"უფლის სასწაულია, აქ საოცარ ამბებს მოისმენთ..." - ტაძარი, რომელსაც შვილიერებას სთხოვენ
26-04-2021
"უფლის სასწაულია, აქ საოცარ ამბებს მოისმენთ..." - ტაძარი, რომელსაც შვილიერებას სთხოვენ
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში განსაკუთრებით ხვდებიან აღდგომის ბრწყინვალე შვიდეულს, რადგან სოფელში ყოველ წელს, აღდგომის მომდევნო ხუთშაბათს, წაჩხურობის დღესასწაული აღინიშნება. საუკუნეეებია, წყვილები მოსალოცად პატარა აკვნებით ხელში წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში მოსალოცად ადიან და შვილიერებას ითხოვენ. ეს სასწაულმოქმედი ტაძარი სოფლის ცენტრიდან 7 კილომეტრის მოშორებით, მაღლობზეა აგებული. უამრავი მორწმუნე, ძირითადად, უშვილო წყვილები, გასათხოვარი და დასაქორწინებელი ქალ-ვაჟები გამთენიას ამ გზის გავლას იწყებენ და გრძელ აღმართს დიდი რიგი მიუყვება. უფლის სასწაულია ისიც, რომ იმ დღეს
იქ ყოველთვის წვიმს. შესაძლოა, სოფელში წვიმიანი ამინდი არ იყოს, მაგრამ იმ ადგილას, სადაც ტაძარია, დღის რაღაც მონაკვეთში აუცილებლად გაწვიმდება და იქაურობა ნისლით იბურება. უამინდობას არასდროს შეუშინებია მომლოცველები, რომლებიც სასწაულის მოლოდინში, ხელში პატარა, ლამაზად მორთული აკვნებით ადიან. ბევრს ამ აკვანში თოჯინაც ჰყავს ჩაწვენილი.

სალხინოში ცხოვრობს დურგალი,
პროფესიით მხატვარი, ლერი ნაჭყებია, რომელიც ამ დღისთვის მთელი გულით აწყობს აკვნებს. 16 წლის იყო, როცა მამამ აკვნის აწყობა ასწავლა, მას შემდეგ თავისი ხელით უამრავი აკვანი გამოქარგა. აკვანს ეზოში, მზის გულზე დგამს, მისი ლამაზად მორთვა კი მის მეუღლეს, ხათუნა აფაქიძეს ევალება. ხათუნა აკვნის მოსართავებს თეთრი ნაჭრისგან თავად კერავს, ბალიშით და საბნით რთავს პატარა აკვანს და უშვილო წყვილს ელოდება, რომ შვილიერება უსურვოს. დიდი სიყვარულით მორთულ აკვნებს უშვილო წყვილები მასთან, გზად იძენენ და აგრძელებენ სვლას მთავარანგელოზის სახელობის ტაძრისკენ, ტაძრისკენ, რომელიც უშვილო წყვილების დიდი იმედია.

ლერი ნაჭყებია, ოსტატი:
- ბრწყინვალე შვიდეულის კვირა განსაკუთრებით დატვირთული მაქვს, რადგან წაჩხურობისთვის ვემზადებით და აკვნების მომზადება მიწევს. უდიდესი პატივია ჩემთვის, როცა ჩემი ხელით დამზადებულ აკვანს წყვილი მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში მიაბრძანებს. მეც ვხვდები ამ დროს უფლის სასწაულის მონაწილე. უფლის ძალა დიდია და ეს ბევრჯერ გვინახავს. ტრადიცია ჩვენს კუთხეში ძალიან დიდი ხანია, არსებობს და მიხარია, რომ ბევრ წყვილს აქ მოსვლის შემდეგ უფალმა ვედრება აუსრულა.

- ლერი, როდის გაგიჩნდათ იდეა, რომ აკვნები აგეწყოთ?
- ადრე ბავშვებს აკვანში ზრდიდნენ, იმ პერიოდში მამა აწყობდა საბავშვო აკვნებს. მერვე კლასში ვიყავი, მამას რომ ვეხმარებოდი. დიდი რუდუნებით კეთდებოდა ეს აკვნები, რადგან პატარებს აკვანში აწვენდნენ და მოთხოვნაც დიდი იყო, თუმცა ნელ-ნელა შეიცვალა ეს ტრადიცია, ახლა არავინ ზრდის შვილს აკვანში, ჩვენი თაობა კი - აკვანშია გაზრდილი. ჩვენს სოფელში ყოველ წელს აღინიშნება წაჩხურობა, წელს 6 მაისს უწევს. განსაკუთრებით ჩვენს უბანში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ამ დღეს. რაც თავი მახსოვს, ამ დღისთვის საგანგებოდ ვემზადებით, ყველა ოჯახში სუფრა გაშლილია და აღინიშნება ეს დღე. გამიჩნდა იდეა, პატარა აკვნები ხომ არ გამეკეთებინა ტაძარში შესაწირად. ჯერ ახლობელს დავუმზადე, რომ გაიგეს ვამზადებდი, მერე ხალხი მოდიოდა და შეკვეთებს ვიღებდი, გახმაურდა ამბავი და უკვე 5 წელია, ასე, მასობრივად, ფართო მასშტაბით ვამზადებ აკვნებს.

ლერის მეუღლე, ხათუნა აფაქიძე:
- ამ ტრადიციის შესახებ მანამდე არაფერი ვიცოდი, რომ გავთხოვდი მერე გავიგე ამ ტაძრის ისტორია. 20 წელია, ამ სოფელში ვცხოვრობ და მას შემდეგ უამრავი ამბის მომსწრე ვარ. ბევრს აუსრულდა ოცნება და ისინი მერე მადლობისთვის მოდიან ტაძარში, უკვე თავიანთი პატარით ხელში. ზოგს სურვილი რომ აუსრულდება, შესაწირად ცხვარიც ამოჰყავს. ზოგჯერ წყვილები ერთმანეთშიც ცვლიან აკვნებს, ვთქვათ, უშვილო წყვილი ართმევს აკვანს იმ წყვილს, რომელსაც უკვე შეეძინა და მეორე წელს აკვნით ხელში უკვე მადლობის სათქმელად ადის ტაძარში. ჩვენც ხშირად გვეკითხებიან  წყვილები, თოჯინით უნდა იყოს თუ თოჯინის გარეშე აკვანი, რომელსაც შესაწირად მიაბრძანებენ. როცა უშვილო წყვილზეა ლაპარაკი, ადრე მარტო ცარიელი აკვანი აჰყავდათ. მერე დაიწყეს და, შიგნით თოჯინასაც აწვენენ და ისე აჰყავთ. მე ვეუბნები, როცა შვილიერებას სთხოვ, ცარიელი აკვნით აიყვანე და, როცა შეგეძინება, მეორე წელს - უკვე თოჯინიანი და უფალს მადლობა შესწირეთ-მეთქი. ეს ადამიანის სურვილზეა დამოკიდებული, გული როგორც უკარნახებს, ისე უნდა გააკეთოს. ყოფილა შემთხვევები, ჩვენს მორთულ აკვანში ჩაუწვენიათ თოჯინა და ისე აუყვანიათ. მეუღლესთან ერთად ჩართული ვარ პროცესში. მორთვაში მე ვეხმარები, მართლა მთელი გულით ვაწყობთ, მორთვის დროს ჩვენც ვუთქვამთ სურვილებს და ვამბობთ, ვინც ავიდეს ამ აკვნით ხელში, ღმერთმა შვილი მისცეს-თქო. ბევრჯერ მოსულან მადლობის სათქმელად, ზოგი სოციალური ქსელით გვეხმაურება და ჩვენც მათი სიხარულის მოზიარეები ვხდებით. ერთ წყვილს 5 წელი არ ჰყავდა შვილი, 2 ჯერ აიტანეს აკვანი და მოილოცეს, მესამე წელსაც ემზადებოდნენ, თურმე, ანალოგიურად, უცებ გაიგეს რომ ქალი ფეხმძიმედ დარჩა, მაგრამ რადგან ჩაფიქრებული ჰქონდა, მესამედაც აეყვანა აკვანი, მესამედ - უკვე ფეხმძიმე ავიდა, ამბობდა, წაჩხურობა ახლოვდებოდა რომ შევიტყვე ფეხმძიმედ ვიყავიო, ძალიან ბედნიერი და გახარებული იყო. ახლა პატარას ზრდის. იყო კიდევ ასეთი შემთხვევა, ჩემი თანასოფლელები მოვიდნენ და მათაც შვილი გაუჩნდათ. საგანგებოდ თბილისიდანაც ჩამოვიდა წყვილი მოსალოცად და მასაც შეეძინა პატარა. უფლის სასწაულია, აქ საოცარ ამბებს მოისმენთ.

ლერი ნაჭყებია:

- დიდ დროს ვანდომებ აკვნის მომზადებას. როცა შეკვეთა შემოდის, ვიწერ ტელეფონის ნომრებს. ჯერ აკვნისთვის ვაწყობ დეტალებს და მერე ერთიანად ვამზადებ. წელს, ეტყობა, პანდემია აჩერებს და ამ წუთისთვის ბევრი შეკვეთა არ გვაქვს. სხვა წლებში უფრო დიდი რაოდენობით იყო შეკვეთები... ზოგიერთს წინასწარ მიაქვს, უმეტესობა ამ დღეს საგანგებოდ ჩამოდის სხვადასხვა კუთხიდან და ამიტომ, ძირითადად, იმ ღამით ან დილით მიაქვთ მორთული აკვანი. ტაძრისკენ მიმავალ გზაზე ვცხოვრობთ და ზოგჯერ გზაზე ვახვედრებთ.

ხათუნა აფაქიძე:
- ფაქტობრივად, ღამეს ვათევთ. ზოგმა არ იცის ტაძრის გზაც, გვირეკავენ და ჩვენ ვასწავლით. სიხარულით მიაქვთ ჩვენი დამზადებული აკვანი. უცხო გზიდან მოსულებს ზოგჯერ ცენტრალურ გზაზეც ვხვდებით და იქ გადავცემთ. ყოფილა შემთხვევა, შორი გზიდან მოსულს, ღამე ჩვენს სახლში გაუთევია და გამთენიას წასულა ტაძარში. ყოველ წელს ჩვენს ოჯახში და სოფლის ყველა ოჯახში სუფრა არის გაშლილი, ახლობელი, ვინც მოდის, ეს იცის ოჯახმა, მაგრამ თუ ცენტრალურ გზაზე ცხოვრობ, ხშირად უცხო სტუმრებსაც მასპინძლობ. მასპინძელი შემოიპატიჟებს ტაძრიდან მობრუნებულს. ყველა კუთხიდან მიგვიღია შეკვეთები, უფრო აღმოსავლეთ საქართველოდან. ღმერთი მოწყალეა და ყველას ლოცვას შეისმენს. ჩვენ ეს საქმე ბიზნესად არ გვაქვს, ვფიქრობთ, რომ დიდი მადლია, რასაც ვაკეთებთ ჩვენი ოჯახისთვისაც. შესაწირივით იხდიან ფულს, ზოგმა 50 ლარი დატოვა, ზოგმა ნაკლები. ეს არ არის ვაჭრობის თემა, ეგ არის, ცოტა პურის ფულიც რომ ვიშოვოთ და, რაც მთავარია, გავახაროთ ადამიანებიც. ზოგჯერ ისეთი მოთხოვნაა, რომ ყველა შეკვეთის მიღებას ვერ ვასწრებთ.

კომუნისტების პერიოდში იქ წირვა არ ტარდებოდა, თუმცა ამ ტაძრის ძალა ყველასთვის იყო ცნობილი და წარმართულ რიტუალს სოფლის უხუცესი მართავდა - ე.წ. მახვამური ანუ მლოცველი წყვილს დააჩოქებდა და ხატს შესთხოვდა, რომ მისთვის შვილი მიეცა. მლოცველს ხელში დიდი ჯაჭვი ეჭირა, ახალგაზრდები ჯაჭვის ქვეშ გაძვრებოდნენ და სურვილს ჩაუთქვამდნენ... მეც კარგად მახსოვს ეს წლები, რამხელა რიგი იდგა ხოლმე "მახვამურთან" და როგორ ცდილობდნენ ჯაჭვში გავლას იქ მისულები. ეს წარმართული რიტუალი იყო ადრე, დღეს ის ჯაჭვი ტაძარში არ არის.
წარმართული რიტუალი, ფაქტობრივად, წლების წინ სოფლის მოძღვარმა, მამა სერაფიმე დანელიამ შეცვალა (მამა სერაფიმე ამჟამად სვეტისცხოვლის ტაძარში მსახურობს - ავტ.). პირველი წირვა წაჩხურუს ეკლესიაში სწორედ მან აღავლინა. ყოველ ხუთშაბათს მამა სერაფიმე სოფლის ცენტრიდან ტაძრამდე მანძილს ფეხით გადიოდა. პირველი წირვა ხუთშაბათ დღეს უშვილო წყვილთან ერთად ჩაატარა. იმ დღეს მომხდარი სასწაული მამა სერაფიმემ პირადად დიდი ხნის წინ მიამბო.

მამა სერაფიმე:
- ჩემს მგალობლებს უშვილობის პრობლემა ჰქონდათ. მათთან ერთად ავედი ტაძარში. სულ სამი ადამიანი ვიდექით წირვაზე, ერთ-ერთი თანამსახურის მეუღლეც გვახლდა. ჩვენ ვლოცულობდით, ის გარეთ გასულა, პატარა შენობაში, რომელიც იქვე იდგა და ცეცხლი დაუნთია, რომ გამთბარიყო. ლოცვის დროს ვხედავდი ამ კაცის გაოცებულ სახეს, ტაძარში შემოდიოდა, თვალებს აქეთ-იქეთ აცეცებდა და ისევ გადიოდა. ასე რამდენჯერმე გააკეთა, შემდეგ კი ბოლომდე ჩვენთან ერთად დადგა. წირვა რომ დამთავრდა, მითხრა: საოცარი რამ ხდებოდა - ცეცხლთან რომ ვჯდებოდი, მაშინვე ისეთი გალობა მესმოდა, ვფიქრობდი, მთელი გუნდი გალობს-მეთქი და მიკვირდა, ამდენი ხალხი ასე უცბად როგორ მოვიდა ტაძარში. გამოვდიოდი და იქ მხოლოდ სამნი იდექითო!.. ორჯერ ასე მოხდა, მერე შემეშინდა და ტაძრიდან არ გავსულვარო... ეს ღვთის ნიშანი იყო: მადლობა ღმერთს, უფალი წირვა-ლოცვის აღდგენას ხარობდა. ბევრ გულმხურვალე მლოცველს აუსრულა თხოვნა უფალმა და სასწაული მოუვლინა. უფალი მკურნალია, რომელიც ჩვენი სულების გადასარჩენად გვაძლევს განსაცდელსაც და იქიდან გამოსავალსაც გვთავაზობს.

უკვე წლებია, იქ საგანგებო წირვა აღევლინება უშვილოებისთვის. მორწმუნე წყვილები ეზიარებიან კიდეც და შემდეგ მათ ეპარქიის სახელით გაშლილ ტრაპეზზეც ეპატიჟებიან. იქ დღეს მამათა მონასტერია. ყოველ წელს ტაძრის შესასვლელთან სტიქაროსანი ზის და წყვილების სახელებს იწერს, რათა ისინი ბერებმა ლოცვებში მთელი წელი მოიხსენიონ.

იწერენ იმ წყვილების სახელებსაც, ვინც მადლობის სათქმელად ამოდის და ვისაც უფალმა ლოცვა შეუსრულა. ხშირად მინახავს სასწაულით მოვლენილი პატარებით ხელში გახარებული მშობლებიც. არც მათ ავიწყდებათ მადლობის თქმა. იმ დღეს იქ ბევრ ფეხშიშველ ადამიანსაც ნახავთ, ყველას თავისი დათქმა აქვს - ზოგი სამადლობელის სათქმელად, შესაწირით ადის, ზოგს მხრით დაპირებული ცხვარი აჰყავს, ზოგს - ბატკანი ან ფრინველი.
"6 წელია, გათხოვილი ვარ და შვილი არ მიჩნდებოდა. ძალიან განვიცდიდით. გავიგეთ, რომ ასეთი ტაძარი არსებობდა, უკვე ჩავლილი იყო სადღესასწაულო დღე და ვინერვიულე. დამამშვიდეს, იქ ყოველ ხუთშაბათს ტარდება წირვა და შეგიძლიათ ახვიდეთო. პატარა აკვანიც დავამზადებინეთ, "ბიჭი" თოჯინა ჩავაწვინეთ და წამოვედით წირვაზე. შემდეგ მამაომ გვირჩია, საზიარებლადაც ავსულიყავით. ხუთშაბათ დღეს ისევ ავედით და ვეზიარეთ. სასწაული მოხდა, ჩვენი ლოცვა უფალმა შეისმინა. სიხარულისგან ცას ვეწიე. ჩემი მეუღლე ამ ამბის შემდეგ სტიქაროსანი გახდა და წირვა-ლოცვაზე სულ დადის. დღეს მადლობის სათქმელად მოვედი, 3 თვეში შვილი გამიჩნდება. მთელი გულით უფალს მადლობას ვწირავ ამისთვის. მჯერა, როცა რწმენით ხარ და გულით შესთხოვ უფალს, ის შეისმენს შენს ვედრებას", - ეს ამბავი ერთ წელს ტაძრის ეზოში მლოცველმა ახალგაზრდა გოგონამ მიამბო და ასეთ ამბებს იქ ყოველ წელს მოისმენთ.
უამრავი აკვანია მოფენილი წაჩხურობის დღესასწაულზე ტაძრის ეზოში. სასულიერო პირები წირვის მერე აკვნებსაც აკურთხებენ. ამ აკვნებიდან ნაწილი იმ უშვილო წყვილებსაც მიაქვთ, ვისაც აკვანი არ ამოუტანია, ბევრი ლამაზად მორთული აკვანი პატარების გასახარად მშობლებს  შინ მიაქვთ, მოტანილი აკვნების ნაწილი საბავშვო ბაღებსაც გადაეცემა.

გადმოცემით თანახმად, მეექვსე საუკუნიდან მოყოლებული, იქაურობას ტაშურა რქმევია. ერთხელ სოფლის ახლოს მიწაზე მომუშავე გლეხისთვის ცოლს სადილი მიურთმევია, გლეხს თავის მწირ ტრაპეზზე გზად მიმავალი უცნობი მიუპატიჟებია. მცირე ხანში მასპინძელს შეუმჩნევია, რომ ღვინო და საკვები კი არ ილეოდა, მრავლდებოდა. მოულოდნელად მგზავრს გლეხისთვის ცეკვა უთხოვია, მასაც უარი არ უთქვამს. ცოლს და მგზავრს ტაში შემოუკრავთ, გლეხიც აცეკვებულა, ამის შემდეგ მგზავრი თვალსა და ხელს შუა გაუჩინარებულა. კაცი მიმხვდარა, რომ სასწაულებრივი ხილვის ღირსი გახდა. სასულიერო პირები მიიჩნევენ, რომ ეს გადმოცემა, შესაძლოა, სიმართლესთან ახლოს იყოს, რადგან ტაძარი წმინდა მთავარანგელოზთა სახელობისაა, რაც შესაძლოა, ანგელოზის გამოცხადებაზე მიუთითებდეს. იმასაც ამბობენ, სამეგრელოდან სვანეთისკენ მიმავალ წმიდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულს ამ ადგილებზე გამოუვლია და ქვის ჯვარი აღუმართავს. იქ ტაძარი მოგვიანებით, მე-7 საუკუნეში აუგიათ, თუმცა ჩვენამდე განახლებული, მე-18 საუკუნეში აგებული დარბაზული ტიპის ეკლესიაა მოღწეული. იმ ადგილას, სადაც ტაძარია აგებული, წაჩხურის ჯიხა ანუ წაჩხურის ციხე ყოფილა, სადაც შვილიერების მიმნიჭებელი ღვთაების - მოსკეს კულტი იდგა. ქრისტიანობის შემოსვლის შემდეგ, კულტი დაემხო და იმ ადგილას ეკლესია აშენდა. ციხის კედლები და გალავანი დაცულია. გალავანში მოქცეული პატარა ეკლესია დაუშლიათ და ახალი, დიდი ეკლესია აუშენებიათ. აქ ყოფილა წაჩხურუს მთავარანგელოზის ხატი დაბრძანებული, რომელსაც "მოსკე წაჩხურს" ეძახდნენ. "მოსკე" - მეძევეს, მეშვილეს, ხოლო "წაჩხურა" – წყალტივს ნიშნავს, ე.ი. "მოსკე წაჩხური" ვაჟების მომცემს ნიშნავს. ამ ხატს ხალხი საუკუნეებია, შვილოსნობას  შესთხოვს. სოფლებიდან უშვილო ქალები ფეხშიშველი ადიოდნენ, ღამით წყვილი ხატთან რჩებოდა და ვაჟის გაჩენას შესთხოვდა. იმ სასწაულმოქმედ ხატს ოქროსა და ვერცხლის ნივთებს სწირავდნენ. წყაროებიდან ცნობილია, რომ უძველესი დროიდან ყოფილა იქ მოსკეს კულტი. სალოცავად მოსულებს მოჰქონდათ თავიანთი სიმაღლის ტოლი სანთელი, ვერცხლის ძაფი, სანთელ-საკმეველი, ფული და ლამაზად მორთული, პატარა აკვნები. ტაძარს სამჯერ წრეს შემოუვლიდნენ და სურვილს ჩაუთქვამდნენ.

ამ დღეს იქ მაცხოვრებელ ყველა ოჯახში სუფრა საგულდაგულოდ იშლება. ამ დღის აღნიშვნა ყველას ვალდებულება იყო და ეს ტრადიცია დღემდე გრძელდება. ძველად თითოეულ ოჯახში იხდიდნენ "საწაჩხუროს", რომელსაც მუცლისა და წელის ტკივილისგან გასათავისუფლებლად ასრულებდნენ უხუცესები. მაისის ერთ-ერთ ხუთშაბათს გამოაცხობდნენ მრგვალ კვერებს, დაკლავდნენ გოჭს ან ბატკანს და მამალს. ყველაფერ ამას საზედაშე ღვინოსთან ერთად დაალაგებდნენ ხონჩაზე, რომელსაც გარშემო მიაკრავდნენ ანთებულ სანთლებს და მიიტანდნენ წაჩხურუს ქვევრთან, რომელიც იქ მცხოვრებ თითქმის ყველა ოჯახში იდგა. ოჯახის უფროსი და დიასახლისი დაიჩოქებდა, ხონჩას სამჯერ მოაბრუნებდნენ და დაილოცებოდნენ: "წაჩხურო ბედნიერო, შენ დაგვიფარე მუცლისა და წელის ტკივილისგან, მავნე თრთოლვისგან შვილებითა. დღეის ლოცვა შენ შეგვარგე. ვაჟი გაგვიმრავლე, ვაჟიანობის წაჩხურო, ჩვენი გული გაახარე, შენ სახელ დალოცვლილო. ასი წლის ლოცვა შენ დაგვაცადე". ლოცვის დასასრულს წაჩხურუს ქვევრს თავს მოხდიდნენ, საზედაშე ღვინოს ქვევრში ჩაასხამდნენ, ანთებულ სანთლებს ქვევრის ნაპირას მიაკრავდნენ და მამლის თავს და გოჭის გულ-ღვიძლს ერთი კვერით, იქვე შეჭამდნენ. იმ შემთხვევაში, თუ ოჯახში წაჩხურუს ქვევრი არ ჰქონდათ, აიღებდნენ ვაზს, რგოლისებურად დაგრეხდნენ და მასზე ლოცულობდნენ. შემდეგ, ვისაც დათქმული ჰქონდა, ის საკლავ-შესაწირით წაჩხურუს ეკლესიაში ადიოდა და ლოცულობდა.

წელს წაჩხურობა აღდგომის მომდევნო ხუთშაბათს, 6 მაისს ჩატარდება და წარმართული რიტუალის ნაცვლად, იქ წირვა-ლოცვა აღევლინება. ღმერთმა ყველას აუსრულოს ვედრება.

(სპეციალურად საიტისთვის)

ვალერი
26 აპრილი 2021 18:40
ერთობა ხალხი.
დიახ
26 აპრილი 2021 13:38
მიტომ აქვთ ვინც აკვანში გაიზარდა მოკლე და მოგრეხილი ფეხები! აბა ფეხებს რომ შეუკრავ და არ მისცემ გაზრდის საშუალებას რას ელი, ლოღიკურად იფიქრეთ აბა

მაღალი თაობა მიტომ წამოვიდა რომ მათ ფეხებს ზრდის საშუალებას აძლევენ

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ კონკურსანტებისა და ჟიურის წევრების გადაწყვეტილებას პრემია ლიტერას კონკურსში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ კონკურსანტებისა და ჟიურის წევრების გადაწყვეტილებას პრემია ლიტერას კონკურსში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ?
თვის კითხვადი სტატიები