"ჩვენ ვერ გადაგიყვანთ, მეორე ეკიპაჟს უნდა დაელოდოთო", თითქოს სადმე გავრბოდი... ანუ ჩემი კომენდანტის საათი - კვირის პალიტრა

"ჩვენ ვერ გადაგიყვანთ, მეორე ეკიპაჟს უნდა დაელოდოთო", თითქოს სადმე გავრბოდი... ანუ ჩემი კომენდანტის საათი

"სასწრაფო დახმარების ბრიგადამ არც ისე გვიან, დაახლოებით 20 წუთში, ანუ 9.20 წუთზე მომაკითხა. ექიმმა ტრავმის შორიდან შეთვალიერების შემდეგ ტკივილგამაყუჩებელი ინიექცია გამიკეთა და კლინიკაში გადაყვანა შემომთავაზა. ვიუარე, ფეხი მოტეხილი არა მაქვს, მხოლოდ ტკივილის მოხსნა და სახლში წასვლა მინდა, რადგან შინ მცირეწლოვანი შვილი მელოდება-მეთქი. ექიმმა მიპასუხა, "სასწრაფო" ტაქსი არ არის, რომ შინ წაგიყვანოთ, დაგვიწერეთ, რომ კლინიკაში გადაყვანაზე უარს აცხადებთო. ექიმი 15 წუთის განმავლობაში მაინც ავსებდა რაღაც ქაღალდს, რომელზეც ხელი იმ ახსნა-განმარტების გარეშე მოვაწერე, რომ "სასწრაფო" ტაქსი სულაც არა მგონია. მათთვის არც ტრავმამიღებული მოქალაქის ქუჩაში დატოვება ყოფილა დანაშაული. ალბათ, ადვილი წარმოსადგენია ჩემი მდგომარეობა ქალაქში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებაზე და სრულიად მარტო, როდესაც ჩემი სახელმწიფოსაგან, რომელსაც მთელი სიცოცხლეა ვემსახურები, დახმარებას ვითხოვდი, მას კი მსგავს ექსტრემალურ სიტუაციაში, ჩემი, როგორც მოქალაქის დასახმარებელი ბერკეტი არ აღმოაჩნდა..."

ჩვენი პროტესტის მიუხედავად, კომენდანტის საათის ძალაში დატოვება, ალბათ, გამართლებულია, პანდემიის გამო იმდენი ადამიანი იღუპება, შეზღუდვები როგორმე უნდა ავიტანოთ. კომენდანტის საათი ხომ საზოგადოებრივი თავშეყრის შემცირებისა და პანდემიის გავრცელების თავიდან აცილების ერთ-ერთი საშუალებაა. პირადად ჩემთვის კი სწორედ კომენდანტის საათის დროს უფრო მკვეთრად გამოჩნდა სახელმწიფოს აბუჩად ამგდები დამოკიდებულება მოქალაქეების მიმართ და მათ შორის ერთ-ერთი მე აღმოვჩნდი. ქუჩაში ღამის გათევისგან მხოლოდ უცნობი ადამიანის კეთილმა ნებამ მიხსნა. ეს იმ დროს, როდესაც კომენდანტის საათის დროს ქუჩაში დარჩენილს შინ არასრულწლოვანი შვილი მარტო მელოდებოდა და რომელმაც ამის გამო დიდი სტრესი მიიღო.

ის დღე ჩემთვის ისევე ჩვეულებრივად დაიწყო, როგორც ყოველთვის. ვინაიდან საკუთარი ავტოტრანსპორტი არ მყავს, ინტერვიუზე მიმავალი ზუსტად იმ დროს ავედი საზოგადოებრივ ტრანსპორტში, რომ შინ დაბრუნება 9 საათამდე, კომენდანტის საათის დაწყებამდე მომესწრო. ასე რომ, ავტობუსის უკანა ნაწილის სკამებიდან ერთ-ერთზე ჩამოვჯექი და საცობებით გადატვირთული მგზავრობისთვის მოთმინებით აღვიჭურვე. სწორედ ამ დროს ავტობუსში შეწუხებულმა ქალმა ამოაბიჯა, თან 15 წლამდე უნარშეზღუდული ვაჟი ახლდა.

ბიჭი იმდენად გაღიზიანებული ჩანდა, ტრანსპორტში თავისუფალი ადგილის მიუხედავად, მაშინვე წამოვდექი და დედა-შვილს ადგილი შევთავაზე. სწორედ ამ დროს უნებლიეთ ბიჭის ფეხს წავეჩეხე და ტერფამოტრიალებული დავეცი. იმ ტკივილის სიმწვავის წარმოდგენა შეუძლებელია. მიუხედავად ამისა, ცრემლები შევიკავე და ამჯერად უკვე სხვისი დახმარებით შემოთავაზებულ ადგილზე გაჭირვებით დავჯექი. ჩემდა გასაკვირად, შოკურმა ტკივილმა დაახლოებით 10 წუთში გამიარა და ინტერვიუზე ბედნიერი მივედი, მაგრამ მალე სახსრის ტკივილი დამეწყო და ფეხი გამისივდა. ასე რომ, ინტერვიუ ტანჯვა-წამებით ჩავამთავრე და რის ვაი-ვაგლახით ქუჩაში გამოსული ტაქსის გამოძახება დავაპირე. თურმე სწორედ აქ მელოდა უფრო შავი დღე: რადგან გამოძახების ადგილიდან შორს ვცხოვრობ, ყველა ოპერატორმა ტაქსის გამოგზავნაზე უარი მითხრა, უკან დაბრუნებას კომენდანტის საათამდე ვერ მოვასწრებთ და დაგვაჯარიმებენო. პარალელურად, მეც და ავტომანქანის მფლობელი ჩემი ახლობლებიც შეუსვენებლივ ვრეკავდით "144"-ზე, რომელიც გაუთავებლად დაკავებული იყო. ეს საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის საკონტაქტო ნომერია, ცენტრი კომენდანტის საათის დროს ავტომანქანით გადაადგილების ნებართვას გასცემს.

დავუკავშირდი საზოგადოებრივი დახმარების მართვის ცენტრსაც ("112"), სასწრაფო დახმარების ბრიგადასა და პოლიციას. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ არც ისე გვიან, დაახლოებით 20 წუთში, ანუ 9.20 წუთზე მომაკითხა. ექიმმა ტრავმის შორიდან შეთვალიერების შემდეგ ტკივილგამაყუჩებელი ინიექცია გამიკეთა და კლინიკაში გადაყვანა შემომთავაზა. ვიუარე, ფეხი მოტეხილი არა მაქვს, მხოლოდ ტკივილის მოხსნა და სახლში წასვლა მინდა, რადგან შინ მცირეწლოვანი შვილი მელოდება-მეთქი. ექიმმა მიპასუხა, "სასწრაფო" ტაქსი არ არის, რომ შინ წაგიყვანოთ, დაგვიწერეთ, რომ კლინიკაში გადაყვანაზე უარს აცხადებთო. ექიმი 15 წუთის განმავლობაში მაინც ავსებდა რაღაც ქაღალდს, რომელზეც ხელი იმ ახსნა-განმარტების გარეშე მოვაწერე, რომ "სასწრაფო" ტაქსი სულაც არა მგონია. მათთვის არც ტრავმამიღებული მოქალაქის ქუჩაში დატოვება ყოფილა დანაშაული. ალბათ, ადვილი წარმოსადგენია ჩემი მდგომარეობა ქალაქში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებაზე და სრულიად მარტო, როდესაც ჩემი სახელმწიფოსაგან, რომელსაც მთელი სიცოცხლეა ვემსახურები, დახმარებას ვითხოვდი, მას კი მსგავს ექსტრემალურ სიტუაციაში, ჩემი, როგორც მოქალაქის დასახმარებელი ბერკეტი არ აღმოაჩნდა. სამაგიეროდ, კომენდანტის საათი სრულიად იოლად დამიწესა.

ჰო, დამავიწყდა, - კიდევ კარგი, ტელეფონი არ დამჯდარა და…ჯერ კიდევ მრჩებოდა პოლიციისა და კერძო, პსპ-დაზღვევის სასწრაფო დახმარების იმედი. პოლიციას რამდენჯერმე დავუკავშირდი, რომლის ეკიპაჟი დაახლოებით 40 წუთის დაგვიანებით გამოცხადდა გაბრაზებული, ჩვენ ვერ გადაგიყვანთ, მეორე ეკიპაჟს უნდა დაელოდოთო, თითქოს სადმე გავრბოდი.

ამასობაში, გამოჩნდა პსპ დაზღვევის სასწრაფო დახმარებაც, რომლის ახალგაზრდა ექიმს ნამდვილად ვუმადლი თანაგრძნობისთვის. ექიმმა გარუმბებული ფეხი შეწუხებულმა დამითვალიერა, დარწმუნდა, რომ მოტეხილი არ მქონდა, თუმცა მანაც იგივე მითხრა, რაც სახელმწიფო სასწრაფო დახმარების სამსახურმა - სამწუხაროდ, მხოლოდ კლინიკაში გადაყვანის შეთავაზება შეგვიძლია, მაგრამ მანამდე ჩვენს ხელმძღვანელს უნდა დაველაპარაკოო. მოკლედ, სანამ ეს ღვთისნიერი ექიმი თავის შეფს ესაუბრებოდა, სასწრაფო დახმარების ავტომანქანის მძღოლი კი თავგამოდებით მარწმუნებდა, თქვენ რომ ახლა შინ წაგიყვანოთ, მაშინვე დაგვითხოვენ სამსახურიდანო, იმ ვიღაც ღვთისნიერმა უფროსმა, ცხადია, თავადაც სამსახურიდან დათხოვის რისკით, ეკიპაჟს ჩემი შინ წაყვანა დაავალა, - თუკი მოტეხილობა არა აქვს, ადამიანი ქუჩაში არ დატოვოთ, შინ წაიყვანეთო.

ასე დასრულდა ჩემი კომენდანტის საათის ტანჯვა-წამება, თუ არ ჩავთვლით, ჩემს ატირებულ შვილს, ათდღიან უმოძრაობას და იმ დაუცველობის შეგრძნებას, რაც კიდევ ერთხელ მძაფრად ვიგრძენი.

დიდხანს ვერ ვიცხოვრებთ იმ პირობებში, როდესაც მილიონობით მოქალაქის კომენდანტის საათითა და მორჩილებით მართვა შეიძლება. მორჩილება და ისიც დროებით, მხოლოდ მაშინ არის მისაღები, როდესაც თითოეულმა ჩვენგანმა იცის, რომ სახელმწიფო მასზე ზრუნავს.