იაპონიის "ეროვნული მორევი" - კვირის პალიტრა

იაპონიის "ეროვნული მორევი"

იაპონიის მთავარ კუნძულებს - ჰონსიუსა და სიკოკუს შორის არსებული იაპონიის შიგა ზღვის დონე დღეში ოთხჯერ იცვლება. ყოველი მიქცევისა და მოქცევის დროს წყლის დიდი მასა ვიწრო სრუტის გავლით, ოკეანიდან ზღვაში გადაინაცვლებს და პირიქით. აქ წარმოქმნილი მორევები კი საუკუნეებია, იაპონელთა ეროვნული იდენტობის ნაწილია.

წყლის დიდი ნაკადი მორევებს სრუტის ყველაზე ვიწრო ადგილას წარმოქმნის. ქალაქ ნარუტოსა და კუნძულ ავაძის შორის სულ რაღაც 1,3 კილომეტრია. აქ წყალი ყველაზე სწრაფად მოძრაობს. იაპონიის შიგა ზღვის დონე ოკეანის მიმართ როგორც მიქცევის, ისე მოქცევის დროს ორ-ორჯერ იცვლება, ანუ დღეში ოთხჯერ. წყლის დონე 1,5 მეტრით ჯერ იკლებს, ხოლო შემდეგ იმატებს. ნარუტოს მორევების დიამეტრი საშუალოდ 20 მეტრია, სრუტეში წყლის დინების სიჩქარე კი 20 კმ/სთ-ს აღწევს. ეს ყველაზე მაღალი სიჩქარეა მიქცევისა და მოქცევის ნაკადებს შორის იაპონიის კუნძულებთან, ხოლო მსოფლიოში მეოთხეა (ნორვეგიული "სალსტრაუმენის", "მალსტრემისა" და კანადური "ბებერი ღორის" შემდეგ).

ნარუტოს მორევები დიდი ხანია შეტანილია ტურისტულ ღირსშესანიშნაობათა სიაში. მათი ნახვა შესაძლებელია არა მარტო გემებიდან, არამედ გრანდიოზული ხიდის, "ონარუტოს" ქვედა იარუსიდან. 1985 წელს დასრულებული ხიდი ჰონსიუსა და სიკოკუს შორის დღესაც მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი დაკიდებული ხიდია. "ონარუტოს" სიგრძეა 1629 მ, სიგანე - 25 მ, საყრდენი სვეტების სიმაღლე კი 144 მ.

ნარუტოს მორევები დახატა იაპონელთა გამოჩენილმა მხატვარმა უტაგავა ჰიროშიგემ (1797-1858), იაპონური გრავიურისა და ფერადი ქსილოგრაფიის უკანასკნელმა დიდმა ოსტატმა, რომელმაც გავლენა მოახდინა იმპრესიონისტებსა და შემდეგ დასავლური კულტურის "იაპონიზაციაზეც".

"ნარუტოს მორევები". უტაგავა ჰიროშიგე

იაპონელებს თავიანთი "თანდაყოლილი" მორევები იმდენად უყვართ, რომ შექმნეს სპეციალური წვნიანი კერძი "ნარუტომაკი" - წვნიანში მოტივტივე საკვების ნაჭრებზე დატანილი წითელი ან ვარდისფერი სპირალები ნარუტოს მორევებზე მიანიშნებს. ამას გარდა, იაპონელები სლენგის ენაზე "ნარუტოს" უწოდებენ ელექტრონული მისამართის საერთაშორისო ტიპოგრაფიულ სიმბოლოს "ეტ"-ს: @.

საინტერესოა, რომ იაპონიის "კავშირი მორევებთან" ამით არ მთავრდება. კუნძულ ოგასავარასთან მდებარე წყნარი ოკეანის რეგიონი, რომლის სიღრმეც 5000 მეტრია, ძველთაგანვე მეზღვაურებს შორის საშიშ ადგილად იყო მიჩნეული. მას "ეშმაკის ზღვის" კიდეს უწოდებდნენ. აქ ხშირად ქრებოდნენ გემები უკვალოდ და ამიტომ ამ ადგილს ცეცხლივით ერიდებოდნენ. 1970-იან წლებში იაპონიის მთავრობამ აქ რადიოაქტიური სამარხის მოწყობა დააპირა და გამოკვლევებისას ნაპირიდან 400 კმ-ის დაშორებით აღმოაჩინეს 100 კმ რადიუსის მქონე გიგანტური ოკეანური მორევი, რომელიც მთლიანად ბრუნავს 5000 მ სიღრმემდე - ზედაპირიდან ფსკერამდე! მორევის ძაბრის ცენტრში წყლის დონე რამდენიმე ათეული მეტრით დაბლაა. საკვირველია, მაგრამ ოგასავარის გიგანტური მორევი 100 დღეში ერთხელ ბრუნვის მიმართულებას იცვლის. რატომ - ჯერჯერობით არავინ იცის.

რამაზ გურგენიძე