"აუცილებლად გვექნება შემდგომი ტალღები, თუკი დედამიწაზე არ ჩატარდება მოსახლეობის უმრავლესობის დროული იმუნიზაცია" - კვირის პალიტრა

"აუცილებლად გვექნება შემდგომი ტალღები, თუკი დედამიწაზე არ ჩატარდება მოსახლეობის უმრავლესობის დროული იმუნიზაცია"

"რაც უნდა საუკეთესო აპარატურა შევიძინოთ და შემოვიტანოთ ქვეყანაში, თუკი არ გვექნება შესაბამისი ინტელექტუალური რესურსი, პრობლემა დარჩება პრობლემად"

როდესაც ახალი ვირუსი გამოჩნდა და რამდენიმე თვეში, ელვისუსწრაფესად მოედო მთელ მსოფლიოს, პირველი, რამაც თითოეული ადამიანის გულსა და გონებაში იმედის ნაპერწკლად გაიელვა, იყო ვაქცინა. დედამიწის მოსახლეობა დარწმუნებული იყო, რომ ოცდამეერთე საუკუნეში პანდემიის დამარცხებას დიდხანს ლოდინი არ დასჭირდებოდა. მართლაც, მალე გამოჩნდა რამდენიმე ქვეყნის და წარმოების ვაქცინა, თუმცა ყოველივე ახლის მოწინააღმდეგეთა რეაქციამაც არ დააყოვნა და ანტივაქსერებმა ფართო აგიტაცია გააჩაღეს საყოველთაო ვაქცინაციის წინააღმდეგ.

სხვა ქვეყნებისა რა გითხრათ და, ჩვენთან საკმაოდ შეშინდა ხალხი და უკან დაიხია საყოველთაო ვაქცინაციაზე. არადა, მეცნიერები, ბიოლოგიისა თუ მედიცინის სფეროს კვალიფიციური პირები ხაზგასმით ამტკიცებენ, რომ პანდემიის დასრულება მხოლოდ და მხოლოდ ვაქცინაციას შეუძლია. გთავაზობთ ინტერვიუს ახალგაზრდა ექიმთან, ანი ქავთარაძესთან. ანი წმინდა იოანე მოწყალის სახელობის პრივატკლინიკაში მუშაობს, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგად, ასევე - გახლავთ ქართველ ექიმთა საერთაშორისო ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრი. იგი წლების წინ კვალიფიკაციის ასამაღლებლად მუშაობდა ისრაელში, ხაიმ შიბას სამედიცინო ცენტრში.

- ანი, დღეს ყველა ექიმთან პირველი კითხვა ასეთია: რას ფიქრობთ საყოველთაო ვაქცინაციაზე? როგორია თქვენი მოსაზრება ამ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით...

- როდესაც პანდემია დაიწყო, ღრმად მწამდა, რომ თანამედროვე მეცნიერება ბევრად უფრო სწრაფად იპოვიდა გასაღებს და იხსნიდა კაცობრიობას მომაკვდინებელი სენისგან, ვიდრე ეს ორი საუკუნის წინ მოხდა, როცა დედამიწაზე პირველი ვაქცინა შეიქმნა. მას შემდეგ არაერთი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა ამ ყველაზე დიდმა სიკეთემ. აქედან გამომდინარე, ჩემი მოსაზრება ყოველთვის ემხრობა მძიმე დაავადების პრევენციას ვაქცინაციის საშუალებით.

- ანტივაქსერები ამტკიცებენ, რომ ახალი ვაქცინა (თუმცა არც ძველებს სწყალობენ!) უარყოფითად იმოქმედებს შვილოსნობაზე და ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელიც აცრას დააპირებს, წინასწარ უნდა გაყინოს თავისი სპერმა, რათა თავიდან აიცილოს უშვილობა. - ანტივაქსერები ყოველთვის ანალოგიური მოსაზრებებით ებრძოდნენ სხვა ვაქცინებსაც, განსაკუთრებით, პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის წინააღმდეგ გაილაშქრეს. ეს ვაქცინა საშვილოსნოს ყელის კიბოს საპრევენციოდ შეიქმნა და ვინაიდან კავშირი აქვს რეპროდუქციულ სისტემასთან, ზემოაღნიშნულ ინფორმაციას საკმაოდ ეფექტიანად ავრცელებდნენ, რაც, რა თქმა უნდა, არ დადასტურებულა არც ერთი კვლევით. საშვილოსნოს ყელის კიბოთი სიკვდილს დღემდე არაერთი ქალი გადაურჩა ვაქცინის წყალობით. მალე ავსტრალია პირველი ქვეყანა იქნება დედამიწაზე, რომელიც გამოაცხადებს საშვილოსნოს ყელის კიბოს ერადიკაციის (ვირუსის ან სხვა რომელიმე დაავადების სრულად გაქრობა) შესახებ. ისე კი, 2011 წელს ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც აღნიშნული ვაქცინაცია ჩაიტარა საქართველოში და მას მერე გავაჩინე ორი არაჩვეულებრივი შვილი.

- არსებობს ასეთი მითიც, რომ ამ ვაქცინით კაცობრიობის დაჩიპვა სურთ მასონებს. დაჩიპვაზე რა გითხრათ (ამაზე მეც მეღიმება), მაგრამ ამბობენ, რომ გვერდით მოვლენებს შორეულ მომავალშიც ვერ ავიცილებთ.

- ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ექიმის მხრიდან არასერიოზული იქნება... შეუძლებელი და გამორიცხულია თხევადი ფორმით რამე ჩიპის შეყვანა ადამიანის სხეულში, რომელსაც ვითომ ექნება ენერგიის წყარო-ელემენტი და მასთან "დამყარდება" დისტანციური კომუნიკაცია. რაც შეეხება კოვიდის ახალ ვაქცინებს, სულაც არ არის ახალი. ამ ვაქცინებზე (ვგულისხმობ მათი მოქმედების მექანიზმს) მუშაობა სამი ათეული წელია, მიმდინარეობს. კვლევებით ჩვენ უკვე ვიცოდით, როგორ მუშაობდა რნმ (რიბონუკლეინის მჟავა) ვაქცინები ადამიანების და ცხოველების უჯრედულ ხაზზე. რეალურად, მესენჯერული რნმ ვაქცინები 1990 წლიდან არსებობს. მესამე ფაზის კლინიკურ კვლევებში, უსაფრთხოების თვალსაზრისით, არც ერთი კრიტერიუმი არ ყოფილა გამოტოვებული.

- მესამე ტალღას მაისის პირველ ნახევარში ველოდებით. როგორ ფიქრობთ, მას მეოთხე და მეხუთეც მოჰყვება? შეიძლება, რომ ეს ე.წ. ტალღები დაუსრულებლად გაგრძელდეს?

- აუცილებლად გვექნება შემდგომი ტალღები, თუკი დედამიწაზე არ ჩატარდება მოსახლეობის უმრავლესობის დროული იმუნიზაცია, ვინაიდან აღნიშნული ვირუსი აქტიურად მუტირებს და თქვენ უკვე იცით, რომ რამდენიმე შტამი გვაქვს. სრულიად შესაძლებელია, რომ შემდგომი ტალღა გამოწვეული იყოს ახალი შტამით, რომელთან გამკლავებაც შესაძლოა, უფრო რთული იყოს. მაგალითად, ახალი ინგლისური შტამი მაღალი ვირულენტობით, გადამდებლობით გამოირჩევა. ის სწრაფად ვრცელდება და აინფიცირებს შედარებით უფრო ახალგაზრდა ასაკის მქონე ჯგუფებს.

- ცნობილია, რომ ჩინეთმა და ისრაელმა თითქმის დაამარცხა კოვიდი. როგორ ფიქრობთ, ეს ვაქცინაციის შედეგია თუ ბუნებრივი იმუნიტეტის? - ჩინეთთან დაკავშირებით რამე სახის ანალიზი ცოტა რთულია, ვინაიდან მათგან მიღებული ინფორმაციის სარწმუნოობა ხშირად კითხვის ნიშნის ქვეშაა. რაც შეეხება ისრაელს, ცალსახად - ვაქცინაციის შედეგია. იქ მოახერხეს და ჩაატარეს მოსახლეობის უმრავლესობის ძალიან ორგანიზებული ვაქცინაცია, განსაკუთრებით, რისკ-ჯგუფების და შედეგიც სახეზეა. ისრაელს რამდენიმე დღის წინ ჰქონდა პირველი განსაკუთრებული დღე გარდაცვლილის გარეშე, დახურეს კოვიდ-განყოფილებები, რეანიმაციები და ა.შ. იქ დაუბრუნდნენ ჩვეული ცხოვრების რიტმს.

- ახალციხის ტრაგიკულ შემთხვევაზე რას იტყვით? შეცდომა დაუშვა მედპერსონალმა? - იქიდან გამომდინარე, რომ ჯერჯერობით არ გვაქვს ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა, რთულია ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება. თუმცა, თუ გადავხედავთ საქართველოში არსებულ სამედიცინო განათლებასა და ჯანდაცვის სისტემას, ჩემთვის მსგავსი შემთხვევები სისტემური პრობლემის ბრალია: პირველ რიგში, ეს განათლების სისტემის დიდი მინუსია, რომელმაც წესით, საბაზისო და კლინიკური ცოდნა უნდა დააყენოს პირველ ადგილზე, მეორე რიგში კი - ჯანდაცვის, რომელმაც სამედიცინო სექტორში მომუშავე პერსონალის უწყვეტი სამედიცინო განათლება უნდა უზრუნველყოს. სხვაგვარად არც ერთ ქვეყანაში არ ყალიბდება და არ ვითარდება მაღალი ხარისხის მედიცინა. რაც უნდა საუკეთესო აპარატურა შევიძინოთ და შემოვიტანოთ ქვეყანაში, თუკი არ გვექნება შესაბამისი ინტელექტუალური რესურსი, პრობლემა დარჩება პრობლემად.

- როცა მოსახლეობის დიდი ნაწილი ამტკიცებს , რომ ვაქცინა "საეჭვო ცხოველური უჯრედითაა" შექმნილი და მისი შეყვანა ადამიანის ორგანიზმში უარყოფით კვალს ტოვებს, მეორე ნაწილი კი, ბევრი საეჭვო კითხვის მიუხედავად, მაინც ბეჯითად იმეორებს, რომ ვაქცინაცია აუცილებელია, რა არგუმენტებს ეყრდნობა? - მედიცინა და მეცნიერება ეყრდნობა იმ არგუმენტებს, რომლის საუკეთესო და ეფექტიანი შედეგიც მიღებულია სერიოზული კვლევებით. პანდემიის დასრულება შეუძლებელია ვაქცინაციის გარეშე და ეს არაერთხელ დამტკიცდა ბოლო ორი საუკუნის მანძილზე. ტერმინი "ვაქცინა" და ვაქცინაცია მომდინარეობს Variolae vaccinae-დან, რაც ითარგმნება, როგორც "ძროხის ყვავილი". ინგლისელმა მეცნიერმა და ექიმმა ედუარდ ჯენერმა, რომელსაც "იმუნოლოგიის მამას" უწოდებენ, ძროხის ყვავილის აღსანიშნავად მოიგონა ეს ტერმინი. მსოფლიოში პირველი ვაქცინაცია სწორედ, მის სახელს უკავშირდება. მან 1796 წელს 8 წლის ბიჭს ძროხის ყვავილით დაზიანებული კერიდან მიღებული მასალა შეუყვანა და ასე გადაარჩინა. თქვენმა ფრაზამ "საეჭვო ცხოველური უჯრედი" გამახსენა კაცობრიობისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი ეს მოვლენა, რომელსაც მაშინაც ანალოგიური "არგუმენტებით" ებრძოდა არა ერთი ადამიანი, ისევე, როგორც დღეს. სამწუხაროდ, ამ მხრივ ორი საუკუნის მანძილზე არაფერი შეცვლილა. სკეპტიკოსები არსებობდნენ და არსებობენ, ისინი მეცნიერების და პროგრესის ნაცვლად მითებს და დეზინფორმაციებს უფრო ენდობიან. თუმცა საბოლოოდ მეცნიერება იმარჯვებს ხოლმე და ამის დასტური ადამიანის, როგორც პოპულაციის არსებობაა დედამიწაზე, მიუხედავად არაერთი მძიმე პანდემიისა.

(სპეციალურად საიტისთვის)