"გაოცებული ვარ იმ ქალების კომენტარებით, რომლებიც წერენ: ღირსი იყო და ქმარი ამიტომ სცემდაო" - როგორი გოგონები მოსწონს "ქართველ ჰალკს" - კვირის პალიტრა

"გაოცებული ვარ იმ ქალების კომენტარებით, რომლებიც წერენ: ღირსი იყო და ქმარი ამიტომ სცემდაო" - როგორი გოგონები მოსწონს "ქართველ ჰალკს"

როგორი გოგონები მოსწონს "ქართველ ჰალკს" და რას ფიქრობს ოჯახურ ძალადობაზე

"ქართველი ჰალკი" - ამ მეტსახელით იცნობენ მსოფლიოს უძლიერეს მკლავჭიდელ ლევან საგინაშვილს. ლევანი შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონია, ექვსჯერ ევროპის ჩემპიონის ტიტული აქვს მოპოვებული, ხოლო მსოფლიოს თასი ოთხჯერ მოიგო. "ქართველი ჰალკი" 165 კილოგრამს იწონის და სიმაღლით 193 სანტიმეტრია. ალბათ, ჩვენს მკითხველს დააინტერესებს, რას ფიქრობს მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი მამაკაცი ოჯახურ ძალადობაზე და როგორი გოგონები მოსწონს:

- როდის შეგარქვეს "ქართველი ჰალკი"?

- ბავშვობაში არ დაურქმევიათ, რადგან მაღალი და გამხდარი ვიყავი. ეს მეტსახელი მაშინ შემარქვეს, როცა ვარჯიში დავიწყე და კუნთები დამეტყო. 20 წლის ვიყავი, როცა მკლავჭიდში ვარჯიში დავიწყე, ეს სპორტისთვის ცოტა გვიანი ასაკია, მაგრამ დაკარგული დრო ჩემი მონდომებით ავინაზღაურე.

- საქართველოში ძალიან მტკივნეულია ოჯახური ძალადობის თემა. როგორ ფიქრობთ, სად ან როგორ გარემოში ყალიბდებიან მოძალადე მამაკაცები? - ძალადობა სუსტი ადამიანების თვისებაა. მოძალადეს ხშირად ბევრი კომპლექსი აქვს. ჩემი დაკვირვებით, ძალადობას მრავალი მიზეზი აქვს: ასეთ რამეს ბავშვი რომ უყურებს, მერე ისიც მოძალადედ ყალიბდება - მაგალითს მშობლებისგან იღებს. ბევრ ოჯახში კონფლიქტი სიდუხჭირის გამოც ხდება, რადგან სოციალური პრობლემებით გატანჯული ადამიანი უფრო ნერვიული და ფიცხია, მიზეზს ეძებს, რომ უარყოფითი ენერგია ვინმეზე დახარჯოს. ხშირად ძალადობის მიზეზი სასმელია: ზოგიერთი მამაკაცი რომ დალევს, აგრესიული ხდება...

- ხშირად ბიჭები მაშინ იწყებენ ვარჯიშს, როცა თანატოლები ჩაგრავენ. - ამის გამო ვარჯიშს მართლა ბევრი იწყებს. მე სკოლაშიც ჩემს კლასელებზე ძლიერი ვიყავი და ვერ მჩაგრავდნენ.

- როდესაც ოჯახური ძალადობის ამბავი გახმაურდება, იქვე ჩნდება ეჭვი: ქალი ხომ არ აშავებდა, კონფლიქტი მან ხომ არ გამოიწვია... - ძალადობა მარტო ფიზიკური ხომ არ არის? არსებობს ფსიქოლოგიური ძალადობა, რომელიც შეიძლება ბევრად მტკივნეული იყოს. ზოგჯერ ქალი ფსიქოლოგიური მოძალადეა და ეს იწვევს კაცის ფიზიკურ ძალადობას. თუმცა ქალზე ხელის აღმართვა მიუღებელია. საქართველოში არის ასეთი დამახინჯებული ტრადიცია, რომელსაც მე ტრადიციას ვერც ვუწოდებ: უმეტესობა ფიქრობს, რომ ქალმა ბევრი უნდა მოითმინოს, რომ ოჯახი შეინარჩუნოს. ალბათ, თქვენც გინახავთ ოჯახები, სადაც სუფრაა გაშლილი, ქალი სტუმრებს ემსახურება, ქმარი კი ყანწით ხელში დგას, თან სადღეგრძელოებს ამბობს და თან ცოლს აგინებს. მართლმადიდებლურ ქვეყანაში მსგავსი რამ რატომ უნდა ხდებოდეს?! ქალი ხარ და ყველაფერი უნდა აიტანოო, ეს ტრადიცია კი არა, მახინჯი სტერეოტიპია, რომელსაც რეგიონებში უფრო იცავენ. ეს არ უნდა ხდებოდეს დღევანდელ საქართველოში, სადაც ბევრ ოჯახს ქალი ინახავს და ინარჩუნებს.

- თუმცა მოძალადე მამაკაცებს ხომ ქალები ზრდიან? - გეთანხმებით. გაოცებული ვკითხულობ იმ ქალების კომენტარებს, რომლებიც ძალადობის მსხვერპლზე წერენ: ალბათ, დაიმსახურა, ღირსი იყო და ქმარი ამიტომ სცემდაო.

ვფიქრობ, ასეთი ქალი თავად იყო ან არის ძალადობის მსხვერპლი, ვერ გაამხილა, ახლა კი იმას ამცირებს და განიკითხავს, ვინც გაბედა და მოძალადე ამხილა. იმის მომხრეც არა ვარ, ადამიანს მოძალადის იარლიყი დაუფიქრებლად მივაკეროთ. მოძალადეები ქალებს შორისაც არიან, განსაკუთრებით, ფსიქოლოგიური მოძალადეები, რაც მერე ფიზიკურ ძალადობას იწვევს. ვიღაცას ბრალი რომ დასდეს, ეს არ ნიშნავს, რომ მართლა დამნაშავეა.

- თქვენს ახლობელს ან მეგობარს რომ ჰყავდეს მოძალადე ქმარი, რას ურჩევდით? - ძალადობას ბევრი ქალი ითმენს იმ იმედით, რომ ქმარი გამოსწორდება, თუმცა არა მგონია, მოძალადემ ეს შეძლოს. ამიტომ ჩემი დაჩაგრული ახლობლის საქმეში ყოველთვის ჩავერევი და ვეტყვი, რომ დაშორება საუკეთესო გამოსავალია. სამწუხაროდ, ასეთ გადაწყვეტილებას ქალები ხშირად ვერ იღებენ, რადგან ოჯახისა და საზოგადოების თანადგომის იმედი არა აქვთ. მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, რომ ბევრი ქალი მეუღლეზე ფინანსურად არის დამოკიდებული.

- თქვენ თუ მიუყვანიხართ იმ ზომამდე, რომ ქალს ხელით შეხებოდით? - არ დავმალავ, კამათიც მომსვლია და სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიმიყენებია, რადგან მოთმინება დამაკარგვინეს, მაგრამ ხელით შეხება წარმოუდგენლად მიმაჩნია. შეიძლება ვიღაც ჩემგან აგრესიას იმსახურებდეს, მაგრამ არ მავიწყდება, რომ ქალს ხელით არ უნდა შევეხო.

- როგორი გოგონები მოგწონთ, თქვენი მომავალი მეუღლე როგორი წარმოგიდგენიათ? - ცოცხალი და აქტიური ადამიანები მომწონს. ყველაფერზე თავი არ უნდა დამიქნიოს. ნებისმიერ საკითხზე თავისი აზრი უნდა ჰქონდეს. ზედმეტად მორიდებული და სხვებზე დამოკიდებული ქალები არ მომწონს. უფრო საშუალო სიმაღლის შავგვრემანი ქალები მომწონს. თუმცა ყოფილა შემთხვევა, დაბალიც მომწონებია და მაღალიც. ასე რომ, ზუსტად ჩამოყალიბებული სტანდარტები არა მაქვს.

- იმედია, თქვენი მეუღლეც მკლავჭიდელი არ იქნება. - მეც მაგის იმედი მაქვს, (იცინის)... მთავარია, მე არა ვარ ფიცხი და მგონი, ოჯახშიც ცუდად არ მოვიქცევი. კამათი და კონფლიქტი ყველა ოჯახში ხდება, მაგრამ კეთილი სიტყვით და მოთმინებით ყველა პრობლემის მოგვარება შეიძლება.

- როგორ გაიარეთ ბოლო ერთი წელიწადი? კორონას გამო, ალბათ, თქვენც ბევრი გეგმა ჩაგეშალათ... - ბოლო პერიოდი ძალიან ცუდად მახსენდება, რადგან "კოვიდის" გამო გამზრდელი ბებია დამეღუპა. 79 წლისა იყო, გულის პრობლემები ჰქონდა, ვირუსი კი გადაიტანა, მაგრამ მერე თრომბი განუვითარდა. ეს ვირუსი მთელ ჩემს ოჯახს შეხვდა, მაგრამ მშობლებმა, ჩემმა ძმამ და მე იოლად გადავლახეთ. ვერც კი გავიგებდი, უბრალოდ, ყნოსვა და გემოს შეგრძნება დავკარგე... ეს ვითარება ჩემზე ძალიან ცუდად მოქმედებს, ტელევიზორის ჩართვაც არ მინდა. ამას ისიც ემატება, რომ წელიწად-ნახევარია შეჯიბრებაზე არ გავსულვარ. იმედია, სექტემბერში მაინც გავალ, რადგან მსოფლიოში ვაქცინაცია მიმდინარეობს.

- ვაქცინის მიმართ საზოგადოების ნაწილი უარყოფითად არის განწყობილი, თქვენ რას ფიქრობთ? - ისრაელში თითქმის მთელი მოსახლეობა აიცრა. ხალხს უკვე პირბადის ტარებასაც აღარ სთხოვენ. ჩვენთან ასე როდემდე უნდა გაგრძელდეს? ქვეყანა ლამის თავზე ჩამოგვენგრა, ეკონომიკა საშინელ მდგომარეობაშია და კორონა თუ არა, შიმშილი დაგვხოცავს, ამიტომ ჯობია ავიცრათ და ძველ ცხოვრებას დავუბრუნდეთ.

ხათუნა ჩიგოგიძე