"რადგან ირანელია ჩემი მეუღლე, ხშირად მეკითხებიან, რატომ არ ვატარებ თავსაბურავს ან როგორ მაცვია მოკლე მაისურები..." - კვირის პალიტრა

"რადგან ირანელია ჩემი მეუღლე, ხშირად მეკითხებიან, რატომ არ ვატარებ თავსაბურავს ან როგორ მაცვია მოკლე მაისურები..."

"ჩემი მეუღლე ყოველთვის აღნიშნავს, რომ საქართველოში თავს მშვიდად გრძნობს. მოსწონს ხალხი, მათი უშუალო და სტუმართმოყვარე დამოკიდებულება"

კორონავირუსის პანდემიამ სოციალური ქსელების მოხმარების სიხშირე გაზარდა. დღესდღეობით ახალგაზრდები და მათ შორის - მეც, ხშირად დღის თავისუფალ წუთებს "ტიკ-ტოკის" თვალიერებაში ვხარჯავთ. "ტიკ-ტოკზე" ვის აღარ შეხვდები, ზოგი იუმორით, ზოგი კი - მთელი სერიოზულობით იღებს ვიდეოებს. რამდენიმე დღის წინ ყველასთვის ნაცნობ "ტიკ-ტოკზე" ირანში გადაღებული ვიდეო შემხვდა - ქალაქის ფონზე თავსაბურავიანი გოგო ქართულად ირანის წესებზე გვესაუბრებოდა. დავინტერესდი და მარიამი სხვა სოციალურ ქსელებშიც მოვძებნე, მეტიც, მისი ისტორიის მოსასმენად 30 წლის მარიამ ლომიძეს ირანში დავუკავშირდი:

- საქართველოში ბოლო რამდენიმე წელი ოჯახური ბიზნესით ვიყავი დაკავებული, შეიძლება ითქვას, პანდემიამდე. ჩემი პროფესიაც ბიზნესის ადმინისტრირებაა, თუმცა ვფიქრობ, ჩემს შინაგან სამყაროსთან ახლოს უფრო ხელოვნებაა. მიყვარს ხატვა, კითხვა, ფსიქოლოგიური განხრით უფრო, მოგზაურობა, ვთვლი, რომ ყოველი ახალი რამის შეცნობის შემდეგ ადამიანის ხედვა იცვლება.

დაოჯახებული ვარ. ჩემი მეუღლე მედი მირზაი წარმოშობით ირანელია. პირველად, 2 წლის წინ ჩამოვედი ირანში და სრულიად გაოცებული დავრჩი. ისე დაემთხვა, რომ მანამდე ეგვიპტეში ვიმოგზაურე და განადგურებული, უსუფთაო ქალაქები ვნახე, რატომღაც ირანში უარესს მოველოდი. რეალობა სრულიად განსხვავდებოდა მოლოდინისგან. თავიდან აღფრთოვანებული ნანახს ახლობლებს ვუზიარებდი. სულ ცოტა ხნის წინ, კი ისევ ვესტუმრე ამ ქვეყანას და გადავწყვიტე ჩემი "ინსტაგრამი" გამომეყენებინა ამ კუთხით და საჯაროდ გამეზიარებინა, რეალურად თუ როგორი ქვეყანაა ირანი, აქაური ხალხი და მათი კულტურა.

- როგორც გვითხარით, თქვენი მეუღლე ირანელია, როგორ და სად გაიცანით ის?

- ერთმანეთი შემთხვევით გავიცანით საქართველოში. იმ კომპანიასთან გააფორმა ხელშეკრულება, სადაც მაშინ ვმუშაობდი. საქმიანი შეხვედრა იყო და არც მიმიქცევია ყურადღება. თან, სამწუხაროდ, მეც, ისევე, როგორც ბევრს საქართველოში, არ მქონდა კარგი წარმოდგენა ამ ერზე. ერთი წლის შემდეგ, როდესაც ისევ მოგვიწია შეხვედრა და სამსახურეობრივი ურთიერთობა, ვნახე მისი დამოკიდებულება თანამშრომლების მიმართ, უჩვეულოდ კეთილი და თავაზიანი იყო, დაფიქრებული, მშრომელი და წარმოდგენა შემეცვალა.

ჩემს მიმართ დიდი ყურადღება გამოიჩინა და თავისი კარგი თვისებებით მომხიბლა. უკვე სამი წელია, ერთად ვართ და დროდადრო მაინც ახერხებს ჩემს გაოცებას. სხვათა შორის, არ უყვარს, როდესაც ვინმესთან ვაქებ, ამის გამოცდილება გვაქვს. თუ მასზე ლაპარაკი დავიწყე მეგობრებთან, ღიმილი არ მშორდება და დროის შეგრძნებას ვკარგავ, ახლაც ვცდილობ, მოკლედ ვისაუბრო მასზე.

- ცოტა კიდევ გვიამბეთ, როგორი ადამიანია თქვენი მეუღლე და როგორები არიან ირანელები?

- ჩემს მეუღლეს დიდი ოჯახი აქვს - დედა, მამა და 6 და-ძმა. როგორც ჩანს, ძალიან გამიმართლა, რომ ჩემდამი ყველა მათგანს თბილი და მზრუნველი დამოკიდებულება აქვს. ხშირად მეკითხებიან, რატომ არ ვატარებ თავსაბურავს ოჯახის წევრებთან ან როგორ მაცვია მოკლე მაისურები. აქ ქალს თავსაბურავის მოხდა მხოლოდ ოჯახის წევრ მამაკაცთან, მამასთან, ქმართან და ძმასთან შეუძლია, ხოლო დის ქმართან და სხვა ნათესავებთან შესაბამისად ჩაცმული უნდა იყოს. მესმის და პატივს ვცემ ჩემი მეუღლის ოჯახს, რა თქმა უნდა, შემეძლო აქ ყოფნის პერიოდში შესაბამისად მოვქცეულიყავი, მაგრამ, პირველ რიგში, ჩემმა მეუღლემ არ ისურვა რამე ცვლილება შემეტანა ჩემს ქცევაში, შემდეგ კი - ნათესავებმა და ოჯახის წევრებმა. ყოველთვის მთხოვდნენ, მომეხადა თავზე და კომფორტულად მეგრძნო თავი.

განსაკუთრებულ სიყვარულს და პატივისცემას ვგრძნობ თითოეული მათგანისგან ჩემი კულტურისა თუ სარწმუნოების მიმართ, ვფიქრობდი, თუ რამე კარგი გამიკეთებია ვინმესთვის, ყველა სიკეთე ამ ოჯახისგან მიბრუნდება-მეთქი.

- თქვენი შეფასებით, როგორები არიან ირანელი მამაკაცები?

- ირანელი მამაკაცები არა მხოლოდ ოჯახის ფინანსურ მხარეზე ზრუნავენ, ასევე, ხშირ შემთხვევაში აქტიურად იღებენ მონაწილეობას საოჯახო საქმეებსა და შვილების აღზრდაში. ეს ყველაფერი ერთობლივად ხდება. მეუღლეების ურთიერთობაში ყოველთვის იგრძნობა დიდი პატივისცემა. ერთმანეთს თავაზიანი სიტყვებით მიმართავენ, გადაწყვეტილებებს ერთად იღებენ. ძალიან მომწონს მათი საუბრის კულტურა, თბილი ხალხია, მაგალითად სიტყვა "ძვირფასო", დიალოგისას ჩვეულებრივ მიმართვად ითვლება.

- ისიც გვითხარით, თქვენი მეუღლე რას ფიქრობს საქართველოზე და ქართველ ხალხზე?

- ჩემი მეუღლე ყოველთვის აღნიშნავს, რომ საქართველოში თავს მშვიდად გრძნობს. მოსწონს ხალხი, მათი უშუალო და სტუმართმოყვარე დამოკიდებულება. ასევე, დიდი აღმოჩენა იყო ჩემთვის, სპარსი ხალხის სტუმართმოყვარეობაც. ამ მხრივ ძალიან ვგავართ ერთმანეთს.

- საზოგადოებისგან თუ გრძნობდით განსხვავებულ ყურადღებას, გაკვირვებას ან ბრაზს, როდესაც იგებდნენ, რომ ირანელი მეუღლე გყავდათ?

- საზოგადიებისგან პირველი რეაქცია ყოველთვის არასახარბიელო იყო. მაგრამ გულთან არასდროს მიმიტანია მათი დამოკიდებულება. როდესაც დარწმუნებული ხარ შენს გადაწყვეტილებაში, რთულია, გარე შეფასებამ იმოქმედოს. მას შემდეგ, რაც საჯაროდ დავიწყე გაზიარება და ირანის გაცნობა ჩემი გამომწერისთვის, უფრო ნათლად დავინახე აგრესია სარწმუნოების გამო. საზოგადოების მცირე, მაგრამ გარკვეული ნაწილი იხსენებს ისტორიას და გმობს ჩვენ ორ ერს შორის ურთიერთობას. ჩემთვის ეს მიუღებელია. ისტორია სისხლით არის სავსე, არამხოლოდ საქართველო-სპარსეთს შორის. დღეს სხვა ცივილიზაციაა და ვფიქრობ, ადამიანებს ერთმანეთის კულტურის, სარწმუნოებისა და წარმომავლობის პატივისცემა უნდა შეგვეძლოს. ჩემი მეუღლეც ძალიან რაციონალურად უდგება ამ საკითხს.

ბევრმა ისიც სასიამოვნოდ გაიკვირვა, რომ ოჯახში სალოცავი კუთხე და ხატები მაქვს. ჩვენთვის ამაში საუცხოო და გადასაწყვეტი არაფერი ყოფილა. ვფიქრობ, კარგი მაგალითი ვართ იმისა, რომ განსხვავებული სარწმუნოება ჯიბრს და მტრობას არ ნიშნავს. უფალი ერთია და მთავარი მისი სიყვარულია, რაც თავისთავად შობს სიკეთეს და ერთმანეთის პატივისცემას.

- ბოლოს გკითხავთ - სამომავლოდ რას აპირებთ, რომელ ქვეყანაში დარჩებით?

- საცხოვრებელ ადგილზე ცოტა სხვა გეგმები გვაქვს. ამ ეტაპზე წინასწარ საუბარს მოვერიდები...

(სპეციალურად საიტისთვის)