ასე მგონია, მას დაბადებიდან ვიცნობდი, რადგან... - კვირის პალიტრა

ასე მგონია, მას დაბადებიდან ვიცნობდი, რადგან...

ასე მგონია, მას დაბადებიდან ვიცნობდი, რადგან... ჩემს ოჯახში მისი ბაბუა, უდიდესი ლოტბარი სანდრო კავსაძე ძალიან მნიშვნელოვანი და პატივსაცემი ადამიანი იყო - ბებია და მისი ექვსი და ჭიათურაში ცხოვრობდნენ და მის გუნდში მღეროდნენ. ყოველი ბაღის თუ სკოლის არდადეგების ნაწილს ჭიათურაში ვატარებდი, მიყვარდა ბებიების მოთხრობილი ამბების მოსმენა და ასე, ნელ-ნელა გავიგე, რომ სანდრო კავსაძის ოჯახი გვენათესავებოდა კიდეც, თანაც მისი შვილიშვილის - ანზორ კავსაძის სახლი იქვე იდგა, ჩვენი სახლის მეზობლად და სათამაშოდაც ხშირად გადავსულვარ მათ ეზოში. მერე ისიც გავიგე, რომ ამ უდიდესი ლოტბარის შვილები - გიგუშა და დათაშკა კავსაძეები თავადაც დიდი ლოტბარები იყვნენ, არადა, მანამდე მხოლოდ ჩემი უსაყვარლესი ბებიის - გოგუცა ლეჟავას ძმაკაცები მეგონენ (ასე მოიხსენიებდა ხოლმე მათ ჩემი გოგუცა ბებია და ერთად გადახდენილ თავგადასავლებზეც ხშირად მიყვებოდა)... რა ბედნიერი ვიყავი, როდესაც შევიტყე, რომ ჩემი უსაყვარლესი მსახიობი კახი კავსაძე სწორედ ჩემი ბებიის ძმაკაცის - დათაშკას შვილი იყო.

ძველი, გახუნებული ფოტო

ერთ ზაფხულს, ბებიასთან სოფელში სტუმრობისას (ბებია უკვე ძალიან ასაკოვანი იყო), მან ორი, ძალიან ლამაზი მამაკაცის ფოტო გამომიტანა და მთხოვა, თბილისში რომ ჩახვალ, ეს ფოტო აუცილებლად მიუტანე კახი კავსაძეს, მას ეკუთვნის, რადგან ეს ლამაზი კაცები მისი მამა დათაშკა და ბიძა გიგუშა არიანო. ცხადია, ბებიას ისედაც აუცილებლად შევუსრულებდი სურვილს, მაგრამ თან ორმაგად მიხაროდა, რადგან ჩემთვის ძვირფას ადამიანს პირისპირ შევხვდებოდი. მართლაც, თბილისში ჩამოვედი თუ არა, მალევე დავურეკე და რადიოსთვის ინტერვიუ ვთხოვე, ფოტოზე კი არაფერი მითქვამს, სიურპრიზად ვინახავდი... წლები გავიდა და ის დღე, ის სახლი, ის მზით სავსე მისაღები ოთახი, სადაც თავად შემიძღვა, დღესაც კადრებად მახსოვს. ვისაუბრეთ და მიხაროდა, რომ ზუსტად ისეთი ადამიანი დამხვდა, როგორიც წარმომედგინა, როგორიც ძალიან მიყვარდა... შორიდან. კარგა ხანს დავყავი მასთან და წესით, უკვე უნდა დავმშვიდობებულიყავით, რომ ჩანთიდან ფოტო ამოვიღე და ტექსტიც მივაყოლე... ვერ გადმოვცემ, რა დაემართა. უცებ ცრემლებით აევსო თვალები. - კაცო, ეს საიდან მოიტანე, ეს არასდროს მინახავს, ჩვენ არ გვქონიაო, - თითქოს თავისთვის ლაპარაკობდა. ავუხსენი, რომ ფოტო ბებიას გიგუშამ და დათაშკამ აჩუქეს სამახსოვროდ, ბებიამ კი გადაწყვია, რომ ეს ფოტო მის ოჯახს უნდა დაბრუნებოდა. თეატრში ეჩქარებოდა, მაგრამ აშკარად აღარ ვეთმობოდი, მთხოვდა, ამბებიც მომიყევიო, ბებიას ძმაკაცის - დათაშკას ამბები აინტერესებდა...

კახო

მსახიობი ნანუკა ხუსკივაძე საკმაოდ სიტყვაძუნწია და არც ინტერვიუები უყვარს. მასთან ერთადერთხელ ჩავწერე ინტერვიუ და სწორედ ჩვენი წინაპრების მეგობრობის წყალობით დავიყოლიე. წლების შემდეგ ჩვენი გზები ზუგდიდში გადაიკვეთა, როდესაც ხელოვნებათმცოდნე ხატია ჯანაშიამ რუსთაველის თეატრის მიმდინარე რეპერტუარის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპექტაკლი, რეჟისორ გოჩა კაპანაძის დადგმული "მოხუცი ჯამბაზები" გასტროლით მიიწვია თავის ქალაქში. სპექტაკლი, ალბათ, არასდროს დაავიწყდება ზუგდიდს, ფაქტია, ვერაფრით ელეოდნენ მსახიობებს და სცენიდან არ უშვებდნენ. სპექტაკლის შემდეგ ყველანი რესტორანში უნდა წავსულიყავით, მაგრამ ბატონმა კახიმ, რომელიც მანამდე ავადმყოფობდა, იმხელა ენერგია დახარჯა სცენაზე, ძალიან გადაიღალა და თანაც - სრულიად სველი იყო. ნანუკა ძალიან ღელავდა, არ გაცივდესო. მას შევთავაზეთ, ბატონ კახის და ბატონ ჯემალ ღაღანიძეს სასტუმროში წავიყვანთ, ცოტას დაისვენებენ, ტანსაცმელს გამოიცვლიან და ამის მერე მოვიყვანთ რესტორანში-თქო. მართლაც ასე მოვიქეცით, ნანუკაც ძალიან ბედნიერი იყო და - მშვიდად. მომაგონდა, წლებით ადრე ნანუკა ოჯახზე რომ მესაუბრებოდა, მიამბო: - მშობლები ადრე გაიყარნენ და ვიცი, გაყრა მძიმე რამ არის, მაგრამ მე არ მტკენია, რადგან ამით ტრაგედია არავის შეუქმნია - არც დედას, არც მამებს და არც ბებიას. რაც თავი მახსოვს, მახსოვს კახოც (ასე მოიხსენიებდა ხოლმე ბატონ კახის) და მამაც. ორი მამაკაცი და ორივე - მამა, რომლებიც მუდამ ეჯიბრებიან ერთმანეთს, ვინ მეტ მამობას გამიწევს. შიგადაშიგ კომიკურებიც არიან: იუზამ რომ ფეხი მოიტეხა, კახომ ყველაფერი გააკეთა მისთვის, მეორე დღეს კი გამომიცხადა: მგონი, მეც ფეხი მოვიტეხეო. გავგიჟდი კინაღამ. ერთს ატკივდება, მეორეც იტკიებს - ამითაც ეჯიბრებიან, რომელიმეს ყურადღება რომ არ მოვაკლო. ასეთივე უალტერნატივო იყო მათთვის დედა. კახოსთვის ბელა იყო და არის სრულყოფილება, "ფანტასტიკაო"...

ამბები კახიზე

ზუგდიდში "მოხუცი ჯამბაზების" სათამაშოდ კახი კავსაძემ და ჯემალ ღაღანიძემ თეატრის დასს დაასწრეს და ერთი დღით ადრე მატარებლით ჩამოვიდნენ. მათთან ერთად ორი დაუვიწყარი დღე გავატარე და უდიდესი შთაბეჭდილება გამომყვა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ერთი და იგივე მეორდებოდა: ბატონი ჯემალი იწყებდა საუბარს, მოულოდნელად დასჭექდა მის გვერდით მჯდომი ბატონი კახი, შეახტუნებდა შეშინებულ ბატონ ჯემალს სკამზე და დაიწყებდა ამბის მოყოლას. ბატონი ჯემალი კვლავ მშვიდად უსაყვედურებდა: ლაპარაკი რომ მოგინდება, ეგრე ნუ დაიყვირებ, გული მისკდება, ლამის სკამიდან გადავვარდი კაციო. - აღარ შემიძლია ამის აღზრდა-განათლებაო! - ერთი ტონით აამაღლებდა ხმას ბატონი კახი და განაგრძობდა: ბერიკაშვილი იყო და, მჭამდა, შენზე უფროსი ვარ და შენზე ჭკვიანიო. იქამდე "განაგლდა", ისიც კი მითხრა, შენზე ლამაზიც ვარო. გავგიჟდი: მალე, ალბათ, იმასაც იტყვი, შენზე მაღალიც ვარო! - დიახ, შენზე მაღალიც ვარ, აბა, რაო! - იხტიბარს არ გაიტეხდა ხოლმე! რუსთაველელთა გასტროლის ორგანიზატორის, ხატია ჯანაშიას ოჯახს ვსტუმრობდით. სუფრა გაიშალა და ვიდრე მაგიდას შემოვუსხდებოდით, ხელის გადასაბანად გასულმა კახი კავსაძემ და ჯემალ ღაღანიძემ ოთახის შიდა თაღის ქვეშ გაიარეს. წინ ბატონი კახი მიდიოდა. ბატონმა ჯემალმა თვალი გააყოლა და, - ხედავ, კახი, შენზე მაღალი ვარო! - აშკარად გასახელებლად დაუძახა. მე - ნეიტრალურმა ადამიანმა ვითარება ობიექტურად შევაფასე და ბატონ ჯემალს არ დავეთანხმე: ასე იმიტომ გგონიათ, რომ თაღის ქვეშ გავლისას ბატონი კახი ძალიან მოიხარა-მეთქი. გაიხარა ბატონმა კახიმ: გაიგე, ჯემალ, თუ ვერ გაიგეო?! მშვიდობისმოყვარე ბატონმა ჯემალმა ღიმილით გამოსძახა: შემეშვი ახლა, შენ ჩემზე მაღალიც ხარ და დიდიცო! - დიდი, ბიჭი, შენ ხარ. მე პატარა ვარ და ახალგაზრდაო! - არ ჩამორჩა ბატონი კახი. - რაც ვართ, კარგები ვართ, კახი, მთავარი ის არის, სიყვარული გვაქვს ერთმანეთთანო, - "დაზავება" ამჯობინა ბატონმა ჯემალმა.

ათას ამბავს და ამ ამბებთან გადაჯაჭვულ დიდ ადამიანებს იხსენებდნენ, თავადაც დიდები, შიგადაშიგ სიმღერასაც შემოსძახებდნენ, ხუმრობდნენ, სიტყვებით პაექრობდნენ, გვესიყვარულებოდნენ, შემდეგ კვლავ დასჭექდა ბატონი კახი, კვლავ უსაყვედურებდა ბატონი ჯემალი, - მარცხენა ყური ჯერ კიდევ მჭირდებაო, არ "შეარჩენდა" მეგობარი: რა გინდა, ბიჭოო? - ხმას აუწევდა და ბატონი ჯემალიც მიაყოლებდა სიმღერას: რა გინდა, ბიჭო, რას მერჩი, რა დაგიშავეო! წამში შეუერთდებოდა პირველი, მეორე, მესამე ხმები და გუგუნებდა იქაურობა... დიდი სიყვარულით! ბატონ კახის გაცივების ეშინოდა და ორპირს გაურბოდა, ამიტომ მანქანით მგზავრობისას ხშირად ვხურავდით ფანჯარას, მისთვის რომ არ დაებერა. საოცრად თბილი და კეთილი ბატონი ჯემალი ხმადაბლა და ოსტატურად გაკენწლავდა ხოლმე, რასაც ბატონი კახის რიხიანი შეპასუხება მოსდევდა და ასე გრძელდებოდა უსასრულოდ. ამას კიდევ ამბების კრიალოსანი მოჰყვებოდა - ბატონი ჯემალის მოთხრობილი თავგადასავლები, რომლის უმეტესობა, ძირითადად, კახი კავსაძეს უკავშირდებოდა. ამ ამბების მოსმენისას ხან სევდით ვიღიმოდით, რადგან მისი გმირების უმეტესობა ამქვეყნად აღარ არის, ხან სიცილით ვიხოცებოდით, განსაკუთრებით მაშინ, თუ კომენტარებით ბატონი კახი ჩაერთვებოდა.

მახსოვს, ბატონმა ჯემალმა გაიხსენა, ერთ-ერთი მგზავრობისას როგორ გადაურჩნენ სიკვდილს: - კახის "გაზ 24" ჰყავდა, "ვოლგა". მე, გურამ საღარაძე და კახი მანქანებით წავედით კიევში. კახის ქალბატონი ბელა და ბავშვებიც მოჰყავდა - ნანუკა და ირაკლი. ერთ ხიდთან მანქანა იყო გაჩერებული და ჩვენც მის უკან გავჩერდით. უცებ უკნიდან რაღაც დიდი ძალით დაგვეჯახა და წინა მანქანას მიგვყარა. დიდმა "ტრაილერმა" ვერ დაამუხრუჭა თუ საჭე ვერ დაიმორჩილა და კახის მანქანაში ჩადო მარჯვენა საბურავი - ჯერ საბარგულს გადაუარა და მერე სახურავი დაჭეჭყა. ბავშვები ძლივს გამოვიყვანეთ. ბედად, სამივე მანქანა ამუშავდა. ცელოფანები ავაკარით და ოდესისკენ წავედით, მანქანები გემზე რომ აგვეყვანა. გზაში დავიტანჯეთ, ყველა ინტერესდებოდა, რა მოგივიდათო. ბოლოს გამოსავალი მოვიფიქრე: მანქანებს რუსული წარწერები გავუკეთეთ: "სიომოჩნაია გრუპა" და ასე ამოვისუნთქეთ...

ერთხელ კიდევ კახიმ, იცით, რა გააკეთა? სიტყვა არ იცის ინგლისურად და ამერიკაში ჯოყოლას მონოლოგი ინგლისურად წაიკითხა. ასეთი "ნაგლობა" გაგიგიათ? ბატონ კახისაც ჩავეკითხეთ და დაგვიდასტურა: მართლა წავიკითხეო და განაგრძო, - სპექტაკლ "სტუმარ-მასპინძლის" შემდეგ მოვიდა ვიღაც ამერიკელი და ინგლისურად გამომელაპარაკა. ავუხსენი, ვერ გავიგე, რა მითხარით-მეთქი? ჩემს შვილს, ირაკლის დავუძახე დასახმარებლად. ირაკლიმ უთხრა იმ კაცს, მე მითხარით, რას ეუბნებით და გადავუთარგმნიო. გაგიჟდა ამერიკელი: მე მაგას ველაპარაკები, შენ ხომ არაო? - ვიცი, მაგრამ ამან ინგლისური არ იცისო, - განაგრძო ირაკლი. - როგორ არ იცის, ახლა ეს კაცი სცენაზე არ თამაშობდაო? - კი, მაგრამ ინგლისური არ იცისო. სულ გადაირია ამერიკელი: კაცო, რას მეუბნები, ახლა ორი საათის განმავლობაში თამაშობდა ინგლისურად და როგორ არ იცისო? მერე სერიოზულად გაბრაზდა: მე არტისტი ვარ და იუმორიც კარგად მესმის, მაგრამ ასეთი იდიოტური იუმორი ჯერ არ მომისმენიაო!

ისევ ბატონი ჯემალი ჩაერთო საუბარში, - კიდევ ერთ ამბავს მოგიყვებით (თემა აშკარად ამოუწურავი იყო), უსიამოვნო კი არის, მაგრამ - მაინცო და განაგრძო: ერთხანს კახის ცუდად წაუვიდა საქმე - დაყრუვდა, რა. "მოხუც ჯამბაზებში" გრიმს ერთად ვიკეთებთ ხოლმე. ერთად ვსხედვართ, გვერდიგვერდ. გავიხედე და, ამოიღო პატარა ყუთი, გახსნა, იმ ყუთიდანაც ბრინჯისხელა ორი რაღაც ამოიღო და ორივე ყურში გაიკეთა. მივხვდი, სმენის აპარატი რომ იყო, მაგრამ არაფერი მითქვამს. სამ წუთში მომიბრუნდა და, - რა მითხარიო? - მეკითხება, არადა, ხმა არ ამომიღია. - არაფერი მითქვამს, კახი-მეთქი, - ვუპასუხე და გრიმის კეთება განვაგრძეთ. 3 წუთში ისევ მეკითხება: რა მითხარიო? - არაფერი მითქვამს, კაცო, დამანებე თავი-მეთქი, - ვუპასუხე. მესამედაც იგივე რომ მკითხა, ვეღარ მოვითმინე და, - ალბათ, გუშინდელი ჩანაწერია და იმას უსმენ-მეთქი!

ამას რომ ამბობდა, ბატონმა ჯემალმა კახი კავსაძეს გადახედა და ჩაიცინა. მაშინვე ჩავეკითხე, - არაფერი გიპასუხათ-მეთქი? - არა. როგორც ახლა არ იღებს ხმას და არც კი იღიმის ჩვენს სიცილზე, მაშინაც ასე დუმდაო... აქ კი ვეღარ შევიკავეთ თავი და ყველამ სიცილი დავიწყეთ... ბატონი კახის გარდა.

ბატონი ჯემალის ამბების კრიალოსანიდან, კიდევ ის გამახსენდა, როგორ გახდნენ რუსთაველელები ის და ბატონი კახი: - უწინ ფოსტას ცხენებშებმული დილიჯანით დაატარებდნენ. დილიჟანს უკან ყოველთვის კვიცი მიჰყვებოდა - გარედან აბამდნენ, გზა და ფოსტის ცხენის სამუშაო რომ ესწავლა (მეც მინახავს ჩემს სოფელში). კვიცი რომ გაიზრდებოდა და ცხენის ადგილს დაიკავებდა, იმ მოხუც ცხენს მაინც გააყოლებდნენ ხოლმე, ოღონდ ზედ არ აბამდნენ... არ შეიძლება, წინაპრებს ხაზი გადავუსვათ, თორემ ვერაფერს გავიგებთ და გადავიჩეხებით ისევე, როგორც უპატრონო რემა გადაიჩეხებაო. ჩვენც ნელ-ნელა შევერწყეთ თეატრს, უფროს თაობასთან საუბრებით, თამაშით. ერთ მშვენიერ დღეს კი აღმოვაჩინეთ, რომ, თურმე, მათი ტრადიციები გადმოგვეცა და ჩვენ ვართ ამ თეატრის სტილიო.

დღეს საქართველოს სწორედ ქართულის თეატრის სტილის საუკეთესო წარმომადგენელი გამოაკლდა. ძალიან მტკივა მისი გარდაცვალება, ისევე, ალბათ, როგორც თითოეულ თქვენგანს. კახი კავსაძე საქართველოს დიდი სიყვარულია და დღეს - დიდი ტკივილი.

ჩვენი რედაქციის სახელით და პირადად, ჩემი სახელითაც ვუსამძიმრებ მის ოჯახს, თეატრს, მეგობრებს, ახლობლებს, ნაცნობებს, უცნობებს - სრულიად საქართველოს!

(სპეციალურად საიტისთვის)

იხილეთ ვიდეო: აბა ულა - აბა, წავედი!