"ასეთი გამორჩეული მსახიობები იშვიათად მოდიან და საწყენია, რომ მიდიან... კახი კავსაძე იყო სცენის და ეკრანის სიხარული" - კვირის პალიტრა

"ასეთი გამორჩეული მსახიობები იშვიათად მოდიან და საწყენია, რომ მიდიან... კახი კავსაძე იყო სცენის და ეკრანის სიხარული"

"სულ ცდილობდა, სიხარული სხვისთვის მიენიჭებინა. რამდენჯერ დეპრესიაში ვყოფილვარ მე ან სხვა ვინმე, შეგხვდებოდა, განგკურნავდა და წავიდოდა"

საქართველომ, ღიმილის, სიკეთისა და ბედნიერების ადამიანი დაკარგა. 27 აპრილს 85 წლის ასაკში ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი კახი კავსაძე გარდაიცვალა. ქართველ ლეგენდას 28 ნოემბერს "კოვიდ-19" დაუდასტურდა, მსახიობი ვერაგ დაავადებას თვეების განმავლობაში ებრძოდა.

"ნეტავ, იქ თეატრი არის?!" - გენიალური კახი კავსაძე არა მარტო მეგობრებსა და ახლობლებს, არამედ - მთელ საქართველოს დააკლდება. მსახიობს მეგობრები და კოლეგები დიდი სითბოთი და სინანულით იხსნებენ.

ჯემალ ღაღანიძე, მსახიობი:

- დიდი დანაკლისი განიცადა ქართულმა თეატრმა და კინომ, ძალიან დიდი. უდიდესი ნიჭის მქონე კაცი დავკარგეთ. რატომღაც, ბოლო წლებში ძალიან ბევრი ხელოვანი წავიდა ამ ქვეყნიდან. კახი იყო დიდი ადამიანი. ინსტიტუტში ლექციების შუალედში, დასვენებაზე გარეთ რომ გამოვდიოდით და ხმაური, ჟრიამული გვხვდებოდა, აღარ ვკითხულობდით რა ხდებოდა და ვინ ხმაურობდა, რადგან აუცილებლად კუთხეში კახი იდგა და რაღაცას ჰყვებოდა, ჰყვებოდა საოცრად, მოყოლის დიდი ნიჭი მას ბოლომდე გაჰყვა. საერთოდ, უნიჭიერესი კაცი იყო, ამიტომაც მსოფლიო მნიშვნელობის მსახიობი გახდა. კახის ჩავარდნილი როლი არავის ახსოვს.

მისი და ბელას ურთიერთობა იშვიათი იყო, რაღაც საოცარი ურთიერთობა ჰქონდა ოჯახთან. მახსოვს, საზღვარგარეთ ვიყავით, ბელა მაშინ ავად გახლდათ და თბილისში იყო. კახი სულ გვეკითხებოდა, რომელი საათიაო, ვეტყოდით და იმ წუთას ბელაზე დაიწყებდა ლაპარაკს, -  აი, ახლა ბელა ხელით გამოჰყავთ და აჭმევენ, აი, ახლა ბელას სძინავს. სულ, ბელაზე საუბრობდა, გონებით სულ მასთან იყო.

არ შეიძლება რომ არ აღვნიშნო, ბიძინა ივანიშვილი რომ არ ყოფილიყო, კახის წლების წინ დავემშვიდობებოდით. მე კახისგან უფლება მქონდა მესაუბრა ამ თემაზე და ახლაც ამიტომ ვსაუბრობ გაბედულად. დიდი საქმე გაუკეთა ივანიშვილმა, ყველა ოპერაცია დაუფინანსა, მადლიერი ვართ მაგ კაცის. კახიც სულ მადლიერი იყო. ოჯახი არ მეგულება, კახიზე ცუდი რომ ეთქმოდეს, თქვენ პირველი ხართ, ვისაც ამ თემაზე ვესაუბრე, ვღელავ, მიჭირს მასზე ლაპარაკი. ჩემთვის ეს ამბავი კიდევ უფრო მეტად გულდასაწყვეტია, რუსთაველის თეატრში მე და კახი ყველაზე უფროსები ვიყავით, ახლა მარტო მე დავრჩი ჩვენი თაობიდან. ისე მიდის საქმე, ალბათ, მეც მალე შევუერთდები მას.

ნანა ფაჩუაშვილი, მსახიობი:

- მინდა გითხრათ, რომ კახი ჩვენი დიდი დანაკლისია. ის იყო თეატრის სახე, იმ თაობის ნათელი წარმომადგენელი, რომელთანაც ამდენი წელი გავატარეთ. კახი რუსთაველის თეატრში ჩემი პირველი პარტნიორი იყო. სტუდენტი ვიყავი, როდესაც მე და კახიმ "ადამ და ევა" ვითამაშეთ. საკმაოდ ცნობილი სპექტაკლი იყო, ცნობილი მსახიობების მონაწილეობით. მე და კახი ადამი და ევა ვიყავით, ბატონი ეროსი იყო ღმერთი, გიორგი გეგეჭკორი იყო ეშმაკი. მას შემდეგ მე და კახი ბევრ სპეკტაკლში ვპარტნიორობდით, ხან ჩემი მეგობრის როლი ჰქონდა, ხანაც - შეყვარებულის.

დიდი დანაკლისია მისი წასვლა, რუსთაველის თეატრის ოქროს ხანის შექმნაში დიდი წვლილი ზუსტად კახის მიუძღვის. მას ეხერხებოდა იუმორი, სიმღერა, ცეკვა, ურთიერთობა, სიყვარული. კახი დიდხანს ებრძოდა თავის ავადმყოფობას, არაფერს იშურებდა, თავისი ვაჟკაცური შემართებით დიდხანს ებრძოდა, მაგრამ ეს ისეთი ვერაგი დაავადებაა, რთულია მოერიო. რაც წლები გადის, მით უფრო ვეღარ ერევი, კახიმ რესურსი ამოწურა, ბრძოლის რესური.

დავით კვირცხალია, მსახიობი:

- კახი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც რუსთაველის თეატრში პარტნიორად დამხვდა. როდესაც მივედი, როგორც უფროსი ძმა, ისე დამიდგა გვერდით. მოგეხსენებათ, ამხელა სცენაზე პირველი ნაბიჯების გადადგმა მარტივი არ არის, პატარა ბიჭი ვიყავი, გამოუცდელი, ჩვენი სპექტაკლი "სალამურა" იყო, კახი ზღაპრულ გმირს თამაშობდა. ყველანაირად მეხმარებოდა რომ ფეხზე დავეყენებინე.

ჩვენ მოკრძალებული მეგობრობა გვაკავშირებდა და გამოცდილი მსახიობის პოზიციიდან რჩევებს მაძლევდა. საერთოდ, არა მარტო თეატრმა, არა მარტო მე და მისმა მეგობრებმა, მთელმა საქართველომ დაკარგა კახი, ისეთი კაცი წავიდა, რომ ვერავინ შეცვლის მას. თავისი ნიჭიერებით, თავისი შემართებით, სიდიადით კახი ძალიან გულში ჩასაკრავი, ჩასაყლაპი კაცი იყო. რომ გაიცნობდი, მალე გაგიქრებოდა გრძნობა, რომ ახალი გაცნობილი გყავდა. კავსაძე ყველას ნათესავი იყო. ამ კაცს რთული ბავშვობა ჰქონდა, რეპრესირებული მამის შვილი სტრესის შემდეგ შეიძლებოდა, დაბოღმილიყო და შეცვლილიყო, მაგრამ იმდენად დიდსულოვანი ადამიანი გახლდათ, ვერაფერი მოერია. სულ ცდილობდა, სიხარული სხვისთვის მიენიჭებინა. რამდენჯერ დეპრესიაში ვყოფილვარ მე ან სხვა ვინმე, შეგხვდებოდა, განგკურნავდა და წავიდოდა.

მურმან ჯინორია, მსახიობი:

- კახი კავსაძე, ეს იყო სცენის და ეკრანის სიხარული. როგორც კი კახი გამოჩნდებოდა სცენაზე, კახი კავსაძე გამოვიდა ახლა რაღაც მოხდებაო. იშვიათია ის, რაც მაყურებელს მისი გამოჩენის მოლოდინს აღუძრავდა. მხოლოდ დიდ მსახიობებს ახასიათებთ, როდესაც გამოდიან სცენაზე ან ეკრანზე და რაღაც სიხარულის, კარგის შეგრძნების ატმოსფეროს გიტოვებენ. მისი როლები განუმეორებელია ტემპერამენტით, ხმით, პლასტიკით. ვხედავდით, რომ კახი იყო, მაგრამ ისეთ მალამოს აცხობდა თავის როლებს, გადასხვაფერებული ხდებოდა მისი ყველა როლი. თითქოს, არაფერს ცვლიდა და ყველაფერი იცვლებოდა.

ასეთი გამორჩეული მსახიობები იშვიათად მოდიან და საწყენია, რომ მიდიან. კახის და მე ერთად 5 როლი გვექნება ნათამაშები. ერთი იყო, როდესაც მუშაობდა და მეორე იყო - როგორ ურთიერთობდა. თუ არ გინახავთ კახი, რომელიც ამბავს ჰყვება, მაშინ არ იცნობთ მას. ისე მოყვებოდა ამბავს, ისეთი იუმორით, რომ ყველას დააინტერესებდა ხოლმე. სხვას რომ იგივე ამბავი მოეყოლა, ეგეთი საინტერეოსო არ იქნებოდა, კახი რომ ჰყვებოდა, სხვა ხიბლი ჰქონდა.

ის ბრაზდებოდა, მაგრამ მე კახი ბოროტი არ მახსოვს, სულ ყოველთვის სახალისო, ენერგიით სავსე იყო, სიცოცხლეს გაგიხალისებდა. კახის სახით, დიდი სიხარული დააკლდება ჩვენს ქვეყანას.

(სპეციალურად საიტისთვის)