელ შიომ ონკანს ჩამოარტყა თავი, არც უტირია, მაგრამ ორ დღეში დაულურჯდა. მასწავლებელმა დამიბარა სკოლაში და გამომკითხა, რა ხდებოდა ოჯახში, ხომ არ ვცემე და ა.შ. მაშინ კი გავბრაზდი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ აქ ბავშვის უფლების დაცვა მთავარია. რაც უფრო მეტი შვილი გყავს, მეტ სახელმწიფო დახმარებას იღებ. მე რომ არ ვმუშაობდე, რაკი 3 შვილი მყავს, სახელმწიფო უზრუნველმყოფდა სახლით, ტანსაცმლისა და საკვების ფულით. უმუშევრებს სახელმწიფო სახლებში აბინავებენ და ჩვენ, დასაქმებულები, ყოველთვიურად ვიხდით გადასახადებს ასეთი დაწესებულებებისთვის.

- ქეთი, მიამბეთ თქვენი და მაიკის შეხვედრისა და დაქორწინების ამბავი. - მაიკს შემთხვევით ჩემი ჩანაწერი მოუსმენია, მოსწონებია და სოციალურ ქსელში მომძებნა. ის პერიოდი ორივესთვის რთული იყო - მე განქორწინებული ვიყავი და მეორე შვილი 11 თვის მყავდა, მაიკს კი მეუღლე ისე ტრაგიკულად დაეღუპა, რომ შვილებიც არ დარჩათ. იმ პერიოდში ბერლინში ვგეგმავდი წასვლას სასწავლებლად და შემომთავაზა, იქ ერთად გაგვემართა კონცერტები. ვერ წარმოვიდგენდი, თუ საქმიანი ურთიერთობა სიყვარულში გადაიზრდებოდა, მით უფრო, რომ ჩვენ შორის დიდი ასაკობრივი სხვაობაა - 26 წელი. თურმე ამას მნიშვნელობა არა აქვს, როდესაც შენ გვერდით არაჩვეულებრივი ადამიანია, რომელიც გიყვარს. იმდენად მოულოდნელად მივიღე გადაწყვეტილება, თვითონაც ვერ წარმოვიდგენდი. ეს იყო 2015 წელს. ერთ დღეს მომწერა, ბილეთი ავიღე და ჩამოვდივარო. აეროპორტში დავხვდი და მაშინ მთხოვა ხელი, მინდა შენი შვილების - მარისა და შიოს მამა გავხდეო. იქიდანვე წავედით ხელის მოსაწერად.

ქორწილი კონსერვატორიის მცირე დარბაზში გვქონდა. საქორწილო კაბაში გამოწყობილი ვუკრავდი მასთან ერთად. გამიმართლა, მაიკი ძალიან კარგი მეუღლე და მამაა. შვილის ასეთ ასაკში შეძენა მისთვის დიდი ბედნიერება იყო. საბოლოოდ, ფრენით რომ დაიღალა, გაყიდა სახლი, მანქანა, მიატოვა სამსახური და საქართველოში გადმოვიდა საცხოვრებლად. ძალიან მოსწონდა ჩვენი ქვეყანა, განსაკუთრებით ქართველების ერთმანეთთან სიახლოვე, მეგობრობა.… სასურველ სიძედ გრძნობს თავს, ყველას ძალიან უყვარს: ჩემი ოჯახის წევრებს, მეგობრებს...

- ნოსტალგია, რომელიც ბევრ ემიგრანტს აწუხებს, თქვენთვისაც, ალბათ, ნაცნობი შეგრძნებაა. როგორ უმკლავდებით? - ნოსტალგია მართლაც ძლიერია, მაგრამ მიქარწყლებენ ჩემი ქართველი მოსწავლეები და მათი მშობლები. ზოგჯერ ჩემთან ვიკრიბებით, ქართულ ღვინოს მივირთმევთ, რომელიც, სხვათა შორის, აქ ძალიან ძვირია. მე კი არა, მაიკს აქვს ისეთი ნოსტალგია, დღესვე რომ ვუთხრა, საქართველოში დავბრუნდეთ-მეთქი, წუთითაც არ დაფიქრდება, დამთანხმდება.

- ვიდრე წახვიდოდით, სოფელ ატოცთან თქვენი ორგანიზატორობით ჩატარდა აქცია "არა ოკუპაციას". - იქ მე შევასრულე რევოლუციური ეტიუდი, რომელიც 1830 წელს შოპენმა პოლონეთის აჯანყებას მიუძღვნა. როდესაც "ფეისბუკზე"დავწერე, რასაც ვგეგმავდი, ბევრი გამომეხმაურა. მახსოვს, სიცივისგან თითებში შეგრძნება აღარ გვქონდა, მაგრამ მაინც ვუკრავდით. ოკუპაციას არ უნდა შეურიგდე, მუდმივად უნდა გააპროტესტო!

- როგორ მიდის ბრიტანეთში ვაქცინაცია, მოიხსნა თუ არა შეზღუდვები? - ბრიტანეთში არ ჰქონიათ უნდობლობა ვაქცინის მიმართ. აქაც იყო გართულების ერთეული შემთხვევები, მაგრამ ფატალურად არც ერთი არ დასრულებულა. მოსახლეობის 60% უკვე აცრილია. ჩვენ "ასტრაზენეკა" გავიკეთეთ, ოქსფორდის ვაქცინის იმ პარტიიდან, პრობლემატური რომ აღმოჩნდა. 7 ივნისს მეორე აცრა გვიწევს. ასაკობრივი ჯგუფი არ მეკუთვნოდა, მაგრამ რაკი მაიკის დედა ასაკოვანია, არ მინდოდა საფრთხე შემექმნა მისთვის. მაიკმა აცრა უპრობლემოდ გადაიტანა, მე კი ისე ცუდად ვიყავი, ფეხზე ვერ ვდგებოდი. როგორც ამბობენ, უკვე შექმნილია ახალი ვაქცინა, რომლითაც ახალგაზრდების აცრას გეგმავენ. მას გვერდითი მოვლენები არ ჰქონია.

აქ 12 აპრილიდან გაიხსნა დარბაზები, საცურაო აუზები, რესტორნები, ოღონდ მხოლოდ ღია სივრცეებში. 2 კვირაში ერთხელ უფასოდ გვიგზავნიან სწრაფ ტესტებს მთელი ოჯახისთვის. ივნისში ლოკდაუნი მოიხსნება და ვარაუდობენ, რომ ძველებურ ცხოვრებას დავუბრუნდებით. ძალიან მენატრება შემოქმედებითი ცხოვრება და საქართველო. იმედია, ამ ზაფხულს მაინც შევძლებთ ჩამოსვლას.

ნინო ჯავახიშვილი