"თავის თავს გენიოსად არ წარმოსახავდა, მაგრამ იგი ნამდვილად გენიოსი იყო" - როგორ ეხმაურება რუსული მედია კახი კავსაძის გარდაცვალებას
"თავის თავს გენიოსად არ წარმოსახავდა, მაგრამ იგი ნამდვილად გენიოსი იყო" - როგორ ეხმაურება რუსული მედია კახი კავსაძის გარდაცვალებას
რუსული მასმედია ფართოდ აშუქებს ცნობილი ქართველი მსახიობის - კახი კავსაძის გარდაცვალების ამბავს: პრესაში დაიბეჭდა სტატიები, ტელეეთერში გადაიცა ვიდეოსიუჟეტები, ისაუბრეს რადიოგადაცემებში, მასალები გავრცელდა საინფორმაციო სააგენტოების მიერ.

გაზეთ "კომერსანტში" ("КоммерсантЪ") გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - "საბჭოთა კინოს შტატიანი ქართველი" (ავტორი - მიხეილ ტროფიმენკოვი), რომელშიც მიმოხილულია როგორც კახი კავსაძის სამსახიობო შემოქმედება - თეატრში და კინოში შესრულებული როლები, ასევე - მის ცხოვრებაში მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენებიც.

"1960-იანი წლების დასასრულს საბჭოთა რეჟისორები ერთმანეთთან "სოციალისტურ შეჯიბრში" ჩაებნენ, რომელ
ფილმში უფრო მკვეთრად და მკაფიოდ იქნებოდა გამოხატული ანტიგმირების, უფრო ზუსტად, საბჭოთა წყობის დაუძინებელი მტრების სახეები. ასე იყო, მაგალითად, "გაზაფხულის 17 გაელვებაში" ლეონიდ ბრონევოი (ჰენრიხ მიულერი), ოლეგ ტაბაკოვი (ვალტერ შელენბერგი)... მაგრამ ვერც ერთი და ვერც მეორე ვერ შეედრებოდა კახი კავსაძისეულ შავ აბდულას - ბასმაჩების ლიდერს, თავისი
ამაყი გამოხედვით, მიმზიდველი პროფილით და უკომპრომისო ხასიათით. აბდულა დიდი ბოროტმოქმედია: ფილმის მიხედვით, იგი კლავს გიულჩატაის და პეტრუხას, მაგრამ "ამხანაგი სუხოვი" მას მაინც პატივისცემით მოიხსენიებს: "იგი მებრძოლია და არა - ტურა, როგორც სხვები", - ნათქვამია სტატიაში.

პუბლიკაციაში ვრცლადაა მიმოხილული კახი კავსაძის ბიოგრაფიის მნიშვნელოვანი მომენტები, მშობლებთან დაკავშირებული პოლიტიკური ისტორია - პაპამისის, სანდრო კავსაძის ახლობლობა იოსებ სტალინთან, მამამისის - დავით კავსაძის თანამშრომლობა გერმანელებთან... "თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ იგი თბილისის რუსთაველის თეატრში მიიწვიეს, სადაც, ბრწყინვალედ შესრულებული როლების გამო, რეჟისორ რობერტ სტურუასათვის კახი კავსაძე ფეტიშურ მსახიობად იქცა", - აღნიშნავს ავტორი.

კახი კავსაძეს მრავალ ქართულ სრულმეტრაჟიან ფილმში აქვს შესრულებული მთავარი გმირების დამამახსოვრებელი სახეები, მაგრამ პარადოქსული ფაქტია, რომ ამ არისტოკრატმა, ვაჟკაცმა, გოლიათმა მსახიობმა მთავარი როლი მაინც მოკლემეტრაჟიანი ფილმების სერიალში შეასრულა, რეზო გაბრიაძის რეჟისორობით, რომელშიც სამი მეგზევე მუშის - გიგლას, აბესალომისა და ბესოს ყოველდღიური თავგადასავალია გადმოცემული, ლირიზმით სავსე.

ისეთი დიდი დრამატული როლები, რომლებიც კახი კავსაძის გენიას შეესაბამებოდა, მან ისეთ დროს შეასრულა, როცა ქართულ კინოს კრიზისის დაწყებამდე რამდენიმე წელი რჩებოდა: თენგიზ აბულაძის "მონანიებაში" (პროფესორის როლი, რომელმაც დაკითხვაზე აღიარა, რომ "ლონდონიდან ბომბეიმდე გვირაბს თხრიდა"), რეზო ჩხეიძის "დონ კიხოტისა და სანჩოს ცხოვრებაში" (მწუხარე სახის რაინდის სახე)... თავისი მოქალაქეობრივი პოზიცია გამოხატა კახი კავსაძემ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის გაწყვეტის მიმართ გიორგი შენგელაიას ფილმში "ორფეოსის სიკვდილი".
კახი კავსაძემ დაიმსახურა ის, რომ მასზე ვისაუბროთ არა როგორც მხოლოდ მსახიობზე, არამედ - უკეთილშობილეს ადამიანზეც: მისი მეუღლე, მსახიობი ბელა მირიანაშვილი 23 წლის განმავლობაში ავადმყოფობდა განუკურნებელი სენით, მაგრამ ბელა კახისთვის მუდამ პრინცესად, ხატად და ბედნიერების სიმბოლოდ რჩებოდა. იგი ჭეშმარიტად მწუხარე სახის რაინდი იყო", - ნათქვამია სტატიის დასასრულს. (წყარო)

----------

კახი კავსაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით რუსეთის სახელმწიფო ტელეკომპანია "Россия-1"-ის პროგრამა "Вести"-ში გადაიცა სიუჟეტი სათაურით - "თავის თავს გენიოსად არ წარმოსახავდა, მაგრამ იგი გარკვეულწილად ნამდვილად გენიოსი იყო", რომელშიც მაღალ დონეზეა შეფასებული ქართველი მსახიობის შემოქმედება. ვიდეოსიუჟეტში რუსი მსახიობი გენადი ხაზანოვი იხსენებს: "როცა მასთან ერთად - ამ უნიკალურ მსახიობთან ერთად სცენაზე გამოვდიოდი, მე მხოლოდ მას ვუყურებდი, დატყვევებული ვიყავი მისი ძლიერი ხასიათით".

"კახი კავსაძე ურთიერთობაში ძალიან უბრალო ადამიანი იყო და საკუთარ თავს გენიოსად არ წარმოსახავდა, მაგრამ გარკვეულწილად ის ნამდვილი გენიოსი იყო", - ამბობს კირილე რაზლოგოვი, რუსეთის კინოკრიტიკოსთა და კინომცოდნეთა გილდიის პრეზიდენტი, რომელიც პირადად კარგად იცნობდა კახი კავსაძეს.

"კახი კავსაძეს აღმერთებდნენ და მარადიულად თვლიდნენ. როცა ექიმებმა მას სასიკვდილო სენი დაუდგინეს, მას არ შეშინებია და ამბობდა - ყველაფერი მაინც გაგრძელდება", - აღნიშნულია მასალაში. (წყარო)

----------

ქართველი მსახიობის გარდაცვალებას ვრცელი გადაცემა მიუძღვნა რუსულმა ტელეკომპანია "ენტევემაც" ("НТВ"): "საოცარი ადამიანი" - მეგობრები და კოლეგები მსახიობ კახი კავსაძის შესახებ", - ასეთი სათაური აქვს ტელეარხის მიერ მომზადებულ და ეთერში გადაცემულ ვიდეოსიუჟეტს. (წყარო)


მოამზადა სიმონ კილაძემ

გურანდუხტი
29 აპრილი 2021 20:39
სამარადისო დიდება ღირსეულ მამულიშვილს.
ზურა
29 აპრილი 2021 09:11
ბუმბერაზი ადამიანი დავკარგეთ, კახი მარადიულია...
ლევანი
28 აპრილი 2021 15:50
აქაც კაი კაცი იყო და იქ ნათელი დაადგეს!
აცხონოს უფალმა!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები