"მაშინ პირველად ვნახე სიკვდილისა და ომის სახე" - კვირის პალიტრა

"მაშინ პირველად ვნახე სიკვდილისა და ომის სახე"

"ამ ომს ქართველი კაპიტანიც შეეწირა, რის გამოც ძალიან ვწუხვარ"

უკრაინის აღმოსავლეთ საზღვართან, დონეცკის ოლქში, წლებია მშვიდობა არ არის. როგორც ჩვენი უკრაინელი რესპონდენტი თამარა ბრაგინეცი ამბობს, დაუსრულებლად ისმის სროლისა და აფეთქების ხმა.

- სროლა რომ დაიწყება, მთელი სახლი ზანზარებს, სახლებს ფანჯრის მინები აღარ შერჩა. 28 წლის ვარ, სანამ რუსეთი შემოგვიტევდა, იარაღი მხოლოდ ფილმებში თუ მენახა. ახლა რამდენიმეს ხმით ვცნობ. მერვე წელია საბრძოლო მოქმედებებმა 13 000-ზე მეტი კაცი შეიწირა. ჩემი ბიძაშვილი, სამხედრო პირია, უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრაქტორი. სხვა ქვეყნის არმიაში სთავაზობდნენ სამსახურს, ბევრად უკეთეს პირობებს, მაგრამ უარი თქვა, ჩემი ქალაქი და ოჯახი როგორ დავტოვოო. პატარა ქალაქი მარინკა დონეცკის სეპარატისტული ბაზიდან 23, რუსეთიდან კი 80-ოდე კილომეტრშია. ჩვენი სახლიდან კარგად ჩანს დონეცკის შახტები. ხანდახან, როდესაც სროლა რამდენიმე საათით წყდება, თითქოს ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს ვუბრუნდებით, მაგრამ გვეშინია, რომ ხვალ-ზეგ სროლას ჩვენს ქუჩებშიც გავიგონებთ. ვერც ვიფიქრებდით, თუ დონეცკში ამდენი პრორუსი სეპარატისტი იყო. დონეცკში სამუშაოდ და საყიდლებზე დავდიოდით, 2014 წელს კი ამ ხალხმა, ვინც ჩვენს მიწაზე ცხოვრობს, ცეცხლი გაგვიხსნა. ჩვენი ქალაქელი დონეცკში სამუშაოდ წასული ექიმი, რომელსაც ასობით დონეცკელი გადაურჩენია, მარინკის ქუჩაში მოკლეს. მე სკოლაში მასწავლებლად ვმუშაობ, ერთხელ სკოლაში მიმავალმა ცაში ცეცხლოვანი ბურთები დავინახე, ჰაერში გასკდა და გარშემო გაიფრქვა. ჩემ წინ გოგონა ჩაიკეცა. მივვარდი, გონებადაკარგულს ყურებიდან სისხლი სდიოდა. მაშინ პირველად ვნახე სიკვდილისა და ომის სახე. ჩვენი სკოლის მოსწავლე ყოფილა. ძმის გამოსაყვანად მიდიოდა.

ვერასდროს ვიფიქრებდი, თუ ასე შევეჩვეოდით ომს, როდესაც შედარებით შორიდან ისმის სროლის ხმა, შეგვიძლია მშვიდად ვიძინოთ. ამ ბოლო დროს, ონლაინგაკვეთილების ჩატარებისას, რომელიმე მოსწავლე იტყვის ხოლმე, სროლის ხმა მოახლოვდა, უნდა გავიდეო, და მომდევნო გაკვეთილამდე ღმერთს ვეხვეწები, მშვიდობა ჰქონდეს. რამდენიმე დღის წინ ამ ომს ქართველი კაპიტანიც შეეწირა, რის გამოც ძალიან ვწუხვარ.

ჩვენი ქალაქი სეპარატისტულ დონეცკსა და დანარჩენ უკრაინას შორის გამყოფი ხაზია, ვითარების გამწვავებისას ფრონტის ხაზი აქ გავა. 2014 წელს მოსახლეობის ნაწილმა პრორუსული პოზიცია დაიჭირა და დონეცკში გადავიდა, თუმცა ზოგი მალევე დაბრუნდა. მაშინ ოჯახებიც გაიყო, ერთი ძმა სეპარატისტების მხარეს გადავიდა, ოჯახის სხვა წევრები, უკრაინის ერთგული დარჩნენ. ომმა სხვა რეალობაში გადაგვისროლა. ვინ იფიქრებდა, რომ ასე გაიყოფოდა უკრაინა... ახლა გვეშინია, ისევ 2014-15 წლის ამბები არ განმეორდეს. ვლოცულობთ, რომ ეს ყველაფერი მასშტაბურ ომში არ გადაიზარდოს.

საერთაშორისო ძალების დახმარების იმედი გვაქვს, იქნებ შეაჩერონ შეშლილი პუტინი, რომელიც ცდილობს თავისი უკმაყოფილო მოსახლეობის ყურადღება უკრაინაზე გადაიტანოს.

რუსული პროპაგანდა აქაც ძლიერია, კრემლის პროპაგანდისტული მანქანა სოციალურ ქსელში "ფეიკნიუსებს" ავრცელებს და ხალხს არწმუნებს, რომ რუსეთი მათი მეგობარია, ამერიკა და დასავლეთი კი რუსეთ-უკრაინის გადაკიდებას ცდილობს.

ახლა, როდესაც რუსეთისგან თავდასხმის საფრთხე რეალურია, აქაურებს არა აქვთ იმედი, რომ დასავლეთი უკრაინას დაეხმარება. ამბობდნენ, წაგვაქეზეს რუსეთზე, ახლა კი, როდესაც მან ომი დაიწყო, მის პირისპირ მარტო დაგვტოვესო.

- ხალხში პანიკაა? - ომი რომ დაიწყო, სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქების დიდი ნაწილი დაბომბეს ან დაარბიეს. ამბობდნენ, რომ მოსაზღვრე სოფლებში მიწები დანაღმული იყო და ხალხი დამუშავებას ვერ ბედავდა. ადრე ამ პატარა ქალაქში 15 000-მდე კაცი ცხოვრობდა, 2014 წელს დაწყებული ომის შემდეგ მესამედი დავრჩით. ვერავის ვამტყუნებთ, ძნელია მუდმივად ტყვიების ზუზუნში ცხოვრება. ჩვენს ქალაქში უამრავი მიტოვებული სახლია. თუ პრორუსი სეპარატისტები შემოვლენ, ამ სახლებს აუცილებლად დაიკავებენ.

ჩემი სამხედრო ნათესავი გვამშვიდებს, მარტო არა ვართ, დასავლეთი და ამერიკა ჩვენთანააო. თუ ჩვენი მოკავშირეები რუსულ ავიაციას საჰაერო სივრცეს გადაუკეტავენ და ზღვით შემოსვლის უფლებასაც არ მისცემენ, ხმელეთზე რუსულ არმიას აუცილებლად დავამარცხებთ, მათზე ბევრად უკეთესი ტექნიკა და შეიარაღება გვაქვსო.

ის სამხედროა და სხვა იდეოლოგიით ცხოვრობს, ჩვენ, რიგითი ადამიანები კი სხვანაირად ვაფასებთ ბევრ რამეს. ვიცი, რომ როგორც რუსეთის, ასევე, უკრაინის სახელმწიფო უწყებებში კორუფცია ყვავის, აქ საპასუხისმგებლო თანამდებობებზე ჯერ კიდევ მუშაობს ვიქტორ იანუკოვიჩის ხალხი, რომლებიც რუსეთს ერთგულობენ. ასე რომ, არავინ იცის, როდის და როგორ შეიცვლება ვითარება.