"მფრინავი გიმნაზისტი"და სხვა "შერეკილები" - კვირის პალიტრა

"მფრინავი გიმნაზისტი"და სხვა "შერეკილები"

"აბა, თუ არ იფრენ, ცხოვრებაში რა ყრია?"

თელაველი ზურაბ შიუკაშვილი სამი საფრენი აპარატის ავტორია. მას ავიაკონსტრუქტორობის ნიჭი წინაპრისგან მოსდგამს. მისი დიდი პაპა ავიაკონსტრუქტორი ალექსანდრე შიუკაშვილია, რომელმაც 1908 წელს პირველმა იფრინა თავისი აწყობილი პლანერით. სახელოვანი წინაპრისა და თავისი გატაცების შესახებ "კვირის პალიტრას" ბატონი ზურა ესაუბრა.

- ალექსანდრე შიუკაშვილი პირველი ქართველი ავიაკონსტრუქტორი და მფრინავი იყო. მის შესახებ ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაშიც წერია. ის თბილისის ვაჟთა გიმნაზიაში სწავლის პერიოდიდან ყოფილა გატაცებული საფრენოსნო საქმით. მამაჩემი მიყვებოდა ხოლმე მის მოგონებებს, თურმე ხიდზე საათობით იდგა და ფრინველებს აკვირდებოდა. არაერთხელ იხსენებდა, მერცხლებს რომ ვუყურებდი, როგორ დაფრინავდნენ, სულ მაკანკალებდა, მეც ისე მინდოდა ფრენაო.

1903 წელს ამერიკელმა ძმებმა რაიტებმა მსოფლიოში პირველად ადამიანის მიერ მართული ძრავიანი და ჰაერზე მძიმე აპარატით 3 წუთს იფრინეს. ეტყობა, ამ ამბავმა პაპასაც მისცა სტიმული, ბამბუკის ჯოხებისა და კარვის ქსოვილისგან გააკეთა ორფრთიანი პლანერი და 1908 წლის 5 მაისს გადმოფრინდა მახათას მთიდან. 8 კილომეტრი იფრინა და მიწაზე დაეშვა. ეს იყო პირველი წარმატებული გაფრენა რუსეთის იმპერიაში, რასაც სხვა ფრენები მოჰყვა. იმდროინდელი გაზეთები წერდნენ "მფრინავ გიმნაზისტზე" და თბილისელები ხშირად იკრიბებოდნენ მახათაზე მის სანახავად.

- ამ დროს რამდენი წლის იყო?

- 15 წლის. თურმე გიმნაზიის დირექტორს დაუბარებია ალექსანდრე შიუკაშვილის მამა, ვლადიმერი და უთქვამს, ეს არ არის გიმნაზისტის საქმე, უნდა აირჩიოს, ან გიმნაზია, ან ჰაერში ცირკაობა. გამოუცხადებია, ეგ ბიჭი არანორმალურიაო, რა იცოდა, რომ ავიაცია მომავალში შეაზანზარებდა ქვეყანას და მისი მოსწავლე საქვეყნოდ გაითქვამდა სახელს. ამ საუბრის შემდეგ მამამ ალექსანდრე გიმნაზიიდან გამოიყვანა, მაგრამ ბიჭი ისეთი ნიჭიერი ყოფილა, დაუსწრებლად დაამთავრა გიმნაზია. ეს ჯერ კიდევ იმპერატორ ნიკოლოზის მმართველობის პერიოდია. მაშინ ის-ის იყო იქმნებოდა აერნაოსნობის პირველი ნიმუშები. იმხანად პეტერბურგში ფრუნზე იყო ამ საქმის ავანჩავანი. მისი ინიციატივითა და თაოსნობით შეირჩა ოთხი პერსპექტიული ახალგაზრდა და გაგზავნეს საფრანგეთში, სადაც გამომგონებელმა ლუი ბლერიომ დაიწყო პილოტების მომზადება (სწავლის მსურველები კი მეტნი იყვნენ, მაგრამ საფასური იყო მაღალი). ესენი იყვნენ: შიუკაშვილი, ქებურია, პოლიკარპოვი და სიკორსკი. წარმოიდგინეთ, ოთხიდან ორი ქართველი იყო. 1909 წელს საფრანგეთიდან ოთხივე პილოტის მოწმობით დაბრუნდა.

რევოლუციის შემდეგ სიკორსკი, პოლონელი ებრაელი, არ დარჩა წითელ არმიაში, გერმანიაში წავიდა, იქიდან კი ამერიკაში გადავიდა. დღეს სიკორსკის კონსტრუქციით უშვებენ სამხედრო ვერტმფრენებს.

სანამ ავიაცია გაძლიერდებოდა, პოლიკარპოვმა "პო-2" შექმნა და ამით დაფრინავდნენ, გადაჰქონდათ ფოსტა, გადაჰყავდათ ადამიანები.

ალექსანდრე შიუკაშვილმა შექმნა შესანიშნავი აპარატი "უტკა", ასევე ჰაერში მოქანავე ფრთებიანი საფრენი აპარატები. მისი ყველაზე დიდი გამოგონებაა სამთვლიანი სისტემა ასაკეცი ბორბლებით; მან დააარსა მოსკოვის საავიაციო ინსტიტუტი, რომლის კათედრის გამგე იყო წლების განმავლობაში. ალექსანდრე შიუკაშვილი იყო ამიერკავკასიის აეროფლოტის დაარსების ინიციატორი და მისი ხელმძღვანელი. 1923 წელს საქართველოში გამოგზავნეს, სადაც ამიერკავკასიის პირველი აერნაოსნობის სკოლა იქმნებოდა. მან შეარჩია საფრენი აპარატების დასაჯდომად და ასაფრენად დღევანდელი თბილისის აეროპორტის ტერიტორია, მანამდე კი იქ იპოდრომი ყოფილა. ამიტომ უჩივლიათ, საფრენ აპარატებს დაჯდომა-აფრენისას ძალიან მაღალი ხმა აქვთ და ცხენები ფრთხებიანო. შედეგად, რადგან დიდ პერსპექტივას ხედავდნენ ავიაციის განვითარებაში, იპოდრომი თბილისის განაპირას, საბურთალოზე გადაიტანეს. მერე და მერე გაძლიერდა და გაიზარდა საფრენი აპარატების დასაჯდომ-ასაფრენად შერჩეული ტერიტორია და დღეს რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტი გვაქვს.

ალექსანდრე შიუკაშვილი ავიაციის პოლკოვნიკი იყო, ამასთან, სამი წიგნის ავტორი, მათ შორის "ავიაციის საფუძვლების". 1941-44 წლებში მოსკოვის სამხედრო-საჰაერო თავდაცვის უფროსი იყო. მას სტალინი დიდ პატივს სცემდა და აფასებდა, ძალიან ჰყვარებია ვასილი სტალინს...

- თქვენ რა პროფესიის ბრძანდებით? - ავიაცია არ მაინტერესებდა. სკოლაში კარგი მოსწავლე ვიყავი, მათემატიკა მიყვარდა, ხოლო ისტორიის სიყვარული მამაჩემმა ჩამინერგა. მეხუთე კლასში ვიყავი, როცა მითხრა, ადამიანი უპირველესად ისტორიკოსი უნდა იყოს. როგორც ჰეროდოტე ამბობს, ისტორია მეცნიერებათა მეცნიერებააო. რას ამბობ, აბა, მათემატიკა რა არის-მეთქი? ერთს რომ ერთი მიუმატეს, ხომ გახდა ორიო? კი-მეთქი. აი, ეგ უკვე ისტორიააო. მერე რომ გაამრავლეს, კვადრატული ფესვი ამოიღეს, ამ მათემატიკის ისტორიასაც ისტორია სწავლობსო. ისე დამაინტერესა, რომ ისტორიკოსობა გადავწყვიტე. ჩემი ჯგუფელები იყვნენ: გიორგი ოთხმეზური, ალექსანდრე ნონეშვილი, ვახტანგ გურული...

- ფრენამ როდის გაგიტაცათ?

- უკვე ოჯახი მქონდა. შემოფრენილი მქონდა სხვადასხვა ქალაქი, მაგრამ ჩემით ფრენა მომინდა. ამიტომ ჟურნალები გამოვიწერე, რომ შემეტყო ავიაციის სიახლეები. ასე გავიგე, რომ 1984 წელს კოკტებელში გამართულა საფრენი აპარატების პირველი კონკურსი. 2 წლის შემდეგ უკრაინაში კვლავ ჩატარდა, სადაც ბევრს მისცეს 1-2-ადგილიანი მსუბუქი საფრენი აპარატების ჩატანის უფლება. ეს რომ გავიგე, გავგიჟდი. ჩავედი უკრაინაში კონკურსზე დასასწრებად, დავბანაკდი და რომ გავიხედ-გამოვიხედე, გავიფიქრე, მარტო მე კი არ ვყოფილვარ გიჟი, აქ გიჟების მთელი პლეადაა-მეთქი. ამდენი შერეკილი ერთად მანამდე არ მენახა. ზოგს მართლაც საინტერესო ხელნაკეთი ჰქონდა ჩამოტანილი, ზოგს სასაცილო, იატაკის ჯოხივით, მაგრამ მაინც დაფრინავდნენ. გაოცებული ვუყურებდი, სად მოვხვდი-მეთქი. ხუმრობა იქით იყოს და, იქ შესანიშნავი ადამიანები გავიცანი. მაგალითად, ლენინგრადელი ძმები. მათ 2-ადგილიანი თვითნაკეთი აპარატი ჰქონდათ, სახელად "ტროიკა". თურმე "ვოლგის" ძრავაზე აუწყვიათ. მეც ვიფრინე იმ საფრენით. მერე საქართველოშიც გავიცანი ჩემნაირი ინტერესების ადამიანები. ახლა თხუთმეტამდე ქართველი ავიატორი ვართ. მე თელავის ავიაკლუბის პრეზიდენტი ვარ. პირველი ერთადგილიანი აპარატი, "ში-01" 1992 წელს ავაწყვე. გრიგალივით რომ გადავუფრენ ხეებს, სახლებს, მდინარეებს, ეს უფრო მომწონს. მეორე აპარატის აწყობა 2008 წელს დავიწყე. ალაზანზე რომ გადადიხარ ნაფარეულისკენ, დაახლოებით 3 კილომეტრზე გადაჭიმული საძოვრებია, გატკეპნილი ადგილები. იქაურობას ჩვენი "აეროპორტი" დავარქვით. იქ მისასვლელად მანქანას გამოვაბამდი საბარგულს და ზედ დაშლილ მოტოდელტაპლანსა და მის ფრთებს დავაწყობდი. "აეროპორტში" რომ გავშლიდი, ფრთებს დავადგამდი და 3-4-ჯერ ვიფრენდი, უკან წამოსვლის დროს დაშლა მეზარებოდა. ამიტომ გადავწყვიტე ვერტმფრენივით ავტოჟირის გაკეთება. ამ საქმეს ერთ წელს მოვუნდი. ახლა ორადგილიან აპარატს ვაკეთებ, ჩამობრძანდით, თქვენც გაგაფრენთ. აბა, თუ არ იფრენ, ცხოვრებაში რა ყრია? ფრენა სიხარულია, უსაზღვრო სიამოვნება. ცა სივრცე, სიცოცხლე და თავისუფლებაა.