"შევარდნაძე არასოდეს ერეოდა ჩვენს საქმეში... თავიდან სააკაშვილი და ბოკერია ძალიან მეხმარებოდნენ, ხოლო როცა ხელისუფლებაში მოვიდნენ..."
"შევარდნაძე არასოდეს ერეოდა ჩვენს საქმეში... თავიდან სააკაშვილი და ბოკერია ძალიან მეხმარებოდნენ, ხოლო როცა  ხელისუფლებაში მოვიდნენ..."
"ძალიან წინააღმდეგი ვიყავი, სააკაშვილი ხელისუფლებაში მოსულიყო, ვიცოდი, ეს კატასტროფა იყო, მაგრამ ქართველმა ხალხმა ასე ისურვა"

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილის ხელში არაერთმა ხმაურიანმა საქმემ გაიარა. დამოუკიდებელი ექსპერტის დადებული დასკვნები ხშირად ცვლიდა საქმის ვითარებას. ამბობს, რომ ურთულესი სიტუაცია დახვდა ამ სფეროში, როცა ის ლენინგრადიდან (დღევანდელი სანქტ-პეტერბურგიდან) სამშობლოში დაბრუნდა. ამის შემდეგ ბევრი იბრძოლა ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შესაქმნელად.

- ქალბატონო მაია, პანდემია ექსპერტიზების ჩატარებაში ხელს ხომ არ გიშლით?
- ჩვეულებრივ რეჟიმში ვმუშაობ ექსპერტიზებზე, ძირითადად
- დისტანციურად, ვიღებ დოკუმენტებს ადვოკატებისგან და ამ დოკუმენტებზე ვმუშაობ. პანდემიის პერიოდში გვამის ექსპერტიზაში მონაწილეობა რისკებიდან გამომდინარე არ მიმიღია, თავი შევიკავე. თან, სამწუხაროდ, მამა გარდ
ამეცვალა კოვიდით. დედაც საკმაოდ მძიმედ იყო, კარგი სპეციალისტების წყალობით გადარჩა... დახურულ სივრცეში გვამის ექსპერტიზა მაინც საშიშია და თავს უფლება მივეცი, არ მიმეღო ამ ვითარებაში მონაწილეობა. ცოცხალ პირთა ექსპერტიზას ჩვეულებრივ ვატარებ.

- გვამზე მუშაობა რთული არ არის?
- მე ჩემი ფილოსოფია მაქვს სიკვდილ-სიცოცხლეზე. ეგზისცენტრიალური თემები ყოველთვის მაინტერესებდა. როდესაც ქირურგიაში ადამიანის შინაგან ორგანოებს ნახულობ, ამას უკვე ეჩვევი და აღარ იღებ იმ გარდაცვლილს მიცვალებულად. ის არის ჩვეულებრივი პაციენტი, განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ცოცხალს შეუძლია თქვას, რა აწუხებს. სულის უკვდავების რწმენამდე მივედი ჩემი სპეციალობით. სული არსებობს და ამაში ეჭვი აღარ მეპარება. ზოგადად, ძალიან მინდოდა ქირურგობა, მაგრამ მაშინ ჩაწყობის გარეშე მუშაობას ვერ დაიწყებდი. ეს რომ ვერ მოხერხდა, ამიტომ წავედი ლენინგრადში სამუშაოდ. თავიდან სასწრაფოში ვმუშაობდი, იქ ჩავიხედე სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზაში და ამ პროფესიას გავყევი. ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე და იქ პროფესიონალად ჩამოვყალიბდი. ჩემი სპეციალობა პათანატომიისგან განსხვავდება. აქ არის ნაძალადევი სიკვდილი და სხეულის დაზიანებები. ხოლო პათანატომები დაავადებებს სწავლობენ. უფრო სხვა სპეციფიკაა, მაგრამ მაშინ მე მომიწია პათანატომიის სწავლაც... საქართველოში როცა დავბრუნდი და ექსპერტიზის ბიუროში ვმუშაობდი, მაშინ გამიჩნდა იდეა, დამოუკიდებელი ყოფილიყო ექსპერტიზა, მართალი გითხრათ განსხვავება რომ ვნახე მაშინდელ ქართულ ექსპერტიზასა და იმჟამინდელი ლენინგრადის ექსპერტიზას შორის, გავოცდი. მათი მუშაობის სტილმაც გამაკვირმა. სულ ვამბობდი, ამისთვის ვისწავლე-მეთქი?

- საქართველოში როდის დაბრუნდით?
- ყოფილ ლენინგრადში ჩემი ბინა მქონდა, მოქალაქეობაც და სამსახურიც. მე და ჩემი ქალიშვილი ერთად ვცხოვრობდით. მაშინ პირველ მეუღლეს გაშორებული ვიყავი. ჩემი შვილი იქ დადიოდა სკოლაში. ზვიად გამსახურდიას დროს ძალიან რთული პროცესები დაიწყო აქაც და იქაც. იქ მიდიოდა, ასევე, ებრაელების და კავკასიელების დარბევები. შიში იყო თავდასხმების. ქართველები სულ ვცდილობდით გარიდებას, რომ არ აღმოვჩენილიყავით მათი თავდასხმის ობიექტები. მართლა დიდი არეულობა იყო, ამიტომ ჩემი ქალიშვილი უფრო ადრე გადმოვიდა საქართველოში, ჩემს მშობლებთან. თან იქ რთული კლიმატია. სულ წვიმები. მე ბრონქიტისგან ჩინური ნემსებით კი განვიკურნე, მაგრამ ბავშვს ხომ ვერ გავუკეთებდი. ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც ჩემი შვილი გამოვუშვი, კლიმატიც იყო. ჩემი გოგონა რუსულ სკოლაში დადიოდა, მაგრამ მამაჩემს უთხრეს, პრობლემები შეგექმნება, თუ ქართულ სკოლაში არ შეიყვანო და მამამ გადაიყვანა ქართულში. მეხუთე კლასში იყო ბავშვი, ცოტა გაუჭირდა, მაგრამ დავძლიეთ ეს პრობლემაც. მერე დაიწყო ასეთი კამპანია, რომელი ქართველებიც რუსეთში ცხოვრობენ, მოღალატეები არიანო. რაც მთავარია, გაჩნდა იმის საშიშროება, რომ კავშირი სახელმწიფოებს შორისაც გაწყვეტილიყო და საქართველოში დავბრუნდი... მაშინ აქ ექსპერტიზის ბიუროს შენობა ავლაბარში იყო, ნახევრად დანგრეულ შენობაში დავიწყე მუშაობა. საოცარ პირობებში ვიყავით, ასეთი რამის წარმოდგენაც შეუძლებელი იყო. საქმისადმი მიდგომაც სულ სხვა, ჩემთვის ბევრი რამ აბსოლუტურად უცხო იყო... მაშინ დამებადა იდეა დამოუკიდებელი ექსპერტიზის. რამდენიმე წელი ამისთვის ვიბრძოდი. გია მეფარიშვილმა დაწერა მაშინ ახალი კოდექსი და საკანონმდებლო დონეზე დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზა შეიქმნა. იდეაც ჩემია, ნაომარიც ჩემია და მიხარია, რომ ეს მაშინ შევძელით.
მაია ნიკოლეიშვილი ქმართან, ნუგზარ ამირიძესთან ერთად
- ექსპერტიზის ბიუროს ხელმძღვანელად როგორ აღმოჩნდით?
- ამ დროს უკვე იყო შექმნილი დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზა და არასამთავრობო ორგანიზაციის ფორმით ვმუშაობდი. გრანტებს ვიღებდი და სოციალურად დაუცველებისთვის რეგიონებში ვაკეთებდი ექსპერტიზას უფასოდ. გადახდა უჭირდა ხალხს და უფასოდ დავდიოდი. ახლაც მეცინება, რომელ რაიონში სად რა მოსახვევია, ყველაფერი ზეპირად ვიცი. შეიძლებოდა, დილით ბათუმში ვყოფილიყავი და საღამოს - კახეთში. ბევრი მიმართულებაც შეცვალა ახალმა კოდექსმა. კარგი იყო, რომ დაზარალებულის დახმარების საშუალებას გაძლევდა, პირველივე წუთიდან შეეძლო დაზარალებულს საქმეში თავისი ექსპერტი ჩაერთო. შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა მოკლა ეს იდეა, არადა, თავიდან სააკაშვილი და ბოკერია ძალიან მეხმარებოდნენ. ხელისუფლებაში რომ მოვიდნენ, 2005 წლიდან, ფაქტობრივად, გააუქმეს და მოკლეს სასამართლო ექსპერტიზა. 2007 წელს კი საკანონმდებლო დონეზე მოკლეს.

- როდის გაიყო თქვენი და მიხეილ სააკაშვილის გზები?
- გაიყო მაშინ, როცა მიშა ვაკეში მაჟორიტარობაზე იყრიდა კენჭს. მეუბნებოდნენ, გვერდში დაგვიდექიო, მაგრამ ვამბობდი, არ მინდა პოლიტიკა-მეთქი. "ვარდების რევოლუციამდე" ორჯერ პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძესთან მქონდა შეხვედრა და ვამბობდი, აქ რაღაც მზადდება-მეთქი. საიდან გაქვს ეს ინფორმაციაო, მკითხა, ასე ჯდება ეს მოზაიკა-მეთქი და ვუთხარი ჩემი აზრი. მესმისო. შევარდნაძეს ვთხოვდი, პრეზიდენტს დაუქვემდებარე ექსპერტიზის ბიურო-მეთქი. ეს სისტემა შევარდნაძის დროს არის შექმნილი, ამერიკელებთან ერთად. შევარდნაძე არასოდეს ერეოდა ჩვენს საქმეში, როცა დამჭირდა, ორჯერ შევხვდი მას, 40 წუთით და მაშინ მთავრობის სხდომაზეც გაიტანეს საკითხი რეფორმირების შესახებ. ის ფორმა, რითაც დღეს მუშაობს ექსპერტიზა, მაშინდელია, ერთი განსხვავებით - უნდა შექმნილიყო სათათბირო ორგანო, ბორდი, მაგრამ ეს არ მოხდა. ამის მერე მუშაობდა ექსპერტიზის ბიუროში ლევან სამხარაული, მერე ის მოკლეს და დაერქვა მისი სახელი. ვთვლიდი, ერთი ადამიანის ხელში ამხელა რამის ჩადება არ შეიძლებოდა, ეს ბირთვული ჩემოდანივით არის, ბორდი ამას აუცილებლად დააბალანსებდა, რომელიც იქნებოდა გარედან მოსული ადამიანებით დაკომპლექტებული. მაშინ, შევარდნაძეს რომ ვუთხარი, იქნებ პრეზიდენტს დაექვემდებაროს-მეთქი, მითხრა, დღეს მე ვარ პრეზიდენტი და ამას კი მთხოვ, მაგრამ ხვალ შეიძლება ისეთი ვინმე გახდეს პრეზიდენტი, სანანებელი გაგიხდეს ეს თხოვნაო, ბორდში გაითვალისწინეთ პრეზიდენტის წარმომადგენელიო. დღეს სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო მხოლოდ პრემიერს ექვემდებარება. ეს მოხდა სააკაშვილის დროს, მაგრამ ბორდი არ შექმნეს.

- ექსპერტიზის ბიუროდან წამოსვლის შემდეგ დამოუკიდებელ ექსპერტად მუშაობდით, როგორც მახსოვს, სააკაშვილის დროს ამის საშუალებას არ გაძლევდნენ...
- კანონში ჩაიდო, ექსპერტიზა რომ ჩაგეტარებინა, უნდა გქონოდა ისეთი ლაბორატორიები და დანადგარები, რომელიც, დაახლოებით, მილიონ დოლარზე მეტი ჯდებოდა. კერძო ექსპერტიზისთვის კი ამის გაკეთება შეუძლებელი იყო. ამხელა თანხა რომ მქონოდა, რესტორანს გავხსნიდი და არა მორგს, რომელიც ვერასოდეს ვერ ამოიღებდა ამ თანხას. ასე რომ, მორჩა ამაზე ოცნებაც კი. პრაქტიკულად, 2005 წელს მოხდა არასახელმწიფო, დამოუკიდებელი ექსპერტიზის მკვლელობა. ზოგადად, ძალიან წინააღმდეგი ვიყავი, სააკაშვილი ხელისუფლებაში მოსულიყო, ვიცოდი, ეს კატასტროფა იყო, მაგრამ ქართველმა ხალხმა ასე ისურვა. თუ გახსოვთ, ორსული ქალი მოკლეს სპეცოპერაციის დროს, მიშამ ნულოვან ტოლერანტობაზე დაიწყო მაშინ საუბარი. მე კი მის კრიტიკაზე გადავედი და ვთქვი, რაც ხდება, ეს დაუშვებელია-მეთქი. მერე იყო ზურაბ ჟვანიას საქმე, რის გამოც ისინი მკაცრად გავაკრიტიკე.

- ჟვანიას საქმეზე რას იტყვით?
- არ ელოდნენ ამხელა ამბები თუ წავიდოდა ზურაბ ჟვანიას საქმეზე. მახსოვს, რა შიშით ვსაუბრობდით მაშინაც კი, როცა ჟვანიაზე ფილმი კეთდებოდა. მათ ვერ წარმოედგინათ ამის ქექვა. აბა, ვინ წარმოიდგენდა, რომ იმავე საღამოს ყვავივით დავჩხავლებდი. იმ დღესვე გამოვეხმაურე ვანო მერაბიშვილის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ვითომ ეს იყო CO-თი მოწამვლა. დილის რვა საათზე ამ დასკვნის დადება იყო პირდაპირ დაკვეთა ერთი მარტივი მიზეზით - ამ დროისთვის ლაბორატორიული კვლევა ჩატარებული ვერ იქნებოდა და გამორიცხული იყო, მერაბიშვილს ასე, უაპელაციოდ ეთქვა, რა იყო სიკვდილის მიზეზი. ჯერ კიდევ გაკვეთა არ იყო დამთავრებული, ექსპერტები აცხადებდნენ, რომ კონცენტრაცია CO-სი ორმოცი პროცენტიაო. მე ვთქვი, ეს არ არის სწორი, ეს კონცენტრაცია არ კლავს. მაშინ უნდა იყოს სამოცი, ან მეტი-მეთქი. მეორე დღეს ოფიციალური ექსპერტიზის შედეგები შეცვალეს და გამოაცხადეს, უსუპოვისა და ჟვანიას სისხლში CO სამოცი და მეტი პროცენტიაო. ჟვანიას საქმეზე მე არ ჩამიტარებია ექსპერტიზა, ახლოს ვინ მიმაკარებდა. არც ოჯახს მოუმართავს.
მაია ნიკოლეიშვილი ქალიშვილებთან ერთად
- სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით ციხეშიც აღმოჩნდით. მალე 10 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ განთავისუფლდით.
- მაშინ შეიქმნა საზოგადოებრივი მოძრაობა "წინ საქართველო". დაიწყო საოცარი ანტიკამპანია პატრიარქის წინააღმდეგ. აღსაყდრების დრო მოდიოდა, იყო მთელი სიბინძურეები. ჩემი დაცვა პატრიარქს არ სჭირდებოდა, მაგრამ გადავწყვიტე, რაღაც წვლილი მეც შემეტანა... ამ საზოგადოებრივ მოძრაობაში შევედი. არასდროს არც ერთ პარტიაში არ ვყოფილვარ, არც იმ პარტიის წევრი ვყოფილვარ, ანტისოროსის ქოლგის ქვეშ რომ იყვნენ. არც ფულის საშოვნელად წავსულვარ... ვიცოდი, ბეწვის ხიდი იყო, მაგრამ ვხედავდი ისტერიულ ანტირუსულ მოქმედებებს და ეს იმდენად ხელოვნური იყო, ვიცოდი, აუცილებლად გამოიწვევდა უკუქმედებას, რაც საქართველოსთვის მავნე იყო. ერთადერთი ხაზი, რომლითაც რუსეთი საქართველოსთან ლაპარაკობდა, გიორგაძის ხაზი იყო, სხვა ყველა გზა ჩაკეტილი იყო. მინდოდა ამ ბილიკზე გამევლო, ქართულ-რუსულ ურთიერთობებში სიმართლე რაც იყო, მომეტანა. არა ის დამახინჯებული, რაც გამოიწვევდა ანტირუსულ ისტერიას სახელმწიფოსთვის. მინდოდა, სიძულვილს აღვდგომოდი წინ. იმის გარკვევაც მინდოდა, ნამდვილად ასეთი სიძულვილია თუ ხელოვნურად იყო ეს ყველაფერი შექმნილი. მაშინ ძალიან ცუდ თამაშში აღმოვჩნდი რეალურად. ეს არც იყო ბრძოლა, ეს იყო გარკვეული პროექტი, რომელსაც ჰქონდა მიზნები. იმ დროს ჩვენ დაგვიჭირეს. ოღონდ ეს დაკავება რამეს გამკეთებელი არ იყო. ხომ შეიძლება ჰქონდეს ორგანიზაციას ძალა, რომ გადატრიალება მოხდინოს, ეს არ იყო ის ძალა, რომელიც ამას შეძლებდა. ეს გამორიცხული იყო და არც ყოფილა ამაზე საუბარი. პროექტის მიზანი იყო სულ სხვა. დარწმუნებული ვარ, მაშინ კოდორის ჩაბარება უნდა მომხდარიყო, ეს დაკავება რომ მოხდა ამით ეს თემა ცოტა ხნით დაიხურა, მაგრამ 2 წლის შემდეგ, 2008 წელს კოდორი მაინც გადაეცათ რუსებს.

ჩემი მშობლების აგარაკზე ვიყავი მეუღლესთან და პატარა, 11 წლის შვილთან ერთად. მეუღლის დაბადების დღე გადავიხადეთ 3 სექტემბერს და მერე აგარაკზე წავედით. დილის 5 საათზე მაღვიძებს ჩემი გოგო, დედა მოვიდნენო. მეუღლე და მძღოლი სხვა ოთახში იყვნენ ამ დროს. ვხედავ, ვიღაც რაღაცას მანათებს, სანამ სათვალე გავიკეთე და შევხედე, ავტომატი აქვთ ნიღბიანებს მოშვერილი. ეს იყო აბსოლუტური შოკი. ყაჩაღები მეგონა, ბავშვი არ შემიშინოთ და ყველაფერს მოგცემთ, რა სამკაულიც მიკეთია-მეთქი. ამ დროს პროკურორი შემოვიდა. რომ გავიგე ბრალი წაგეყენათო, ამოვისუნთქე, მივხვდი ყაჩაღები არ იყვნენ. თურმე, ჩემს მეუღლეს დაუნახავს ვიღაც ავტომატიანი ღობეზე რომ ძვრებოდა და უკან მოსდევდა კიდევ ვიღაც ვიდეოკამერით. მეუღლეს გაუღია მათთვის კარი, ამის შემდეგ დაუყვირიათ მისთვის, ხელები ზევითო. მე გაგიღეთ კარი და ახლა ხელების აწევას მთხოვთო? მეუღლეს იარაღის ტარების უფლება ჰქონდა, ყოფილი ძალოვანია. პროკურატურიდან თავისი სურვილით წამოვიდა, თქვა, არ შემიძლია იქ მუშაობაო. მიუღებელი იყო მისთვის ის, რაც იმ პერიოდში სისტემაში ხდებოდა და გაერიდა იქაურობას, სამსახური მიატოვა. მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ მას იარაღი ექნებოდა. სახლში ჩხრეკა ჩაატარეს, არაფერი კანონსაწინააღმდეგო იქ არ იყო. მითხრეს, ჩაიცვით და წამობრძანდითო, ვუთხარი ერთი წუთით-მეთქი და თვალების დახატვა დავიწყე, გაუკვირდათ, ეს თვალების დახატვაზე ფიქრობსო, არადა, ეს ისეთი პროცედურა იყო ჩემთვის, ტანზე რომ ჩაიცვა ადამიანმა. მანქანაში ჩაჯდომამდე შეშინებულ ბავშვს და მეუღლეს ერთი გავხედე. მიმიყვანეს საბურთალოზე, "გუდვილის" შენობასთან, ადრე იქ ტრავმაი-ტროლეიბუსის პარკი იყო. სიცხე იყო საშინელი, თავზე მედგნენ ნიღბებით, ვკითხულობ, რა ხდება-მეთქი, ხმას არავინ მცემდა. რამდენიმე მანქანა მოვიდა, ამ დროს დავინახე მაია თოფურიას თმები და მივხვდი, რაღაც ხდებოდა. ცაზე ვერტმფრენები დაფრინავდნენ. სრული სიგიჟე იყო, პასუხს არავინ მაძლევდა. მერე "მოდულში" მიმიყვანეს. წლების შემდეგ, როცა ამ საქმეზე ჩვენი რეაბილიტაცია მოხდა და მოდულში მივედი, მეკითხებოდნენ რომელ სართულზე და რითი აგიყვანესო, ვამბობდი, ლიფტით-მეთქი, არადა, იქ თურმე ლიფტი საერთოდ არ იყო. იმდენად ვიყავი ემოციებში.

- რა შეგრძნება იყო თქვენთვის, როცა ციხის კარი მოგიხურეს?
- რკინის კარი რომ მიიხურა, ეს იყო საოცრად რთული შეგრძნება. იცი, ეს ერთხელ გაიღო შენთვის და არ გაიღება. მანამდე ციხეში ბევრჯერ ვყოფილვარ, საქმიდან გამომდინარე, მაგრამ რომ შევდიოდი, ვიცოდი რამდენი რკინის კარი იკეტება ჩემს უკან, მაგრამ ისევ იღებოდა. როცა იცი, შენს ზურგს უკან იკეტება ეს კარი და გესმის ეს საშინელი ხმა, ეს კი სულ სხვა გრძნობაა. ახლა არ ვიცოდი, როდის გაიღებოდა. ციხეში ძალიან ადამიანური დამოკიდებულება იყო. ზრდილობიანად მომმართავდნენ. თავიდან საკანში ერთი ქალი იჯდა, რაღაცას აპროტესტდებდა, ქალს პოლიტიკაში რა უნდაო, ის გაიყვანეს. მახსოვს, ბევრი წიგნი იყო. ვიჯექი და ვკითხულობდი სახარებას და ლოცვებს. ჩემს ხელში აღმოჩნდა წიგნი სახელმწიფო გადატრიალებაზე, ოღონდ - აფრიკაში, ესეც ალბათ სიმბოლური იყო. მინდოდა, საპირფარეშოში გასვლა და ხელით დავაკაკუნე, იმ სისქე რკინის კარი იყო, დაკაკუნებას ვერ გაიგებდნენ, ამიტომ კოვზი ავიღე და კოვზით დავაკაკუნე ხმამაღლა, მაშინ ამ ხმაზე მივხვდი, აღარ მოვკვდებოდი. "კარმუშკას" ნუ დაკეტავთ, ძალიან მცხელა, აქ ჰაერი არ არის-თქო. მერე იყო საუბრები სუსის წარმომადგენლებთან, ძალოვანებთან.

- აღიარებას ითხოვდნენ?
- მოითხოვდნენ ბრალის აღიარებას. მაშინ ჩემი უფროსი ქალიშვილი მოსკოვში იყო, ასპირანტურაში უნდა ესწავლა და ამიტომ იქ დავტოვე. სწორედ იმ პარტიის ხელმძღვანელი (იგულისხმება გიორგაძე - ავტ.) ვინც იყო, მათ ბინა გამოუყვეს და იქ ცხოვრობდა. მეშინოდა, მივხვდი, ხაფანგში ვიყავი, რადგან ჩემი შვილის ყველა ნაბიჯს მიყვებოდნენ. ხომ უყვარს საღამოს ქალაქში მანქანით სიარულიო, მივხვდი გაშიფრული იყო ჩემი შვილის ყველა მოძრაობა. მუქარები სუსისგან მოდიოდა. თავიდან ვამბობდი, გამორიცხულია, არ ვაღიარებ-მეთქი, მაგრამ ცუდ სიზმარშიც არ მინახავს ასეთი რამ, რაც იქ ხდებოდა. მაშინ მაია თოფურია იყო ჩემთან, ვუთხარი, მე ამას ვერ გავუძლებ-მეთქი. ის აღიარება, რასაც ითხოვენ, სრული სიგიჟეა, მაგრამ სხვა გზა არ დამიტოვეს. ბოლოს ვთქვი, ოღონდ ჩემი შვილი მანახეთ, მას ხელი მოვკიდო, დავრწმუნდე, უვნებელია და ვაღიარებ-მეთქი. ჩამოიყვანეს მაშინ ჩემი შვილი. პრობლემა ისიც იყო, ჩემი ქალიშვილისთვის ნათქვამი მქონდა, რაც უნდა მოხდეს, ვინც უნდა დაგირეკოს, გინდა გითხრან, ბაბუ გარდაიცვალა, რომელიც ასე ძალიან გიყვარს, არავის ნათქვამი არ დაიჯერო, თუ ჩემს ხმას არ გაიგონებ- მეთქი. მაშინ რამდენჯერმე შევამჩნიე, რომ მითვალთვალებდნენ და ამიტომ ვიჩენდი სიფრთხილეს... ამ დროს ურეკავს ჩემი ძმა და ეუბნება, დედაშენის დავალებით ვრეკავ, როგორც ხარ ახლა, ისე წამოდიო. მაგდა ამბობდა, შენი ნათქვამი მახსოვდა, არ ვიცოდი, რა მექნა, ავაგდე ფული და ვითამაშე "არიოლი და რეშკა", დაეცა "არიოლის" მხარეს და წამოვედიო. როგორც იყო ჩაცმული, ისე წამოვიდა, მანქანა, ნივთები - ყველაფერი დატოვა. აეროპორტში რომ მივედი, უკვე ვტიროდი, მაგრამ თვითმფრინავში ფრჩხილები გავიკეთე, ვიფიქრე, ფორმაში მაინც ვიყო, იქნებ მეც დავეჭირეთო. მაგდა ჩამომიყვანეს, ჩემი მეუღლე და ძმაც შემოვიდა ციხეში. მაშინ მეუღლეს ვკითხე, რა გავაკეთო-მეთქი. იცოდა, არარსებულის აღიარებას რომ მთხოვდნენ, მითხრა, შენი გადასაწყვეტია, დღეს ხომ იცი 37 წელიაო. დახვრეტა რომ არ იყო, ეს იყო იმედი, მითხრა ისიც, რამდენი წელი მემუქრებოდა. მაგდას ხელი მოვკიდე და ვთქვი, მოვაწერ-მეთქი. სადღაც ამიყვანეს ზევით, კამერები ჩართეს და ცოტა ხანში შეწყვიტეს. მითხრეს, ხელმძღვანელობამ თქვა, დამაჯერებელი არ ხართ, ხომ იცით, ყველაფერი ისევ უკუღმა შეტრიალდებაო. დამაჯერებლობა უნდა გამომეჩინა და ასე ჩაიწერეს ის "აღიარება".

გირაოს თანხაც გადაიხადეს თვითონ და გამომიშვეს. სადარბაზოში კამერები იყო. ერთი თვე მანქანები იდგა ჩემს ქუჩაზე, ამას ყველა ხედავდა. არანაკლებ მძიმე იყო ის ერთი წელი, სახლიდან არ გამოვდიოდი. მთხოვეს, სასამართლო პროცესებამდე "მოდულში" კიდევ მივსულიყავი და რეპეტიცია გამევლო. იმ შენობაში არ მივალ-მეთქი და მაშინ პირველად ინგა გრიგოლიას ნომერზე დავრეკე. მისმა შვილმა მიპასუხა, ცოტა ხანში დარეკეთო. ინგასთან ვაპირებდი ამ ყველაფერზე საუბარს, ვეღარ ვუძლებდი. მოხდა ისე, რომ მერე აღარ წამიყვანეს...

ძალიან ბუნდოვნად მახსოვს სასამართლო პროცესები. ჟურნალისტები რომ მომდევდნენ, ვიცოდი, მხოლოდ კომენტარი უნდოდათ, მე, როგორც ადამიანს, ჩემს ტკივილს კი ვერ ხედავდნენ. მერე სახლში ჩავიკეტე. მეუბნებოდნენ, რა მნიშვნელობა აქვს ამ ყველაფერს, თუ ასე მოკვდებიო. არანაკლებ მძიმე იყო ჩემთვის ის ერთი წელი. მერე პრობაციაში დავდიოდი კვირაში ერთხელ. ჩვენი უბნის "შავები" და "ავტორიტეტები" ხუმრობდნენ ამაზე, ასე ხშირად ჩვენ არ დავყავართო. მე და ჩემს უმცროს შვილს ერთი წელი ფსიქოლოგის დახმარება დაგვჭირდა. ბავშვს ეგონა, რომ დედა მოუკლეს. მაინც სხვა ყოფილა, როცა რეაბილიტაცია მოხდა, მე მაშინ ამოვისუნთქე. მერე დავიწყე ფსიქოლოგიის შესწავლა. ერთი წელი სახლში ჩაკეტილი, მარტო წიგნებს ვკითხულობდი, სხვას ვერაფერს ვაკეთებდი. ტელეფონი დადუმდა, თითო-ოროლა ნათესავი თუ მირეკავდა. ადამიანურად ეს მესმოდა, ხალხს ეშინოდა. მე, ადამიანმა, რომელიც სიგიჟემდე ვიბრძოდი ყოველთვის სიმართლისთვის და ყველაზე დიდი ტყუილის თქმა მომიწია, სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა შეიარაღებული ამბოხის გზით, ეს ვაღიარე, წარმოგიდგენიათ, რა რეჟიმში ვიყავით? აქედან გამომდინარე, მესმოდა, ადამიანები რომ ვერ კონტაქტობდნენ ჩემთან, არავინ გამიმტყუნებია, არ მწყენია. ჩვეულებრივ "კონცლაგერში" ვიყავით, ოღონდ სოლომონის ვარსკვლავი არ მეკეთა მხარზე. მაშინ ხეზე ჭრაზე დავიწყე სიარული, პატარა ბიჭებთან ეს ხელობა შევისწავლე და აგრესია, დაგროვილი, ამაზე გადადიოდა. მახსენდება ყველაფერი, რადგან ჩემ გამო ჩემი შვილები ზარალდებოდნენ ყოველთვის. მახსოვს, ჩემი ქალიშვილი, მაგდა წავიდა მეგობრის ქორწილში და იქიდან მობრუნებულმა მითხრა, დედა, ჩემი უახლოესი მეგობრები ცალკე ისხდნენ, ჩემთან არ დასხდნენო, იმიტომ, რომ ის ჩემი შვილი იყო, გარიყული იჯდა. ეს ძალიან მწარედ მახსენდება.... მერე ფსიქოლოგიის კურსი გავიარე, ვიარე ასევე ინგლისურის კურსებზე. დღემდე ვსწავლობ. ახლა გავდივარ გეშტალტის ფსიქოლოგიას, ძალიან საინტერესოა - ტყუილის ამოცნობა და ფსიქოტიპის დეტექცია არაკონტაქტური მეთოდით. ვარ ამ სიამოვნებაში და ვსწავლობ, სერთიფიკატი უკვე ავიღე და ახლა მეორე კურსს ვამთავრებ. ოპერატიული ფსიქოლოგიის კურსიც გავიარე. ძალიან საინტერესოა, ფსიქოტიპით ამოიცნო, ადამიანი რისი გამკეთებელია და ის, რას არ გააკეთებს. ახლა ტყუილის დეტექციას გავდივარ. ძალიან საინტერესო საკითხებს მივყვები. მშვენივრად ვხვდები, სად არის ტყუილი და სად სიმართლე. თითქოს მხედველობა გიუმჯობესდება, როცა უყურებ ადამიანს და ხვდები ის ტყუილს ამბობს თუ მართალს. ორ წუთში გააკეთებ ფსიქოტიპირებას.
მაია ნიკოლეიშვილი ქალიშვილებთან და მშობლებთან ერთად
- თქვენს ოჯახზეც გვიამბეთ...
- მყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. უმცროსი გოგონა გათხოვილია, ტყუპის ბებია ვარ, წლის და 7 თვის შვილიშვილები მყავს, უტკბილესები. რომ მოდიან ჩემთან, პირდაპირ ჩემს სამუშაო მაგიდასთან მიდიან. უჭირავთ სახატავი და ხატავენ. ჩემს მაგიდასთან მოსვლა არის მათი სიხარულის მწვერვალი. ძალიან გვაბედნიერებენ.
მაია ნიკოლეიშვილის მეუღლე შვილიშვილებთან ერთად
- საოჯახო საქმეები გეხერხებათ?
- ცოტა ზარმაცი ვარ, დიდ დიასახლისობას ვერ დავიკვეხნი. მირჩევნია, უფრო სხვა საქმე გავაკეთო. საოცრად მიყვარს ყვავილები, მხატვრული ლიტერატურა, ფოტოგრაფირება, მოგზაურობაზე ვგიჟდები, მაგრამ ახლა რომ არ შეიძლება, სხვა რაღაცით ვანაცვლებ.

(სპეციალურად საიტისთვის)

მკითხველის კომენტარი (4)
კოტე ბრეგვაძე
31 ივლისი 2021 21:07
მაია, შემთხვევით, სააკაშვილის ინიციატივით ხომ არ დაგნიშნეს ექსპერტიზის სამსახურის ხელმძღვანელად?
30 აპრილი 2021 09:36
საქართველოს ყოველთვის სჭირდება ასეთი ძლიერი სპეციალისტები.ხელისუფალნი,რომელნიც ხელს უშლიან პროფესიონალი ადამიანების მოღვაწეობას დიდ დანაშაულს ჩადიან ქვეყნის წინაშე.
რუსეთის მოქალაქე
28 აპრილი 2021 20:56
მე პირადად ასეთი კამპანია-ვინც რუსეთშია, ის ქართველები მოღალატეები არინო, არ მახსოვს ...
beso
28 აპრილი 2021 17:24
ქ-ნ მაია საინტერესო ადამიანია. მეგონა მეტს შეძლებდა. რასაც შემდგომ კითხულობს ან აკეთებს წესით ადრე უნდა გაევლო. მას ეს მოეთხოვება. გეშტალტის ფსიქოლოგიაც ადრე უნდა გაევლო და დაფაილებაც ადრე უნდა ესწავლა. ჩემთვის საინტერესოა დანახვების გაზრდა, რადგან ბევრი სურათი ან ადრე იჭრება, ან უკეთესი ალგორითმი იხსნება. სადღაც დეფიციტებია და ვერ გადიხარ წინ, ვერც საერთოსა და ვერც ცალკეულში. რაღაცას გაკეთება უნდოდა და მიტოა საინტერესო.

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები